Грузинская Православная Церковь
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მართლმადიდებლობის ზეიმზე (17.03.2019)
ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი, _ მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება, მართლად დიდება ღვთისა და ჩვენ ძალისაებრ ჩვენისა უნდა ვადიდოთ უფალი და თაყვანი ვცეთ მას.
ეს დღესასწაული დაარსდა იმის შემდეგ, როცა საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება ხატების თაყვანისცემისა. ალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ესმის, რა არის მართლმადიდებლობა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა გაუხსნას მათ გონება, გული, რათა იცნან ჭეშმარიტება.
ჩვენთვის მართლმადიდებლობის ზეიმი მეტად მნიშვნელოვანია სხვა მიზეზის გამოც. მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის დროს ჩვენ გვქონდა არაერთი შეეხვედრა მსჯელობა და კამათი, რომ ეცნოთ ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიისა. ჩვენ ვლოცულობთ დიმიტრიოსის სულისათვის. მან პირდაპირ უბრძანა თავის წარმომადგენლებს, რომ უნდა ვაღიაროთ საქართველოს ავტოკეფალიაო.
XIს-ში იყო ასეთი კანონისტი, კანონების მცოდნე, ბალსამონი და იგი წერს: ,,ამბობენ, რომ პეტრეს დროს კვიპროსის ეკლესიამ და საქართველოს ეკლესიამ ანტიოქიის კრების დადგენილებით მიიღეს ავტოკეფალია.”
იყო მსჯელობა, თუ როდის მიიღეს? ნეტარი პეტრეს დროს? ჩვენთანაც პეტრე იყო პირველი კათოლიკოსი, თქვენ გახსოვთ, მიქაელის შემდეგ იყო პეტრე და ანტიოქიაშიც პეტრე იყო. და იყო განსჯა, თუ რომელ პეტრეზეა საუბარი, მეთერთმეტე საუკუნის პეტრეზე, თუ მეხუთე საუკუნის პეტრეზე. და მე ვუთხარი, _ ბალსამონი რომ ამბობს: ,,ამბობენ,” ეს იმას ნიშნავს, რომ შორეულ წარსულში მიიღო საქართველომ ავტოკეფალია.
იყო ლაპარაკი კიდევ იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქო მოგანიჭებთო ავტოკეფალიას. მე ვუთხარი, რომ ავტოკეფალია ჩვენ მივიღეთ მეხუთე საუკუნეში, ამიტომ თქვენ კი არ უნდა მოგვანიჭოთ, თქვენ უნდა სცნოთ და, მართლაც, სიგელში ჩაწერილია, რომ უძველესი დროიდან საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია.
სწორედ მართლმადიდებლობის ზეიმზე იყო გადმოცემული ეს სიგელები ავტოკეფალიისა და პატრიარქობისა მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის მიერ და ეს ორი სიგელი ინახება საქართველოს საპატრიარქოში.
მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავტოკეფალია იმიტომ, რომ მთელი კულტურა, ისტორია, ლიტერატურა ყველაფერი დაფუძნებულია ეკლესიის მოღვაწეობაზე, საეკლესიო ცხოვრებაზე.
ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია. საქართველოს ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო. ეკლესიის მოღვაწეობა რომ არ ყოფილიყო, დღეს ვინ ვიქნებოდით, არ ვიცით.
ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.
დალოცვილი იყავით და გახარებული.
ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი და შემწე.
ჩვენთან არს ღმერთი.
პარასკევს არის დღესასწაული, ორმოცი სებასტიელი მოწამის დღეა. ჩვენთან, თბილისში, ძველ აბანოსთან, არის ტაძარი ორმოცი სებასტიელი მოწამისა და 11 საათზე იქ იქნება პარაკლისი. თუ შევძელი, მე თვითონ გადავიხდი.
დალოცვილი იყავით.
ჩვენთან არს ღმერთი.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (19.03.2019)
სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.
ამასთან უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს.
საბუთების მიღება 58-ე ნათლობისათვის
იწყება 58-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 25 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;
მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;
ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.
საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი მიიღო
ა.წ. 8 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ოფიციალურ წარმომადგენელს, დოქტორ ღასან ხალილს და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ ,,ბავშვის უფლებათა კოდექსსაც”.
დოქტორ ღასან ხალილმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის რჩევები მისთვის ღირებული და გასათვალისწინებელია. მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა ეკლესიასთან შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება შენდობის დღეს (10.03.2019)
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
ამინ!
ჩვენ დღეს ვდგავართ წინაშე ღვთისა განშიშვლებულნი ცოდვებითა, უსჯულოებითა, ბოროტი სიტყვიერებითა და ვთხოვთ უფალს შენდობას შეცოდებათა ჩვენთა.
არა არარს კაცი, რომელიც ცოცხლობდეს, ცხონდეს და არა სცოდოს. შენ მხოლო ხარ უცოდველი, უფალო, შენი ვარ, მაცხოვნე მე.
დღეს ღრმად უნდა ჩავხედოთ ჩვენს გულს, ჩვენს გონებას, ჩვენს სულს და დავინახოთ, ვინ ვართ ჩვენ.
ადამიანმა უნდა დაინახოს თავისი ცოდვა. ,,ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაჲ თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა.” უფალი უხილავად დგას დღეს წინაშე ჩვენსა და ისმენს ჩვენს აღსარებას.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალმა, რომელმაც შექმნა ადამიანი, ის გვაძლევს მადლსა და ძალასა, რათა ვებრძოლოთ ცცოდვას.
მე ცოდვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ორმოცი წლის მანძილზე ვარ სულიერი მწყემსი ქართველი ერისა. მე ბევრი რამ შემშლია, ბევრი ცოდვა ჩამიდენია და ამ წმინდა დღეს, შენდობის დღეს, მე ვთხოვ ჩვენს ერს და სრულიად საქართველოს შენდობას და მოტევებას ცოდვათა ჩემთა.
მე მივმართავ ყოველ თქვენგანს, დაინახეთ ცოდვები თქვენი, სთხოვეთ უფალს შენდობა. შენდობას აძლევს უფალი მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც განიცდის თავის ცოდვას.
განსაკუთრებით მე მივმართავ ახალგაზრდობას: ნუ გაიმეტებთ თქვენს მეგობრებს, ნუ შეურაცხყოფთ ამხანაგებს. აპატიეთ შეცოდებანი მათნი.
უფალო ძალთაო, ჩვენთანა იყავ, უფალო ძალთაო შეგვიწყალენ ჩვენ.
ღმერთო წმინდაო, მამაო, ძეო და სულო წმინდაო, ხსნილ ჰყავ ცოდვებისაგან სრულიად საქართველო და მე ცოდვილი.
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ!
აქ არიან მობრზანებულნი სტუდენტები როგორც თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ასევე სტუდენტები ქუთაისიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და გორიდან; ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ისინი.
ჩვენ გვაქვს გაკეთებული ამონარიდი დავით აღმაშენებლის სინანულის საგალობლებიდან. მეუფე დანიელი წაიკითხავს ამას და თითოეულმა განვიცადოთ ეს სიტყვები, როგორც საკუთარი.
რომლისაცა წინაშე
ქედ-დადრეკილ არს ყოველი,
მუჴლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი
შენსა
ჴმობს აღსარებასა,
მეცა, სიტყუაო,
აღმსარებელსა მომხედენ!
ამისთჳს იყო ქალწული
და ჴორც-ქმნაჲ სიტყჳსაჲ, რაჲთა
დედობრივთა ოხათა მიერ
ცხოვნდნენ ცოდვილნი,
რომელთა პირველი,
საშუალი და დასასრული,
მე ვარ, ვითარცა უფსკრული,
შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ!
და აწ, მომდრეკელი მუჴლთა გულისათაჲ
ვჴმობ, ვითარცა სხუაჲ მანასე,
მილხინე, ჵ მეუფეო, მილხინე
და ნუ წარმწყმედ ცოდვათა შინა,
და ნუ იჴსენებ ძჳრთა ჩემთა,
და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა,
რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ,
ამაღლებული ზესკნელს ცათა ძალთაგან!
ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს,
ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს,
შუებაჲ უქმ იქმნნენ,
ყუავილოვნებაჲ დაჭნეს,
სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ,
სხუასა შეუდგენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!
გან-რაჲ-ეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა
და მე ქედ-დადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად,
მსაჯული მართლ სჯიდე,
მსახურთა რისხვაჲ ქროდის,
მართალნი ნეტარებდენ,
ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი,
მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!
არაჲ უხილავს მზესა ქალწული დედაჲ თჳნიერ შენსა,
არცა ჩემოდენ ბრალეულსა – ნათელი მისი,
გარნა მე შენითა
ოხითა, დედოფალო,
ვესავ ხილვად ნათელსა
ძისა შენისასა
და ნათელსა ზეშთა საუკუნეთასა!
დიდი მარხვის პირველი კვირის 4 დღეს იკითხება ანდრია კრიტელის სინანულის კანონი.
ორშაბათს, 11 მარტს, 18:00-ზე ანდრია კრიტელის საგალობლები წაიკითხება სამების საკათედრო ტაძარში;
სამშაბათს, 12 მარტს, 18:00-ზე სიონის საკათედრო ტაძარში;
ოთხშაბათს, 13 მარტს, 18:00-ზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში;
ხუთშაბათს, 14 მარტს, 18:00-ზე სამთავროს ფერიცვალების სახელობის ტაძარში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონის პედაგოგები და მოსწავლეები მიიღო
ა.წ. 8 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში, სოფელ საირხეში არსებული წმინდა ნინოს სახელობის სასულიერო სკოლა-პანსიონის პედაგოგები და წარმატებული მოსწავლეები მიიღო.
ახალგაზრდებმა მის უწმინდესობას ლექსები წაუკითხეს და მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო კონკურსებში.
მისმა უწმინდესობამ დალოცა პედაგოგები და აღსაზრდელები და შემდგომი წარმატებები უსურვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (10.03.2019)
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
ჩვენთან არს ღმერთი!
დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღევანდელ დღეს ეწოდება შენდობის კვირიაკე, შენდობის დღე. დღეს საღამოს იქნება შენდობის წესი, ასე რომ მობრძანდით და მიიღეთ შენდობა.
ხვალ იწყება დიდი მარხვა. ეს არის მარხვა სინანულისა და ღმერთმა ინებოს, რომ ამ სინანულს მოჰყვეს სიხარული.
წმინდა ეფრემ ასური ამბობს: ,,ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა”. ეს გზა _ ,,განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა” ყველაზე იოლია, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. ამიტომ ყველამ უნდა დაინახოს თავისი თავი.
არის შემთხვევები, როცა აღსარებაზე მიდიან მოძღვართან და მოძღვარი ეკითხება თუ რა შეცოდება ჩაუდენია და იმდენად დახშულია მათი გონება, რომ მე არავითარი ცოდვა არა მაქვსო, _ პასუხობენ.
მოძღვარი ეუბნება, _ მე მოძღვარი ვარ და მეც მაქვს ცოდვაო. შენც, შეიძლება, გქონდესო.
_ მე არა მაქვსო.
ეს იმას ნიშნავს, რომ გონება დახშული აქვს, სული დათრგუნულია. ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება, ჩვენი სული, დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი და სინანულით განწმენდილნი სიხარულით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას.
დღეს ჩვენ ვლოცავთ იარალიშვილების გვარს. ღმერთმა დაგლოცოთ იარალიშვილები, ღმერთმა გაგამრავლოთ, ღმერთმა სულიერი ძალა მოგანიჭოთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა.
ასევე ვლოცავთ მანდატურებს, რომელნიც წესრიგს იცავენ სკოლებში ჩვენს შვილებთან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა შეიწიროს თქვენი შრომა.
დღევანდელი დღე კიდევ არის ცნობილი იმით, რომ იხსენებს ეკლესია ადამისა და ევას განდევნას სამოთხიდან. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი შეიწყალებს კაცობრიობას.
ჩვენთან არს ღმერთი!
დალოცვილი იყავით თქვენ და სრულიად საქართველო.
შენდობის დღის მსახურება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში
ორშაბათს, 11 მარტს, იწყება დიდი და წმინდა მარხვა. უძველესი ტრადიციისამებრ, ყოველი მძიმე მარხვის დაწყების წინ, ანუ ყველიერის ბოლო კვირას, არის შენდობის დღე. ამ დღეს მორწმუნენი თავს ვალდებულად მიიჩნევენ, პატიება სთხოვონ ყველას, ვისაც ნებსით თუ უნებლიედ აწყენინეს, რათა განწმენდილი გულით შეუდგნენ მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომისთვის მზადებას.
შენდობის ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ესწრებოდნენ მღვდელმთავრები, მცხეთა-თბილისის სამღვდელოება, სამონოზვნო დასი და მრევლი, რომლის უდიდეს უმრავლესობას სტუდენტები შეადგენდნენ.
თბილისის სხვა და სხვა უნივერსიტეტის ახალგაზრდები, ქუთაისის, სამცხე-ჯავახეთისა და გორის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მოვიდნენ, რათა მიეღოთ დალოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაგან და უფლის მადლი.
ახალგაზრდების ანთებული სანთლებით აივსო ეკლესია და ტაძრის ეზო. ინებოს ღმერთმა, მათ გულშიც დაინთოს ჩაუქრობელი რწმენის სანთელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი მიიღო
ა.წ. 8 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს ისა ალბაშა ალნოამისა და მის თანმხლები პირებს შეხვდა.
ბ-ნმა ელჩმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ხალხთა შორის მშვიდობის შენარჩუნების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვით.
შემდეგ საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის არსებულ დამოკიდებულებებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმარს წარმატებული მოღვაწეობა უსურვა და ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
საქართველოს საპატრიარქოდან უზენაეს სასამართლოში წერილი გაიგზავნა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნივერსიტეტების რექტორებს და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ა.წ. 5 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ინიციატივით საქართველოში მოქმედი 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენლები მიიღო. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებთან ამ სახის მასშტაბური შეხვედრა პირველად ჩატარდა პატრიარქის რეზიდენციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი, ქ-ნი მარიამ ჯაში, სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე).
საუბრისას ხაზი გაესვა სტუდენტების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებულ ღონისძიებებს. ახალგაზრდების მიერ გამოითქვა სურვილი, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოს საპატრიარქოსთან და ერთობლივად განახორციელონ მნიშვნელოვანი პროექტები.
მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ მეცნიერების, ახალგაზრდებისა და ეკლესიის თანამშრომლობით ქვეყნისთვის ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეიძლება და გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები და იდეების გაზიარება მომავალშიც გაგრძელდეს.
,,ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ბოროტება ებრძვის სიკეთეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიკეთის მხარეს ვიყოთ, სიკეთე შევიყვაროთ. მსოფლიოში განსაკუთრებული ბრძოლა არის ეკლესიის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ძალა, რომ დავუპირისპირდეთ ამას. უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიას უფრო რთული პერიოდებიც ჰქონია, მაგრამ ღვთის მადლით გადაულახავს. მაცხოვარი ბრძანებს: ,,კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.”
ბოლოს მისმა უწმინდესობამ დამსწრეთ თაობათა შორის ურთიერთობების დაახლოებისკენ მოუწოდა და ყველა დალოცა.
კანადის საპარლამენტო ცენტრის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში
ა.წ. 5 მარტს საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) კანადის საპარლამენტო ცენტრის ხელმძღვანელს, ბ-ნ ჟან-პოლ რუზკოვსკის, კვლევითი და საპარტნიორო პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელს, ბ-ნ ივო ბალინოვს და საქართველოში კანადის ელჩს, ბ-ნი კრის კუტერს შეხვდა. მიღებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე).
საუბარი შეეხო საქართველოს და კანადას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. სტუმრებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და დაინტერესდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებითა და მდგომარეობით. აღინიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებს იშვიათად ეძლევათ შესვლისა და ღვთისმსახურების შესრულების შესაძლებლობა, რაც უნდა გამოსწორდეს.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ირანელთა დელეგაცია მიიღო
ა.წ. 4 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ალ-მუსტაფას საერთაშორისო (სასულიერო) უნივერსიტეტის რექტორი, ალი აბასი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბ-ნი სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი და მათი თანმხლები პირები მიიღო.
შეხვედრაზე ისაუბრეს გახშირებულ ტერორისტულ აქტებსა და მსოფლიოში განვითარებულ მძიმე პროცესებზე, რომლებსაც სამწუხაროდ უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.
დელეგაციის წევრებმა მის უწმინდესობას ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ჰამენეის მოკითხვა გადასცეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირანი დიდი კულტურის მქონეა და ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება დადებითი შედეგის მომტანი იქნება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (03.03.2019)
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
ჩვენთან არს ღმერთი!
დღევანდელი სახარება, მათეს სახარება მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იქნება მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად, ნაწილი დადგება მარჯვნივ, ნაწილი მარცხნივ და მარჯვენა მხარეს მდგომთა ეტყვის უფალი: ,,მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ, მე მწყუროდა და თქვენ მასვით, მე ვიყავი საავადმყოფოში, ციხეში და თქვენ მომინახულეთ მე. მოვედით კურთხეულნო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი.“ და მარცხენა მხარეს მყოფთ ეტყვის: ,,მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მაჭამეთ, მწყუროდა და თქვენ არ მასვით.“ ეს მიგვითითებს იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ, რა უნდა აკეთოს ყოველმა ადამიანმა. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი თვითონ ირჩევს მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს.
სახარებაში წერია: ,,ჟამი ახლოს არს“ და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნის და ხალხის და მთელი მსოფლიოს მარჯვენით დგომა. მარჯვენა არის ღვთის სადიდებელი, ღვთის ნების ყოფა, ღვთის ნების ქმნა.
ღმერთმა დაგლოცოთ. დარჩა ერთი კვირა დიდ მარხვამდე და ღმერთმა ინებოს, რომ ეს მარხვა იყოს სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. სიხარული მოგანიჭოთ უფალმა.
დღეს ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს: პატარქალიშვილებს, ჯამასპაშვილებს, ჯამასპიშვილებს, გაიბულაშვილებს, ხაჭაპურიძეებს, მერკვილიშვილებსა და მანდარიებს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს თქვენთან და საქართველოში.
დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ მოძღვარს. მღვდელი იოსებ გელუკაშვილი. დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!
დღეს არის ხორციელი კვირიაკე, დღეს ხორცი იჭმევა და ორშაბათიდან ყველიერი დგება ერთი კვირა, შემდეგ კი დაიწყება დიდი მარხვა. ბედნიერი მარხვა ინებოს უფალმა.
გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დიდ მარხვაში ყოველ კვირა დღეს ეზიაროთ, მიიღოთ წმინდა ზიარება და ჩვენ ამით გავძლიერდებით.
ჩვენთან არს ღმერთი!
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში
ა.წ. 26 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს, ბატონ ერიკ ჰოგსა და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) შორის.
მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა პრობლემებსა და საჭიროებებზე. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის მღვდელმსახურებს იშვიათად ეძლევათ შესვლისა და ღვთისმსახურების შესრულების შესაძლებლობა, რაც უნდა გამოსწორდეს.
ბატონი ერიკ ჰოგი დაინტერესდა აღნიშნულ რეგიონებში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობით და ასევე გამოთქვა მზაობა, უფრო აქტიურად ჩაერთოს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო დაკავებული პირების გათავისუფლების საქმეში.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (26.02.2019)
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს როგორც თვითონ, ისე მისი უფლებადამცველნი და გარკვეული პირები კარგა ხანია აყენებენ კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს საპატრიარქოს წინაშე, მაგრამ აღნიშნულ მოთხოვნას პარალელურად მუდმივად თან ახლდა დეზინფორმაცია, ცილისწამება, მუქარა და, ახლა უკვე, გაშლილი კარავიც… სწორედ იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, ვისგანაც შუამდგომლობის მიღება სურდათ და სურთ.
ასეთი, ერთი შეხედვით, არალოგიკური მოქმედება, ბუნებრივია, ბადებს ეჭვს იმისა, რომ განვითარებულ მოვლენებს აქვს მიზანმიმართული ხასიათი და ადვოკატებიც და დეკანოზის თანამდგომნიც, სინამდვილეში, პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ ადრე დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად; ამ აზრს ამყარებს ის გარემოებაც, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას, ძირითადად, ის ადამიანები იღებენ, რომელნიც ხშირად უპირისპირდებიან ეკლესიას და ყოველთვის ეძებენ მიზეზებს მისი დისკრედიტაციისათვის.
სამწუხაროდ, მამა გიორგიც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას.
რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს.
ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია;
შევნიშნავთ იმასაც, რომ ვინაიდან ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ მსჯავრდებულის მიერ ერთი წლის წინ მღვდელმთვრებისთვის გაგზავნილ წერილზე (რომელსაც სკანდალურს უწოდებენ), პატიმრობაში მყოფმა ეს და სხვა დოკუმენტებიც სჯობს გამოაქვეყნოს, რათა ყველამ გაიგოს, რა ბრალდებებზეა საუბარი და ხალხს არ დარჩეს განცდა იმისა, თითქოს, ჩვენი მხრიდან, მისი გათავისუფლების თხოვნა რაღაცის გაუთქმელობის ფასად შეიძლება მოხდეს.
ასევე მიგვაჩნია, რომ, სასურველია, გამოძიების მასალების გასაჯაროებაც, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა. მითუმეტეს, რომ, მართალია, ძიების პროცესში საქართველოს საპატრიარქო მხარე არ ყოფილა, მაგრამ განვითარებული მოვლენები მას უშუალოდ დაუკავშირდა.
იმედია, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და, გამონაკლისის სახით, ამ ნაბიჯს გადადგამენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს პრეზიდენტი ეწვია
ა.წ. 24 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტებს და შეხვედრებს დიასპორის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან. ითქვა ქართველოლოგიის მიმართულების გაძლიერების აუცილებლობაზეც.
მისმა უწმინდესობამ დალოცა ქალბატონი სალომე და ქვეყნისთვის სასარგებლო მოღვაწეობა უსურვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი
ა.წ. 22 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ახლადგარდაცვლილი 23 წლის ლევან ბორტიშვილისთვის სიონის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა. ლევანი წლების განმავლობაში მისი უწმინდესობის მთავარი სტიქაროსანი იყო.
კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა:
„ლევანი, როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდა და გახდა ზეციური სამყაროს, ზეციური საქართველოს მკვიდრი.
შევთხოვთ უფალს, დააწესოს მისი უკვდავი სული, სადაცა წმინდანნი და მართალნი განისვენებენ.
მე თანაგრძნობას ვუცხადებ მშობლებს, ახლობლებს.
ლევანის წასვლა ეს ღვთის განგებაა. ღმერთს უფრო მეტად ჰყვარებია იგი, ვიდრე ჩვენ.
დღეს მის ცხედარს მივაბარებთ ჩვენს მიწას და იმედია, მისი სული ლოცვებს აღავლენს საქართველოს მშვიდობისა და ეკლესიის კეთილდღეობისთვის.“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლატვიის ელჩს შეხვდა
ა.წ. 21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ქ-ნი ინგრიდა ლევრენცე მიიღო. მიღებას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლიერება გამოხატა ლატვიის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ ქ-ნმა ინგრიდა ლევრენცემ მიღებისთვის მადლობა გადაიხადა და განაცხადა, რომ ლატვიის რესპუბლიკა საერთაშორისო ასპარეზზე მომავალშიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება.
სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართება
ა.წ. 22 თებერვალს, 10:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება მორიგი თემაზე: „აბორტი – პრობლემები და თანამედროვე მიდგომები“. მოწვეული არიან ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
Страницы
- « первая
- ‹ предыдущая
- …
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- …
- следующая ›
- последняя »