Грузинская Православная Церковь

Подписка на Лента Грузинская Православная Церковь
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია
URL-адрес: http://patriarchate.ge
Обновлено: 11 мин. 12 сек. назад

სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართება

10 апреля, 2019 - 12:17

ა.წ. 11 აპრილს, 10:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში  გაიმართება მორიგი შეხვედრა  თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9 апреля, 2019 - 14:29

ა.წ. 9 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად 30 წლის წინ 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

პანაშვიდზე ხალხთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მედეა ჩახავას ოჯახის წევრები მიიღო

9 апреля, 2019 - 14:05

ა.წ. 8 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იცნობილი ქართველი მსახიობის, მედე ჩახავას შვილებს და შვილიშვილებს უმასპინძლა. მათი შეხვედრა მის უწმინდესობასთან ქ-ნ მედეას ანდერძის ასრულებაც იყო.

შეხვედრის მონაწილეებმა თავის საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სტუმრები დალოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

ვეჯინის ამაღლების სამონასტრო კომპლექსი

8 апреля, 2019 - 16:19

ვეჯინი გურჯაანის და ველისციხის ეპარქიაში მდებარეობს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „ბაკურციხის ჩრდილოით, ცივის მთის ძირას არის ვეჟინი. მის ზეით, მთის კალთას, კლდესა ზედა, არს ციხე შენი, მაგარი და დიდებული, შიგ გამომდინარე წყაროთი, და ეკლესია ღმრთაების გუმბათიანი, დიდი, აქა ეფლვიან ანდრონიკაანი.“

ისტორიულ წყაროებში ვეჯინი ჰერეთის ციხედაც იხსენიება. როგორც ირკვევა, იგი ჰერეთის ერთ-ერთი საერისთავო და საეპისკოპოსო ცენტრი იყო. აღნიშნულ წყაროებში ვეჯინი თავდაპირველად  X საუკუნეში გვხვდება. მასში უწყებულია აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-ის ჰერეთში ჩასვლის ამბავი, რომლის თანახმად, მეფის მიზანი აფხაზთა მეფის და კახეთის მთავრის – კვირიკე I-ის – დაზავების საკითხი იყო ჰერეთის მმართველ ადარნასე პატრიკთან.

X საუკუნეში ვეჯინი ჰერეთის, ხოლო XI საუკუნეში კახეთის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვეჯინის ციხე აუღებლად ითვლებოდა, რის დასტურადაც თუნდაც ეს ფაქტი გამოდგება: XI საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს მეფე გიორგი II (1072-1089 წწ.) აღნიშნულ ციხეს ასაღებად მიადგა, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. XVII საუკუნეში ვეჯინი თავად ანდრონიკაშვილთა მფლობელობაში გადადის. 1776 წელს ბატონიშვილმა გიორგიმ ქეთევან ანდრონიკაშვილზე ვეჯინში დაიწერა ჯვარი. 1782 წელს აქ გარდაიცვალა ლევან ბატონიშვილი, 1784 წელს კი ვახტანგ ბატონიშვილმა მარიამ ანდრონიკაშვილზე დაიწერა ჯვარი.

ვეჯინის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს აგებული რამდენიმე ეკლესიაა შემორჩენილი, კერძოდ, ყველაწმინდის, ამაღლების, აღდგომის მცირე, ღვთისმშობლის, მოციქულის და წმ. გიორგის ტაძრები.

გარდა ამისა, ვეჯინის ციტადელის ტერიტორიაზე არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დგას. მათ შორის – კოშკი და სამი ეკლესია ამაღლების, წმ. მარიამის, აღდგომის კარის ეკლესია და საერო ნაგებობა.

ამაღლების ტაძარი ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მრავალჯერადი გადაკეთების მიუხედავად, ძეგლი თავდაპირველად XIV საუკუნეში აუგიათ. დარბაზული ტიპის ეკლესიას ჩრდილოეთით მიდგმული აქვს მოგვიანო ხანის სხვადასხვა დროის სათავსო, რომელიც მოხატული ყოფილა. დაზიანების გამო დღეს გაძნელებულია მათი ამოკითხვა.

როგორც ჩანს, ტაძარს მსგავსი მინაშენი სამხრეთიდანაც ჰქონდა. თუმცა, იგი დღეს არ შემორჩენილა. ადგილზე მხოლოდ საძირკველი და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მცირე ნაშთია.  სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა და აგური. ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ნიშის ადგილას, მკვლევრების აზრით, ადრე  კარი უნდა ყოფილიყო.

ტაძარი მოხატულია. სტილისტური ნიშნების მიხედვით, იგი XVI საუკუნეს განეკუთვნება. საკურთხევლის კონქში მთავარანგელოზებს შორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულებაა. მეორე რეგისტრში კი ექვსი მღვდელმთავარი, რომელთაც განმარტებითი წარწერები და ბერძნულ ენაზე შესრულებული გრაგნილები ახლავს. მარცხნიდან მარჯვნივ ვხედავთ მღვდელმთავარ წმ. ნიკოლოზის, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის და წმ. იოანე ოქროპირის გამოსახულებებს. წმ. ნიკოლოზის გრაგნილზე წარმოდგენილი ტექსტი იოანე ოქროპირის ლოცვას შეიცავს: „კუალადცა და მრავალგზის შენ შეგივრდებით და გევედრებით…“  წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ტექსტი კი ბასილი დიდის ლიტურგიიდანაა აღებული: „წმიდა არს ღმერთი, რომელი წმიდათა შორის განისვენებს…“, წმ. იოანე ოქროპირის გრაგნილის ტექსტი თავად მისი ლოცვიდანაა: „ღმერთო, ღმერთო ჩუენო , რომელმან ზეცისა პური საზრდელი. . . “

რეგისტრს ასრულებს ორნამენტული ზოლი. რაც შეეხება ბემას, ზედა ორ რეგისტრში სახარებისეული, კერძოდ, მაცხოვრის მიერ აღვლენილი სასწაულების და განკურნებების ეპიზოდებია წარმოდგენილი. დაზიანების გამო, ზოგიერთი მათგანის ზუსტი იდენტიფიცირება გაძნელებულია. ერთი კი ცხადია, რომ ჩრდილოეთით და სამხრეთით ორ-ორი სცენა ყოფილა გამოსახული. სამხრეთი კედლის მესამე რეგისტრი ეთმობა წმინდანთა ნახევარფიგურებს. რაც შეეხება მის მოპირდაპირედ მდებარე სახარების სცენებს, მის ქვემოთ ხატი მანდილიონია გამოსახული, რომელიც ანგელოზებს უპყრიათ. ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში ქრისტე ემანუელია, კონქის შუბლზე კი – სულიწმინდის მოფენა. რაც შეეხება კამარას, მის ცენტრში პანტოკრატორის ფიგურაა გამოსახული, რომელიც მახარებელთა სიმბოლოებითაა გარშემორტყმული. ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ არეზე წარმოდგენილია ხარება, შობა, ფერისცვალება და ამაღლება. მათ ქვემოთ კი ცალკეულ წმინდანთა  ფიგურები. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე ბრმის განკურნება და ქრისტეს სამარიტელი ქალთან საუბარია მოცემული. ცენტრალურ არეში – ლაზარეს აღდგინება და ბზობა. დასავლეთი კედელი ეთმობა განკითხვის დღის კომპოზიციას.

ამაღლების ტაძრის დასავლეთით მდებარეობს დარბაზული ტიპის მცირე ტაძარი, რომელი ყოვლადწმინდა მარიამის სახელზე XIV საუკუნეში ააგეს. ტაძარს სამხრეთიდან მიდგმული აქვს მოგვიანო ხანის სამრეკლო. ტაძარს შესასვლელი დასავლეთით და სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით კონქს ნახევარწრიული მოხაზულობის აფსიდი ქმნის. თაღოვანი მოხაზულობის სარკმლის ორივე მხარეს ოთხკუთხა ნიშებია გამოკვეთილი, მათ წინ არსებულ არეში კი ტრაპეზია.

რაც შეეხება სამრეკლოს, იგი ორსართულიანია. ქვედა ნაწილი ოთხკუთხა ფორმისაა, მეორეზე კი თაღებით გახსნილი ფანჩატურია. სტილისტური ნიშნების მიხედვით, იგი XVI საუკუნეში ტაძრის სივრცისთვის უნდა მიედგათ. XIX საუკუნეში მისთვის  ჩრდილო-დასავლეთ ბურჯზე ქვის კიბე მიუშენებიათ.

სამონასტრო კომპლექსში შედის აღდგომის ტაძარი. დარბაზული ტიპის ეკლესია XVI საუკუნეში აუგიათ. იგი სამრეკლოდან 4 მეტრითაა დაშორებული.  ციტადელის ზედა ტერასაზე შემორჩა მცირე ზომის ტაძარი. ამაღლების ტაძრის სამხრეთით, რამდენიმე მეტრის დაშორებით, დგას გვიან შუასაუკუნეებში აგებული საერო ნაგებობა. ერთსართულიანი წაგრძელებული ფორმის ნაგებობას აქვს სარდაფი, რომლის აღმოსავლეთით შემორჩა ბუხრის და ორი ნიშის კვალი, ასევე, ორი სარკმელი. ციტადელის გალავნის ძირში მდებარე აგურით ნაგები კვადრატული გეგმარების მქონე სამარხი გენერალ-მაიორ სვიმონ შალიკაშვილის საძვალეა.

დღეს ვეჯინის ამაღლების სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მოქმედი მამათა მონასტერია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ხარების დღესასწაულზე (07.04.2019)

7 апреля, 2019 - 17:05

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ეს არის ისეთი დიდი დღესასწაული, ხალხი ამბობს, ამ დღეს ჩიტიც ბუდეს არ იკეთებს, ადიდებს ღმერთსაო.

დღეს ზეიმია სიყვარულისა და ყოველმა ჩვენგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ.

ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენ დღეს ვაჯილდოებთ სამღვდელოებას:

დეკანოზი თეიმურაზი ბერიშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი დიმიტრი ლეკვეიშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი იაკობი სირბილაძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი აკაკი მეგრელიშვილი დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი გიორგი სამსონიძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი ბაქარი სოსელია დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელმონოზონი მიქაელი (დოლიძე) აღყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელი ალექსანდრე გიორგაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი სერაფიმე კვინჩია დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი სვიმეონ კიკნაველიძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი მიქაელ არაბიძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი იოანე ჟივიძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი დავით ტატანაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი დავით წულეისკირი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

ღმერთმა დალოცოს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი. ხოლო მისი ხელმძღვანელი, მონოზონი თეკლე (სიხარულიძე), აღყვანილია იღუმენიას ხარისხში. აქსიოს!

დიდება უფალს და მადლობა უფალს! ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს სრულიად საქართველო.

ჩვენთან არს ღმერთი!

საქართველოს საპატრიარქოს გამოხმაურება(04.04.2019)

4 апреля, 2019 - 19:39

რამდენიმე დღის წინ მასმედიით გახდა ცნობილი ,,კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესიის“ დაარსების შესახებ, რომელიც ისევე ათავისუფლებს ახალგაზრდებს ჯარიდან, როგორც ,,გირჩის“ მიერ შექმნილი ფსევდორელიგიური ორგანიზაცია,- ,,ბიბლიური თავისუფლება“.

,,კატაკომბურ ეკლესიასთან“ დაკავშირებით გიორგი ანდრიაძემ განგვიმარტა, რომ პირადად იგი არ არის მისი არც დამფუძნებული და არც წევრი, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ,,გირჩის“ ,,ბიბლიური თავისუფლების“ და ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული კანონის მანკიერი მხარის გაუქმებას და დასძინა, რომ ეს არის მისი პოლიტიკური ხედვა, რომელიც საერთოდ არაა დაკავშირებული საქართველოს საპატრიარქოსთან.

ჩვენის მხრიდან გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:
საქართველოს საპატრიარქომ ადრეც დააფიქსირა თავისი პოზიცია და ახლაც ვიმეორებთ, რომ ქვეყნისთვის ყოვლად აუცილებელია, საქართველოს სამხედრო-სავალდებულო სისტემის დახვეწა იმდენად, რომ აქ მსახურება ახალგაზრდებისთვის იყოს ღირსების საქმე; ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების შესახებ დადგენილებაში დროულად უნდა იქნას შეტანილი სათანადო ცვლილება, რათა არც ორგანიზაცია ,,გირჩს“, რომლის ქმედებაც მიმართულია ეკლესიის, სახელმწიფოს და, საერთოდ, საზოგადოების წინააღმდეგ და არც სხვა რომელიმე გაერთიანებას არ მიეცეს საშუალება, ისარგებლონ კანონში არსებული ლაფსუსით და ეს თავისი ვიწრო ინტერესებისთვის გამოიყენონ.

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის”, izrune.ge-ის სამეცნიერო-შემოქმედებითი ჯგუფისა და მათი მხარდამჭერების შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

4 апреля, 2019 - 17:07

 ა.წ. 2 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბ-ნ მიხეილ ბატიაშვილს, პრემიერ-მინისტრის მრჩეველს განათლების საკითხებში, ბ-ნ მიხეილ ჩხენკელს, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის” დამფუძნებელ ბ-ნ გოჩა ტყეშელაშვილს, პარლამენტარებს, განათლების სფეროს მუშაკებს, მთავრობის ადმინისტრაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებს, რეგიონების რწმუნებულებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და სკოლის დირექტორებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2019 წლის 15 ივნისს დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებას ,,საქართველოს საგანმანათლებლო ფესტივალი – იზრუნე მომავალზე” და საგანმანათლებლო ინოვაციურ პორტალ izrune.ge -ს.

მისმა უწმინდესობამ პროექტის ავტორები და მხარდამჭერები დალოცა და წარმატებები უსურვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვრისთაყვანისცემის კვირიაკეს (31.03.2019)

1 апреля, 2019 - 13:25

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს.

განვლო დიდი მარხვის სამმა კვირამ. ამ კვირას ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე. ყოველი ადამიანი არის მატარებელი ჯვარისა და ღმერთმა ინებოს, რომ ბოლომდე მივიტანოთ ჩვენი ჯვარი.

ძალიან ხშირი შემთხევაა, როცა ადამიანი თხოულობს ღვთისაგან სხვა ჯვარს. უნდა ვიცოდეთ, რომ მძიმეა ჩვენი ჯვარი, მაგრამ უფრო მძიმეა, აუტანელად მძიმეა სხვისი ჯვარი.

საერთოდ, ადამიანის ცხოვრება უნდა გამოსახავდეს ჯვარს. ეს არის სწრაფვა ღვთისაკენ, მაღლა ზეცისაკენ და მოყვასისკენ და ყოველმა ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა გამოსახოს ეს ჯვარი. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ჩვენგანმა, ყოველმა ადამიანმა, ბოლომდე მიიტანოს თავისი ჯვარი და გახდეს მკვიდრი სასუფევლისა. ამინ!

დღეს გვინდა გავახაროთ იეროდიაკონი იოსები (მიქაბაძე). მამა იოსები არის იეროდიაკონი, მას ჰყავდა ოჯახი და შემდეგ ის გახდა ბერი. დღეს იგი აღყვანილია არქიდიაკონის წოდებაში. აქსიოს!

დღეს ჩვენთან დასალოცად მობრძანებულები არიან და ილოცება საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია, ჭიდაობის ეროვნული ნაკრები და მისი პრეზიდენტი ბ-ნი გეგა გეგეშიძე. დალოცვილი და გამარჯვებული იყავით.

დღეს განსაკუთრებული დღეა. დღეს შეუსრულდა 80 წელი ზვიად გამსახურდიას, საქართველოს პირველ პრეზიდენტს. მძიმე იყო მისი ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით, მან ბევრი სიკეთე გააკეთა ჩვენი ერისათვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს სული მონისა ღვთისა ზვიადისა.

ეხლა ჩვენ შევასრულებთ მისი სულის მოსახსენებელ პანაშვიდს.

ღმერთმა დაგლოცოთ.

ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს.

ჩვენთან არს ღმერთი!

საქართველოს საპატრიარქოში ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაცია ჩატარდა

29 марта, 2019 - 19:45

ა.წ. 29 მარტს საქართველოს საპატრიარქოში ქართული გალობის ანთოლოგიის მრავალტომეულის პრეზენტაცია ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ბ-ნი მიხეილ ჩხენკელი, მღვდელმთავრები, ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

ანთოლოგია ,,ქართული გალობა” მიზნად ისახავს XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლების ნიმუშების სრულ აკადემიურ პუბლიკაციას.

აღნიშნული გამოცემა უდიდესი მნიშვნელობისაა და ეძღვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წლისთავს.  

მრავალტომეული მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და ფონდი ,,ქართული გალობის”, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის (ხელმძღვანელი: გიორგი დონაძე), ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით სვიმონ ჯანგულაშვილმა და ლევან ვეშაპიძემ მოამზადეს.  

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ავტოკეფალიის აღდგენის დღეს (25.03.2019)

25 марта, 2019 - 16:43

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის განსაკუთრებული დღე, ისტორიული დღე, რომელიც აღემატება ისტორიულ ფაქტს და უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას.

ჩვენ ქედსა და მუხლს ვიყრით  ჩვენი იმ დიდი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ამისთვის. ეს იყო პატრიარქი კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე და მრავალი სხვა. საქართველომ ავტოკეფალია მიიღო ვახტანგ გორგასალის დროს, მეხუთე საუკუნეში და პირველი კათალიკოსი იყო პეტრე.

დიდი კანონისტი, ბალსამონი ამბობს, რომ საქართველომ მიიღო ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიიდან და ამ საუკუნეებიის განმავლობაში, სულ ვიცავდით ჩვენს დამოუკიდებლობას. ათას ხუთასი წელი დასჭირდა, რათა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს ეცნო ჩვენი ავტოკეფალია, ეს მოხდა დიმიტრიოსის დროს, რომელიც მოღვაწეობდა ბართლომეოს I-ის წინ.

ეს რომ არ ყოფილიყო, ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შედეგი ექნებოდა ჩვენს ცხოვრებას.

ღმერთმა დაგლოცოთ, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ თარიღს და ჩვენი წინაპრების ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (24.03.2019)

25 марта, 2019 - 15:21

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ დიდმარხვის მეორე კვირას. ამ კვირიაკეს ეწოდება გრიგოლ პალამას კვირიაკე. ,,ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა” _ ვამბობთ ლოცვაში; მაგრამ ნათელი ქრისტესი სინამდვილეში სულ სხვა არის, და არა ის, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ვიაზრებთ.

პატრიარქობამდე აფხაზეთში ჩემი ყოფნის დროს რუსეთიდან ჩამოვიდა ერთი ახალგაზრდა, ეროვნებით ებრაელი, რომელიც შემდეგ გავიდა აფხაზეთის უდაბნოში და იქ მოღვაწეობდა. ბერები მეუბნებოდნენ, რომ საოცრება ხდებაო, ჩვენ ამდენი წელიაო ვიღწვითო და არაფერი განსაკუთრებული ჩვენს თავს არ ხდებაო და ეს ახალგაზრდა ჩამოვიდა და იმდენად დიდი სარწმუნოებით და სიყვარულით კითხულობს ლოცვებს, რომ სხვა ბერები ხედავენ ნათელსა მის თავზე და მე მეუბნებოდნენ ბერები, რომ ჩვენ არ ვეუბნებით, არ ვუმხელთ, რომ ნათელი თავზე ადგას, რათა ამპარტავნების გრძნობა არ დაეუფლოსო.

მისი მამა იყო პროფესორი ერთ-ერთ უნივერსიტეტში და იყო საშინელი ათეისტი. ჩამოვიდა სოხუმში, იყო ჩემთან და ეძებდა თავის შვილს. იგი მიამბობდა, როგორ დაიწყო მისმა ვაჟმა სარწმუნოებაში მოსვლა. ძალიან წუხდა, ხელზე შემოხვეული აქვსო სკვნილიო, ათეისტურ ოჯახში გაზრდილიაო და სკვნილს ხმარობსო. ამიტომ წაუყვანიათ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც ის გაიქცა.

მთელს საბჭოთა კავშირში გამოცხადებული იყო მისი ძიება; რკინიგზის სადგურებში გამოკრული იყო მისი სურათი, მაგრამ ღვთის მადლით გადარჩა და დარჩა მორწმუნე ქრისტიანად. დღეს იგი რუსეთში მოღვაწეობს. მე ეს მოგახსენეთ იმიტომ, რომ გითხრათ ლოცვას რა შეუძლია. ლოცვის შედეგად ფერისცვალება ხდება ადამიანში და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი ჩვენთან არის.

დღეს ჩვენ ვლოცავთ ბავშვებს. ეს დღეები მათი დღეებია. განსაკუთრებული თვისებები აქვთ ამ ბავშვებს. გარეგნულად არაჩვეულებრივნია, მაგრამ თავისებურნიც. მე მინდა დავლოცო ისინი, მათი მშობლები და ოჯახის წევრები. არ უნდა გაგიტყდეთ გული. მრავალი შემთხევაა, როცა ასეთი ბავშვი არის განსაკუთრებული თვისებით დაჯილდოებული, ნიჭით დაჯილდოებული, ღმერთმა დალოცოს ისინი და მისცეს მადლი და ძალა თვისი.

დღეს ჩვენთან ჩამოსულები არიან ახალგაზრდები სვანეთიდან, მესტიის მეორე სკოლიდან, ღმერთმა დალოცოს ისინი, ღმერთმა მისცეს მადლი და ძალა.

სამღვდელოებას ვლოცავთ და ვაჯილდოებთ.

იღუმენი პავლე (ჭანტურიძე) დაჯილდოებულია არქიმანდრიტის ხარისხით. აქსიოს!

მღვდელმონოზონი პახუმი (გუბელაძე) დაჯილდოებულია იღუმენის ხარისხით. აქსიოს!

მღვდელმონოზონი ნაზარი (ბასილაია) აღყვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს!

ჩვენ მოგიმზადეთ პური ამ დღესასწაულთან დაკავშირებით და თითო ნაჭერი წაიღეთ სახლში.

სიახლე საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერიას“ შესახებ

25 марта, 2019 - 13:05

გაცნობებთ, რომ როგორც საქართველოში მცხოვრებთ, ისე უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეთ მობილური ტელეფონის საშუალებით ამიერიდან შესაძლებლობა ექნებათ   24 საათის განმავლობაში მოუსმინონ საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერია“ FM-105.5-ს.

მომსახურების უზრუნველყოფისათვის უნდა დაიცვათ მითითებული ინსტრუქცია და ანდროიდის სისტემის ტელეფონში ჩამოტვირთოთ შესაბამისი აპლიკაცია.

How to listen radio Iveria on Android Smartphone_GE_v5.1

How to listen radio Iveria on Android Smartphone_EN_v5.1

How to listen radio Iveria on Android Smartphone_RU_v5.1 (1)

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (22.03.2019)

23 марта, 2019 - 16:59

გამოვხატავთ დიდ წუხილსა და შეშფოთებას ახალ ზელანდიაში მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო და გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს, ახალი ზელანდიის ხალხსა და ხელისუფლებას, მუსლიმებს და, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ექსტრემიზმი.

ვგმობთ ტერორიზმს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი და აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის, რათა აღარასოდეს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია.       

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ორმოცი სებასტიელი მოწამის ხსენების დღეს (22.03.2019)

22 марта, 2019 - 12:55

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ორმეოცთა სებასტიელთა მოწამეთა დიდებულ დღესასწაულს. ეს არის მაგალითი დიდი სარწმუნოებისა და დიდი მოთმინებისა.

მათი ლოცვით ღმერთმა დალოცოს, დაამშვიდოს, გააძლიეროს, გაამრავლოს საქართველო.

დალოცვილი იყავით.

ჩვენთან არს ღმერთი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეწვია

21 марта, 2019 - 14:17

ა.წ. 21 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი როს უილსონი და მისი მეუღლე ქ-ნი მარგო სქუაერი მიიღო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

ბ-ნმა როს უილსონმა აღნიშნა, რომ დიდია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებაში. მან მტკიცე პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აშშ აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ ბ-ნ როს უილსონს და მის მეუღლეს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

ყრუ და სმენადაქვეითებულთათვის (ვიდეო)

19 марта, 2019 - 14:13

ვიდეო მოამზადა მამა გიორგი კალანდიამ.

Страницы