Грузинская Православная Церковь

Подписка на Лента Грузинская Православная Церковь
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია
URL-адрес: http://patriarchate.ge
Обновлено: 9 мин. 31 сек. назад

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება დიდ ხუთშაბათს (25.04.2019)

25 апреля, 2019 - 17:35

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ წმინდა ზიარების მიღებას. დღეს განსაკუთრებული დღეა. ის დღე, მაცხოვარმა რომ აზიარა მოციქულები და მათ შორის იუდა ისკარიოტელიც. წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდას ზიარების შემდეგ მადლობა რომ შეეწირა მაცხოვრისათვის წმინდა ზიარების მიღებისათვის, ის ვეღარ გასცემდა, ეშმაკი ვერ შევიდოდა მასში.

საერთოდ, ლოცვისას ჩვენ უფრო ვთხოულობთ. არსებობს თხოვნითი კვერექსი, ეს არის მწუხრზე, ცისკარზე და წირვაზე, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. აი დღეს, როცა ჩვენ ვეზიარეთ წმინდათა საიდუმლოთა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს და მოისმინეთ ყურადღებით მადლობის ლოცვა და შევთხოვ ღმერთს ზიარება წმინდათა საიდუმლოთა ყოფილიყოს ჩვენთვის, თქვენთვის საკურნებელად სულისა და ხორცისა.

ჩვენთან არს ღმერთი!

შეგახსენებთ რომ დღეს, 19:00 საათზე, აქ წმინდა სამების ტაძარში, იქნება წაკითხული 12 სახარება.

წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება დაიწყება 14:00 საათიდან პარასკევს და ღამისთევა დაიწყება შაბათს 23:00 საათზე სამების ტაძარში.

ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაესწარით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ძალოსნები დალოცა

19 апреля, 2019 - 21:06

ა.წ. 19 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ძალოსნები მიიღო და დალოცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კვიპროსის პრეზიდენტს უმასპინძლა

18 апреля, 2019 - 15:11

ა.წ. 18 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მღვდელმთავრებმა კვიპროსის პრეზიდენტს, ბ-ნ ნიკოს ანასტასიადისს, მის მეუღლეს,  ქ-ნ ანდრი მუსტაკუდისს და მათ თანხმლებ პირებს უმასპინძლეს. მიღებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბ-ნი ლაშა ჟვანია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსში ბ-ნი რევაზ ლომინაძე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კვიპროსსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც საუკუნეებს ითვლის და რომლის ნათელი დადასტურებაცაა თამარ მეფის მიერ კვიპროსში აგებული  ღალიის მონასტერი.

მისმა უწმინდესობამ კვიპროსის პრეზიდენტსა და მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-ს ღალიის მონასტერთან დამატებით მიწის ნაკვეთის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ იქ ქართული მონასტერი მალე აშენდება.

კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და კვიპროსის მსგავსად, დარღვეულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც. მისმა უწმინდესობამ ბ-ნ პრეზიდენტს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყნები მშვიდობიანი გზით აღიდგენენ მთლიანობას.

ბ-ნმა ნიკოს ანასტასიადისმა მის უწმინდესობას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის მოკითხვა გადმოსცა და ბრძანა, რომ კვიპროსი მომავალშიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება.  

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბ-ნმა რევაზ ლომინაძემ ისაუბრა კვიპროსში მცხოვრები ქართველების შესახებ და მადლიერებით აღნიშნა პრეზიდენტისა და კვიპროსის მთავრობის მეგობრული დამოკიდებულება ქართველი ემიგრანტების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ მისი აღმატებულება, ბ-ნი ნიკოს ანსტასიადისი კვიპროსის პირველი პრეზიდენტია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა; ვფიქრობთ, მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების შემდგომ დაახლოებას და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კვიპროსის პრეზიდენტს და მის მეუღლეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, დალოცა და წარმატებები უსურვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იორდანიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

17 апреля, 2019 - 19:52

ა.წ. 17 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იორდანიის სენატის პრეზიდენტს, ბ-ნ ფეისალ ალ-ფაიეზის და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მხრიდან მიღებას ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატი ბ-ნი ზაქარია ქუცნაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ბ-ნი ზაზა კანდელაკი.

შეხვედრაზე ითქვა საქართველოსა და იორდანიას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საჭიროებაზე, ასევე განხილულ იქნა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები.

იორდანიის სენატის პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იორდანიის მეფის მოკითხვა გადასცა.

მისმა უწმინდესობამ გაიხსენა თავისი ვიზიტი იორდანიაში და შეხვედრა მის უდიდებულესობა იორდანიის მეფე აბდულა II-სთან. მან იორდანიის სენატის პრეზიდენტს მეფისთვის საჩუქარი გადასცა და საქართველოში მოიწვია.

ტყის კოდექსის განხილვა საქართველოს საპატრიარქოში

17 апреля, 2019 - 19:24

ა.წ. 17 აპრილს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსს, ბ-ნ კარლო ამირგულაშვილს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილეს, ქ-ნ ნათია იორდანიშვილს და მათ თანმხლებ პირებს შეხვდა.

საუბარი შეეხო ტყის კოდექსის ახალ ვერსიას, რომლის შემუშავებაც რამდენიმე წელია მიმდინარეობს. როგორც ბ-ნმა კარლომ აღნიშნა, კოდექსზე მუშაობის პროცესში სხვადასხვა სტრუქტურებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან  არაერთი შეხვედრა ჩატარდა და დღევანდელი შეხვედრაც ამ ფორმატის გაგრძელებაა.

ითქვა ისიც, რომ კანონპროექტი პრაქტიკულად დასრულებულია და იგი პარლამენტშია გადაგზავნილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

16 апреля, 2019 - 19:00

ა.წ. 16 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელი, კონგრესმენი დევიდ პრაისი, კონგრესმენი ვერნ ბუქანანი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განხილულ იქნა ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ბ-ნმა დევიდ პრაისმა მტკიცე პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აშშ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას და მიღებისათვის მადლობა გადაიხადა.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატებები უსურვა.

პატრიარქმა ზურაბ ყიფშიძის ოჯახი მიიღო

15 апреля, 2019 - 21:36

ა.წ. 15 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ზურაბ ყიფშიძის ოჯახი მიიღო და დალოცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თურქეთში მცხოვრები ქართველები მიიღო

14 апреля, 2019 - 19:55

ა.წ. 14 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თურქეთში, ქ. ინეგოლში მცხოვრები ქართველები მიიღო და დალოცა. მისმა უწმინდესობამ მათ სამშობლოში ჩამოსვლა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ კუთხეს. სტუმრებმა მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ანსამბლ ,,რირაშის” წევრებმა ფოლკლორული ნომრები შეასრულეს.

ქართველები ინეგოლში მუჰაჯირობის დროს, XIX საუკუნეში, აჭარიდან გადასახლდნენ და მიუხედავად ამისა, დღემდე ინარჩუნებენ ქართულ ენას, ტრადიციებსა და კულტურას.

მათი საქართველოში ჩამოყვანა ფონდ ,,ქართული გალობის”(დამფუძნებლები: ივანე ჩხარტიშვილი, ნანა გოთუა), ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის(ხელმძღვანელი გიორგი დონაძე) და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის(რექტორი რევაზ კიკნაძე) ინიციატივითა და ხელშეწყობით განხორციელდა.

ინეგოლელი ქართველები 15 აპრილს რუსთაველის თეატრში კონცერტს გამართავენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიება პირველად ტარდება და ამიერიდან ყოველწლიური სახე მიეცემა.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (14.04.2019)

14 апреля, 2019 - 15:09

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი

დარჩა 2 კვირა და ჩვენ ზეიმით შევხვდებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. დღევანდელი კვირა არის მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე. თქვენ იცით მარიამ ეგვიპტელის შესახებ, ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით ისე განიწმინდა, მდინარე იორდანეზე ფეხით გადადიოდა როგორც დედამიწაზე და დაემსგავსა ანგელოზს. შევთხოვთ წმინდა მარიამ ეგვიპტელს, მოგვცეს მშვიდობა და მოთმინება.

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედია, ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს.

დღეს ასევე არის დიდი დღესასწაული, – ხსენება 14 აპრილს ქართული ენის დაცვისა. იმ დროს, 41 წლის წინ, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი, ქართველმა ახალგაზრდებმა დაიცვეს ჩვენი ეს სიწმინდე.

ბედნიერი ვართ იმით, რომ როცა საშიშროება ელოდება ჩვენს ხალხს, ვერთიანდებით და ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება.

ღმერთმა მოგვცეს ერთი სული და ერთი გული. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ ქართველი ხალხი ზოგჯერ ვერ უგებს ერთმანეთს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

ჩვენთან არს ღმერთი

დღეს ვაჯილდოებთ დეკანოზ ნოდარ ქათამაძეს მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დღეს ილოცება ქალაქ თბილისის 47-ე სკოლა.

ასევე ილოცებიან რუსთავის 17-ე სკოლის ჩოხოსნები.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და მშვიდობა მოგცეთ. დალოცვილი და გახარებული იყავით.

შემდეგი კვირა იესო ქრისტეს იერუსალიმში ზეიმით შესვლის კვირაა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და საქართველოს მფარველი.

ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანსამბლი ,,ერისიონი” დალოცა

12 апреля, 2019 - 18:47

 ა.წ. 12 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანსამბლი ,,ერისიონი” და მისი ხელმძღვანელი, ბ-ნი ჯემალ ჭკუასელი მიიღო და დალოცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არქიმანდრიტი სისო (ბერიძე) მიიღო

12 апреля, 2019 - 14:42

ა.წ. 12 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  არქიმანდრიტი სისო (ბერიძე) მიიღო.

მამა სისო (ბერიძე) არის ძმა დიაკონ სევერიანე ბერიძისა, რომელიც წმინდა სინოდის მიერ 2018 წლის 21 ივნისს წმინდანად შეირაცხა და ეწოდა წმიდა დიაკონი სევერიანე, –  აჭარელი აღმსარებელი (ხსენების დღე 9(22) აგვისტო).

სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა ჩატარდა

12 апреля, 2019 - 12:48

ა.წ. 11 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივითა და ორგანიზებით სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა თემა, – „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“.   გამომსვლელთა მიერ აღინიშნა რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მეტად მნიშვნელოვანი მონაპოვარია და აუცილებელია მისი დაცვა, მაგრამ ამავდროულად დაუშვებელია სიტყვის თავისუფლების სახელით ბილწსიწტყვაობის, აგრესიის, შეურაცხყოფის და ცილისწამების გავრცელება, მით უმეტეს მასმედიით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტარები, კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

საქართველოს საპატრიარქოს განმარტება (11.04.2019)

11 апреля, 2019 - 17:31

საპატრიარქო რეზიდენციის ერთ-ერთ შესასვლელ ოთახში კედელზე კიდია ორი პირველიერარქის ფერწერული პორტრეტი, რადგან მათ სახელს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ცნობა.

ესენია:

რუსეთის ეკლესიის მეთაური ალექსი I, – მან 1943 წელს აღიარა  1917 წელს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის ფაქტი.

და

მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი დიმიტრიოსი, რომელმაც 1990 წელს საპატრიარქო სიგელებით დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა უძველესი დროიდან.

ასე რომ, ნებისმიერი პიროვნება კადრში შეიძლება მოხვდეს როგორც ერთ, ისე მეორე პიროვნების პორტრეტთან.

დღეს კათოლიკოს-პატრიარქისა და ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ფოტოზე, უკანა პლანზე,  ჩანს პატრიარქ ალექსი I-ის სურათი, რაც ზოგიერთებისთვის ქილიკის მიზეზი გახდა.

სამწუხაროდ, ბოლო დროს  ეკლესიის მიმართ უსაფუძვლო, ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ქმედებები არის გახშირებული და ცალკეული პიროვნებების დღევანდელი კომენტარებიც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

P.S. კადრში ჩანს ორივე პატრიარქის ფერწერული ტილო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

11 апреля, 2019 - 15:29

ა.წ. 11 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებს და, საერთოდ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც სურვილის შემთხვევაში უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცის დაცვას და მომავალი თაობის სწორად აღზრდას; რომ სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება; და რომ პირველ რიგში აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა.

მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც ,,ქართუ ბანკიდან” ფინანსდება.  ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა.

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა.

 

Страницы