Грузинская Православная Церковь

Подписка на Лента Грузинская Православная Церковь
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია
URL-адрес: http://patriarchate.ge
Обновлено: 8 часов 50 мин. назад

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წარმომადგენლები მიიღო

20 февраля, 2019 - 14:57

ა.წ. 20 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს (პაკანიჩი) და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა. მიღებას  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრები და სამღვდელოება ესწრებოდა.

შეხვედრა არაოფიციალური იყო და სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდება და მათი პოზიციის ჩვენთვის გაცნობა. ითქვა, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ სხვადასხვა ტაძრებსა და რეგიონებში ხშირია კონფლიქტი მორწმუნეთა შორის ეკლესიების კუთვნილებასთან დაკავშირებით, რაც დიდ დაპირისპირებას ქმნის მრევლში და სასულიერო პირებთან მიმართებაში.

მისმა უწმინდესობამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოთქვა გულისტკივილი შექმნილი სიტუაციის გამო, ამასთან მოუწოდა ლოცვის გაძლიერებისკენ, რათა ღვთის მადლით დაიძლიოს პრობლემა და მართლმადიდებელთა ერთობა შენარჩუნდეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.02.2019)

17 февраля, 2019 - 13:58

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, _ მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. ამ კვირას ეწოდება მეზვერე და ფარისეველის კვირა. მაცხოვარი ამ იგავით მოციქულებს და იქ დამსწრეთ ეუბნება: ,,რომელმა აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს და რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს.“ ღმერთმა ჩვენც მოგვცეს თავმდაბლობა, რომ სულიერად აღვამღლდეთ.

იგავი ასეთია: ტაძარში შევიდა ორი ადამიანი, – მეზვერე და ფარსეველი. მეზვერე ის ადამიანია, რომელიც სძულდა ხალხს, რომელიც გადასახადს ართმევდა და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტსაც ართმევდა, ვიდრე კანონით ეკუთვნოდათ და მეორე, – ფარისეველი, რომელიც ასრულებდა კანონებს და რომელმაც აღიმაღლა თავი თვისი და ამპარტავნულად ლოცულობდ, რომ მე ვასრულებ კანონებს და მე არა ვარ ისეთი, როგორიც მეზვერეო.

ეს არის საოცარი მასწავლებელი ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა, ვიგრძნოთ და დავინახოთ ის უარყოფითი მხარეები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია.

დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა მოგცეთ მადლი სულისა წმინდისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.

ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მირქმის დღესასწაულზე (15.02.2019)

15 февраля, 2019 - 15:17

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს ის დღეა, როცა მართალმა სვიმეონმა თქვა: ,,აწ გუნეტევე მონა შენი, მეუფო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით“. ეს სიტყვები უნდა თქვას ყოველმა ადამიანმა გარდაცვალების ჟამს. ,,აწ განუტევე მონა შენი“. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომზადებულნი ვიყოთ მომავალი ცხვრებისათვის ანუ უნდა ვემზადებოდეთ მარადიული ცხოვრებისათვის.

ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, როგორ ასაფლავებენ ადამიანებს, ახლობლებს, შორეულებს, მაგრამ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი იმათ ადგილზე.

მეტად რთული პროცესია განშორება მიწიერი ცხოვრებისაგან და გადასვლა სულიერ ცხოვრებაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ მშვიდობა დავტოვოთ აქ, მშვიდობით წავიდეთ და მშვიდობა დაგვახვედროს უფალმა. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრების მიზანი არის მომზადება გარდაცვალებისათვისო.

დღეს ჩვენთან წირვას ესწრებოდნენ ავღანელები. 5000 ქართველი მონაწილეობდა ავღანეთში და აქედან 128 ვეღარ დაბრუნდა, დაბრუნდა მაგრამ გარდაცვალებული. მე მახსენდება შევარდნაძის სიტყვები. ის იყო იმ დროს საგარეო მინისტრი და მას საბჭოთა კავშირის მთავრობამ დაავალა გამოეცხადებინა, რომ ავღანეთიდან გაჰყავთ ჯარი.  ამ შეკრებას ესწრებოდნენ გენერლები და მაღალი ჩინოსნები. მეგონაო, რომ ისინი ტაშით შეხვდებოდნენ ამ ამბავს, მაგრამ არცერთმა გენერალმა და ჯარისკაცმა არაფერი მოიმოქმედა, არ გამოხატა არც სიხარული და არც მწუხარება, უფრო კი მწუხარება. საბჭოთა კავშირს უნდოდა, რომ გაეგრძელებინა ეს მკვლელობა.

ღმერთი მოწყალეა. ჟამი ახლოს არს და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ ამ საიდუმლო დღისათვის, გარდაცვალებისათვის. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ღირსეულად მოხდეს ჩვენი ამქვეყნიდან გასვლა.

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ მღვდელ გიორგი ნადარეიშვილს. იგი აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

დალოცვილი იყავით. გაიხარეთ თქვენ და საქართველომ.

ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (10.02.2019)

13 февраля, 2019 - 13:03

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანი მოწოდებულია იმისათვის, რომ განვითარდეს. ეს კი მან, უპირველეს ყოვლისა თავისი თავიდან უნდა დაიწყოს. ჩვენ რატომღაც ვიწყებთ სხვა ადამიანებით იმიტომ, რომ ეს უფრო ადვილია, უფრო ადვილად ვხედავთ სხვას, სხვის ნაკლს. ,,მომანიჭე მე, უფალო, განცდაჲ თვისთა ცოდვათა“ _ ვკითხულობთ ლოცვაში. ცხოვრებამ, ჩვენმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ,,განცდაჲ თვისთა ცოდვათა“ არც ისე იოლი ყოფილა.

– რატომაა ძნელი ,,განცდაჲ თვისთა ცოდვათა?“

– იმიტომ, რომ ადამიანი სუსტია.

ძნელია ,,განცდაჲ თვისთა ცოდვათა“ იმიტომ, რომ ადამიანი თავის თავზე დაყრდნობით ვერ მიაღწევს ამას, არამედ უნდა მიიღოს მადლი ღვთისაგან, შეწევნა ღვთისაგან.

ადამიანი სუსტია, მაგრამ არის ხატება ღვთისა; სუსტია, მაგრამ მსგავსებას ღვთისას უნდა მიაღწიოს თავისი მოღვაწეობით, თავისი სულიერი ცხოვრებით.

ადამიანი ადვილად ეცემა. (აი, საგალობელი რომ არის ,,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“) ხანდახან ისე ეცემა, რომ ფიქრობს, ვეღარასდროს ადგება, მაგრამ ამ დროს მაცხოვარი თვითონ მიდის მასთან და აყენებს. ეს სასწაულია, ეს წყალობაა ღვთისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს ამ წყალობას.

ამასთან ღმერთი ხედავს სურვილსაც და სურვილსაც მიაჩნევს როგორც გაკეთებულ საქმეს. ამიტომაც გულწრფელი სურვილიც კი უკვე ბევრს ნიშნავს. შეიძლება ვერ მიაღწიოს ადამიანმა სურვილის განხორციელებას, მაგრამ ღმერთი იმდენად მოწყალეა, რომ ამასაც გაკეთებულ საქმედ უთვლის.

როგორც ვთქვით, ადამიანი მოწოდებულია განვითარებისათვის, სრულყოფისათვის. მაცხოვარი ამბობს: ,,იყავით სრულყოფილნი ვითარცა მამათქვენი ზეციერი სრულყოფილ არს.“ ეს ნიშნავს იმას, რომ განვითარება დაუსრულებელია, მუდმივია, რადგან ადამიანი ვერასდროს მიაღწევს ისეთ სრულყოფას, როგორიც აქვს მამაზეციერს, ამიტომ ეს სიტყვები ნიშნავს უწყვეტ პროცესს აქაც და იქაც, ორთავ სოფელსა შინა.

ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო ჟამიაო და ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ. რთულია ეს ბოლო ჟამი, მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროს. ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა შეგვეშინდეს.

თქვენ ხედავთ, მთელს მსოფლიოში მღელვარებაა, მთელს მსოფლიოში რაღაცას ეძებენ, რას ეძებენ, თვითონაც არ იციან.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა.

აი, როცა მღვდელი ან დიაკონი ან ეპისკოპოსი ლოცულობს, ,,შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა,“ აუცილებლად უნდა აღამაღლოთ თქვენი გული და გონება ღვთისაკენ და ილოცოთ და მადლი ღვთისა დაგვეხმარება ჩვენ. დაგვეხმარება რომ შევიცნოთ თავი თვისი.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ ,,განცდაჲ თვისთა ცოდვათა“.

ჩვენთან არს ღმერთი!

ვაჯილდოებთ სასულიერო პირს: იღუმენი ანგია ბრეგვაძე აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში. აქსიოს!

დალოცვილი არიან შემდეგი გვარები: გოგიბერიძეები, მამადაშვილები, ტარუაშვილები, კილავები და კენჭაძეები. ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა ინებოს რომ მშვიდობა სუფევდეს თქვენს გვარებში. დალოცვილი და გახარებული იყავით სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

მოგვიახლოვდა დიდი მარხვის დღეები. მომავალი კვირიდან უკვე დიდი მარხვის საგალობლები იგალობება. დალოცვილი იყავით.

ჩვენთან არს ღმერთი!

სულთმოფენობიდან 37-ე კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

9 февраля, 2019 - 14:58

სულთმოფენობიდან 37-ე კვირიაკე

წირვაზე (32-ე კვირიაკის) – 1 ტიმ. 4:9-15. ლკ. 19:1-10.

წმინდა პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ – 4:9-15

სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა.

რომელია ეს სიტყვა, რომელიც ჭეშმარიტია და ღირსია იმისა, რომ ეჭვშეურევნელად მივიღოთ? ის, რომ ღვთისმოსაობა აქაც სასარგებლოა და იქაც. მოციქული ყველგან მიუთითებს ამის შესახებ ეპისტოლეში. იგი არ საჭიროებს ამის მტკიცებას, უბრალოდ, იუწყება, რადგან სიტყვა თქმულია ტიმოთეს მიმართ.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიყვედრებით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი.

ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიყვედრებით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს. აქ მოციქული აჩვენებს, თუ როგორია ღვთისმოსაობა, რომელშიც თავად მოციქულები იწვრთნებოდნენ და რანაირად აქვს მას მომავალი ცხოვრების იმედი, ამბობს: იმისთვის, ნაცვლად სიტყვისა: იმიტომ ვშრომობთ და ვიყვედრებით. მართლაც, რატომ უნდა  გავწყდეთ წელში, თუ არ ველოდებით მომავალ სიკეთეს, რომელსაც ცოცხალი ღმერთი გვიბოძებს ჩვენი სიკვდილის შემდეგ? აქ სამეფო მხედრებმა შეიძლება ბევრი შრომა და ხიფათი გადაიტანონ, მაგრამ სათანადო მისაგებელი ვერ მიიღონ, თუკი მეფე მოკვდება. ჩვენი მეფე კი ყოველთვის ცოცხალია და ყოველთვის მოგვაგებს მოსაგებელს.

რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი. ეს ნიშნავს, რომ უფალს ყველას გადარჩენა სურს – აქაც და იქაც. უფრო დიდ მზრუნველობას კი იგი ამ სოფელში მორწმუნეთა მიმართ იჩენს. ის რომ მათი მხსნელი არ ყოფილიყო, როგორღა გაუძლებდნენ ისინი ყველა აქაურ თავდასხმას? ამით წმინდა პავლე ტიმოთეს მოსალოდნელი საფრთხეების დასახვედრად ამზადებს. ნუ მოიწყენ, – ეუბნება იგი მას, – როდესაც ასეთი ღმერთი გყავს და ნუ სთხოვ სხვას დახარებას, არამედ მასზე დაამყარე იმედები: ცოცხალია ღმერთი და იგია მხსნელი.  

ამას ამცნებდე და ასწავლიდე. ზოგი საქმე სწავლას მოითხოვს, ზოგიც – მცნებას (ბრძანებას). მაგალითად, რომ არ უნდა მოიპარო, ამას სწავლა კი არ სჭირდება, არამედ – ბრძანება, ანუ უნდა აუკრძალო გასაკუთრებული ძალით. ხოლო როცა ქონების დარიგებაზე ესაუბრები, ან ქალწულებაზე, ანაც რწმენაზე, მაშინ ესენი აუცილებლად უნდა ასწავლო. ამიტომ იყენებს მოციქული ორივე გამოთქმას: ამცნებდე და ასწავლიდე. სხვაგვარად ეს შეიძლება შემდეგნაირად გამოვთქვათ: როდესაც ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც ვიცით, რომ ბოროტებაა, ჩვენ ამ დროს ბრძანებას ვსაჭიროებთ; ხოლო როცა არ ვიცით, რომ ის ბოროტებაა, მაშინ – სწავლას.  

ნურავის დაამცირებინებ შენს სიჭაბუკეს, არამედ ნიმუშად ექმენ მორწმუნეთ სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, სულით, რწმენით, სიწმიდით;

ნურავის დაამცირებინებ შენს სიჭაბუკეს. იმის გამო, რომ ზოგადი ცრუშეხედულებით სიჭაბუკე მოძღვრისთვის დამამცირებელი გახდა, ამიტომ შენ,  – ეუბნება მოციქული მას, – ხელმწიფებრივად უბრძანე და ვერავინ დაგამცირებს, რადგან მოძღვრების უგულებელყოფა დაუშვებელია. მაშ, სად არის ამ დროს სიმდაბლე? იქ, სადაც პირადი შეურაცხყოფაა, მშვიდი უნდა იყო, ხოლო სადაც სიმკაცრეა აუცილებელი სხვათა გამოსახსნელად, იქ სრული ხელმწიფებით უნდა გასცე ბრძანებები. ან: აჩვენე კეთილად შემკული ცხოვრება კეთილი ზნით და მაშინ არ იქნება დამცირებული შენი სიჭაბუკე, პირიქით, საერთო გაკვირვებას გამოიწვევ. ამიტომ მოციქული ურთავს:

არამედ ნიმუშად ექმენ მორწმუნეთ. ე. ი. შენი ცხოვრებით მორწმუნეთათვის ნიმუშად და საუკეთესო ცხოვრების წესად უნდა იქცე.

სიტყვით. სიტყვა მომზადებული უნდა გქონდეს, რათა თავისუფლად, დაუძაბავად ილაპარაკო.

ქცევით  როგორც ყოფით ცხოვრებაში, ისე საეკლესიო მსახურებისას.

სიყვარულით. ყოველთა მომცველი სიყვარულით.

სულით ანუ სულიერი განწყობით, ან მადლის ნიჭით, რათა ამ ნიჭით არ გამედიდურდე.

რწმენით. მართალი და არა მერყევი რწმენით; ეს ისეთი რწმენაა, როდესაც ღმერთის იმაშიც სწამთ, რაც ბუნებრივი კანონებით შეუძლებელია, რომ აღსრულდეს.

სიწმინდით. ქალწულებრივი სიწმინდითა და უბიწოებით.

ვიდრე მოვიდოდე, გამუდმებით იკითხე, შეაგონე, დამოძღვრე.

ვიდრე მოვიდოდე, გამუდმებით იკითხე. თუკი წმინდა წერილის კითხვას მოციქული ტიმოთეს მცნებად აძლევს, მაშინ ეს განა ჩვენც არ უნდა გავაკეთოთ? თავად პავლეც, უეჭველად, ცხოვრების ბოლომდე კითხულობდა და ამას სხვებსაც შეაგონებდა. მოციქული ანუგეშებს ტიმოთეს და ეუბნება: ვიდრე მოვიდოდე. ტიმოთეს ეს სიტყვები აიმედებდა, რომ მოძღვარს მალე იხილავდა, რადგან იგი, დაობლებული, რა თქმა უნდა, გულით პავლეს ეძებდა. და აი, კიდევ რისთვის უთხრა მას პავლემ: ვიდრე მოვიდოდე. რაკი ტიმოთე ახალგაზრდა იყო, ამიტომ ცხადია, მან ბევრი რამ არ იცოდა და მოძღვრის გვერდით ყოფნას საჭიროებდა. მოციქული ტიმოთეს ეუბნება: სანამ მოვიდოდე, წმინდა წერილი იკითხე და იქ იპოვი შენთვის საჭირო რჯულის განწესებებს, ხოლო როდესაც მოვალ, დანარჩენს მერე აგიხსნი.  

შეაგონე. ასწავლე და გაამხნევე, ვინც საკუთარ თავში ზნეობრივი ენერგიის მოკლებას გრძნობს.  

დამოძღვრე. რწმენაზე მოქცეულნი ყველა საქმეში დამოძღვრე. ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა ხელთდასხმით.

ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით. აქ მოციქული საუბრობს მოძღვრობის ნიჭზე, რომელიც მიიღო გამორჩეულმა ეპისკოპოსმა. წინასწარმეტყველებით, ანუ წმინდა სულის მოწოდებით, როგორც ზემოთ ითქვა.

უხუცესთა ხელთდასხმით. ეპისკოპოსების ხელთდასხმით, რადგან ეპისკოპოსის ხელთდასხმას მღვდლები კი არა, ეპისკოპოსები ახდენდნენ. შეხედე, როგორი საოცარი ძალა აქვს სამღვდელო ხელთდასხმას!  

ამაზე იზრუნე და ასე იყავი, რათა შენი წარმატება ცხადი შეიქნეს ყველასთვის.

ამაზე იზრუნე და ასე იყავი. პავლე მოციქული ტიმოთეს ხშირად  ერთსა და იმავეს შეაგონებს, რადგან სურს, აჩვენოს, თუ რაზე უნდა ზრუნავდეს ყველაზე მეტად ეპისკოპოსი.

რათა შენი წარმატება ცხადი შეიქნეს ყველასთვის არა მხოლოდ ცხოვრებაში, არამედ სამოძღვრო სიტყვაშიც. პავლეს სურვილია, რომ ტიმოთე ყველაფერში დიდი და სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი იყოს.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 19:1-10

შევიდა იერიხონში და გაიარა ქალაქი.

და, აჰა, ერთ მდიდარ კაცს, სახელად ზაქეს, რომელიც იყო მებაჟეთა უფროსი,

მებაჟენი (მეზვერენი) ცოდვილ და უწმინდურ ადამიანებად მიიჩნეოდნენ, რადგან ხალხისგან სახელმწიფო გადასახადების მოკრებისას უმოწყალო გამომძალველნი იყვნენ და ამით თავადვე მდიდრდებოდნენ. ამიტომ ისინი წარმართებთან იყვნენ გატოლებულნი (მთ. 18:17); და თუ ასეთი საძაგელი რეპუტაციით სარგებლობდნენ ზოგადად მეზვერენი, მაშინ როგორი სახელი ექნებოდა მათ მთავარს? სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო ტანმორჩილი ზაქე, ფრიად მდიდარი კაცი, რომელიც ხალხს სძულდა და იმავდროულად შურდა კიდეც მისი. სიძულვილი და შური ყოველთვის ერთმანეთთან ახლო მდგომი კედლებია, რომელთა შორისაც მდიდარი ცოდვილის სული ისრისება.

შემდგომში ზაქე მეზვერე ერთ-ერთი 70-თაგანი მოციქული და წმინდა პეტრეს მოწაფე გახდა, რომელმაც იგი პალესტინის კესარიის ეპისკოპოსად დაადგინა, სადაც ერთგულად ემსახურებოდა ქრისტეს სახარებას და იქვე მშვიდობით აღესრულა.

წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზ სერბი

სურდა ეხილა იესო, რათა გაეგო, ვინ იყო, მაგრამ ხალხმრავლობის გამო, ვერ მოჰკრა თვალი, ვინაიდან ტანმორჩილი იყო;

იესო ქრისტეს სასწაულების ამბავი ზაქესაც სმენოდა, განსაკუთრებით იმ სასწაულის შესახებ, რომელიც ცოტა ხნით ადრე უფალმა იერიქონში შესვლამდე აღასრულა ბრმების მიმართ და ახლა სურდა, ეხილა იესო, რათა გაეგო, ვინ იყო, ესოდენ სახელგანთქმული სასწაულთმოქმედი, მაგრამ ხალხმრავლობის გამო,ვერ მოჰკრა თვალი, ვინაიდან ტანმორჩილი იყო.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისო  

წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა მის დასანახად, ვინაიდან იქ უნდა გაევლო.

იხილე სულის სიმხურვალე! ზაქე მიხვდა, რომელი გზით უნდა გაევლო ქრისტეს, წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა მის დასანახად. მასში გაიღვიძა ღვთისმოსაობის მოშურნეობამ, მისი გული აღანთო მონანიების სურვილმა და წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა, რათა რადაც უნდა დასჯდომოდა, ეხილა რწმენის მასწავლებელი და ცოდვების მიმტევებელი.   

როცა იმ ადგილს გაუსწორდა, იესომ ზევით აიხედა, დაინახა იგი და უთხრა: ზაქე, ჩქარა ჩამოდი ძირს, ვინაიდან დღეს შენს სახლში უნდა ვიყო.

ისიც საჩქაროდ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი.

„მბჟუტავ პატრუქს“, – იწინასწარმეტყველა ესაიამ, – „არ ჩაუქრობს“ (ეს. 42:3). სოლომონმა კი ასე დაწერა: „წინასწარ ეცხადება (სიბრძნე) მისი შეცნობის მოწადინეთ“ (სიბრძ. 6:13), და ამას უფალი იესო ქრისტე ასრულებს! ღმერთკაცმა არ ჩააქრო ზაქეს ანთებული რწმენა, პირიქით, წინასწარ გამოეცხადა მანამდე, ვიდრე იგი მას იცნობდა, რადგან მივიდა იმ ადგილას, სადაც ის ლეღვის ხე იდგა, რომელზედაც ზაქე აძვრა. და როცა იმ ადგილს გაუსწორდა, იესომ ზევით აიხედა, დაინახა იგი და უთხრა: ზაქე, ჩქარა ჩამოდი ძირს, ვინაიდან დღეს შენს სახლში უნდა ვიყო. ამის გაგონებაზე ზაქე დიდი სიხარულით აივსო, საჩქაროდ ჩამოვიდა ძირს და უფალი სახლში მიიღო. მთელი ეს მოვლენა აჩვენებს, რომ ზაქე მზად იყო, მიეღო ღვთის სიტყვები და საკუთარი ცოდვები მოენანიებინა. იესო ქრისტემ წინასწარ განჭვრიტა მისი სულიერი განწყობა, როგორც გულთამხილველმა,ზევით აიხედა, შეხედა მას და განუცხადა, რომ მისი სახლის სტუმარი იქნებოდა. როგორ მოიქცა ხალხი ყოველივე ამის დანახვაზე?

ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო.

იუდეველები ყველა მეზვერეს ცოდვილებად მიიჩნევდნენ და, შესაბამისად, ყველაზე მეტად მათ მთავრებს, როგორიც ზაქე იყო, რადგან იგი, როდესაც სამეფო ხარკს კრებდა, ბევრ უსამართლობას ჩადიოდა, ხალხს ჩაგრავდა, ამიტომაც გაურბოდნენ მათთან ურთიერთობას. ეს იყო სწორედ მიზეზი იმისა, რომ როდესაც ღმერთკაცი იგავში აჩვენებდა სიმდაბლის სარგებელს და ამპარტავნების ზიანს, მდაბალი ცოდვილის და თავისი სიმდაბლით გამართლებულის სახით მეზვერე გამოიყვანა, რომელიც საკურთხევლიდან შორს იდგა. როდესაც ხალხმა დაინახა, რომ იესო მეზვერეთა მთავრის, ზაქეს, სახლში შევიდა და იქ დარჩა, განრისხდა და მასზე დრტვინვა დაიწყო, რადგან საწყალობლებმა არ იცოდნენ არც ზაქეს სინანულის და არც ღმერთკაცის მხრიდან მაცხოვნებელი განზრახვის შესახებ. შეწყვიტეთ, საცოდავებო, დრტინვა, რადგან არ დაგინახავთ, როგორ შეხვდა ზაქე მასთან მისულ იესოს და რა უთხრა მას ქრისტემ, როდესაც ზაქეს ჭეშმარიტი სინანული და რწმენაზე მოქცევა იხილა.

ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს მივცემ გლახაკთ, და თუ ვინმეს ცილი ვწამე, ოთხმაგად ვუზღავ.

გახსოვდეს ზაქე, რომელმაც მის მიერ დაჩაგრულების სასარგებლოდ ზღვევინების, ხოლო დანარჩენი ქონების ნახევრის გლახაკებისთვის დარიგების აღთქმა დადო. იგი გახარებულია, რომ შეუძლია, ქრისტე მიიღოს და უფალიც უვლენს წყალობას, როდესაც ანგარი კაცი აჯილდოებს იმათ, ვინც თავად დაჩაგრა. ამრიგად, განკაცებულმა უფალმა გაამართლა ზაქე და უთხრა: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს. ესეც იმათ ეხებათ, რომლებიც მოწყალებას გასცემენ, მაგრამ სამართლიანობის დაცვაზე არ ზრუნავენ.

წმინდა მღვდელთმთავარი ბასილი დიდი

უთხრა მას იესომ: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს, ვინაიდან ესეც ძეა აბრაამისა.

უთხრა მას იესომ: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს. სახლს ანუ სახლეულს – სახლში მცხოვრებთ. დღეს, – ამბობს უფალი, – მოევლინა ხსნა, ვინაიდან განშორებულია სიკვდილი მასში მცხოვრებთაგან, რომელიც უნდა მოსწეოდათ ანგარებისმოყვარეობისა და უსამართლობისათვის. ვინაიდან ესეც ძეა აბრაამისა. ეს ქრისტემ თქვა იმათ გასაგონად, ვინც დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო. ის ხომ ამბობს: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს. დიახ, ზაქე უნდა გადარჩენილყო, რადგან იგი აბრაამის ტომიდან იყო. ეს სიტყვები კი ქრისტემ იმიტომ დაურთო, რომ თავად, უპირველეს ყოვლისა, აბრაამის შთამომავლებისთვის განკაცდა.  

რადგან ძე კაცისა დაკარგულთა საძებნად და დასახსნელად მოვიდა.

დაკარგულნი აბრაამის ტომიდან იყვნენ. ის ხომ ამბობს: მოვვლენივარ მხოლოდ აბრაამის  დაღუპულ ცხვრებს (იხ. მთ. 15:24). მაგრამ მეც ზაქე ვარ – სულიერი სიმაღლით მცირე. მე ჯერ კიდევ განრთხმული ვარ მიწაზე, და თუმც, ვცდილობ, ნათლად და სათანადოდ დავინახო ქრისტე, მაგრამ მაინც არ შემიძლია მისი ხილვა, თუკი არ გავიქცევი იმისგან, რაც ამაში ხელს მიშლის და არ ავძვრები ხეზე, ანუ თუ არ ავმაღლდები მიწიერზე და არ აღვიმართები ზეციურისკენ. მაშინ უფალიც მეგობრულად შემომხედავს, თავისთან მიმიხმობს და ჩემთან დაივანებს (შდრ. ინ. 14:23), რამეთუ ასეთი ადამიანი ღვთის სამკვიდრებელი სახლი ხდება.

სწავლული ბერი ეფთვიმე.ზიღაბენი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

7 февраля, 2019 - 18:39

როგორც ცნობილია, ა.წ. 3-4 თებერვალს აბუ დაბიში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა შორის ძმობის განმტკიცებას და ძალადობის შემცირებას ისახავდა მიზნად.

კონფერენციას ესწრებოდნენ რომის პაპი ფრანცისკე, სხვა სასულიერო ლიდერები და მაღალი იერარქები. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენდენ: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

მონაწილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს კონფერენციის ორგანიზებისა და წარმოდგენილი მოხსენებების მაღალი დონის გამო და აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები რეალურად ამცირებს ექსტრემიზმს და აძლიერებს შემწყნარებლობას, რაც მსოფლიოს მშვიდობიანი მომავლისათვის მეტად მნიშვნელოვანია.

სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართება

7 февраля, 2019 - 13:02

ა.წ. 8 თებერვალს, 16:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა თემაზე: „ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები“. შეხვედრაზე მოწვეული არიან ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (05.02.2019)

5 февраля, 2019 - 18:12

ა.წ. 4 თებერვალს თორნიკე მამალაძის მიერ საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის დადგმამ იმ მოთხოვნით, რომ მისი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარონ, საერთოდ, საერო ხასიათი და ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახე შესძინა ამ საქმეს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებლად მიგვაჩნია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ, როგორც ადრე განვაცხადეთ, ველოდებოდით ძიების დამთავრებას, რათა, არსებული დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე, შეფასება მისცემოდა განვითარებულ მოვლენებს.

სამივე ეტაპზე გამოძიებამ გიორგი მამალაძეს ბრალი დასდო, მაგრამ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, წმინდა სინოდისთვის მასალების გადმოცემაზე პროკურატურამ უარი ახლახანს გვითხრა. დასჯადია საგამოძიებო მასალების სხვისთვის მიწოდებაც, როგორც დამნაშავის, ისე დაზარალებულის მხრიდანაც.

ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (01.02.2019)

1 февраля, 2019 - 19:23

გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების  თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) ინტერვიუს იმ ნაწილმა, სადაც მეუფე საქართველოს თემატიკას ეხება, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მთელს საზოგადოებაზე, რადგან იგი აღქმულ იქნა ერთგვარ უხეშ ზეწოლად და დავალდებულებად.

ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, საქართველოს მხრიდან უკრაინის ახლადგამოცხადებული ეკლესიის აღიარების შემთხვევაში, მოყვება თუ არა მოსკოვის საპატრიარქოსაგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საეკლესიო სტატუსის გადახედვა, მიტროპოლიტმა ილარიონმა არ გასცა პირდაპირი პასუხი და ნაცვლად ამისა, ბუნდოვნად ისაუბრა საქართველოს ეკლესიისიისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე.

მაშინ, როდესაც, ცხინვალის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ჩვენთან სრულიად შეუთანხმებლად, შენდება ტაძარი, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე პერიოდულად საეკლესიო მსახურებას არაკანონიკურად აღასრულებენ რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოქმედი სასულიერო პირები, ინტერვიუში დატოვებული ორაზროვნება, ბუნებრივია, მუქარის შინაარსს იძენს.

შევნიშნავთ იმასაც, რომ მიტროპოლიტმა ილარიონმა, სრულიად არასწორად გააკეთა აქცენტი კრეტის კრებაზეც და დიპტიხთან დაკავშირებითაც.

მან თქვა, თითქოს ჩვენდამი სოლიდარობაც იყო მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ეკლესია ამ კრებაზე არ წავიდა. ჩვენ არ ვიცით, რა მიზეზებმა განაპირობა მათი  გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტი ერთია, საქართველოს ეკლესიას თავისი პოზიციის გამო მხარდსაჭერად არავისთვის მიუმართავს.

ასევე ის, რომ მოსკოვის საპატრიარქო დიპტიხში მე 6 ადგილზე გვიხსენიებს, ხოლო კონსტანტინოპოლი,- მე 9 ზე, არ ნიშნავს, რომ ამის გამო მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია სავალდებულოდ გასათვალისწინებელია.

როგორც კრეტის კრებასთან მიმართებაში, ასევე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესია ყოველთვის ცდილობდა პოზიცია არ განესაზღვრა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, არამედ ეყრდნობოდა და ეყრდნობა საეკლესიო კანონიკასა და სახარებისეულ სწავლებას. ვხელმძღვანელობთ რა ამ პრინციპით, დღეს არსებულ ვითარებაში, ჩვენ, ჩენი შესაძლებლობისამებრ, ვზრუნავთ მართლმადიდებელთა ერთობისათვის და დაძაბულობის განმუხტვისათვის, რაც მიგვაჩნია პირველი რიგის ამოცანად ყველა ეკლესიისთვის.

 P.S. როგორც ახლახანს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა მოსკოვიდან  შეგვატყობინეს, ისინი შეხვდნენ მიტროპოლიტ  ილარიონს და სთხოვეს განმარტება ინტერვიუსთან დაკავშირებით.

მეუფის განცხადებით, საშიშროებაში იგი გულისხმობდა იმ პრობლემებს, რომელიც, ტომოსის აღიარების შემთხვევაში დაუდგება არაერთ ეკლესიას,  მათ შორის, საქართველოსასაც და არ ლაპარაკობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის  ეკლესიის იურისდიქციად გამოცხადების საფრთხეზე.

გვაცნობეს ისიც, რომ იგი მზად იყო ჩვენი რომელიმე არხისთვის განმარტების მისაცემად, მაგრამ საქართველოს ტელევიზიის არცერთი ჯგუფი ამჟამად მოსკოვში არ იმყოფებოდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა

30 января, 2019 - 16:54

დღეს, 30 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად რეზიდენციაში მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები: გალიის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ემანუელი და ანდრიანუპოლისის მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესი ამფილოქე.

როგორც მიტროპოლიტმა ემანუელმა აღნიშნა, ამ ჩამოსვლის მიზანია უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს პოზიციის განმარტება და დასძინა, რომ ეს ვიზიტი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც მათი აზრის თავსმოხვევის მცდელობა, არამედ მხოლოდ პოზიციის გაცნობა. შემდეგ კი დაწვრილებით ისაუბრა ტომოსთან დაკავშირებით ა.წ 6 იანვრამდე განვითარებულ მოვლენებზე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა: იმისათვის, რომ დავეხმაროთ უკრაინას, რათა საეკლესიო ცხოვრებაში მშვიდობამ დაისადგუროს და არსებული პრობლემები გადაიჭრას, საჭიროა დრო. მეუფე ემანუელიც დაეთანხმა მას და თქვა, რომ იგი დარწმუნებულია, კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეში.

საუბრისას დაისვა კონკრეტული შეკითხვებიც, თუმცა შეხვედრას ძირითადად ზოგადი ხასიათი ჰქონდა;

მთავარი შედეგი არის შემდეგი: ორივე მხარე თანხმდება, რომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ მართლმადიდებელთა ერთობისათვის, ხოლო უკრაინის თემასთან მიმართებაში აჩქარება სიკეთის მომტანი არ იქნება.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (29.01.2019)

29 января, 2019 - 22:26

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
(29.01.2019)

უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში. ჩვენთანაც გამოიკვეთა ორი მხარე, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობენ, ის პოზიცია, რაც მართებულად მიაჩნიათ, ყველა საშუალებით დაიცვან. სახეზე გვაქვს სასულიერო და საერო პირთა პოლიტიკური და რელიგიური შეფასებები და განცხადებები. ამასთან არც ერთი მხარე თავს არ იკავებს შეურაცხმყოფელი გამოთქმების, ერთგვარი შანტაჟისა და დამამცირებელი ფრაზებისგან, რაც პირველ რიგში მთქმელს აყენებს ჩრდილს.

უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს.

ამჟამად მთავარი არის მართლმადიდებელთა ერთობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა, ხელის შეწყობა იმისათვის, რომ დაცხრეს დაძაბული ვითარება და სამართლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი გარემო შეიქმნას.

ჩვენი მცდელობა, – ლოცვით თუ საქმით, ამ ერთობისთვის უნდა იყოს მიმართული და ამიტომაც მოგმართავთ ყველას და გთხოვთ, იყოთ კორექტულნი როგორც ერთმანეთთან მიმართებაში, ისე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

28 января, 2019 - 12:36

ა.წ. 28 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი ტადაჰარუ უეჰარა და მისი მეუღლე მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ელჩის განცხადებით, საქართველოსა და იაპონიას ბევრი საერთო აქვთ, უპირველესად კი ის, რომ ორივე ქვეყანა გამორჩეულია სტუმართმოყვარეობით.

მისმა უწმინდესობამ ელჩს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე(27.01.2019)

27 января, 2019 - 20:46

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ, ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს, _ ნინოობას. წმინდა ნინოს ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

ეხლა მახსენდება ჩემი აფხაზეთში ყოფნის დრო. აფხაზეთის უდაბნოში მოღვაწეობდნენ ადამიანები, სასულიერო პირები, რომლებიც ხშირად ჩამოდიოდნენ ქალაქში და მიყვებოდნენ თავისი ცხოვრების შესახებ. ერთ მონოზონს ჰქონდა ჩვენება: წმინდა ნინო გამოეცხადა და უთხრა, რომ მე დავდივარ მთელს საქართველოში და ვქადაგებ სახარებასო.

ღვთის მადლით ეს დღესაც გრძელდება. წმინდა ნინო არ ტოვებს საქართველოს…

ასევე მინდა გავიხსენო ჩემი ოჯახი. სახლში გვქონდა დიდი კუთხე ხატების, აუცილებლად იყო სამი ხატი, საქართველოს დიდების, ყოვლადწმინდა სამების და წმინდა ნინოს ხატი, ასევე სხვა ხატები.

მე მყავდა უფროსი ძმა _ თეიმურაზი და ახალგაზრდა გარდაიცვალა, 28 წლისა, ის გამომეცხადა და მე ვკითხე, ხომ ლოცულობ-მეთქი ჩემთვის?

-რა თქმა უნდა ვლოცულობო, და ეს ხალხიო, მიჩვენა საქართველოს დიდების ხატზე, ეს ხალხიო, ყველა ლოცულობს შენთვისო.

დიდება უფალს და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის, წმინდა ნინო არის ჩვენი კაპადოკიელი მფარველი. საოცარია, ასეთი ნორჩი, ასეთი ახალგაზრდა ქალიშვილი როგორ წამოვიდა შორეულ ქვეყანაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ხდება ღვთით, ღვთის ლოცვა-კურთხევით. და ეს ჩემი ძმა, თეიმურაზი, როცა გახდა მძიმედ ავად, მე ვიყავი მერვე კლასში. ერთხელ შევედი იმ ოთხაში, სადაც იწვა და მე მეუბნება:

– ირაკლი მოდი აქაო(ირაკლი მერქვა ერში), შეხედე, ვინ მოიდაო ჩვენთანო.

– ვინა მეთქი?

– წმინდა ნინოო.

ინებოს ღმერთმა, ჩვენც ღირსნი გავხდეთ წმინდა ნინოს მობრძანებისა.

შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა.

ჩვენთან არს ღმერთი.

სულთმოფენობიდან 35-ე კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

27 января, 2019 - 18:42

სულთმოფენობიდან 35-ე კვირიაკე

წირვაზე (30-ე კვირიაკის) – კოლ. 3:12-16. ლკ. 18:18-27.

 

წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე კოლასელთა მიმართ – 3:12-16

მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება, შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.

მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად. ამ სიტყვებით მოციქული გვიჩვენებს, რომ სათნოებათა მოხვეჭა ადვილია: როგორ მარტივადაც სამოსელს ვიცვამთ,   მსგავსადვე შეგვიძლია სათნოებები მივირქვათ; სათნოება მუდამ ჩვენთან უნდა იყოს და მას ისე უნდა ვიყენებდეთ, როგორც სამკაულთ. მისი არმქონე  მახინჯია.

შეიმოსეთ გულმოწყალება. მოციქულს არ უთქვამს: „შეიმოსეთ თანაგრძნობა“, არამედ: „გულმოწყალება“. ეს იმიტომ, რომ არ დაამციროს ის, ვინც სიბრალულს იწვევს, ამასთანვე, აჩვენოს, რომ ადამიანი შინაგანი განწყობით უნდა შეიბრალო და არა ისე, როგორც ძმები არიან ძმების მიმართ განწყობილნი, არამედ როგორც მამები შვილების მიმართ. ხოლო იმისათვის, რომ არ თქვა, ძმამ შესცოდაო, მოციქული ამბობს: ვითხოვ შენგან დიდსულოვან გულმოწყალებას.

სიტკბოება, შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება. ვინც გულმოწყალება შეიმოსა, – ამბობს მოციქული, – ის თავისთავად სხვა სათნოებებსაც იძენს. რომელ მამას არ ახარებს შვილის სიკეთე და სიმდაბლით და უდრტვინველად არ სწყალობს მას?  ნახე, რა მშვენიერი წესრიგია ყოველივე ამაში! გულმოწყალებისგან შობილი სიტკბოება სიმდაბლეს შობს, რადგან ვინც გულმოწყალეა, ის თავმდაბალიცაა; თავმდაბალი კი მშვიდია, ხოლო ამპარტავანი პირიქით,  მრისხანეა. სიმშვიდისგან  მოთმინება ანუ დიდსულოვნება იშვება.

შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.

 

შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან. შემწყნარენი იგივეა, რაც ერთმანეთის დამთმენნი, შენ მას შეეწევი, იგი – შენ.  მკაცრად ნუ განსჯით ერთმანეთის ნაკლოვანებასა და დაცემას: ჩათვალეთ, რომ  ისინი უყურადღებოდ დატოვეთ. შეხედე, თავადაც როგორ აჩვენა მათი უმნიშვნელობა მოციქულმა და სადავო უწოდა.  

როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს. წმინდა პავლე, როგორც ყოველთვის, შეაგონებს მათ ქრისტეს მაგალითით. მან ზემოთ აჩვენა, რომ ერთმანეთის ნაკლოვანებები უმნიშვნელოდ უნდა ჩათვალონ და მათ სადავო უწოდა, მაგრამ როდესაც ქრისტეს მაგალითი მოიყვანა, არწმუნებს, რომ ყველაფერი ერთნაირად უნდა მიუტეონ, მათ შორის მნიშვნელოვანი შეცოდებებიც, თუნდაც კეთილისმყოფელნი ვიყოთ ჩვენი შეურაცხმყოფელებისა, თუნდაც დიდი ადამიანები ვიყოთ, ისინი კი უმნიშვნელონი. ამასთან, სიკვდილის შემდეგაც კეთილისმყოფელნი უნდა ვიყოთ მათ მიმართ, როგორც ქრისტეა სიკვდილის შემდეგაც ჩვენი კეთილისმყოფელი. კავშირი როგორც სწორედ ამაზე მიუთითებს.

 

ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.

ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული. ვინაიდან ერთმანეთს შეიძლება სათნო ვეყოთ მხოლოდ წმინდა სიყვარულით და არა  მოჩვენებითად და ორგულობით, ამიტომ მოციქული გვიჩვენებს გზას, რომლითაც შეგვიძლია, უფალს ვესათნოვოთ. ზოგიერთი შეიძლება მშვიდიც იყოს და მდაბალიც, მაგრამ სიყვარული არ ჰქონდეს. ამიტომაც ამბობს: ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული.

რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სათნოებას სიყვარული კრავს. როდესაც სიყვარული არ არის, მაშინ ყველაფერი ქრება და სინამდვილეში აღარაფერი რჩება, გარდა პირმოთნეობისა. სიყვარული ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს, რაც კი სრულყოფილების მიღწევას ემსახურება და მის გარეშე სრულყოფილება არ არსებობს; თუნდაც ჩანდეს, რომ ადამიანს ის აქვს, მაგრამ ეს სრულებითაც არ იქნება სრულყოფილება. როგორც კოჭები კრავს სახლის კედლებს და ძარღვები ადამიანის სხეულის წევრებს, ისე კრავს სიყვარული სათნოებებს.

 

დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.

დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა. ზოგჯერ ვიღაცისგან ნაწყენი ვრჩებით, მაშინ ჩვენში ორი ზრახვა იწყებს ბრძოლას, რომელთაგან ერთი შურისძიებისკენ მიგვმართავს, მეორე – მოთმინებისკენ. თუ შენში ღვთის მშვიდობაა და  ჯილდოებს არიგებს, ანუ მსაჯულია და საზღაურის მიმგებელი, მაშინ ის აჯილდოებს იმ აზრს, რომელიც დათმენას გიბრძანებს, მეორეს კი აჩუმებს.  ამრიგად, დაე, ღვთის მშვიდობამ მოგანიჭოთ ჯილდო და არა მრისხანებამ და კამათისმოყვარეობამ; ადამიანური მშვიდობა შედგება შურისძიებისა და მისაგებელისგან. ღვთის მშვიდობა კი მუდმივი და დაურღვეველია, ის მყარდება არა რაიმე მიწიერი სიკეთისთვის, არამედ, უბრალოდ, გულმოწყალებითა და სიყვარულით, რათა აღმოფხვრას ჩვენ წინააღმდეგ არსებული მტრობა. მას შემდეგ, რაც მოციქულმა სიყვარულის შესახებ შეგვახსენა, რატომ იწყებს კვლავ მშვიდობაზე მსჯელობას? ეს შეგონება, თითქოსდა, ზედმეტია, რადგან სიყვარულში უკვე სუფევს მშვიდობა. შესაძლოა, ეს იმიტომ არის ნათქვამი, რომ ხშირად მეგობარიც კი თავის მეგობარს სდებს ბრალს და ზედმეტი სიყვარული არცთუ იშვიათად დავის, წყენის და ჩხუბის მიზეზია. ეს არ მინდა, – ამბობს ის, – არამედ სიყვარულით მოიპოვეთ ღვთის მშვიდობა, რომელიც ყველაფერს აწესრიგებს და ალაგებს.  

რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი. ეს ნიშნავს, რომ ქრისტემ, რომელმაც მშვიდობისკენ მოგვიწოდა, ერთ სხეულად გაგვაერთიანა, თვითონ კი ამ სხეულის თავი გახდა. სხვა რისთვისა ვართ ჩვენ ერთი სხეული, თუ არა იმისათვის, რომ რაკი ერთი სხეულის წევრები ვართ, ერთმანეთს შორის მშვიდობა ვიქონიოთ და არა გაყოფა? ანდა იმიტომ, რომ თქვენ მოწოდებულნი ხართ მშვიდობისათვის, ანუ მშვიდობის გზით ურიცხვი სიკეთის ღირსნი შეიქმნებით. ჩვენ რომ ღმერთთან არ შევრიგებულიყავით, მაშინ არც  მის მონებად და მისი სიკეთეების მონაწილეებად ვიქნებით მოწოდებულნი.

და მადლიერნი იყავით (სათარგმნ ტექსტში: მეგობრობის მოყვარენი). მეგობრობის მოყვარეა ის, ვინც ისე ექცევა თავის მონებს, როგორც თავად მას – ღმერთი. ვინც ღვთის მადლს აღიარებს და ღმერთს მადლობს იმისათვის, რომ ცოდვები მიუტევა, ის არ დაიწყებს შურისძიებას იმის მიმართ, ვინც მას შესცოდა. შურისმაძიებელს, ეტყობა, არ ახსოვს, როგორ მიიღო უდიდესი სიკეთე ცოდვების მიტევებით და ისე იქცევა, როგორც ათი ათასი ტალანტი ვალისგან გათავისუფლებული მოექცა თავის მოვალეს, მისი ასი დინარი რომ ემართა (მთ. 18:24-30). ასე რომ, მადლიერები ვიყოთ ყველაფრისთვის, რაც უნდა დიდი გასაჭირი შეგვემთხვეს, ამით მოწამოების გვირგვინს მივიღებთ.

დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.

დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში. მოციქული გვიჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია ვიყოთ მადლიერნი: თუ ჩვენში დაიმკვიდრებს ქრისტეს სიტყვა, მისი  მცნებები, რომლებითაც ის გვასწავლიდა ამაო ცხოვრებისა და სიკეთეების მოძულებას, მაშინ ვერანაირი სიძნელე ვერ გვძლევს, პირიქით, ყველაფერს ახოვნად ავიტანთ და რაც უნდა შეგვემთხვეს, ყველაფრისთვის მადლიერები ვიქნებით. მას უბრალოდ კი არ უთქვამს: „დაემკვიდროს თქვენში“, არამედ: „სიუხვით დაემკვიდროს“. თუკი წმინდა წერილის ცოდნით გავმდიდრდებით, მაშინ ადვილად დავითმენთ ყველა ჭირსა და უბედურებას, ისევე, როგორც მდიდარს შეუძლია ფულის დანაკარგი დაითმინოს.

მთელი სიბრძნით. ანუ ყოველგვარი სათნოებით. მოციქული „სიბრძნეს“ უწოდებს სათნოებას, მსგავსად იმისა, როგორც დავითი ცოდვას უწოდებს „უგუნურებას“: თქვა უგუნურმა თავის გულში“ (ფს. 13:1); „აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო (ფს. 37:6). 

ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს. ვინაიდან კითხვა შრომას ითხოვს და მალე გღლის, ამიტომ მიუთითებს მოციქული ფსალმუნებზე, რათა სული გაიმხიარულო და შრომის სიძნელე არ შეიმჩნიო. ფსალმუნების შემდეგ საგალობლები დააყენა, როგორც რაღაც სრულყოფილი.  ფსალმუნების კითხვა ადამიანური საქმეა, გალობა კი – ანგელოზებრივი.

მადლიერებით უგალობეთ. ამას მოციქული ამბობს, ნაცვლად გამოთქმისა: სულიერი სიხარულითა და სიტკბოებით უგალობეთ. ადამიანური სიმღერის მიზანი უბრალოდ  ტკბობაა; საგალობელი კი სულს ატკბობს.  სულიერი ნიჭით უნდა მიიღონ ის, რასაც გალობენ.

უფალს თქვენს გულებში. უგალობეთ არა მარტო ბაგეებით, არამედ გულებშიც, ანუ გულისხმისყოფით. სწორედ ამას ნიშნავს  – უგალობეთ უფალს. სხვაგვარად: თქვენს გულებში – არა სხვების დასანახად. თუნდაც სავაჭრო მოედანზე იმყოფებოდე, შეგიძლია, შენთვის იგალობო ისე, რომ არავინ გაიგონოს.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში;


რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში.

 

უფალმა თავად შეკრა ძლიერი (სატანა) და მიიტაცა მისი ჭურჭელი ანუ ჩვენ, რომელსაც ძლიერი მტერი ყოველგვარი მზაკვრული მოქმედებისთვის გვიყენებდა. მის ხელში გავხდით ჭურჭლები უფლისთვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისთვის გამზადებული (2 ტიმ. 2:21), – თუმცა ეს არ მომხდარა ჩვენი  გულმოდგინების გარეშე. ამრიგად, მისი მეშვეობით მამასთან მივედით. სიბნელის ხელმწიფებისგან გამოხსნილნი ნათელს შევუერთდით   წმინდანთა მემკვიდრეობის გასაზიარებლად.

წმინდა მღვდელთმთავარი ბასილი დიდი

 

ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები;

მოციქული ამას იმიტომ გვეუბნება, რომ როდესაც გაიგონებ, მამამ გაგვათავისუფლაო, არ იფიქრო, რომ ამ მხრივ ძეს არაფერი გაუკეთებია ჩვენთვის. წმინდა პავლე ამბობს, რომ ძემ ბევრი რამ გვიბოძა. მისი წყალობით, სასუფეველი დავიმკვიდრეთ, ვინაიდან მან გამოგვისყიდა ანუ ცოდვები მოგვიტევა. ჩვენ რომ ცოდვათაგან გამოსყიდულნი არ ვყოფილიყავით, ვერც სასუფეველში შევძლებდით შესვლას. ამგვარად, მან გზა გაგვიხნა მამის საბოძვარისკენ. მას არ უთქვამს, რომ სრულად გამოგვისყიდა, რათა შემდგომში არ დავცემულიყავით და არ გავმხდარიყავით მოკვდავნი, როგორც ადამის ცოდვის თანაზიარნი. ამრიგად, თუ ძემ გამოგვისყიდა, მაშინ მანვე შეგვიყვანა სასუფევლში. რატომ ფიქრობთ, რომ აქ ანგელოზებზეა საუბარი? ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ გამოთქმა „ვინც“ მიეკუთვნება ძეს.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი.

უწინარესი (პირმშო)  არის ის, ვინც პირველი დაიბადა, ანუ ვინც უფროსია ძმებს შორის. ძე ღვთისა რომ მხოლოდ პირმშოდ იწოდებოდეს და მხოლოდშობილად არა, მაშინ ვიფიქრებდით, რომ ის არის პირმშო ქმნილებათა შორის, მაგრამ რადგანაც ის იწოდება პირმშოდაც და მხოლოდშობილადაც (1 ინ. 1:18), ამიტომ მასთან მიმართებით ერთი წოდებაც უნდა შევინარჩუნოთ და მეორეც. ჩვენ ვამბობთ, რომ იგი შობილია ყველა ქმნილებაზე უწინარესად,  თუმც იგი ღვთისგანაა და ქმნილებაც ასევე, ღვთისგანაა, მაგრამ ერთადერთი მხოლოდ ის არის უჟამოდ შობილი მამისა და ღმერთის არსისგან. იგი ჩვენს მსგავსად ეზიარა  სისხლსა და ხორცს (ებრ. 2:14) და განკაცდა. ჩვენ კი მისი საშუალებით  გავხდით ღვთის ძენი, რადგან ნათლისღების გზით მივიღეთ შვილება.  თავად ბუნებით ძე ღვთისა ჩვენ შორის გამოჩნდა როგორც  პირმშო, ჩვენ კი, ამ შვილებითა და მადლით, ღვთის ძენი გავხდით და ქრისტეს ძმებად ვიწოდებით.

ღირსი იოანე დამასკელი

რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანიყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.

ეჭვს არ იწვევს, რომ ყველაფერი ძის მიერ არსებობს. მოციქულის თანახმად, ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. თუკი ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და ყველაფერი – არარასგან და არაფერი არსებობს მისი მონაწილეობის გარეშე, მაშინ გეკითხებით, რა აკლია მას, რომელიც არ არის ნაკლული არც ბუნებით, არც საღვთო ძალით ჭეშმარიტ ღმერთად აღიარებისათვის? მან ხომ თავისი ბუნებითი ძალა გამოიყენა, რათა არარსებული არსებულიყო და წარმოშობილიყო ის, რაც მას ენება!

წმინდა მღვდელთმთავარი ჰილარი პიქტავიელი

 

ის არის ყოვლის უწინარესი და ყველაფერი მისით დგას.

მოციქულმა ახსენა შესაქმე, ახლა კი, შესაბამისად ამისა, საუბრობს ამ პროცესში შემოქმედის ძალის როლზე – ღვთის სიტყვაზე, რომლის მიერაც ყოველივე შეიქმნა და „უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა (ინ. 1:3). თუკი შექმნილს თავისთავად, მარტოს, ძის გარეშეც შეუძლია ღვთის შემეცნებასთან მიგვიყვანოს, ეს არ ნიშნავს, რომ ის მყოფობაში ძის გარეშე მოვიდა – ნუ იყოფინ! – ფრთხილად იყავი, ეს აზრი არ მოგერიოს, თორემ დაგცემს! თუკი შექმნილი მყოფობაში მოვიდა ძის მიერ და ყველაფერი მისით დგას, მაშინ ვინც სწორად უმზერს შექმნილს, ის გარდაუვალად მის შემქმნელ სიტყვასაც ხედავს, სიტყვის მიერ კი მამის გაცნობიერებასაც იწყებს.

წმინდა მღვდელთმთავარი ათანასე დიდი

ის არის თავი ეკლესიის სხეულისა; იგი დასაბამია, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს.

ის არის თავი ეკლესიის სხეულისა. ეს ნიშნავს, რომ მიწიერ ეკლესიას მან (იესო ქრისტემ) ჩაუყარა საძირკველი; იგია დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, საქმითა და სიტყვის ხელმწიფებით. რათა ყველაფერში პირველობდეს, რადგან როგორც ის ყოველივეს უწინარესი არის, ასევე უწინარესია დაბალ არსებათა ყველა საქმისა. ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, აქაც და იქაც; ის არის დასაბამი აღდგომისა, პირმშო მკვდართაგან, როგორც ის გახდა აღდგომის პირმშო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არ იყო მკვდართაგან პირმშო, ასევე გახდა იგი უხუცესი („ძველი დღეთა“), როგორც ყველა ქმნილებათა უწინარესი, როდესაც იგი მოციქულის საუკუნეში იშვა. გარდა ამისა, როგორც მისმა ღმრთეებამ განიცადა უპატიობა მის კაცებაში, ისე დააგვირგვინა თავისი კაცება დიდებით თავის ღმრთეებაში.

ღირსი ეფრემ ასური

 

 

წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 13:10-17

 

შაბათ დღეს ერთერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი.

იყო იქ თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით შეპყრობილი ქალი, მოკრუნჩხულს რომ არ შეეძლო წელში გამართვა.

ეს იყო უფლის მესამედ მისვლა უნაყოფო ლეღვთან. ამაზე მიუთითებს რიცხვი  18 წელი, რომელიც  მოკრუნჩხულ ქალს უკავშირდება. ადამიანი შექმნილია მეექვსე დღეს (დაბ. 1:27). იმავე მეექვსე დღეს დასრულდა უფლის ყველა საქმე. თუკი  რიცხვ ექვსს სამზე გავამრავლებთ,  თვრამეტს მივიღებთ. ასე რომ, რადგანაც მეექვსე დღეს შექმნილმა ადამიანმა არ ისურვა, სრულყოფილი საქმენი ჰქონოდა, თუმცა რჯულამდე, რჯულის ქვეშ და მადლის დასაწყისში იგი სუსტი იყო, ამიტომ ჰგავს ის თვრამეტი წლის განმავლობაში უძლურების სულით შეპყრობილი ქალს, რომელიც ისე იყო მოკრუნჩხული, რომ წელში გამართვა არ შეეძლო. ვერცერთი ცოდვილი, ვინც მიწიერზე ფიქრობს და ზეციურს არ ეძებს, ზევით ახედვას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ  ქვენა სურვილებით ცხოვრობს, გონების სწორი მიმართულებიდან უხვევს და მხოლოდ იმას ხედავს, რაზეც ფიქრობს.

საყვარელო ძმებო, თქვენ გულებს ჩაუღრმავდით, ყურადღებით დააკვირდით, განუწყვეტლივ რაზე ფიქრობთ. ერთი პატივზე ფიქრობს, მეორე – ფულზე, მესამე – რა მოიხვეჭოს და რა მიიტაცოს ამ სოფელში. ეს ყველაფერი ქვემოთ ხდება და გონება ყველაფერ ამაში იხლართება, რის შემდეგაც სწორ გეზს კარგავს. ხოლო რადგანაც იგი წელში არ იმართება, რათა ზეციური ნათელი მოეფინოს, ამიტომ ვერანაირად ვერ იხედება ზევით, როგორც მოკრუნჩხული დედაკაცი.

წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ დიოლოღოსი

 

 

 

იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან.

როგორც კი ხელი დაადო, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს.

 

არც ავადმყოფს, არც სხვა ვინმეს არ უთხოვია ქალის განკურნება, არამედ თავად მაცხოვარმა იხილა ეს დატანჯული ადამიანი და შეებრალა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან.  ამით უფალმა მაგალითი მოგვცა: როდესაც ვინმეს ჩვენი დახმარება სჭირდება, არ უნდა ველოდოთ მის თხოვნას ან ვინმეს შუამდგომლობას, არამედ მაშინვე ნებაყოფლობით დავეხმაროთ და შევეწიოთ მას. ეს ქალი არ ყოფილა  ბუნებრივი ავადმყოფობით დაავადებული, როგორიც შეიძლება იყოს კეთრი, წყალმანკი, სიბრმავე, სიმუნჯე, სხეულის დარღვევა და მისთანა, – რომლებიც უფალს არაერთხელ განუკურნავს, – არამედ იგი სატანისგან იყო შეკრული. ამიტომაც უთხრა: დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან, ამასთანავე, დაადო მას ხელი, რათა ამით, ერთი მხრივ, თავისი სიტყვის ყოვლისშემძლეობა  ეჩვენებინა, მეორე მხრივ – თავისი საღვთო მარჯვენის სასწაულთმოქმედი მადლი. ხოლო მოკრუნჩხული დედაკაცი, როგორც კი გათავისუფლდა სატანის ბორკილებისგან, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს, თავის კეთილისმყოფელსა და მეუფეს.

 

მაშინ განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესომ შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს.

სინაგოგის წინამძღვრის განრისხება შურმა გამოიწვია და არა კანონისადმი მოშურნეობამ. საღვთო რჯული დასვენებას განაწესებდა შაბათ დღეს ყოველგვარი საქმისგან, მაგრამ ის არ კრძალავდა სასწაულთმოქმედი ძალით კურნებას. უპირველესად, უნდა იცოდე, რომ იგი ცბიერად ფარავდა შურს კანონდამცველის ნიღბით, სინამდვილეში კი შურიანობის სიმყრალით იყო ავსებული, მაგრამ თავს ღვთის გულწრფელ მოშურნედ აჩვენებდა: შაბათის უქმობასთან დაკავშირებით ბაგეებით საღვთო რჯულს იცავდა, ხოლო გულითა და ზრახვებით სასწაულს გმობდა და სასწაულთმოქმედს განიკითხავდა. გარეგნულად იგი, თითქოსდა, ღვთისმოყვარე და მართალი მოღვაწეა, მაგრამ შინაგანად შურითა და უსამართლობითაა სავსე. მეორეც, მისი ვერაგობა და ღვარძლი იხილე: ის პირდაპირ და კადნიერად კი არ გმობს სასწაულს, არც პირადად იესო ქრისტეს ეუბნება რამეს, არც  თავის განზრახვას ამჟღავნებს ბოლომდე; ბოროტისმზრახველი ასეთი სიტყვებით მიმართავს იქვე შეკრებილ ხალხს: ღვთივმოცემული კანონის თანახმად, ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს, როცა უნდა დავისვენოთ და ვიდღესასწაულოთ.

რა პასუხი გასცა იესომ სინაგოგის წინამძღვრის ამ უპასუხისმგებლო და უგუნურ ნათქვამს?

მიუგო უფალმა და უთხრა მას: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად?

 

ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს?

ღმერთკაცმა საღვთო სიბრძნით ამხილა  სინაგოგის წინამძღვრის ორგულობა: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად, განა ეს კანონს არ ეწინააღმდეგება? შენ კი ამ ქალის განკურნება, რომელიც გონიერებით დაჯილდოებული ადამიანი და აბრაამის ასულია, კანონის დარღვევად მიგაჩნია. ამის გამო უქადაგებ ხალხს და ამცნებ, რომ ავადმყოფობისგან არ უნდა განიკურნონ? ნუთუ შენ მართლა ურჯულოებად მიგაჩნია ამ საწყალობელი ქალის განკურნება, რომელიც თვრამეტი წლის განმავლობაში სატანას ჰყავდა შეპყრობილი და ტანჯავდა?

აქვე უნდა აღვნიშნოთ და ამის ცოდნა აუცილებლად გვმართებს, რომ იესო არ უთვლის ამ ქალს ღირსებად აბრაამის შთამომავლობას, რამეთუ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის (საქ. 10:35). ეს ქალი მან აბრაამის ასულად იმიტომ მოიხსენია, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება სწორედ აბრაამის შთამომავლებში იყო  დაცული და ამით მიანიშნა, რომ ეს ქალიც მორწმუნე და ღვთისმოშიში იყო და მას, ერთადერთს, ემსახურებოდა. ამიტომ იყო კანონიერი სატანის ბორკილებისგან მისი გათავისუფლება.

 

ამას რომ ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა; მთელი ხალხი კი ხარობდა ყოველივე იმის გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იგი.

როდესაც იესო ქრისტე ამას ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც შურის გამო ეურჩებოდა მას, მაგრამ ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო პასუხს ვერ პოულობდნენ და რისხვით ანთებულნი დუმდნენ. ხალხი კი ამ დროს, რომლისთვისაც უცხო იყო შურიანობა და არ სჯეროდა სინაგოგის წინამძღვრის უგუნური წარმოდგენებისა, ხარობდა ყოველივე იმ სასწაულების გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იესო ქრისტე.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

 

 

წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებელისაგან საკითხავი – 18:18-27

ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა: კეთილო მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?

იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთისღმერთისა.

იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაცჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას?

ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან.

ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.

ზოგიერთთა აზრით, ეს კაცი ბოროტი და ცბიერი იყო და ცდილობდა, როგორმე გამოეჭირა იესო სიტყვებში. მაგრამ უფრო სარწმუნოა, რომ ის ვერცხლისმოყვარე იყო, რადგან თავად ქრისტემაც სწორედ ამაში ამხილა იგი. მარკოზ მახარებელიც ამბობს, რომ მან უფალთან მიირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრაიესომ შეხედა და შეუყვარდა იგი (მარკ. 10:17, 21). ამრიგად, ეს ახალგაზრდა კაცი, მომხვეჭელობის სულით შეპყრობილი, ქრისტესთან მიდის, რათა გაიგოს მარადიული ცხოვრების შესახებ. აქაც, ალბათ, მას მომხვეჭელობის ვნება  ამოძრავებდა, რადგან ისე ძლიერად არავის სურს ხანგრძლივი ცხოვრება, როგორც  ვერცხლისმოყვარეს. ამდენად, მას ეგონა, რომ უფალი მას ხანგრძლივი სიცოცხლის ხერხს ასწავლიდა და ისიც დიდხანს დატკბებოდა საკუთარი ქონებით. მაგრამ როდესაც ქრისტემ უთხრა, რომ მარადიული სიცოცხლის მოსაპოვებლად უპოვარებაა საჭირო, მან, თითქოსდა, უსაყვედურა საკუთარ თავს დასმული შეკითხვისთვის, იესოს კი – პასუხისთვის. ის გვერდზე გადგა, რადგან მარადიული ცხოვრება  იმისთვის სჭირდებოდა, რომ მრავალი წლის საკმარი სიმდიდრით დამტკბარიყო; ხოლო თუ ქონებაზე უარს იტყოდა და სიღატაკეში იცხოვრებდა, მაშინ მარადიული ცხოვრება რაღაში დასჭირდებოდა? უფალთან იგი ისე მივიდა, როგორც უბრალო კაცთან და მოძღვართან. ამიტომ ღმერთი მას  ასწავლის, რომ მასთან მისვლა არ შეიძლება ისე, როგორც უბრალო ადამიანთან: არავინაა კეთილი, გარდა ერთისღმერთისა. შენ კეთილი მიწოდე, – ეუბნება ის მას, – რატომღა დაამატე: „მოძღვარო“? ალბათ, ერთ-ერთი მრავალთაგანი გგონივარ. თუ ასეა, მაშინ მე კეთილი არ ვყოფილვარ, ვინაიდან კეთილი მხოლოდ ღმერთია, ამიტომ თუ გინდა, კეთილი მიწოდო, მაშინ მიწოდე ეს, როგორც ღმერთს და არა როგორც უბრალო ადამიანს; ხოლო თუ უბრალო ადამიანად მიგაჩნივარ, მაშინ კეთილს ნუ მიწოდებ, რამეთუ მხოლოდ ღმერთია ჭეშმარიტად კეთილი, სიკეთის წყარო და თვით სიკეთის დასაბამიც. ჩვენ კი, ადამიანები, თუკი კეთილები ვართ, არა თავისთავად, არამედ მის სიკეთეში მონაწილეობით. ჩვენი პირადი სიკეთე კი არ არის მყარი და შეიძლება იგი  ზოგიერთ ვითარებაში ბოროტებისკენ მიიდრიკოს.

იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაცჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო და ა. შ. კანონი ჯერ კრძალავს იმას, რაშიც, შეიძლება, ადვილად ჩავცვივდეთ, შემდეგ უკვე იმასაც, რაშიც არცთუ ბევრი და არცთუ ხშირად ვარდება, მაგალითად, მრუშობა, ვინაიდან ის გარედანაც და შიგნიდანაც დანთებული ცეცხლია; ასევეა მკვლელობა, ვინაიდან რისხვა საშინელი მხეცია; ქურდობა კი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ცილისწამების ცოდვაშიც შეიძლება, ხშირად არ აღმოვჩნდეთ. ამიტომ თავდაპირველად იმის აკრძალვის მცნებები გვეძლევა, რითაც ადვილად შეიძლება, რომ მოვიწყლათ, თუმცა სხვა მხრივაც უფრო მძიმეა ისინი. ქურდობა და ცილისწამება  რჯულმა მეორე ადგილზე დააყენა, როგორც მათზე ნაკლები თავისი სიხშირითა და მნიშვნელობით. ამ ცოდვების შემდეგ რჯული მშობლების წინააღმდეგ ცოდვას აყენებს,  თუმც ეს ცოდვა მძიმეა, მაგრამ ისეთი სიხშირით არ ხდება, იმიტომ, რომ იშვიათი და ცოტაა  მხეცის მსგავსი ადამიანი, ვინც მშობლებს შეურაცხყოფს.

როდესაც ჭაბუკმა უფალს  მიუგო, რომ ყველა ამ მცნებას იგი სიყრმითგან იცავდა, მაშინ ღმერთმა მას უფრო მაღალი სათნოება – უპოვარება შესთავაზა. დააკვირდი, როგორ განაწესებს რჯულისკანონი ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების წესებს! გაყიდე ყველაფერი, – ეუბნება ის მას, – რაც გაბადია,  ვინაიდან, რასაც დაიტოვებ, იმის მონა ხარ; და მიეცი გლახაკთ, მიეცი არა მდიდარ ნათესავებს, არამედ გლახაკთ. ვგონებ, სიტყვა „მიეცი“ გამოხატავს იმ აზრს, რომ პირადი ქონება საღი მსჯელობით უნდა განკარგო და არა ისე, როგორც მოგიხერხდება. უპოვარებისას კი ადამიანს სხვა სათნოებებიც უნდა ამშვენებდეს. ამიტომ ეუბნება უფალი: და გამომყევ მე, ანუ სხვა მხრივაც ჩემი მოწაფე და მომდევარი იყავი და არა ისე, რომ დღეს გამომყვე და ხვალ – არა. ვერცხლისმოყვარე მთავარს უფალი ზეციურ საგანძურს ჰპირდება, მაგრამ მან ეს ვერ შეიძლო, რადგან ვერ შეელია მიწიერ სიმდიდრეს, რომლის მონაც იყო. ამიტომ დამწუხრდა, როცა გაიგონა, რომ უფალი მას მთელი ავლადიდების დატევებას ურჩევდა, მაშინ, როდესაც მას სწორედ ამ ქონებით დასატკბობად სჭირდებოდა საუკუნო სიცოცხლე. ჭაბუკი მთავრის წუხილი აჩვენებს, რომ იგი კეთილად მოაზროვნე ადამიანი იყო და არა – ბოროტი და ცბიერი. მისგან განსხვავებით, ფარისევლებს უფლის პასუხები კი არ ამწუხრებდათ, არამედ ასასტიკებდათ. ჩემთვის არ არის უცნობი, რომ მსოფლიოს დიდი მნათობი, წმინდა ოქროპირი მიიჩნევდა, რომ ამ ჭაბუკს სურდა ჭეშმარიტი საუკუნო ცხოვრება და უყვარდა ის, მაგრამ ამავე დროს, ძლიერი ვნებით – ვერცხლისმოყვარეობით იყო შეპყრობილი; თუმცა, არც ეს შემოთავაზებული მოსაზრებაა უადგილო, კერძოდ, მარადიული ცხოვრება მას ვერცხლისმოყვარეობის გამო სურდა.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

დამწუხრებული რომ დაინახა, იესომ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.

უფალს აქ მხედველობაში აქვს ადამიანის დამმონებელი მომხვეჭელობის ვნება და არა საკუთრივ სიმდიდრე. მარკოზ მახარებლის სიტყვებით, მოწაფეებს უფრო უკვირდათ.  ეს გასაგებიცაა, რადგან სიმდიდრე  ყველას  იზიდავს და, რჯულის თანახმად, ის ადამიანის მიმართ ღვთის კეთილგანწყობის ნიშანია. თუმცა, ამასთან, უფალი ამბობს, რომ სიმდიდრე  ძალიან დიდ წინააღმდეგობად იქცევა სასუფევლის გზაზე. იმისათვის, რომ მოწაფეები დაამშვიდოს და აუხსნას, თუ რა აზრით არის ეს სიტყვები მის მიერ ნათქვამი, მაცხოვარი ამბობს: ძნელია მდიდართათვის ღვთის სასუფეველში შესვლა.

როგორც წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს, „ქრისტე სიმდიდრეს კი არ განიკითხავს, არამედ სიმდიდრის მოტრფიალეთ“, ვინაიდან ადამიანის ცოდვილი ბუნებისთვის სიმდიდრე დიდი საცდურია საღვთო რჯულის აღსრულებისას.

ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში.

ეს ხალხური გამოთქმაა; მას დღესაც იყენებენ აღმოსავლეთში და ნიშნავს, რომ საქმე ძნელი გასაკეთებელია ან საერთოდ შეუძლებლია. ზოგიერთები „აქლემში“ მოიაზრებენ აქლემის ბეწვისგან დამზადებულ გემის ბაგირს. სხვები ფიქრობენ, რომ „ნემსის ყუნწში“ ძალიან დაბალი და ვიწრო კარი უნდა ვიგულისხმოთ, სადაც აქლემი ძლივს ძვრება. საკუთრივ სიმდიდრე საშიში არ არის, მაგრამ ის ასეთი ხდება, როდესაც ადამიანი ბედნიერი ცხოვრების მთელ იმედებს მასზე ამყარებს და ამგვარად, მისი სიმდიდრე მისივე კერპი ხდება.

ამის გამგონეთ თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება?

მოციქულები მაინც ღელავდნენ და გაურკვველობით მოცულნი კითხულობდნენ: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება?

ხოლო მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის.

უფალმა ისინი თავისი მზერით დაამშვიდა (მარკ. 10:27) და უთხრა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის, რაც ნიშნავს, რომ ღვთის შემწყალებელ და მაცხოვნებელ მადლს იმის ძალა შესწევს, რისი გაკეთებაც ადამიანს საკუთარი ძალებით არ ძალუძს: ღმერთს შეუძლია, მდიდარი ადამიანი განკურნოს ცხონებისათვის ხელისშემშლელი მომხვეჭელობის სენისგან.

მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)

 

 გურჯაანის ყველაწმინდა

22 января, 2019 - 15:35

 გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის ყველაწმინდა გურჯაანის და ველისციხის ეპარქიაში მდებარეობს. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული. ქართული არქიტექტურისთვის ეგზომ უჩვეული ფორმის ტაძარი VIII საუკუნეში აშენდა. იგი ერთადერთი ორგუმბათიანი ბაზილიკაა საქართველოში. სამშენებლო მასალად რიყის ქვა და აგურია გამოყენებული. დეკორატიული ნაწილები კი შირიმის ქვითაა გამოყვანილი. ეკლესიის გეგმა რთული აგებულებისაა, ცალკეულ ნაწილებში იგი ორსართულიანია.

ტაძრის შიდა სივრცე სწორკუთხა ბოძების ორი წყვილით სამ ნავადაა დაყოფილი. გუმბათები თავისი მოხაზულობით ძალზე თავისებურია. გუმბათები შიგნიდან და გარედან რვაწახნაგა შეკრული კამარითაა დაგვირგვინებული. გუმბათის ყელის საყრდენად კი აგურის ჰორიზონტალური რიგების წყობის შედეგად მიღებული ტრომპებია გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ამ გუმბათებს განათების ფუნქცია არ ჰქონდა. მათში გაჭრილი ერთადერთი სარკმელი სამხრეთითაა.

შიდა სივრცე ამაღლებულია, რასაც ხელს უწყობს დასავლეთით სამ იარუსად წარმოდგენილი თაღნარი. ამათგან ქვედა ერთია და განიერი, ზედა ორი კი წყვილია და ერთმანეთის ზემოთაა განლაგებული. თაღნარის მწკრივს ასრულებს შედარებით მცირე ზომის ერთი თაღი.

რაც შეეხება საკურთხევლის აფსიდს, იგი ოდნავ შემაღლებულია. მის ჩრდილოეთით სამკვეთლო, სამხრეთით კი სადიაკვნეა განთავსებული. მათი შესასვლელი კარები იმავე ნავებშია გაჭრილი.

ნიშანდობლივია, რომ ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი ნავების ზემოთ მეორე სართულია. ისინი მთავარ ნავში დასავლეთით მდებარე თაღოვანი იარუსით იხსნება. ხოლო სამხრეთით და ჩრდილოეთით ყრუ კედლებითაა გამიჯნული. ორივე ნავის აღმოსავლეთით მცირე ეგვტერებია მოწყობილი.

გურჯანიის ყველაწმინდის ტაძარს დასავლეთით, ფასადის მთელ სიგრძეზე, სწორკუთხა სათავსი – ნარტექსი ეკვრის, სწორედ მასში გაჭრილი კარიდანაა შესაძლებელი მეორე სართულზე მოხვედრა.

გურჯაანის ყველაწმინდის ტაძრის მორთულობა მწირია. სარკმლები შირიმის ქვებითაა მოპირკეთებული. მთავარი დეკორატიული მორთულობა აღმოსავლეთ ფასადს ამკობს. იგი დამუშავებულია თაღოვანი ბრტყელი ნიშებით, რომელიც წინაპერიოდის ძეგლებისგან განსხვავებით, სრულებით ახალ პრინციპს ექვემდებარება. მისი თაღების სიმაღლე ბაზილიკური პროფილის შესაბამისია. შუა თაღში გაჭრილ სარკმელს სწორკუთხა საპირე გარშემოწერს, რომლის თავზე უზარმაზარი ჯვარია აღმართული. ამგვარი დეკორატიული მორთულობით გურჯაანის ყველაწმინდა ერთგვარი წინამორბედია  მომდევნო პერიოდის ძეგლთა მკული სახისა.

გურჯაანის ყველაწმინდის ოსტატი თავისი დროის ნოვატორია, რომელიც არ უშინდება მხატვრული ამოცანის სირთულეს. იგი ერთმანეთს კარგად უთავსებს ტრადიციულ ქართულ ხუროთმოძღვრებას და სიახლეებითაც ამდიდრებს მას. თუმცა ე. წ „ორგუმბათიანი სისტემა“ ჩვენში არ განვითარდა. მიუხედავად ამისა, გურჯაანის ყველაწმინდა ვაჩნაძიანის ყველაწმინდასთან ერთად შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ერთგვარი  გამონაკლისია და ამასთან, თავისი დროის ნოვატორად გვევლინება. ამჟამად აღნიშნული ტაძრის ტერიტორიაზე მდებარეობს მამათა მონასტერი და ღვთისმსახურება აღევლინება.

Страницы