Грузинская Православная Церковь

მცხეთა-თბილისის სამღვდელობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის პარაკლისი გადაიხადა
ა.წ. 15 იანვარს მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების 86-ე, პატრიარქად აღსაყდრების 41-ე და სასულიერო მოღვაწეობის 61-ე წლისთავთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა და ერის სულიერი მამის ჯანმრთელობა უფალს შეავედრა.
მათ შეადგინეს სამადლობელი წერილი, დაურთეს თავისი ხელმოწერები და მოართვეს მის უწმინდესობას.
უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთიისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდ მეუფეს და ჩვენს სულიერ მამას, ილია II-ს, მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებისაგან
თქვენი დაბადების 86-ე, პატრიარქად აღსაყდრების 41-ე და სასულიერო მოღვაწეობის 61-ე წლისთავთან დაკავშირებით თავს მოვალედ მივიჩნევთ, ერთობლივი ლოცვით შევავედროთ უფალს თქვენი ჯანმრთელობა, გისურვოთ დღეგრძელობა და გამოვხატოთ მადლიერება ამდენი ხნის მანძილზე გაწეული მამობრივი მზრუნველობისათვის.
თქვენ ძალიან მძიმე საეკლესიო მემკვიდრეობა გერგოთ. თქვენი მოღვაწეობის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის იერარქები და სასულიერო პირები 60-მდე იყვნენ. ახლა კი თქვენ გყავთ ურიცხვი მოძღვარი, ბერ-მონოზონი და სულიერი შვილი.
ჩვენ ვმადლობთ უფალს თქვენი მოვლინებისთვის, იმ ეპოქაში და იმ ქვეყანაში, რომელშიც თქვენის წინამძღოლობით ჩვენც გვერგო ქრისტეს გზაზე სიარული.
მადლობა გვინდა გადაგიხადოთ ჩვენდამი შემოვედრებული მრევლის სახელითაც, როგორც დაუღალავი ლოცვისთვის, ისე მოთმინების, დათმობის, სულგძელების, სიყვარულის საოცარი მაგალითებისათვის, რასაც თქვენი განსაცდელებით სავსე ცხოვრება ასე უხვად იძლევა.
მადლობა ერის სადარაჯოზე მუხლჩაუხრელად დგომისათვის; მადლობა ქრისტეს მცნებათა შეურყვნელი დაცვისათვის, რაც თანამედროვე ყოფაში ადვილი ნამდვილად არ არის; მადლობა ერის სულიერი გამოღვიძებისათვის.
ქვეყნასაც და ეკლესიასაც ჭირნი და საცდურნი რომ არ ტოვებენ, ვიცით; ვიცით ისიც, რომ ასეთ დროს ყველას თვალი და გონება თქვენსკენ არის მოპყრობილი. გვჯერა, დღესაც, როდესაც მთელი მართლმადიდებელი სამყარო პრობლემებში აღმოჩნდა, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, ღვთის მადლით, შეძლებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც სამშვიდობოს გაიყვანს როგორც ჩვენს ეკლესიას, ისე ეკლესიათა ერთობას, რისთვისაც ჩვენც გულმხურვალედ ვლოცულობთ.
თქვენო უწმინდესობავ, ავნი თუ კარგნი მაინც ყველანი თქვენი შვილები ვართ; გმადლობთ, რომ გვიტანთ უღირსთ, ამპარტავანთ, ცოდვილთ და უძლურთ… ასეთი ყოფილა ადამის მოდგმა და ასეთი ყოფილა ერის რჩეულის ხვედრი.
ჩვენო დაღლილო მამავ, შევთხოვთ უფალს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა და წმინდანთა ვედრებითა და მეოხებით, განგამტკიცოთ და თქვენი საჭეთმპყრობლობა დაიცვას უცდომელად, მრავალჟამიერ! ხოლო ჩვენი ეკლესიის ძენი და ასულნი თქვენის წინამძღოლობით ცხონების გზაზე წარმართოს დაუბრკოლებლად!
სამების საკათედრო ტაძარში 57-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
ა.წ. 20 იანვარს წმ. სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 57-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 600-ზე მეტი ბავშვი გახდა.
დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 37800-ზე მეტი ნათლული ჰყავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის ბედნიერი დღე. მოინათლა 600 ბავშვზე მეტი და ქრისტეს მხედრიონს მიემატა. მე გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს.
ღმერთმა დალოცოს ჩემი ნათლულები, მათი მშობლები და და-ძმები.
თქვენ იცით, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ეს ბავშვები და მთელი საქართველო არის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ. ეხლა ერთად ვთქვათ ,,მოწყალებისა კარი განგვიღე“.
,,მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!“
ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველო.
ჩვენთან არს ღმერთი!
სულთმოფენობიდან 34-ე კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება
სულთმოფენობიდან 34-ე კვირიაკე
წირვაზე – ეფეს. 4:7-13. მთ. 4:12-17.
წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ – 4:7-13
ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი.
თუკი ყველაფერი საერთოა, მაშ, რატომ აქვს ერთს მეტი ნიჭი, მეორეს კი ნაკლები? ეს შურს აღძრავდა როგორც მათში, ისე კორინთელებსა და სხვებში. პასუხად მოციქული ამბობს, რომ თითოეულს იმ ზომით ებოძა, როგორც თავად მბოძებელმა ინება. ამიტომ კმაყოფილი იყავი, ვინაიდან ეს საჩუქრად მოგეცა და არა როგორც შენი კუთვნილი რამ, ხოლო რადგანაც მისი ზომა ღმერთმა განსაზღვრა, ე.ი. თითოეულს თავის შესაბამისად განუსაზღვრა, ამიტომ ცნობისმოყვარეობას ნუღარ გამოიჩენ.
ამგვარად, ის, რაც ქრისტიანისთვის აუცილებელია, ყველასთვის საერთოა, ხოლო თუ ვინმეს რამე ნიჭი შენზე მეტი აქვს, ეს ნუ დაგამწუხრებს, რამეთუ მეტი ნიჭი შრომასაც მეტს მოითხოვს. მოციქულს არ უთქვამს: „თითოეულს თავისი რწმენისამებრ“, რათა მცირედმორწმუნენი სულმოკლეობას არ მისცემოდნენ, არამედ ამბობს, რომ ნიჭის ზომა მადლის მომცემელ ღმერთზეა დამოკიდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობაზე არც კი უნდა გავკადნიერდეთ.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“.
რას ნიშნავს: წამოასხა ტყვენი? – იმას, რომ ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ მტერმა დაგვატყვევა და თავისი ძალაუფლების ქვეშ მოგვაქცია. სხეულიდან გასული სულები ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ, ვინაიდან სამოთხის კარი ჩაკეტილი იყო. როდესაც ქრისტე წმინდა და ცხოველმყოფელ ჯვარზე ავიდა, ამით მან თავისი სისხლით ტყვეობიდან გამოგვიხსნა, ანუ მტრის ხელიდან გამოგვიტაცა. მან დაამარცხა და დაამხო ჩვენი დამპყრობელი და, ასე ვთქვათ, კვლავ თავის ტყვეობაში მოგვაქცია. ამიტომაცაა ნათქვამი: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი“. ასეთია საიდუმლოების ძალა; იმიტომ მოკვდა ქრისტე ჩვენთვის, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში დავებრუნებინეთ.
ღირსი ამბა დოროთე
მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო?
ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი.
პავლე მოციქული აქ სიმდაბლეზე საუბრობს და მაგალითად ქრისტე მოჰყავს, როგორც ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (2:8) ამბობს: როგორც ის შთავიდა, თქვენც ასევე დაიმცირეთ თავი სიმდაბლის გზით. ხოლო რომ შთავიდა, ეს წინასწარმეტყველის სიტყვიდანაც ჩანს: „აღჰჴედ მაღალსა“ (ახვედი მაღლა) (ფს. 67:19), იმიტომ, რომ როდესაც ღმერთთან მიმართებით ითქმის „ახვედი“, ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ მანამდე ის ჩავიდა. სად ჩავიდა? ჯოჯოხეთში: სწორედ მას უწოდებს ზოგადი გაგებით „ქვესკნელს“. მამამთავარი იაკობიც ასე ამბობს: „შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად“ (დაბ. 42:38) და დავითიც: „ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა“ (ფს. 27:1). ამდენად, უფალი ჩავიდა მიწის ყველაზე დაბალ ადგილებში, რომლის იქითაც სხვა აღარაფერი იყო, და ავიდა ყოველივეზე მაღლა, რომლის ზემოთაც აღარაფერი არსებობს. და ამ ჩასვლას ხელი არ შეუშლია მისი ასვლისთვის. ამიტომ თქვენც, თუკი თვს დაიმდაბლებთ, ამაღლდებით. სწორედ იმიტომ აღასრულა მან ეს, რომ ყოველივე აევსო თავისი მეუფებითა და ძალით – ხორცისმიერად, რადგან ღვთაებრივად ის მანამდეც ყველაფერს ავსებდა.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად.
ეს ადგილი უცხადესად ამტკიცებს მამისა და ძის ღმრთეებრივ ერთობას. მართლაც, ის, რაც ახლა ქრისტეს მიეწერება, როგორც მისგან ნაბოძები, კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში წარმოდგენილია (12:28) როგორც მამა ღმერთის საქმენი: რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალა, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა.
ნეტარი იერონიმე სტრიდონელი
ღმერთმა ეკლესიაში დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად. მოციქულს არ უთქვამს: „და მეფეებად“. შენ, რომელიც მეფე ხარ, სამართავად გერწმუნა საერო საქმენი, სამოქალაქო სამუშაოები და სამხედრო ძალა. ყოველივე ამაზე მიმართე შენი ძალისხმევა და საზრუნავი, საეკლესიო საქმენი კი მწყემსებსა და მოძღვრებს დაუტოვე, როგორც მოციქული გასწავლის. წინააღმდეგ შემთხვევაში იცოდე, რომ ჩვენ არ მივიღებთ ჩვენი მართლმადიდებლური სწავლების საპირისპირი სწავლებას, თუნდაც ის ზეცით მოვლენილმა ანგელოზმა გვიქადაგოს, და მით უფრო არ მოგისმენს შენ – მიწიერ, ხრწნად ადამიანს.
ღირსი თეოდორე სტუდიელი
რათა სრულ–ეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის – ქრისტეს სხეულის ასაშენებლად,
ხომ ხედავ, როგორი ღირსება მოგენიჭა? თითოეული, – ამბობს მოციქული, – ქრისტეს სხეულის, ანუ ეკლესიის აღშენებას ემსახურება. მაშ, რად სწუხხარ, როცა ნაკლებ ნიჭს იღებ? შენც ხომ მონაწილეობ წმინდანების სრულყოფაში? ანუ საკუთარი წვლილი შეგაქვს მორწმუნეების სულიერი აღშენებისა და სრულყოფილების საქმეში. ამასთან, თუ სხვამ შენზე მეტი ნიჭი მიიღო მორწმუნეთა გასანათლებლად, იცოდე, რომ მას მეტი შრომა და მსახურება ევალება, და პასუხისმგებლობაც მეტი ეკისრება. მეორე მხრივ, განა სატანური თვისება არ არის, შეგშურდეს იმისი, ვინც ქრისტეს სხეულს აშენებს და სრულყოფს? – ეს ხომ ღვთისმბრძოლებთ ახასიათებთ.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას.
შეკითხვა: ბოროტება თანდათან იფიტება და იძირკვება, და ადამიანიც მადლით თანდათან წარემატება, თუ ბოროტება მაშინვე აღმოიფხვრება, როგორც კი წარმატება დაიწყება?
პასუხი: დედის მუცელში ჩანასახი მაშინვე კაცი კი არ ხდება, არამედ თანდათან იღებს ადამიანის სახეს, და არც ზრდასრულ მდგომარეობაში იბადება, არამედ მრავალი წლის განმავლობაში იზრდება; ასევე, მიწაში ჩაგდებული ქერის ან ხორბლის მარცვალი ჯერ ფესვს იდგამს და როცა სიცივეები და ქარები გადაივლის, მხოლოდ ამის შემდეგ ამოიყრის ღეროს; არც მსხალი იძლევა უცებ ნაყოფს, როგორც კი დარგავ. მსგავსი რამ ხდება სულიერ ცხოვრებაშიც. ადამიანი თანდათან ბრძენდება და იხვეწება და ხდება „სრული ზომის ასაკის სრულყოფილი კაცი“, და არა ისე, როგორც ზოგიერთი ამბობს, თითქოს ეს იგივეაო, რომ ძველი განიძარცვოს და მაშინვე ახალი შეიმოსოს.
ღირსი მაკარი დიდი
საეკლესიო გადმოცემისა და პავლე მოციქულის თანახმად, ჩვენი აღდგომა მოხდება „სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სრულ ზომაში“, – ანუ იმ მდგომარეობაში, რომელშიც იუდეველთა თანახმად, შექმნილი იყო ადამი და რომელშიც, როგორც ჩვენ წაგვიკითხავს, აღდგა უფალი.
ნეტარი იერონიმე სტრიდონელი
რა ნიშნავს ჩეულებრივი გაგებით სრულყოფილი კაცი – ეს ყველასათვის ცნობილია, და ვერ იპოვი ადამიანს, ვისაც ასეთი სრულყოფილების მიღწევა არ სურდეს; მაგრამ რას წარმოდგენს უფალში სრულყოფილი კაცი, – ეს ყველასათვის უცნობია, იმათ გარდა, ვინც ამ ასაკში შევიდა. თუმცა ამან არავის უნდა გაუცივოს ამ ასაკის მისაღწევად აღძრული მოშურნეობა, პირიქით – კიდევ უფრო მეტად გაუღვივოს, იმიტომ, რომ უმეცრება დამოკიდებულია იმ სულიერი სრულყოფილების სიმაღლეზე, რომელსაც ეწოდება კაცის ასაკი ღვთისნიერ ცხოვრებაში, რომელიც მოციქულმა განსაზღვრა უფალ მაცხოვარში გამოვლენილ სრულყოფილებათა სისავსის შეთვისებით. ყველა ჩვენგანი ხედავს, თუ რისთვისაა საჭირო, რომ ჩვენს მოწოდებას „გულმოდგინე მცდელობაც მივუსართოთ“ (იხ. 1 პეტ. 1:5).
წმინდა მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული
წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 4:12-17
ხოლო როდესაც გაიგო იესომ, იოანე შეუპყრიათო, განეშორა და გალილეას გაემართა.
მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დაემკვიდრა ზღვისპირა კაპერნაუმს, ზაბულონის და ნეფთალემის მხარეს,
რატომ განეშორა? – მოციქული ამით გვასწავლის, რომ განსაცდელებს უნდა განვეშოროთ, მოვერიდოთ. ის კი არაა დამნაშავე, ვინც განსაცდელებს არ ეგებება ფეხმოუცვლელად, არამედ ის, ვინც განსაცდელების მოწევისას ახოვნად, მამაცურად არ იქცევა. ამრიგად, ეს რომ ესწავლებინა და იუდეველთა სიშმაგე დაეცხრო, ქრისტე გალილეის კაპერნაუმში მიდის; ერთი მხრივ, რათა გალილეის შესახებ წინასწარმეტყველება აღასრულოს, მეორე მხრივ, მებადურის მსგავსად, მსოფლიო მოძღვარნი მოინადიროს, რომლებიც თავისი ხელობით იყვნენ დაკავებულნი და ამ ქალაქში ცხოვრობდნენ. გულისხმაჰყავ, ყოველთვის, როდესაც იესო ქრისტე წარმართებთან წასვლას იზრახავს, ამის საბაბს მას იუდეველები აძლევენ. ამ შემთხვევაშიც, ჩაიფიქრეს რა ბოროტება იოანე წინამორბედის წინააღმდეგ, იუდეველებმა იგი საპყრობელეში ჩასვეს, თავად იესო კი წარმართულ გალილეაში განდევნეს.
წმინდა იოანე ოქროპირი
რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა;
ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი.
ზაბულონისა და ნეფთალემის მხარე – ეს ადგილები, ოდესღაც ებრაელთა ორი ტომის, იაკობის ძეთა, ზაბულონისა და ნეფთალემის სამკვიდრებელს წარმოადგენდა. თავისი ადგილმდებარეობით ეს იყო პალესტინის წმინდა მიწის უმშვენიერესი კუთხე: გალილეის ზღვის ფერწერულ ნაპირებზე ყვაოდა და კეთილსურნელებას აფრქვევდა ფორთოხლის, ნუშისა და ბროწეულის ბაღები; მთელ თვალსაწიერზე გადაჭიმულიყო პალმის მაღალი ხეები, ყურძნის ვენახები, ლეღვისა და ზეთისხილის ხეივნები. ხეებს ნაყოფი არ აკლდებოდათ მთელი ათი თვის განმავლობაში. გალილეის შუა ნაწილში მდინარე იოარდანე ვერცხლისფრად ლივლივებდა და სამხრეთით, მკვდარი ზღვის მიმართლებით მიიკლაკნებოდა. ასეთი იყო ის მხარე, სადაც მივიდა იესო თავისი მშობლიური, მაგრამ არა სტუმართმოყვარე ნაზარეთიდან.
რათა აღსრულდეს, – შენიშნავს მახარებელი, – თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ: ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა; ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი (ეს. 9:1-2). გალილეაში, განსაკუთრებით კი მის ჩრდილოეთ ნაწილში, ბევრი წარმართი ცხობრობდა: აქ შეხვდებოდით უდაბნოს ველურ არაბებსა და სიბრძნისმოყვარე ბერძნებს, მეწარმე ფინიკიელებს, ასურელებსა და ქედმაღალ რომაელებს… ამიტომაც ეწოდებოდა ამ მხარეს წარმართი გალილეა. ყველა ისინი ჩაძირულნი იყვნენ კერპთაყვანისმცემლობის სიბნელში – არ იცოდნენ ჭეშმარიტი ღმერთი, და როგორც სიბნელეში მოსიარულემ არ იცის, თუ საით მიდის, ისე მათაც არ იცოდნენ გზა: ღმრთის მცნებები, ვინაიდან ღრმა სიბნელესა და სიკვდილში იმყოფებოდნენ. ამიტომ უწოდებს მათ ესაია წინასწარმეტყველი „ბნელსა შინა“ მავალთ და „აჩრდილთა სიკვდილისათა“ დამკიდრებულთ. ისინი არ ეძემდნენ ნათელს, მაგრამ თვით ჭეშმარიტი ნათელი, ყოველთა კაცთა განმანათლებელი, თავად იესო ქრისტე გამოუბრწინდა მათ, გამოუჩნდა, მივიდა და განანათლა ისინი სინანულის შესახებ ნათელმოსილი ქადაგებით. წმინდა იოანე ოქროპირი შენიშნავს: „ქრისტეს მოსვლის წინ კაცობრიობა უბედური იყო: კერპთაყვანისმცემლობის ბნელით გარემოცულმა ადამიანებმა აღარ იცოდნენ საით წასულიყვნენ, და უკვე აღარსად მიდიოდენ, არამედ, წინასწარმეტყველის გამოთქმით, სიბნელესა და სიკვდილში ისხდნენ, რაც ნიშნავს, რომ ბნელიდან გათავისუფლების იმედიც დაკარგული ჰქონდა“. „აჩრდილთა სიკვდილისათა მყოფნი, ანუ ცოდვაში, – აღნიშნავს წმინდა მღვდელთმთავარი ფილარეტ მოსკოველი, – რადგან სწორედ ცოდვას ეწოდება სიკვდილის აჩრდილი, რამეთუ სიკვდილი სხეულს ანადგურებს, ცოდვა კი სულს სიცოცხლეს ართმევს, ანუ ღმრთის მადლს, თუმცა არ ანადგურებს მას, ვინაიდან სული უკვდავია. „ნათელი აღმოუბრწყინდა“ – მათთვის მოულოდნელად გამოჩნდა ქრისტე და განანათლა წარმართნი, რომლებიც ებრაელებისგან განსხვავებით, არ ელოდებოდნენ მას“.
იღუმენ პანტელეიმონის „ტროიცის“ მონასტრის ფურცლები №801-1050.
შემდგომ ამისა, დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი.
მას შემდეგ, რაც იოანე შეიპყრეს, იესომ თავად, უშუალოდ, დაიწყო ქადაგება და ამბობდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“. ე.ი. საკუთრივ რჯულის შეწყვეტის შემდეგ იწყება სახარება. მაცხოვარი იმავეს ქადაგებს, რასაც მანამდე იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა, – ამით ქრისტე აჩვენებს, რომ თავად არის ძე იმავე ღმრთისა, რომლის წინასწარმეტყველიც იოანე იყო.
ნეტარი იერონიმე სტრიდონელი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე (19.01.2019)
ჩვენთან არს ღმერთი
ყველას გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. დღეს წმინდა სამება განცხადდა _ ძე ღვთისა ჩავიდა იორდანეში, ნათლისღება ინება და სული წმინდა სახითა ტრედისათა გარდამოვიდა მაცხოვარსა ზედა და ამასთან მოისმა მამის ხმა: ,,შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო გიყავ“.
დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდება ცა და ქვეყანა. დღეს ხარობს ზეცა და მიწა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა. ნაკურთხი წყალი არის დიდი სიწმინდე. მთელი წლის განმავლობაში ნაკურთხი წყალი უნდა გვქონდეს სახლში, უნდა ასხუროთ სახლს, ეზოს, ქუჩებს და ბოროტი სული აღარ მოგეკარებათ თქვენ.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მადლი სულისა წმინდისა იყოს თქვენ ზედა.
ჩვენთან არს ღმერთი!
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამძიმარი (17.01.2019)
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (15.01.2019)
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
15.01.2019
როგორც ცნობილია, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილი ვითარება გარე-მოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, არასახარბიელო მდგომარეობაა სულიერ-კულტურული მნიშვნელობის სხვა ძეგლებთანაც.
ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.
საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარე-მოვაჭრეთა საქმიანობას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ძველით ახალწელს (14.01.2019)
ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ახალ წელს! ბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეკლესიისთვის და მთელი მსოფლიოსათვის.
ახალი იდეები, ახალი აზრები, ახალი გზები უნდა გამოვნახოთ, რომ შეიცვალოს ადამიანი, რომ სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება.
ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა.
დალოცვილი იყავით და გაიხარეთ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (13.01.2019)
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება მაცხოვრის ნათესავებისა, – დავით მეფისა მეფსალმუნისა და იაკობ მოციქულისა.
მინდა ვისაუბროთ დავით მეფის შესახებ. იგი ყველაზე ახლობელია ჩვენთვის. ჩვენ ხომ ყოველდღიურად ვკითხულობთ მის ფსალმუნებს. განსაკუთრებულია მისი ცხოვრებაც. ყრმა იყო, ახალგაზრდა იყო, როცა ღვთის განგებით წინასწარმეტყველმა სამუელმა დაასხა მირონი და აკურთხა ის მეფედ.
დავით წინასწარმეტყველი გახდა მეფე 30 წლისა. 30 წლისა შეუდგა ამ მძიმე გზას და იყო 40 წელი. 40 წლის მანძილზე ყველაფერს აკეთებდა იგი, რომ გამთლიანებულიყო ისრაელი, ებრაელთა ერი.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ რიცხვი 40 საიდუმლოებით მოცული რიცხვია, – 40 დღე იყო მაცხოვარი უდაბნოში, 40 წელი ატარა მოსემ ისრაელი უდაბნოში; რომ გვკითხონ, რას ნიშნავს ეს 40, რა საიდუმლოებითაა მოცული რიცხვი 40, პასუხს ვერ გავცემთ დამაჯერებელს. საერთოდ, ღვთის განგებაში ბევრი რამ არის ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი.
საულის (მოკლეს საულ მეფე) გარდაცვალების შემდეგ დავით მეფე შეუდგა ამ მძიმე გზას და, როგორც ვთქვით, იმეფა 40 წელი.
ფსალმუნები და საკრავი ქნარი მუდამ მას თან ქონდა და თვითონაც ქნარი იყო წმინდა სულისა.
მე ვიცი, რომ საქართველოში დღე და ღამე იკითხება ფსალმუნები მეფისა დავითისა და ეს გვაძლევს ჩვენ დიდ შვებას.
დღეს ჩვენ ვაცილებთ ძველ წელს. უნდა ითქვას რომ წარსული 2018 წელი იყო მძიმე წელი ჩვენთვის, საქართველოსთვის და მსოფლიოსათვის. ღმერთმა ინებოს, რომ ამ სიმძიმის შემდეგ ბედნიერი, სიხარულით აღვსილი 2019 წელი დადგეს.
მიუხედავად იმისა რომ გასული წელი რთული იყო, მაინც მადლობელნი ვართ უფლის და ეხლა გადავიხდით პარაკლისს და მადლობას შევწირავთ ღმერთს სიხარულისა და მწუხარებისათვის.
სამადლობელი პარაკლისის დასრულების შემდეგ:
ჩვენთან არს ღმერთი
დალოცვილი იყავით. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველივე ცუდი წავიდეს საქართველოდან და ახალმა წელმა სიხარული და ბედნიერება მოგვიტანოს.
ეხლა ჩვენ ვაჯილდოებთ ზოგიერთ სამღვდელო პირს:
იღუმენი ზენონი (დადვანი) დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
დეკანოზი ნიკოლოზ მუსერიძე, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
მღვდელმონაზონი ანდრია (ორმოცაძე), აღყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით. აქსიოს!
მღვდელი ბენედიქტე გოლუბიანი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!
მღვდელი აკაკი ლიპარტელიანი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!
მღვდელი ალექსანდრე აკოფიანი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!
მღვდელი ექვთიმე კურდღელია დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!
მღვდელი გიორგი ჩიქოვანი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!
გილოცავთ ახალ წელს! ინებოს უფალმა რომ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული სუფევდეს თქვენს გულში, თქვენს გონებაში, თქვენს სულში და თქვენს ოჯახებში.
ხვალ, 12:00 საათზე, აქ, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, შესრულდება საახალწლო პარაკლისი.
დაგლოცოთ ღმერთმა.
ჩვენთან არს ღმერთი!
სულთმოფენობიდან 33-ე კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება
სულთმოფენობიდან 33-ე კვირიაკე
წირვაზე – გალ. 1:11-19. მთ. 2:13-23.
წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე გალატელთა მიმართ – 1:11-19
გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცისმიერი
პავლე მოციქულს სურს, გალატელებს აჩვენოს, რომ მან ნამდვილად გადაუხვია რჯულის კანონს და ამ მიზნით იხსენებს თავის პირვანდელ ცხოვრებას, შემდეგ მის მკვეთრ ცვლილებას და ეუბნება, რომ იუდეველობისგან ქრისტეს რწმენაზე არ გადმოვიდოდა, შესაბამისი საღვთო მოწმობა რომ არ ჰქონოდა. სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცისმიერი. მასწავლებლად ადამიანი კი არ მყოლია, – ამბობს იგი, – არამედ თავად ქრისტეს მოწაფე ვარ.
ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
ცილისმწამებლები ხმებს ავრცელებდნენ, რომ რადგანაც ის სხვა მოწაფეებივით ქრისტეს უშუალო მსმენელი არ ყოფილა, ამიტომ უფლის სწავლება ადამიანებისგან მიიღოო. ამ ხმების გასაბათილებლად ამბობს წმინდა პავლე, რომ სახარება მას სწორედ იმან გამოუცხადა, ვინც პეტრესა და სხვებს ასწავლა.
თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას.
თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში. საიდან ჩანს, რომ საღვთო გამოცხადებით მივიღე სახარება? ჩანს ჩემი ძველი ცხოვრებიდან. მე ხომ ქრისტეს მიმდევართა სასტიკი მდევნელი ვიყავი, მაშ, როგორ შეიძლებოდა ასე უცებ შევცვლილიყავი, საღვთო გამოცხადებას რომ არ გამოვეყვანე ცდომილებიდან? ხოლო მოშურნე მდევნელი რომ ვიყავი, იქიდანაც ჩანს, რომ ამის შესახებ თქვენც, გალატელებს, გსმენიათ, ესოდენ შორს რომ ცხოვრობთ იუდეიდან.
რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას. დააკვირდი, როგორ მძაფრად გამოთქვამს პავლე მოციქული; ის კი არ ამბობს: „ვდევნიდი“, არამედ: „სასტიკად ვდევნიდი“, უფრო მეტიც – „ვარბევდი“, ანუ იგი ცდილობდა, საფუძვლამდე დაენგრია და აღმოეფხვრა ეკლესია, – სწორედ ესაა დარბევის მიზანი.
ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლ-სწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს.
ყველა ჩემს თანატოლს გარდავამეტე მგზნებარებით, – ამბობს მოციქული, – და ეკლესიასთან ბრძოლაშიც ვპირველობდი; სხვაგვარად: იუდეველებთან პატივში ვიყავი. მაგრამ ამას პატივმოყვარეობით ან რისხვით კი არ ვაკეთებდი, არამედ – მოშურნეობით. ასე რომ, თუკი ეკლესიის წინააღმდეგ ადამიანური ანგარიშებით კი არა, არამედ ღვთისადმი მოშურნეობით ვიბრძოდი, – თუმცა ვაღიარებ, რომ ვცდებოდი, – მაშინ ახლა, როდესაც ჭეშმარიტება შევიცანი, როგორ ვიქადაგებდი ადამიანური დიდებისმოყვარეობისათვის სხვა რამეს და არა იმას, რასაც ჭეშმარიტება მოითხოვს და რაც ქრისტემ მასწავლა?!
ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო
ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია. თუკი იგი დედის საშოდანვე განსაზღვრული და გამორჩეული იყო ღმერთისგან სახარების საქადაგებლად, მაშინ, რა თქმა უნდა, ღვთის განგებით იგი გარკვეული დროით იუდეველობაში რჩებოდა, უეჭველია, იმიტომ, რომ მასში ესოდენ მკვეთრ ცვლილებას სხვებიც მიეზიდა რწმენისკენ და მასში განემტკიცებინა. ღმერთს იგი წილისყრით კი არ აურჩევია, არამედ მისი ღირსების წინასწარგანჭვრეტით.
და თავისი მადლით მიხმო. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა პავლე ღმერთისგან სათნოების გამო იყო ხმობილი, რადგან ნათქვამია: „ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი“ (საქ. 9:15), ის მაინც თავმდაბლობით ამბობს, რომ ღვთის მადლის წყალობითაა მოწოდებული და არა თავისი ღირსების დამსახურებით.
კეთილ ინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს.
კეთილ ინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში. მოციქულს არ უთქვამს: გამოეცხადებინა „ჩემთვის“, არამედ: „ჩემში“, რითაც აჩვენებს, რომ მარტო სიტყვიერი დარიგება არ მიუღია, არამედ მისი გულიც აივსო სულიწმიდის მადლით, რადგან ეს ცოდნა მის შინაგან კაცში ჩაიბეჭდა და ქრისტე მასში საუბრობდა.
რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი. ღმერთს ჩემთვის ძე მხოლოდ იმიტომ კი არ განუცხადებია, რომ იგი შემეცნო, არამედ, ასევე, სხვებისთვისაც მექადაგა (იმიტომ, რომ უფლისგან იყო როგორც მისი რწმენა, ისე მისი მქადაგებლად გამორჩევაც). მაშ, ამის შემდეგ როგორ ამბობთ, რომ ადამიანებმა მასწავლეს? და არა უბრალოდ მეხარებინა იგი, არამედ წარმართებისთვის მექადაგებინა. მაშ, ყოველივე ამის შემდეგ, როგორ მექადაგა წარმართებისთვის წინადაცვეთის აუცილებლობა?
მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს. ე. ი. არ წასულა მოციქულებთან სათათბიროდ. იგი სწორედ მათ უწოდებს ბუნებითად სისხლსა და ხორცს. ან კიდევ ამას ამბობს ყველა ადამიანთან დაკავშირებით, რადგან სარწმუნოების საქმეში არც ერთი ადამიანი არ ყოფილა მისი მასწავლებელი.
არც იერუსალიმს ავსულვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს.
არც იერუსალიმს ავსულვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან. როგორ უნდა ეთქვა ეს მოციქულს? ნუთუ იმდენად გაამპარტავნდა, რომ თვითკმარად მიაჩნდა თავი და ფიქრობდა, რომ მრჩეველს საერთოდ აღარ საჭიროებდა? ნუთუ არ სმენოდა გამოთქმა: „ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ“ (იგავ. 3:7) და კიდევ: „ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით!“ (ეს. 5:21)? არანაირად! მაგრამ რადგანაც ცილისმწამებლები ხალხს ეუბნებოდნენ, რომ მოციქულებისთვის უნდა ესმინათ და არა მისთვის, ამიტომ იძულებულია, ეს თქვას, რათა მაცდუნებელთ პირი აუკრას. ზოგადად, უგუნურება იქნებოდა, რომ ღმერთისგან განსწავლულს ადამიანებისათვის მიემართა რჩევა-დარიგების მისაღებად. ასე რომ, ქედმაღლობით კი არ ამბობს იგი ყოველივე ამას, არამედ თავისი ქადაგების ღირსების წარმოსაჩენად. მართალია, წმინდა პავლე იერუსალიმშიც ავიდა, მაგრამ არა იმისათვის, რომ ესწავლა, არამედ დაერწმუნებინა სხვები, რომ იერუსალიმის მცხოვრებნიც მსგავსადვე ფიქრობდნენ. თანაც, ის მაშინვე კი არ ასულა იერუსალიმში ანუ ქადაგების დასაწყისში, არამედ შემდგომ და მაშინაც სხვების დასარწმუნებლად.
არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს. იგი დადიოდა დაუმუშავებელ და ველურ ადგილებში, რადგან თუკი მოციქულთა შორის დარჩებოდა, მაშინ მისი ქადაგება წინააღმდეგობას წააწყდებოდა და ასე სწრაფად ვერ გავრცელდებოდა. ამიტომ იგი ყველაზე ველურ ხალხთან წავიდა. ყურადღება მიაპყარი მის სიმდაბლეს: ქალაქების ჩამოთვლისას არსად უთქვამს, თუ რამდენი ადამიანი მოაქცია რწმენაზე. დამასკოში კი იუდეველები ისე ააღელვა, რომ ეთნარქმა დევნა დაუწყო. ამდენად, თუკი გვეჩვენება, რომ პავლე მოციქული საკუთარ თავზე ბევრს საუბრობს, უნდა ვიცოდეთ, რომ მას პატივმოყვარეობა კი არ ალაპარაკებს, არამედ თავისი ქადაგების წარმატება ადარდებს, რადგან უბრალო ადამიანს და მოწაფეთა მოწაფეს ხალხი არ დაუჯერებდა.
სამი წლის შემდეგ კი პეტრეს სანახავად ავედი იერუსალიმს და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან.
სამი წლის შემდეგ კი პეტრეს სანახავად ავედი იერუსალიმს. ეს სიტყვებიც მის სიმდაბლეს ამტკიცებს: ამდენი საქმის შემდეგ ის პეტრესთან მიემართება, თუმცა არა პირადი სარგებლის მისაღებად, არამედ უბრალო შეხვედრისათვის, რათა პატივი მიეგო როგორც წინამორბედისთვის (უწინარესისთვის). ამიტომაც არ უთქვამს: „პეტრეს ნახვა მინდოდა“, არამედ: „პეტრეს სანახავად ავედი“, როგორც გამოთქვამენ ხოლმე დიდი და მშვენიერი ქალაქის დამთვალიერებელნი; მსგავსად იმისა, როგორც ჩვენ მივდივართ ხოლმე წმინდა მამებთან, მაგრამ ჩვენ უფრო სარგებლის მისაღებად მივდივართ, ის კი – პატივის მისაგებად.
და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან. სანახავად მისვლა პატივისცემის გამოხატულებაა, მასთან ყოფნა და დარჩენა კი მეგობრობისა და მხურვალე სიყვარულის ნიშანია. მას კი არ უთქვამს, რომ სწავლობდა, არამედ – „დავყავი მასთან“, ნაცვლად – „ვიყავი მასთან ერთად“.
სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, უფლის ძმის, იაკობის გარდა.
პავლე მოციქული, მართალია, პეტრეს სანახავად ავიდა იერუსალიმში, – იმდენად უყვარდა და პატივს სცემდა მას, – თუმცა იაკობსაც შეხვდა, რომელსაც ასევე პატივით მოიხსენიებს – უფლის ძმას უწოდებს. ასე შორს იყო იგი შურისგან! და მართლაც, თუკი უბრალოდ მისი გამორჩევა სურდა, მაშინ მას კლეოპას ძეს უწოდებდა. ის ხომ უფლის ხორციელი ძმა არ ყოფილა, არამედ მხოლოდ ითვლებოდა ასეთად; ხოლო თუ რატომ ითვლებოდა, ამის შესახებ მოისმინე: კლეოპა და იოსები ძმები იყვნენ; როდესაც კლეოპა უშვილოდ მოკვდა, იოსებმა მას თესლი აღუდგინა და შვა იაკობი და მისი ძმები, და მარიამი, რომელიც თუმც კლეოპას ასული იყო, – აღნიშნული მიზეზით, – მაგრამ სახარება უფლის დედის დად მოიხსენიებს, რადგან ყოვლადწმიდა ქალწულის მიმართ იოსებს მხოლოდ მზრუნველი მამის დამოკიდებულება ჰქონდა.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 2:13-23
ხოლო მათი წასვლის შემდეგ, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა: ადექი, წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს; და იყავი იქ, სანამ არ გეტყვი შენ; ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი.
ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით და წავიდა ეგვიპტეს.
ბოროტებაში დანთქმულ სოფელს არ უყვარს ჭეშმარიტი კეთილმსახურება და დევნის მას. ქრისტე, რომელიც თავად არის კეთილმსახურება და უდანაშაულობა, როგორც კი სოფელში გამოჩნდა, მაშინვე დევნა დაუწყეს. აქედან ვისწავლოთ: ვის გულშიც ქრისტე – ჭეშმარიტება სულიერად ჩაისახება, ის დევნისთვის უნდა განემზადოს, რამეთუ დევნა ჩრდილივით დასდევს ჭეშმარიტებას. სწორედ ამას გვიცხადებს წმინდა მოციქული საკუთარი გამოცდილებით: „ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება“ (2 ტიმ. 3:12). ამიტომ ნუ შეგაძრწუნებს სოფლისგან მოწეული დევნა და სიძულვილი, რადგან ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა და კეთილმსახურება მისთვის შებრკოლების ქვა და საცთურის კლდეა. წუთისოფელი ვერ იტანს ყოველივე იმას, რაც მას უპირისპირდება და თვალში ეჩხირება, ამიტომ უარყოფს და დევნის თავისგან, მაგრამ ნეტარნი არიან მისგან დევნილნი, რამეთუ ასეთებს ღმერთი თავის წიაღში იღებს. აი, რა არის დევნილი და შეჭირვებული მორწმუნისათვის მძლავრი ნუგეში!
აქედან იმასაც ვსწავლობთ, რომ აშკარა საშიშროებას უნდა განვერიდოთ და კადნიერად წინ არ უნდა დავუდგეთ. ქრისტეს იქაც შეეძლო თავისი სიცოცხლე დაეცვა, სადაც იმყოფებოდა, მას ყველაფერი ძალუძდა, როგორც ღმერთს, მიუხედავად იმისა, რომ ხორციელად ჩვილი იყო, მაგრამ მაინც განერიდა მკვლელებს და ამით მსგავსი შემთხვევებისათვის მისაბაძი მაგალითი მოგვცა.
ამრიგად, ვხედავთ, რომ მაცხოვარმა ჩვილობიდანვე იტვირთა ჩვენ გამო ჯვარი: როგორც ჩვენ გამო იშვა წუთისოფელში, ისე ჩვენ გამო დაითმინა დევნა. მაშ, ჩვენც ავიღოთ საკუთარი ჯვარი და მივყვეთ მას, რათა სიკვდილის შემდგომ მასთან ერთად დავემკვიდროთ მისსავე სასუფეველში.
წმინდა მღვდელთმთავარი ტიხონ ზადონელი
და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე; რათა აღსრულებულიყო სიტყვა უფლისა, თქმული წინასწარმეტყველის მიერ: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს.
იუდეველები ამბობენ, რომ გამოთქმა: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს, მათ მოწოდებას უკავშირდება. ამის საწინააღმდეგოდ ვიტყვით, რომ წინასწარმეტყველების წესის თანახმად, ხშირად ბევრი რამ ერთზე ითქმის, მაგრამ სრულდება მეორეზე. მაგალითად, სვიმეონისა და ლევის შესახებ ნათქვამია: „დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში“ (დაბ. 49:7), მაგრამ აღსრულდა მათ შთამომავლებზე. მსგავსადვე, იაკობის მიმართ სიტყვები: „გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა“ (დაბ. 27:29), მის შთამომავლებზე და არა პირადად მასზე აღსრულდა, თვითონ შიშით ძრწოდა და ბევრჯერ მოუდრეკია მუხლი თავისი ძმის, ესავის, წინაშე. ასევე, ქანაანის შთამომავლებზე აღსრულდა ქანაანის შესახებ ნოეს ნათქვამი. აქაც იმავე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან ვის შეიძლება უფრო სამართლიანად ეწოდოს ძე ღვთისა? ის, ვინც ხბოს სცემდა თაყვანს, ბელფოგორს ემსახურებდა და დემონებს სწირავდა საკუთარ შვილებს თუ ვინც ბუნებითად არის ძე და თანასწორია თავისი მშობლისა?
სწავლული ბერი ზიღაბენი
მაშინ, რა იხილა ჰეროდემ, რომ მოტყუებულ იქნა მოგვების მიერ, ძალზე განრისხდა, წარგზავნა ხალხი და ამოაწყვეტინა ყოველი ყრმა ბეთლემსა და მთელს მის შემოგარენში, ორ-ორი წლისა და უმრწემესნი, თანახმად ასაკისა, რომელიც გამოიკითხა მოგვებისაგან.
რა მოიმოქმედა ამ დროს ქრისტემ? მან ხომ მომავალი წინასწარ იცოდა, ის ხომ განზრახვათა მსაჯულია, მოქმედებათა წინასწარმჭვრეტელია, რატომ მიატოვა ისინი, რომლებსაც იცოდა, რომ მის გამო მოძებნიდნენ და მოკლავდნენ? ახალშობილი მეფე და ზეციერი მეფე – რატომ უგულებელყო მან თავისი მხედრობა საკუთარი უსაფრთხოების გამო? რატომ უგულებელყო თავისი თანატოლების ჯარი? რატომ მიატოვა აკვნებიდან ამოყვანილი მცველები ისე, რომ მეფის საძიებლად გამოსულ მტერს მხოლოდ მისი ჯარი ჩაუვარდა ხელში? ძმებო, ქრისტემ კი არ მიატოვა თავისი მხედრები, არამედ აამაღლა, საშუალება მისცა, ეზეიმათ უფრო ადრე, ვიდრე ცხოვრებას დაიწყებდნენ; უბრძოლველად გაამარჯვებინა, გვირგვინებით უფრო ადრე შეამკო, ვიდრე სხეულის ნაწილებით. მისი ნებით განლიეს ცხოვრება ტანჯვის გზით, მაგრამ გვერდი აუარეს ყოელგვარ ბიწიერებას, მოიპოვეს ზეციური მიწიერზე ადრე და ღვთააებრივს ისე შეურთდნენ, რომ ამქვეყნიურ ბოროტებას ოდნავადაც არ ზიარებიან. შესაბამისად, ქრისტეს თავისი მხედრები კი არ მიუტოვებია, არამედ თავის წინ წარგზავნა.
ნეტარი პეტრე ქრისოლოგი
მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
ხმა გაისმა რამაში გოდებისა და დიდი გლოვისა: რაქელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან.
რამა იყო ამაღლებული ადგილი პალესტინაში, ბენიამენის სამკვიდრო. ბენიამენი კი რაქელის ძე იყო, რომელიც იმ დღეს მოკვდა, როდესაც ბენიამენი შვა. მოკვდა იგი ბეთლემში და იქვე დაკრძალეს (დაბ. 35:19). ხოლო რაკი ჰეროდეს მიერ მოწყვეტილი ჩვილები ბენიამენის შთამომავლები იყვნენ, ამიტომ წინასწარმეტყველმა იერემიამ, როდესაც ჩვილთა ამოწყვეტას წინასწარმეტყველებდა, რაქელი ამ თაობის დედა-მთავრად წარმოადგინა ყველა იმ დედის ნაცვლად, ჰეროდეს ბრძანებით შვილები რომ მოუკლეს; ვინც გოდებდა და გლოვობდა საკუთარ შვილს. მახარებელმა „რამა“ იმიტომ ახსენა, რომ ეჩვენებინა შემდეგი: უსაზღვროდ დამწუხრებული დედების გლოვა იმდენად დიდი იყო, რომ რამას მაღლობზეც ისმოდა. რატომ იყვნენ უნუგეშონი ეს შვილმკვდარი დედები? არ სურს ნუგეში, – ნათქვამია, ე. ი. უძლურნი და მცირედმორწმუნენი იყვნენ, ფიქრობდნენ, რომ საბოლოოდ დაიღუპნენ მათი შვილები და არ სჯეროდათ, რომ მშობლების თვალსმოშორებულნი აბრაამის წიაღსა და ღვთის დიდებაში იყვნენ. უნდა ვიცოდეთ, რომ არა ღვთის კეთილი ნებით, არა მისი სურვილით, არამედ ღვთის დაშვებითა და მიშვებით მოაწყო ჰეროდემ ასეთი ჩვილთაკვლა. ღმერთმა ის დაუტევა და მანაც გამოავლინა რა თავისი ნების სისასტიკე, სათანადო სასჯელი მიიღო.
მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი
ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში
ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ იოსებმა ანგელოზისგან ბრძანება მიიღო – ჩვილთან და მის დედასთან ერთად იუდეაში დაბრუნებულიყო. დაბრუნებისას, მან შეიტყო, რომ გამეფებულიყო არქელაოსი, ჰეროდეს ძე, და შეეშინდა იქ წასვლისა, და სიზმარეული ჩვენებით გაფრთხილებულმა მიაშურა გალილეის მხარეს, ქალაქ ნაზარეთს. იოსები მოციქულებს გამოხატავს, რომლებსაც ქრისტემ სახარების ქადაგება არწმუნა. ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ იოსებს იუდეაში დაბრუნება ებრძანა, მსგავსადვე, მოციქულებს – იუდეველთათვის ანუ საბოლოოდ დაღუპული ერისთვის სახარების ქადაგება მას შემდეგ, რაც მან უფალი სატანჯველებისთვის გასწირა. მოციქულებიც ხომ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან იყვნენ წარგზავნილნი, მაგრამ შეეშინდათ იუდეველების ურწმუნოებისა და უკან დაიხიეს. მათაც ხილვისას ებრძანათ სულიწმიდისგან, რომ დაეტევებინათ იუდეველები და წარმართებისთვის ექადაგათ ქრისტე, რომელიც იუდეველებთან იყო წარმოგზავნილი, მაგრამ ცხოვრება და გადარჩენა წარმათებს ახარა.
წმინდა მღვდელთმთავარი ჰილარი პიქტავიელი
და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყნად, ვინაიდან მოკვდნენ ისინი, ვინც ეძიებდნენ ყრმის სულს.
ისიც ადგა და წამოიყვანა ყრმა და დედამისი და მოვიდა ისრაელის ქვეყნად.
მაგრამ როდესაც გაიგო, არქელაოსი მეფობსო იუდეაში მამამისის, ჰეროდეს ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმარეული ჩვენებით გაფრთხილებულმა მიაშურა გალილეის მხარეს.
ახლა უკვე არ ეუბნება: „გაიქეცი“, არამედ – „წადი“. ხომ ხედავ, როგორ მოსდევს განსაცდელს განსვენება, განსვენებას კი – კვლავ განსაცდელი? დასრულდა მისი გადასახლება, დაბრუნდა თავის ქვეყანაში და შეიტყო ჩვილთა მკვლელის სიკვდილის ამბავი. თუმცა სამშობლოში დაბრუნებულს, მაინც დახვდა გარკვეული საშიშროება – სამეფო ტახტზე ტირანის მემკვიდრე იჯდა. მაგრამ როგორ შეიძლება იუდეაში არქელეოსს ემეფა, როდესაც პონტოელი პილატე ჰეგემონი იყო? საქმე ისაა, რომ ჰეროდე ახალი გარდაცვლილი იყო და სამეფო ჯერ არ იყო ნაწილებად გაყოფილი, ხოლო რადგანაც ჰეროდეს სიკვდილისთანავე ხელისუფლება მისმა შვილმა აიღო ხელში, მის ძმას კი ასევე ჰეროდე ერქვა, ამიტომ დაურთო მახარებელმა: მამამისის, ჰეროდეს ნაცვლად. შეიძლება იფიქრო, თუკი იოსები არქელეოსის გამო შეშინდა, იუდეაში წასულიყო, მაშინ ჰეროდეს გამო გალილეაში წასვლისაც უნდა შეშინებოდა. არა! საცხოვრებელი ადგილის შეცვლით საქმე უკვე დაიფარა. მთელი დარტყმა ბეთლემსა და მის შემოგარენს მიადგა, ხოლო რადგანაც მასობრივმა მკვლელობამ ჩაიარა, ამიტომ ჰეროდეს ძე, არქელეოსი, დარწმუნებილი იყო, რომ ვისაც ეძებდნენ, ისიც მოკლულთა შორის იყო. ამასთან, შესაძლოა, როცა თავისი მამის საშინელი სიკვდილი იხილა, მას შეეშინდა და მასსავით სასტიკი მართვა აღარ განაგრძო. ამგვარად, იოსები მიდის ნაზარეთში, ერთი მხრივ, ხიფათის თავიდან ასაცილებლად, მეორე მხრივ, სამშობლოში ცხოვრების სურვილით. მეტი სიმხნევისათვის მას ეს ანგელოზისგანაც ეუწყა. თუმცა წმინდა ლუკა არ ამბობს, რომ იოსები ნაზარეთში ამ უწყების გამო წავიდა; მისი სიტყვებით, იოსები და მარიამი ნაზარეთში დაბრუნდნენ მას შემდეგ, როცა განწმედის წესი მთლიანად შეასრულეს. რა ვთქვათ ამაზე? ის, რომ რასაც წმინდა ლუკა ამბობს, ეს იმ დროს ეხება, სანამ ეგვიპტეში წავიდოდნენ. ანგელოზი, რა თქმა უნდა, არ წაიყვანდა მათ იქ განწმედამდე, რათა რჯული არანაირად არ დარღვეულიყო; ის ელოდა, ვიდრე განწმედა დასრულდებოდა და ნაზარეთში წავიდოდნენ, მანამდე კი ეგვიპტეში გაქცევა უბრძანა. შემდეგ კი, როცა იქიდან დაბრუნდნენ – ნაზარეთში გაგზავნა. პირველად იქ ისინი საკუთარი სურვილით სამშობლოს სიყვარულის გამო წავიდნენ. ვინაიდან ბეთლემში მათი წასვლა მხოლოდ მოსახლეობის აღწერას უკავშიდებოდა და იქ, საერთოდ, საცხოვრებელი ბინაც კი არ გააჩნდათ, ამიტომ, როდესაც საქმე დაასრულეს, უკან, ნაზარეთში დაბრუნდნენ. ამრიგად, ანგელოზი აბრუნებს მათ სახლში და გარკვეული დროით ამშვიდებს. ეს წინასწარმეტყველებით მოხდა და არა უბრალოდ, თავისთავად, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო.
წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი
მივიდა და დაესახლა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო.
ნაზარეველად უფალი და მაცხოვარი ჩვენი წოდებულია როგორც ადგილის – ქალაქ ნაზარეთის – მიხედვით, ისე კანონის საიდუმლოდან გამომდინარე. ამ კანონის თანახმად, ნაზარეველს ისეთ ადამიანებს უწოდებდნენ, ვინც საკუთარ უბიწოებას ღმერთს სწირავდნენ და უჩვეულო აღთქმას დებდნენ, კერძოდ, თავზე თმას იზრდიდნენ, რათა შემდეგ, სამღვდელო წესისამებრ, ის მსხვერპლად შეეწირათ; ხოლო რადგანაც უფალი იესო ქრისტე არის ყოველგვარი სიწმინდისა და უბიწოების შემოქმედი და წინასწარმეტყველის პირით გვეუბნება: „წმიდანი იყავით, რადგანაც მე წმიდა ვარ“ (1 პეტ. 1:16; ლევ. 11:45), ამიტომ მას საფუძვლიანად ეწოდება ნაზარეველი, რადგან ისაა მამა ღმერთისთვის აღთქმული მსხვერპლი, რომელმაც შესწირა კიდეც თავისი სხეული ჩვენი ცხონებისათვის. სწორედ ამ მსხვერპლის შესახებ საუბრობს დავითი: „ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა“ (ფს. 131:2). ასევე ცხადად აჩვენებს უფალი, რომ იგი ხორციელადაც უნდა იყოს ნაზარეველად წოდებული.
წმინდა მღვდელთმთავარი ხრომატი აკვილელი
თბილისში საშობაო ალილოს მსვლელობა ჩატარდა
ა.წ. 7 იანვარს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში ,,ალილოობა“ მოეწყო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსვლელობის მონაწილეებს საპატრიარქოსთან შეხვდა, დალოცა ისინი და საჩუქრები გადასცა.
ძღვენი, რომელიც გზადაგზა შეგროვდა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებსა და საპატიმროებში გაიგზავნება.
აღსანიშნავია, რომ ალილოს მსვლელობის ტრადიცია მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით აღდგა და ათ წელზე მეტია საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში ტარდება.
ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შობის დღესასწაული მიულოცა
ა.წ. 7 იანვარს ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა და ქ-ნმა ეკატერინე ხვედელიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (2018-2019წ)
საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:
საუკუნეებიდან საუკუნეებს გადაეცემოდა მოლოდინი იმისა, რომ ,,მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს,” რაც ნიშნავს ,,ჩვენთან არს ღმერთი” (ესაია 7,14) და რომ იქნება ,,სახელი მისი დიდისა განზრახვისა ანგელოზი, ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნეთა” (ესაია 9, 5-6).
2019 წლის წინ აღსრულდა ქვეყნიერების მხსნელის შესახებ წმინდა ესაიას ეს წინასწარმეტყველება.
ჭეშმარიტად ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სულიერად თანაზიარნი გავხდეთ ენით გამოუთქმელი ამ სასწაულისა, თუმცა ღვთის დიდებას სრულად ვერასდროს შეიცნობს ადამიანური გონება და ვერც იესო ქრისტეს ღვაწლს გააცნობიერებს სრულად ოდესმე. ვიცით, რომ იგი ,,გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხა სულისაგან წმინდისა,” რომ იცხოვრა კაცთა შორის, აღასრულა მრავალი სასწაული, მოგვცა ახალი მცნება და ჯვარს ეცვა, რათა ჩვენთვის ცხონება მოენიჭებინა…
ერთი შეხედვით, მარტივად ითქმის ეს, მაგრამ თუ დავუკვირდებით მომხდარს, გამაოგნებელი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით: უფალი, შემოქმედი, მეორე ჰიპოსტასი წმინდა სამებისა, რომელიც, მამის და სულიწმინდის მსგავსად, მხოლოდ საღვთო ბუნებისა იყო, ჩვენს გადასარჩენად იღებს ადამიანურ ბუნებასაც.
ყოვლისშემქმნელმა, ყოვლისშემძლემ, მარადიულმა, დაუსაბამომ, ცხოველსმყოფელმა … კაცობრივი სხეული და თვისებები (გარდა ცოდვისა) მიიღო, რათა გამხდარიყო თანაარსი ყველა ჩვენგანისა და ჩვენთვის მოენიჭებინა ცოდვათაგან განთავისუფლება და განღმრთობა.
ამიტომაც იგი, განკაცების შემდგომ თავის თავში უკვე მარადიულად ატარებს ორ სრულიად განსხვავებულ, შეურევნელ ბუნებას: შეუქმნელობასა და შექმნილობას, დაუსაბამობასა და დასაბამიერობას, გარეშეუწერელობასა და გარეშეწერილობას; მკვდრეთით აღდგომამდე კი უკვდავებასთან ერთად ჰქონდა მოკვდავობაც, უვნებობასთან ერთად – ვნებულობაც, უხრწნადობასათან ერთად – ხრწნადობაც.
მან, ჭეშმარიტმა სიცოცხლემ, მოკვდავობა იწილხვედრა, რათა თვისი უკვდავებით სიკვდილი მოეკვდინებინა; ბუნებით უხრწნელმა ხრწნადი სხეული შეიმოსა, რათა ჩვენი ხრწნილება განექარვებინა, ჩვენი უგუნურება საღვთო ცოდნით განებრწყინვებინა და ცოდვისადმი მონობა ცოდვაზე მეფობით შეეცვალა.
ამის ძალმოსილება მხოლოდ მას ჰქონდა!
მხოლოდ მას შეეძლო თავის საღვთო ჰიპოსტასში დაეტია ერთობა ადამიანური თვისებებისაც და უდიდესი მსხვერპლის ფასად შეემუსრა ათასწლეულების მანძილზე გამრავლებული და გამოვლენილი მთელი კაცობრიობის ცოდვის სისავსე.
ეს სასწაული ორ ეტაპად ხორციელდება:
წმინდა იოანე დამასკელის სწავლებით, პირველ ეტაპზე განკაცებული ღმერთის კაცობრივ ბუნებაში მოხდა ამ ბუნებისთვის დამახასიათებელი უმეცრების, უძლურების, არაცხოველსმყოფელობისა და მონურობის საღვთო ღირსეულობებით (საღვთო ცოდნით, შემძლეობით, ცხოველსმყოფელობით, მეუფებით) გამდიდრება, არსობრივი თვისებების შეუცვლელად, და ჩვენ, ქრისტესთან თანაზიარებით, მიწიერ ყოფაში მოგვეცა შესაძლებლობა ამ მადლით განმსჭვალვისა.
სულიერი ცხოვრებით, მაგალითად, მოიპოვება სიბრძნით მეტყველება, წინასწარმეტყველების ნიჭი, კურნების ძალა, სხვა სასწაულთქმედებათა უნარი. . . რომელიც პიროვნებაში არსებით ცვლილებებს არ იწვევს. ამიტომაც ღვთის ამ საბოძვარს ადვილად დაკარგავს ყველა, ვინც კვლავ ცოდვაში ჩაეფლობა.
მეორე ეტაპზე, ანუ მაცხოვრის ჯვარცმის, დაფვლისა და აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტემ თავისი განმღრთობილი კაცობრივი ბუნება თვისობრივად გარდაქმნა, ადამისეულ თავდაპირველ უცოდველ მდგომარეობას დაუბრუნა და, უფრო მეტიც, – თითოეულ ჩვენგანს ღვთის საუფლოს მარადიულად დამკვიდრების შესაძლებლობა მიანიჭა.
ასე რომ, ცათა შინა დაუსრულებელი სიხარული და ნეტარება ელოდება ყველას, ვინც კი ქრისტეს გზით სვლას მოინდომებს და შესაბამის ღვაწლს აღასრულებს.
ქმნილებისადმი შემოქმედის ენითუთქმელი სიყვარულის ამ საოცარმა გამოვლინებამ მთელი ხილული და უხილავი სამყარო შეძრა: ,,ანგელოზნი ღაღადებენ, მთავარანგელოზნი გალობენ, აქებენ ქერუბიმნი და ადიდებენ სერაფიმნი,- ყოველი დაბადებული დღესასწაულობს დღეს, რამეთუ ღმერთსა ხედვენ ქვეყანასა ზედა და კაცსა, – ცათა შინა; ქვესკნელსა, – ზესკნელად განგებულებით და ზესკნელსა, – ქვესკნელად კაცთმოყვარეობით” (ათანასე ალექსანდრიელი).
– პირველი ვინ მიეახლება ბეთლემელ ყრმას? პირველი ვინ იგრძნობს და ვინ შეეგებება მომხდარ სასწაულს?
– ძველი აღთქმის მართალი იოსები, უბრალო მწყემსნი და წარმართული სამყაროს ბრძენნი, – შორეული სპარსეთიდან (ასურეთიდან) უჩვეულო ვარსკვლავის მსვლელობას გამოყოლილი მოგვნი, რომელთაც საოცარი სიმბოლური შესაწირი, – ოქრო, გუნდრუკი და მური, – მიართვეს მას.
ოქრო – ვითარცა მეფეს,
გუნდრუკი – ვითარცა ღმერთს,
და მური – ვითარცა ღმერთკაცს, რომელიც კაცობრივი ბუნებით უნდა მომკვდარიყო და შეემურვათ.
წმინდა იოანე ოქროპირი ამ სამ ძღვენში ხედავს ადამიანისთვის უმთავრეს სიკეთეთაც: ჭეშმარიტ რწმენას, სასოებასა და სიყვარულს, რომელთა აუცილებელი ერთობაც განაპირობებს ნებისმიერი პიროვნების უფლისკენ სწორად სვლას.
ინებოს ღმერთმა, ჩვენც, მოგვთა მსგავსად, ნელ-ნელა ავმაღლდეთ გულისხმისყოფისა და სრულყოფის კიბეზე, შევიმოსოთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით, რომ ვპოვოთ ბეთლემის ბაგასა შინა მწოლი იესო და განვეშოროთ უკეთურ ბრძანებებსა და მზაკვრობას ჰეროდე მეფისას, რომელმაც 14 000 ყრმა მოაკვლევინა იმ იმედით, რომ მათ შორის მოაკვდინებდა ახლადშობილ ძეს ღვთისას (მასში მომავალ მეფეს და მეტოქეს ხედავდა) და ამით თავის ამქვეყნიურ მეფობას გაიხანგრძლივებდა.
საუკუნეთა მანძილზე უფლამდე მისასვლელი გზა მუდამ ნარ-ეკლიანი იყო, ვიწრო და ძნელად სავალი, რადგან ყოველ ეპოქას თავისი ჰეროდე ჰყავს, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება ბოროტ, ბილწ საქმეთ, არ ერიდება არც უდანაშაულო ყრმათა მოწყვეტას, ოღონდ ადამიანები თავის მონობაში ამყოფოს და შემოქმედი დაავიწყოს.
ჩვენს დროშიც მისი მოქმედებანი სხვა და სხვა სახით ვლინდება: აბორტით მოწყვეტილ ჩვილთა სისხლი ცას შეჰღაღადებს, ნარკომანია, აზარტული თამაშები თუ უზნეო ცხოვრების წესი ათასობით ახალგაზრდას იწირავს და ეს დანაშაულებანი ჩვენგან პასუხს ითხოვს.
ჰეროდესეული სული იმასაც ცდილობს, ისეთი გარემო დაამკვიდროს, სადაც მისაბაძი აღარ იქნება სხვისთვის არა თუ თავის გაწირვა, ნაცვალგების გარეშე სიკეთის ქმნაც კი; მისაბაძი აღარ იქნება ზნეობრიობა და სიწმინდე და ადამიანებს დახშული ექნებათ სინდისის ხმა.
ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ სიმართლე და სიკეთე განქარდება, ურთიერთპატივისცემა და პატიოსნება დაიკარგება, რაღა იქნება ჩვენი ყოფა?! თუ მეგობრობა, სიყვარული და თანადგომა ადამიანთა ბუნებიდან წარიხოცება, ვინ შეძლებს ამგვარ სივრცეში ცხოვრებას?! ასეთი საზოგადოება ხომ თავისთავად გახდება სიცოცხლის უუნარო და გადაგვარებისათვის განწირული, რადგან მას აღარ ექნება ძალა ბოროტების შეჩერებისა და ცოდვისთვის წინააღმდეგობის გაწევისა? ამასთან, გაქრება ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ზღვარიც, – ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის.
სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა თანდათან ჩვენთანაც ფეხს იკიდებს და ხალხს შიში და უიმედობა იპყრობს, მაგრამ არ უნდა გავტყდეთ, არ უნდა დაგვაბრკოლოს არც გამრავლებულმა ღალატმა და გაუტანლობამ, არც შურმა და მზაკვრობამ. დროა ასეთი! არსებული რეალობა უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი რწმენის დიდი გამოცდა და შევძლოთ, განვეშოროთ ბოროტებას, ჩვენდამი ჩადენილ ავ საქმეთა გამო, – სამაგიეროს გადახდას; ვეცადოთ, არ დავკარგოთ მომავლის იმედი, არ დავკარგოთ მოყვასის სიყვარული და მისდამი თანადგომის სურვილი, არ დავკარგოთ ღირსება და ძალისამებრ ჩვენისა, სიკეთით ვუპასუხოთ გამოწვევებს.
შევნიშნავთ იმასაც, რომ არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც.
თავისთავად სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს და ნანახისა თუ ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა.
დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, – გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, – ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს.
ამის მოქმედთ, ალბათ, ჰგონიათ, რომ რაკი სხვასზე ფიზიკურად არ ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა.
სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, – როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია. არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა – სიკვდილის ტოლფასი.
ამასთან, არცერთი ჩვენი ნათქვამი არ ქრება და იგი ჩვენი მამხილებელი იქნება ღვთის წინაშე. მაცხოვარი ბრძანებს: ,,ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სასამართლოში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას, რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში უნდა ჩავარდეს” (მათე 5,22).
იაკობ მოციქულიც მეტად მკვეთრ შეფასებას აძლევს ავის- მთქმელთ: ,, ……ენა ცეცხლია, უსამართლობის სამყაროა იგი ……ის ბილწავს მთელს სხეულს … დაუკავებელი ბოროტებაა და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე. მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. . . ასე არ უნდა იყოს” (იაკობი 3, 6-10).
თითოეული დღე, საათი და წუთი აღბეჭდილია ჩვენი კარგი ან ცუდი ქმედებით, კარგად ან ცუდად მეტყველებით. დროს ვერ დავაბრუნებთ და მასში ვერც ჩვენს ნაკვალევს წავშლით, თუ სინანული არ გვექნა. გულწრფელი, ღრმა სინანული, აღსარება და ზიარება ღვთისგან ნაწყალობევი ის საიდუმლოებებია, რომელთაც ძალუძთ მთელი ჩვენი განვლილი არასწორი ცხოვრების და მისი შედეგების აღმოფხვრა, ცოდვის წარხოცვა და ახალ ადამიანად ჩვენი გარდაქმნა, განწმენდა და სულიერი ამაღლება.
წმინდა იოანე ოქროპირი წერს: როგორი ცხოვრებითაც არ უნდა ვიცხოვროთ, სინანულს ვერ ავცდებით; ის, ვინც ამქვეყნად ცდილობს სინანულით უწამლოს თავისი სულის ცოდვით გამოვლინებებს, მარადიულად იხარებს, ხოლო ვინც ამ ქვეყანად შეჰხარის დროებით წარმავალ სიკეთეთ და ყველა საშუალებით მათ მოპოვებას ესწრაფვის მხოლოდ, აუცილებლად ინანებს საუკუნოდ.
პავლე მოციქული კი ბრძანებს: ,,ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, ხოლო სულიერნი,- სულისას…… ხორცის ზრახვა სიკვდილია, ხოლო სულის ზრახვა, – სიცოცხლე და მშვიდობა“(რომ. 8, 5-6).
,,მეორე რჯულშიც” ვკითხულობთ: ,,თქვენს წინაშე ვიმოწმებ ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ” (II სჯ. 30,19).
მთელი კაცობრიობის და თითოეული ჩვენგანის არსებობის არსი ამ ორი გზიდან ერთ-ერთის არჩევაში მდგომარეობს.
განსაკუთრებული ზრუნვა გვმართებს მომავალ თაობაზე, რათა შემდეგ მათ საყვედური არ გვითხრან, რომ არ დავეხმარეთ, გაცნობიერებული ნაბიჯები გადაედგათ თავისი ცხოვრების გზაზე.
მე ურთიერთობა მაქვს პედაგოგებთან და ნაწილობრივ ვიცი ის პრობლემები, რის წინაშეც დღეს საჯარო სკოლა დგას.
სასიხარულოა, რომ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფასს გაზრდის და იზრუნებს მათი ავტორიტეტის ამაღლებისთვის; ასევე სასიხარულოა დაწყებით კლასებში ,,დედა ენის” დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია; ჩვენ მხოლოდ აუცილებელ თემებზე შევჩერდებით და ვიმედოვნებთ, ახალი ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს მას.
პირველ რიგში სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული სულისკვეთებით მოსწავლეთა აღზრდას; სასწავლო პროგრამებიდან, სამწუხაროდ, თითქმის ამოღებულია ჩვენი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები, ყურადღება არ მახვილდება ჩვენი ერის გმირულ წარსულზე, არ აღინიშნება გამოჩენილ პიროვნებათა და მოვლენათა ღირსსახსოვარი თარიღები; ხშირად არ ეწყობა ექსკურსიები ჩვენი ქვეყნის სხვა და სხვა კუთხის გასაცნობად… უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებებიც, რომ ყმაწვილებში სამშობლოს სიყვარული გაღვივდეს და ისინი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.
ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის; ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია.
სკოლაში საათები უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას, ხელსაქმეს, სახელობო მიმართულებებს, ბუნებასთან ურთიერთობას, სოფლის მეურნეობის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნას, უნდა ფუნქციონირებდეს მუსიკალური, სამხატვრო, ლიტერატურული წრეები…
უმნიშვნელოვანესია სპორტული დარბაზებითა და მოედნებით სასწავლებლების უზრუნველყოფა და სპორტულ წრეებში ბავშვების გაერთიანება, რომ მათ ენერგია აქ დახარჯონ და ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.
სკოლამ უნდა ჩაუნერგოს მოსწავლეებს შრომის სიყვარული, უნარი პატიებისა და სხვისი სიხარულით გახარებისა, სიმართლის დაცვისა და მეგობრის ერთგულებისა, დაჩაგრულის თანადგომისა და, საერთოდ, სიკეთის ქმნისა.
ამის განხორციელების შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ მოზარდებს მივეცით საშუალება ჯანსაღ თაობად აღზრდისა; შევთავაზეთ სიკეთე და სიცოცხლე, დანარჩენი კი მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
როგორც აღვნიშნეთ, დღეს ხშირ შემთხვევაში დედ-მამა შვილს ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას; სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მშობელი ნაკლებად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში, რაც დაუშვებელია; სავალდებულო უნდა გახდეს პედაგოგებთან ხშირი შეხვედრა; მათ უნდა იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა და მასწავლებლებთან ერთად ყველაფერი გააკეთონ შვილთან მიმართებაში სწორი მიდგომების განსაზღვრისათვის.
რაც შეეხება ოჯახს, ანუ მცირე ეკლესიას: ზოგადად, ყველამ ვიცით, რომ იგი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს. ყველამ ვიცით ისიც, რომ ოჯახში უსიამოვნებებიც ხდება, მაგრამ როგორც ცოლი, ისე ქმარი უნდა ეცადოს, რთული სიტუაცია მალევე განმუხტოს და, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, დღე ისე არ უნდა დასრულდეს, რომ განაწყენებულებმა ერთმანეთს შენდობა არ სთხოვონ. გახსოვდეთ ისიც, რომ ჩხუბსა და დაძაბულობას შვილები უნდა განარიდოთ, მათი მგრძნობიარე სული მთელი სიმწვავით რეაგირებს ასეთ ქმედებებზე; განსაკუთრებით მძიმე კვალს კი მშობლების განშორება ტოვებს.
სამწუხაროდ, დღეს ხშირად ირღვევა ოჯახები, უმთავრესად ახლადშექმნილი. ვფიქრობთ, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდები ცხოვრებისთვის არ არიან მომზადებულნი და პატარა გაუგებრობაც საკმარისი ხდება განშორებისთვის.
მათ უნდა იცოდნენ, რომ თავდაპირველად უსიამოვნებები შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ეს არის ერთმანეთთან რეალური ურთიერთობების დაწყების პერიოდი; ეს არის ოჯახურ სივრცეში დათმობის და, ამავე დროს, შენი ღირსების დაცვის, სიყვარულის გაცემისა და მიღების, სხვისი და საკუთარი თავის პატივისცემის დამკვიდრების პერიოდი.
ცოლ-ქმრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვრის ყოლას. ამასთან, კარგი იქნება თუ ისინი აღსარებას ერთ სასულიერო პირს ჩააბარებენ (რა თქმა უნდა, შეიძლება სხვა და სხვა მოძღვარიც ჰყავდეთ), რომ მისი საშუალებით თითოეულმა შედარებით უმტკივნეულოდ გააცნობიეროს თავისი შეცდომა და მდგომარეობა გამოასწოროს.
დაეყრდენით ღმერთს, ისწავლეთ მასთან საუბარი, გადაუშალეთ გული და იგი გიჩვენებთ საოცარ მაგალითს მეგობრობისა და შეწევნისა.
ცალკეული ადამიანი და მთელი მსოფლიოც დაუცველობის განცდამ სწორედ იმიტომ მოიცვა, რომ პიროვნება თავისი თავის იმედად დარჩა და შემოქმედი დაივიწყა.
ბედნიერია ის, ვის გულშიც ღმერთმა თვისი ძის სული გამოავლინა (გალატ.4,6) და აღავსო იგი ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ასეთი პიროვნებისთვის აღარ არსებობს შიში ხვალინდელი დღისა, აღარ არსებობს შიში განსაცდელისა და თვით სიკვდილისაც, რადგან იცის და სწამს, რომ ,,ღვთის მოყვარულთ ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ…~ ხოლო ,,თუ ღმერთი ჩვენსკენ იქნება, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ” (რომ. 8, 28,31)!
ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, ყოველნო ერნო, – ჩვენთვის `იშვა ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი,~ ჩვენს ყველა სენთა და ტკივილთა დიდი მკურნალი.
ბეთლემის ბაგას ვარსკვლავი დასდგომია; ვიჩქაროთ, რომ თაყვანი ვსცეთ ჩვილ იესოს, – აბრაამის აღთქმის განცხადებას, მოსეს რჯულის დასრულებას, ახალ პასექსა და ახალ ადამს, პურს ცხოვრებისას და ნათელს სოფლისას, ძეს ღვთისას და ძეს კაცისას, გზას, ჭეშმარიტებასა და სიცოხლეს.
შორებელთა და ახლობელთ გვიხმობს ღმერთი ჭეშმარიტი, გვიხმობს ხანდაზმულთ და ყრმებს, ახალგაზრდებს, გვიხმობს დამცირებულთ და შეურაცხყოფილთ, ქვრივ-ობლებს, განსაცდელში მყოფთ, მდიდართ და გლახაკთ, ჩინებულთ და უჩინოთ, ერსა და ბერს.
არა აქვს მნიშვნელობა, მისკენ ჩვენი გზის სავალი ბეთლემელი მწყემსებივით ხანმოკლე იქნება, თუ მოგვებივით ხანგრძლივი, მთავარია ვპოვოთ იესო, ვპოვოთ ყოვლადწმინდა მარიამი, ჩვენი გამორჩეული მფარველი, და აღარც განვეშოროთ მათ სიცოცხლის ბოლომდე.
იესო ქრისტეს მოწყალებით, ღვთისმშობლის მეოხებით, ღმერთმა ბედნიერი შობა-ახალი წელი მომადლოს თითოეულ თქვენგანს, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს.
ყველას გისურვებთ უფლის მადლით აღვსებას!
ღმერთს ებარებოდეთ, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
შობა ქრისტესი
თბილისი
2018/2019 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 86 წელი შეუსრულდა
ა.წ. 4-5 იანვარს საქართველოს საპატრიარქოში საზეიმო მიღებები გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა ქ-ნმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ბ-ნმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტარებმა, მეცნიერებმა, მწერლებმა და უბრალო მრევლმა.
სტუმრებმა მის უწმინდესობას ქვეყნისთვის გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.
კათოლიკოს-პატრიარქმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა ყველას და დალოცა სრულიად საქართველო.
სულთმოფენობიდან 32-ე კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება
სულთმოფენობიდან 32-ე კვირიაკე
წირვაზე – ებრ. 11:9-10; 17-23; 32-40. მთ. 1:1-25.
წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ – 11:9-10; 17-23; 32-40
რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უცხოს, და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად.
რწმენით განმტკიცებული სამუდამოდ გადასახლდა და დამკვიდრდა აღთქმულ ქვეყანაში, როგორც ხიზანი (მწირი) სხვის სამფლობელოში, სადაც იგი კარვებში ცხოვრობდა ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად (იხ. დაბ. 12:1 და შემდგ.).
ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი.
აღთქმული სამემკვიდრეოდან, რომელიც მათ არ მიუღიათ (მაშინ), ცხადად ჩანდა, რომ ისინი იმ ქალაქს ელოდნენ, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი.
ღირსი ეფრემ ასური
რწმენით შესწირა აბრაამმა, გამოცდის ჟამს, ისააკი; აღთქმა რომ ჰქონდა მიღებუღი, მიტომაც შესწირა მხოლოდშობილი, რომელზედაც ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა“.
რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში.
რა არის მოყვანილი მაგალითის აზრი, თუ არა ის, რასაც იგივე მოციქული სხვა ადგილას ამბობს: „ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი“ (რომ. 8:32)? ამიტომ, როგორც უფალს, მიჰქონდა თავისი ჯვარი (გოლგოთის გზაზე), რაზეც ის უნდა გაეკრათ, ისე მიჰქონდა სამსხვერპლო ადგილისკენ ისააკს შეშა, რაზეც ის უნდა დაეწვათ; მაგრამ რაკი ისააკი გადარჩა იმის გამო, მამამისს აეკრძალა მასზე ხელს აღმართვა, ამიტომ ისმის კითხვა, ვინ იყო ის ზვარაკი, რომლის დაკვლითაც დასრულდა ეს მნიშვნელოვანი მსხვერპლშეწირვა? აბრაამმა ვერძი იმ დროს დაინახა, როდესაც ის რქებით ბუჩქებში იყო გახლართული. ამგვარი სახით ვის წარმოადგენდა იგი, თუ არა იესოს, რომელსაც სიკვდილის წინ ებრაელებმა ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე?
ნეტარი ავგუსტინე იპონიელი
რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის.
როგორ შეეძლო ისააკს, როცა თავად სხვის მიწაზე ცხოვრობდა, თავისი შვილებისთვის ამდენი სიკეთე აღეთქვა, რწმენა რომ არ ჰქონოდა იმისა, რომ ღმერთი აღთქმულს უბოძებდა? რას ნიშნავს: მომავლისათვის? – მომავალი საუკუნის სიკეთეებისთვის. მათ იცოდნენ მკვდრეთით აღდგომის შესახებ და ამიტომ გასაგები იყო მათთვის ეს კურთხევა; ან, შესაძლოა, ეს კურთხევა იმ მიწიერ სიკეთეებს ეხებოდეს, რომლებიც მათ თავად ან მათ შთამომავლებს, მომავალში უნდა მიეღოთ.
ისააკი ესავზე წინ იაკობს აყენებს, როგორც კეთილმოქმედს, როგორც პირმშოობის უფლებამიღებულს და ყველაფერში უპირატესობის ღირსს.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
რწმენით აკურთხა სათითაოდ მომაკვდავმა იაკობმა იოსების ძენი, და თავის კვერთხზე დაყრდნობილმა თაყვანი სცა.
რწმენით აკურთხა სათითაოდ მომაკვდავმა იაკობმა იოსების ძენი. აქ მისი მთელი კურთხევა უნდა გადმოვცეთ, რომ უფრო ნათლად გამოჩნდეს მისი რწმენაც და წინასწარმეტყველებაც. თაყვანი სცა, – ამბობს მოციქული, – თავის კვერთხზე დაყრდნობილმა. წმინდა პავლე აჩვენებს, რომ იაკობმა მხოლოდ სიტყვით კი არ გამოთქვა, არამედ იმდენად დიდი ჰქონდა მომავლის იმედი, რომ ეს საქმითაც გამოამჟღავნა. ვინაიდან ეფრემისგან სხვა მეფე უნდა აღმდგარიყო, ამიტომ ამბობს: თავის კვერთხზე დაყრდნობილმა თაყვანი სცა. მიუხედავად იმისა, რომ იაკობი მოხუცი იყო, მან თაყვანი სცა იოსებს, რითაც გამოხატა, რომ მომავალში იგი მთელი ერისგან იქნებოდა თაყვანცემული. ნაწილობრივ ეს აღსრულდა, როდესაც მას ძმებმა სცეს თაყვანი, მაგრამ სრულად უნდა აღსრულებულიყო ათი თაობის შემდეგ. ხედავ, როგორ იწინასწარმეტყველა მომავალი? ხედავ, როგორი რწმენა ჰქონდათ მამამთავრებს, როგორ სწამდათ მომავლის? აქ მოყვანილი მაგალითებიდან ზოგი მოთმინების ნიმუშია ტანჯვის დროს და სიკეთეების მოკლებისას, როგორც აბრაამისა და აბელის შემთხვევაში; ზოგიც – ღმერთისა და მისგან მისაგებელის რწმენის მაგალითია, როგორც ნოეს შემთხვევაში. სიტყვა „რწმენა“ მრავალი მნიშვნელობისაა – ხან ერთს გამოხატავს, ხან მეორეს. აქ იმ მნიშვნელობითაა ნათქვამი, რომ დადგება მისაგებლის ჟამი, რომ ყველას ერთი და იგივე ხვედრი არ ელის, რომ ჯილდოების მისაღებად ღვაწლია საჭირო.
წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი
რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე.
რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა. იოსებს სწამდა, რომ ისრაელის ძენი ეგვიპტიდან გამოვიდოდნენ და აღთქმულ მიწას მიიღებდნენ, ამიტომ გაიხსენა მან თავისი აღსასრულისას მათი გამოსვლის ამბავი, როგორც ამას შესაქმის წიგნი გვამცნობს (დაბ. 50:24). და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე. მან ანდერძად დაუბარა, რომ ეგვიპტიდან გასვლისას მისი ნეშტიც თან წაეღოთ. ამით იაკობმა რწმენა ჩანერგა მათში, რათა ისინიც ამ მოვლენის მოლოდინში ყოფილიყვნენ და ყოველთვის ხსომებოდათ, რომ თავისი ძვლების შესახებ. ასეთ ბრძანებას იაკობი ისე არ გასცემდა, მათ გასვლაში დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო.
რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში, რადგანაც ხედავდნენ ყრმის სიკეთეს და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას.
რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში, რადგანაც ხედავდნენ ყრმის სიკეთეს. „გამოსვლის“ წიგნში ნათქვამია, რომ ფარაონმა ბებიაქალებს უბრძანა, ებრაელი ახალშობილი ვაჟები დაეხოცათ (გამოს. 1:16). როდესაც მოსე დაიბადა, მშობლებმა ნახეს, რომ ჩვილი ერთობ ლამაზი და მკვირცხლი იყო და ირწმუნეს, რომ რაკი ღმერთმა მას ასეთი მშვენიერება უწყალობა, ესე იგი, სიკვდილსაც აუცილებლად აარიდებდა. და თვით მოსეს მზერამაც მათში იმის რწმენა შთათესა, რომ ბუნების ჩვეულებრივი წესით კი არ იყო ბავშვი ასეთი ლამაზი დაბადებიდან, არამედ ღვთის განგებულების რაღაც განსაკუთრებული წინასწარგანსაზღვრებით. ამიტომ სჯეროდათ, რომ იგი გადარჩებოდა და სამი თვის განმავლობაში გარეშე თვალთაგან მალავდნენ. და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას, რადგან შიში რწმენამ დაამარცხა.
სწავლული ბერი ეფთვიმე ზიღაბენი
მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა გედეონის, ბარაკის, სამსონის, იეფთაეს, დავითის, სამუელისა და წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად.
მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა. რომელი დრო? ეს ან ჰიპერბოლური ნათქვამია, როგორც ჩვენთან იციან ხოლმე თქმა, ანაც ლაპარაკია ეპისტოლის დასაწერად გამოყოფილ დროზე.
გედეონის (მსაჯ. 6:11-26), ბარაკის (მსაჯ. 4:4-9), სამსონის (მსაჯ. 14-16), იეფთაეს (მსაჯ. 11-12), დავითის (1 მეფ. 16-31; 2 მეფ. 1-24 და სხვ.), სამუელისა (1 მეფ. 1-10) და (სხვა) წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად,
ზოგიერთებს აინტერესებთ, რატომ ახსენებს აქ მოციქული იეფთაეს, სამსონსა და ბარაკს. რას ამბობ? სადაც მეძავი ახსენა (რააბი – მუხ. 31), ესენი რატომ არ უნდა ეხსენებინა? არ არის ახლა საჭირო, მათი ცხოვრების სხვა მხარეებზე ვილაპარაკო; შენ კი იმაზე გაამახვილე ყურადღება, რომ ისინი რწმენით გაბრწყინდნენ, რადგან მოციქული აქ რწმენის წარმოჩენითაა დაკავებული და არა მათი ცხოვრების აღწერით.
რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს,
რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს (შდრ. მსაჯ. 7) გედეონის თანამებრძოლნი.
აღასრულებდნენ სიმართლეს. ვინ? იგივენი და სამსონი. მათ საკუთარი ნათესავებისა და თანატომელთა მტრები მოიგერიეს, რითაც, ერთი მხრივ, თავისიანების მიმართ კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, მეორე მხრივ, მჩაგვრელებზე გაილაშქრეს. სწორედ ესაა სიმართლის თვისება – თითოეულს დამსახურებისამებრ მიაგოს.
იღებდნენ აღთქმას როგორც, მაგალითად, დავითი, რამეთუ ნათქვამია: „შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე“ (ფს. 131:11). გრძნობითად ეს სოლომონზე აღსრულდა, სულიერად – უფალ იესოზე, ჭეშმარიტ სოლომონზე, მშვიდობიანზე, თავად მშვიდობაზე. ასე განმარტავენ სახელს „სოლომონი“ – მშვიდობიანი.
პირს უკრავდნენ ლომებს. ვინ? დანიელი და სამსონი.
შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს.
შრეტდნენ ცეცხლის ძალას. სამნი ყრმანი (დან. 3:10-22). არ უთქვამს: „შრეტდნენ ცეცხლს“, არამედ: „ცეცხლის ძალას“, რადგან ცეცხლი მათ მოიცავდა, მაგრამ მათი დაწვის ძალა არ გააჩნდა.
თავს აღწევდნენ მახვილის პირს ასევე სამი ყრმა ან, უფრო ზუსტად – ელია – იეზაბელის მახვილს (3 მეფ. 18) და თავად დავითი – საულის მახვილს.
ძლიერდებოდნენ უძლურებისგან ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულნი, რადგან ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ მკვდრების ძვლებისგან, როგორც ეზიკიელთან არის ნათქვამი (ეზეკ. 37:11-14). თუმცა უძლურმა ეზეკიამაც მიიღო სიცოცხლის დღეთა შემატება (4 მეფ. 20:1-11).
მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. ეს ბაბილონიდან დაბრუნებულებსაც ეხებათ, რადგან მეზობელ ხალხებს შურდათ მათი და კიდევ უფრო ესხმოდნენ თავს. ისინი კი ღვთის ძალაზე ამყარებდნენ იმედს და მტრებს რწმენით ამარცხებდნენ (1 მაკაბ. 6:28-42; 2 მკაბ. 8:1-6), თუმცა ყველაზე მეტად ეს სამსონს მიესადაგება.
ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.
ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები. სერაფითელ ქვრივს – ელიას (3 მეფ. 17:20-23), ხოლო სომანიტელ დედაკაცს – ელისეს (4 მეფ. 4:32-37) მეშვეობით დაუბრუნდათ მკვდრები.
სხვები კი ეწამებოდნენ: იოანე ნათლისმცემელს თავი მახვილით მოჰკვეთეს (მთ. 14:3-11); იაკობიც, ზებედეს ძე, მახვილით განგმირეს (საქ. 12:2). თუმცა ზოგიერთები „წამებაში“ გაროზგვას გულისხმობენ.
უარს ამბობდნენ გამოხსნაზე. მათ შეეძლოთ, არ ემხილებინათ ისინი, ვისაც ამხელდნენ, და ამით სასჯელისგან თავი დაეღწიათ, მაგრამ ეს არ ისურვეს.
რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი, იმაზე უკეთესი, ვიდრე იმ ქალების შვილებმა მიიღეს; ან უკეთესი სხვა ადამიანებთან შედარებით, რადგან წმინდანები გაბრწყინებულნი აიტაცებიან ღრუბლებზე უფალთან შესახვედრად, რასაც სხვა ადგილას მოციქული აღდგომას უწოდებს (ფილიპ. 3:11) და, საერთოდ, მარადიულ ცხოვრებაში შეიყვანებიან. დანარჩენები კი ქვემოთ იქნებიან და მარადიული სასჯელისთვის აღდგებიან.
სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი.
სხვებმა დაითმინეს გმობა. მაგალითად, ელისემ, რომელიც ყრმათა დასაცინი შეიქნა (4 მეფ. 2:23), ან სამსონმა – თანატომელთა გამო, მას შემდეგ, რაც თვალები დათხარეს (მსაჯ. 16:25).
და გვემა. ბევრი წინასწარმეტყველი იგვემა, მოგვიანებით კი – პეტრე და იოანე (საქ. 5:40-41).
სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. მაგალითად, იერემიამ (იერ. 33:1) და მიქიამ (3 მეფ. 22:26), შემდგომში კი – მოციქულებმა (მაგალითად, პეტრემ და იოანემ – საქ. 5:18 და სხვ.).
იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა),
იყვნენ ჩაქოლილნი. მაგალითად, ნაბუთე (3 მეფ. 21:1-15), შემდგომში – სტეფანე (საქ. 6:8-15; 7:1-60).
შუაზე გადახერხილნი. მაგალითად, მანასეს მიერ ესაია, რომელიც, როგორც ამბობენ, ხის ხერხით გადახერხეს, უფრო მეტი ტკივილი რომ განეცადა, თუმცა იგი ისედაც უზომოდ აწამეს.
ხმლით განგმირულნი. მაგალითად, მიქია და ზაქარია, იოანე ნათლისმცემელი და იაკობი.
შეხედე, ერთნი რწმენით გაურბოდნენ მახვილს, მეორენი რწმენითვე მახვილით კვდებოდნენ. ასეთია რწმენის თვისება: მას შეუძლია, დიდი გმირობა ჩაგადენინოს და დიდი წამება დაგათმენინოს ისე, რომ ოდნავადაც არ იფიქრებ, რომ იტანჯები. ასე რომ, რად წუწუნებთ თქვენ, როცა მსგავსი არაფერი შეგმთხვევიათ ცხოვრებაში?
ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი. მაგალითად, ელიას მოწაფენი. ისინი უკიდურესად უპოვარნი იყვნენ. ებრაელებს ჯერ არ ჰქონდათ ასეთი წარმოდგენა მოციქულებზე, ამიტომ მათი ხსენების შემდეგ მოციქული გადადის ცაში ატაცებულ დიდებულ წინასწარმეტყველზე. გამოთქმა მოარულნი, ნიშნავს, რომ მათ დევნიდნენ და ამიტომ ერთ ადგილზე არ ჩერდებოდნენ.
გაჭირვებულნი. მაგალითად, იგივე ელია და ელისე, რადგან მათ ქალები კვებავდნენ.
ურვილნი, ძვირხილულნი. არცთუ მცირე მწუხარება მიაყენა ელიას მისმა მდევნელმა იეზაბელმა.
რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა. ვერ იტყვით, რომ ყველაფერი ეს ცოდვილებს გადახდათ თავს, არამედ – რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა. წმინდა წერილში „ქვეყანა“ ხალხის სიმრავლესაც ეწოდება და თვით შექმნილ სამყაროსაც. აქ ერთიც შეიძლება ვიგულისხმოთ და მეორეც. ამიტომ, – ამბობს მოციქული, – ყველაფერი შექმნილი და, მათ შორის, ადამიანებიც, რომ შეადარო ისინი ღირსებით მათ მსგავსს, მაინც ვერაფერს და ვერავის იპოვი. აქ მოციქული მსმენელთა გულებს აღძრავს იმად, რომ ამქვეყნიურზე არაფერზე იზრუნონ, რაკი ქვეყანა მათი ღირსი არ არის. სირცხვილია შენთვის, თუკი ჯილდოს აქ მიიღებ, რადგან ამით აჩვენებ, რომ არაფრად ღირხარ. თუკი მთელი ქვეყანა ერთი წმინდანის ღირსიც არ არის, მაშინ რატომ ცდილობ, რომ შენი წილი ამქვეყნად იქონიო?
უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.
მაგალითად, ელია, ასევე, აბდიას მიერ მღვიმეში ფარულად გამოკვებილი წინასწარმეტყველები (3 მეფ. 18:4). ამბობენ, უდაბნოშიც კი ვერ სახლდებოდნენ ისინი უშიშრად, იქიდანაც შიშით იდევნებოდნენ და ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ. მაგრამ მათ სწამდათ, რომ ღმერთისგან მარადიულ ნუგეშს მიიღებდენ და ამიტომაც ყოველივეს ითმენდნენ.
ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,
რაო, – ეუბნება იგი მათ, – სულმოკლეობთ იმის გამო, რომ მოღვაწეობთ და ჯილდოს ვერ იღებთ? არც ერთ ზემოთ მოხსენიებულ წმინდანს, მიუხედავად იმისა, რომ რწმენით სათნო ეყვნენ ღმერთს, ჯერაც არ მიუღია ზეციური აღთქმები. თუმცა ზოგიერთმა მათგანმა მიწიერი აღთქმა მიიღო, როგორც დავითმა, მაგრამ ისინი ამას არ ეძებდნენ. რაც ზეცაშია – აი, სწორედ ის არის ნამდვილი აღთქმა!
რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
უკეთესს იმას უწოდებს, რაც ჩვენს პატივს ეხება. იმისათვის, რომ არ გვეგონოს, თითქოს მათ უპირატესობა აქვთ ჩვენ წინაშე იმით, რომ პირველები იდგამენ გვირგვინებს, ღმერთმა ყველას დასაგვირგვინებლად ერთი დრო დაადგინა. მოციქულს არ უთქვამს: „რათა ისინი უჩვენოდ არ დაგვირგვინებულიყვნენ“, არამედ: „რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი“. ამიტომ ისინიც მომავალ საუკუნეში ჩვენთან ერთად აღმოჩნდებიან სრულყოფილნი; ახლა კი პატივის მხოლოდ წინდი აქვთ მიღებული. აბა სხვაგვარად საიდან აქვთ მათ ძალა მლოცველთა შესაწევნელად? საიდან აქვთ კადნიერება ღვთის წინაშე საოხად? სრულყოფილებას ისინი მერე მიიღებენ. ამდენად, სამართლიანია თუ არა ღმერთი მათთან მიმართებით, თუკი ღვაწლი დაგვასწრეს, გვირგვინების მისაღებად კი ჩვენ უნდა გველოდონ? პირიქით, ეს მათი საწადელიცაა: ძმებთან ერთად მიაღწიონ სრულყოფილებას! ჩვენ, ყველანი, ერთ სხეულს შევადგენთ; დიდი სიხარულია სხეულისთვის, როცა ის მთლიანად გვირგვინდება. ღმერთი შვილებისმოყვარე მამაა და მას ბევრი შვილი ჰყავს. ზოგმა მათგანმა დაასრულა საკუთარი საქმე და მინდვრიდან შინ დაბრუნდა, სხვები კი ჯერაც ყანაში ირჯებიან. ვინც შრომა დაასრულა, ღმერთმა მათ გარკვეული სიკეთე აგემა, თუმცა დაავალდებულა, რომ საბოლოო ტრაპეზისთვის ძმებს დალოდებოდნენ. და აი, ისინიც, კაცთმოყვარენი, სიხარულით ელოდებიან იმ ჟამს, როცა ერთობლივად დავტკბებით საერთო ზეიმით.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 1:1-25
წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.
ესაია წინასწარმეტყველთან ვკითხულობთ: „ვის შეუძლია ილაპარაკოს მის მოდგმაზე?“ („ნათესავი მისი ვინ მიუთხრას?“) (ეს. 53:8). არ უნდა ვიფიქროთ, რომ მახარებელი ეწინააღმდეგება წინასწარმეტყველს იმით, რომ იწყებს იმის გადმოცემას, რისი გადმოცემაც შეუძლებელია, იმიტომ, რომ წინასწარმეტყველი საუბრობს ღმრთაებრივ შობაზე, მახარებელი კი – განხორციელებაზე; ხორციელი მხრიდან კი იმიტომ იწყებს, რომ ღმერთის შესახებ საუბარი ადამიანის მეშვეობით შევძლოთ.
ღირსი იერონიმე სტრიდონელი
აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები.
აბრაამმა შვა ისააკი. აბრაამიდან იმიტომ იწყებს მახარებელი შობის წიგნს, რომ იგი ებრაელების მამა იყო და მან პირველმა მიიღო აღთქმა, რომ „ყველა ხალხი დედამიწის ზურგზე კურთხეული იქნება მისით“ (დაბ. 18:18). ამდენად, ჯეროვანია ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება, რამეთუ ქრისტე არის აბრაამის თესლი, რომელშიც თითოეულმა ჩვენგანმა – რომლებიც წარმართები ვიყავით და მანამდე ფიცის ქვეშ ვიმყოფებოდით – მიიღო კურთხევა. აბრაამი თარგმანით ნიშნავს: „ერების მამა“, ისააკი – „სიხარული“, „მხიარულება“. მახარებელი არ ახსენებს აბრაამის უკანონო შვილებს, მაგალითად, ისმაილსა და სხვებს, რადგან იუდეველები მათგან კი არა, ისააკისგან წარმოიშვნენ.
ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები. ხომ ხედავ, იუდა და მისი ძმები მათე მოციქულმა იმიტომ მოიხსენია, რომ სწორედ მათგან წარმოიშვა ებრაელთა თორმეტი ტომი.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი.
არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი.
სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი.
მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან.
სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია.
ოზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა აქაზი; აქაზმა შვა ეზეკია.
ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი;. ამონმა შვა იოსია.
იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის ჟამს.
იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან. იუდა იყო იაკობის მეოთხე ძე. მან თავის პირმშოს – ჰერს მოჰგვარა ცოლად თამარი (დაბ. 38:6). როდესაც ჰერი უშვილოდ გარდაიცვალა, მაშინ იუდამ თამარი თავის მეორე ვაჟს – ონანს შერთო, მაგრამ თავისი უმსგავსო საქციელისთვის უფალმა ისიც მოაკვდინა (დაბ. 38:10). იუდა დაჰპირდა თამარს, რომ როგორც კი მესამე ვაჟი – შელა მოიწიფებოდა, მას გააყოლებდა ცოლად, მანამდე კი თავისი მამის სახლში უნდა დაბრუნებულიყო და იქ ქვრივად ეცხოვრა. მაგრამ შემდგომში იუდამ გადაიფიქრა, რადგან შეშინდა, შელაც უფროსი ძმებივით არ მოკვდესო, და ქორწინება გაურკვეველი ვადით გადადო. რძალს კი ძალიან სურდა, აბრაამის დიდებული ტომის წარმომადგენლისგან დაორსულებულიყო. ამიტომ, როცა მიხვდა, რომ იუდა დანაპირებს არ შეასრულებდა, მეძავივით გამოეწყო, სახე დაიფარა და ქალაქის კარიბჭესთან დაჯდა. იუდამ იგი ვერ იცნო, შევიდა მასთან, როგორც მეძავთან და ქალი დაორსულდა, ტყუპები ჩაესახა. როდესაც მშობიარობის ტკივილები დაეწყო და ფარეზი და ზარა უნდა დაბადებულიყვნენ, ზარამ პირველმა გამოყო ხელი. ბებიაქალმა მას მეწამული ძაფი შეაბა, რათა პირმშო ადვილად გამოერჩიათ. მაგრამ ზარამ ხელი უკანვე შეაბრუნა და პირველი მისი ძმა, ფარეზი, გამოვიდა. ასეთია ამ ვითარების მოკლე ისტორია. ბუნებრივი იქნებოდა, მახარებელს შობის წიგნში მხოლოდ ფარეზი ჩაეწერა, ვინაიდან მისგან გრძელდება ნათესაობა ვიდრე აბრაამამდე, მაგრამ მან ზარაც ჩაწერა, როგორც ქრისტიანი ერის წინასახე; ფარეზი კი ებრაელ ერს განასახიერებს. როგორც ზარამ გამოყო ხელი, მერე უკან შეაბრუნა და მხოლოდ ფარეზის შემდეგ გამოვიდა, ასევე, სახარებისეული ცხოვრების ერთი ნაწილი ჯერ კიდევ აბრაამის დროს გამოვლინდა. მერე კი რჯულისმიერი ცხოვრება დაიწყო და მხოლოდ მის შემდეგ სრულად გამოჩნდა სახარებისეული. ასე რომ, როგორც ხედავ, ზარა აქ ტყუილად არ არის ნახსენები.
ახლა ისღა დაგვრჩენია, ვაჩვენოთ, რომ შობის წიგნში მახარებელმა შეგნებულად შეიყვანა როგორც თამარი, ისე ქვემოთ მოხსენიებული სხვა სამი ქალი. მართალია, როგორც მათი ცხოვრების ისტორიები აჩვენებს, თამარმა არაკანონიერი ხორციელი კავშირი დაამყარა თავის მამამთილთან; რააბი მეძავი იყო; რუთი უცხოტომელი; ბერსაბე, ურიას ცოლი – მრუში დედაკაცი, მაგრამ მახარებელმა მაინც შეიყვანა ისინი იესოს წინაპართა ჩამონათვალში, რითაც აჩვენა, რომ ქრისტეს არ ესირცხვილებოდა, ისეთ წინაპართაგან შობილიყო, რომელთა შორის ერთი უკანონო ქორწინებაში იშვა, მეორე – სიძვაში, მესამე – უცხოტომელისგან, მეოთხე – მრუშობის შედეგად. წინაპრების ურჯულოება კეთილმოქმედ ადამიანს ზიანს ვერ მიაყენებს. თითოეული ითვლება კეთილად ან ბოროტად საკუთარი და არა სხვების საქმეების საფუძველზე. ქრისტე იმიტომ არ განკაცებულა, რომ ჩვენს სირცხვილს გაჰქცეოდა, არამედ ეტვირთა ის და გაენადგურებინა თავისი სრულყოფილი სათნოებებით. იგი მკურნალივით მოვიდა და არა – მსაჯულივით. ასეთია იესო ქრისტეს შობის წიგნში ამ ქალების შეყვანის პირველი მიზეზი. მეორე: იუდეველები ნაკლებად ზრუნავდნენ საკუთარ და არსებით სათნოებებზე, უფრო წინაპრებით მოჰქონდათ თავი და წინ და უკან ავრცელებდნენ მათი კეთილშობილების ამბავს. ამიტომ მახარებელი ამდაბლებს მათ სიამაყეს და აჩვენებს, რომ ისინიც უკანონო ქორწინებებში იშვნენ. ასე, მაგალითად, მათმა მოსახელე მამამთავარმა იუდამ ურჯულოებაში შვა მათი წინაპრები – ფარეზი და ზარა. დავითმაც, მათმა სახელოვანმა წინაპარმა, მრუში ქალისგან შვა სოლომონი. ასე რომ, ამაოდ ქედმაღლობენ საკუთარი წინაპრებით. ვგონებ, უმთავრესად სწორედ ამ მიზეზით მოიხსენია მახარებელმა იუდას ძმები. ოთხი მათგანი იაკობის მხევლებისგან იშვა, მაგრამ არც ერთი მათგანი ამით არ დაზარალენულა – ისინი მაინც იყვნენ თავიანთი ტომების მამამთავრები. მესამე მიზეზი ისაა, რომ ეს ქალები წარმართებისგან შემდგარ ეკლესიას განასახირებენ. როგორც მათზე, სხვადასხვა ბიწით შებილწულებზე, დაქორწინდნენ ზემოთ ხსენებული მამაკაცები, ისე ქრისტემაც შეიერთა სხვადასხვა ცოდვებით დათრგუნული ადამიანური ბუნება; და როგორც ამ ქალების შთამომავლები, ისე ეკლესიასთან თავისი ქორწინება უღირსობად არ ჩაუთვლია. აქედან ვსწავლობთ, რომ უნდა შეგვრცხვეს საკუთარი და არა წინაპრების ცოდვებისა; საკუთარ სათნოებებზე ვიზრუნოთ და არა – წინაპრებით ვიკვეხნოთ; არ გავკიცხოთ ის დიდებული ადამიანები, რომლებიც გასაკიცხი ქორწინებისგან იშვნენ; ზურგი არ ვაქციოთ იმათ, ვინც სხვადასხვა უწმინდურებას ზურგი აქციეს და რწმენაზე მოექცნენ.
ფარეზმა შვა… ბაბილონის ტყვეობის ჟამს.
მეფეთა მეოთხე (თავ. 23) და ნეშტთა მეორე (თავ. 36) წიგნებში საუბარია იოსიას სამი ძის შესახებ, ესენია: იოაქაზი, იოაკიმი, რომელსაც ეს სახელი ფარაონმა შეარქვა და მანამდე იელაკიმი ერქვა, და სედეკია, იგივე მათანია. ერთ-ერთი მათგანისგან, იოაკიმესგან, ამბობენ, იშვა იექონია. თუმცა ეზრას წიგნში ნათქვამია, რო იექონია იოსიას ძე იყო, როგორც ამას მახარებელიც ამოწმებს. რა უნდა ვთქვათ ამაზე? მხოლოდ ის, რომ ეზრას წიგნი იექონიას უწოდებს იმ პირს, ვისაც სხვები იოაკიმად მოიხსენიებენ, რადგან მას თავისი ძმებივით ორი სახელი ჰქონდა. რაც სხვა წიგნებში იოაკიმის შესახებაა ნათქვამი, ეზრას წიგნი იმას იექონიას მიაწერს, კერძოდ, რომ მას ჰყავდა დედა ამიტალი – იერემიას ასული, რომელიც ოცდასამის წლის ასაკში გამეფდა და მხოლოდ სამი თვე იმეფა, ის ტახტიდან ჩამოაგდო ეგვიპტის ფარაონმა და და ეგვიტეში ტყვედ წაიყვანა.
შესაბამისად, არსებობდა სხვა იექონია, რომლის ძმებსაც არც ერთი წიგნი არ ახსენებს. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ეგვიპტელები ნაბუქოდონოსორმა – ბაბილონის მეფემ შემუსრა, იექონიაც ბაბილონში გადაასახლეს.
იოსიამ შვა იექონია , – ამბობს მახარებლი, – და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის ჟამს. სინამდვილეში იოსიამ ისინი იუდეველთა ბაბილონში გადასახლებამდე შვა. შესაბამისად, „ტყვეობის ჟამს“ ნათქვამია ნაცვლად „ტყვეობის ჟამის წინაპერიოდში“. მახარებელმა მისი ძმებიც ჩაწერა წიგნში, იმიტომ, რომ ისინიც მეფობდენ, ტყვედ ჩავარდნენ და ნაბუქოდონოსორის მიერ ბაბილონში იქნენ გადასახლებულნი.
აქვე ისმის კითხვა, რატომ გამოტოვა მახარებელმა იესოს წინაპართა სიის შუა ნაწილში სამი მეფის სახელი, კერძოდ, ოქოზია – იორამის ძე, იოასი – ოქოზიას ძე და ამასია – იოასის ძე? მეფეთა მეოთხე წიგნის თანახმად, ამასიამ შვა აზარია, რომელიც ნეშტთა მეორე წიგნში ოზიად არის წოდებული, რადგან ორი სახელი ჰქონდა. მაშ, რატომ ამბობს მახარებლი, რომ იორამმა შვა ოზია? ცხადია, იორამმა შვა ოზია, როგორც თავისი შთამომავალი და არა – ძე. აქამდე არავის განუმარტავს, თუ რატომ გამოტოვა მახარებელმა ამ სამი მეფის სახელი; ჩვენი თანამედროვეების ახსნა საკმაოდ ბუნდოვანია, წინამორბედთაგან კი ეს საკითხი არავის გადაუჭრია[1].
ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი.
ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი.
აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა მვა ელიუდი.
ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მატთანი; მატთანმა შვა იაკობი.
ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
მივიდა რა იოსებამდე, მახარებელი ამ სიტყვაზე არ გაჩერებულა, არამედ დაურთო: ქმარი მარიამისა, რითაც წარმოაჩინა, რომ სწორედ მის გამო შეადგინა მან იოსების გენეალოგია. ვინაიდან ტრადიციულად არ იყო მიღებული ქალების გენეალოგიის შედგენა, ამიტომ მახარებელი შეეცადა, ერთი მხრივ, ტრადიციაც დაეცვა და, მეორე მხრივ, ეჩვენებინა, რომ ქრისტე აბრაამისა და დავითის ტომიდან იშვა. მან შეადგინა ღვთისმშობლის დამწინდველის შობის წიგნი და ამგვარდ დაამტკიცა ის, რაც საჭირო იყო. რაკი დამტკიცებულია, რომ იოსები დავითისა და აბრაამის შთამომავალი იყო, მაშინ, ცხადია, ღვთისმშობელიც იმავე წარმომავლობის იქნებოდა, რამეთუ არსებული წესების თანახმად, მამაკაცს ცოლი თავისი გვარ-ტომეულიდან უნდა მოეყვანა. მის ქმრად მახარებელი იოსებს ასახელებს, როგორც სასიძოს, შემდგომში კი მარიამს უწოდებს მის ცოლს, როგორც სასძლოს; ქორწინებამდე ასეთი სახელწოდებები სავსებით მიღებული იყო იმდროინდელი ტრადიციებით.
ასე რომ, მთელი შთამომავლობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე თოთხმეტი თაობა და ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.
ქრისტეს მთელი გენეალოგია მახარებელმა სამ ნაწილად დაყო და, ბუნებრივია, იმიტომ, რომ მმართველობის სამი ფორმა არსებობდა. აბრაამიდან დავითამდე, მოსესა და ისო ნავესის შემდეგ, ებრაელებს მსაჯულები მართავდნენ; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე – მეფეები; ბაბილონს გადასახლებიდან ქრისტემდე – მღვდელთმთავრები. მას შემდეგ, რაც ქრისტე მოვიდა – ჭეშმარიტი მსაჯული, მეფე და მღვდელთმთავარი, აღნიშნული მმართველობები შეწყდა. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ მახარებელმა მესამე ნაწილში ცამეტი თაობა ჩაწერა, მაგრამ უწოდებს თოთხმეტს. ამასთან დაკავშირებით წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „ვგონებ, რომ ტყვეობისდროინდელ თაობებს მახარებელმა თავად იესო ქრისტეც მიაკუთვნა, რადგან მას ყოველთვის ჩვენთან აერთიანებს“[2].
ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული წმიდისაგან.
იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა. ანუ ისე, როგორც აპირებს თქმას, როგორც ქვემოთაა გადმოცემული.
დედამისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული წმიდისაგან.
ქორწინებით მათ შეერთებამდე. მახარებელს არ უთქვამს: „მარიამის იოსების სახლში მისვლამდე“, რადგან ის უკვე იქ ცხოვრობდა. იმ დროში ბევრს ჰქონდა ჩვეულებად, მეტი უსაფრთხოებისათვის სასძლო სახლში ჰყოლოდა. აღმოჩნდა – ნაცვლად: „გამოაშკარავდა, რომ მუცლად ეღო…“. მაგრამ მახარებელმა თქვა: „აღმოჩნდა“, ე. ი. მოულოდნელად გახდა ცნობილი; ხოლო ვინმე რომ არ დაბრკოლებულიყო სიტყვებით: აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო, ამიტომ დაურთო: სული წმიდისაგან.
ისმის კითხვა: რატომ არ იღო მარიამმა მუცლად იოსებზე დაწინდვამდე? იმიტომ, რომ ეჭვი არავის შეეტანა და არ მოეკვდინა იგი გარყვნილების ბრალდებით. ვის დააჯერებდა, რომ მას მამაკაცთან უკანონო ურთიერთობა არ ჰქონია? ახლა კი ყველა იფიქრებდა, რომ მას თავისი კანონიერი ქმრისგან, იოსებისგან, ჩაესახა; იგი გაურბოდა საფრთხეებს და საჭიროების შემთხვევაში დამხმარეც ჰყავდა და მფარველიც, განსაკუთრებით, ეგვიპტეში გაქცევისას.
ოღონდ ნუ იკითხავ, რაგვარად ჩასახა ქალწულმა და ნუ დაიწყებ იმის კვლევას, თუ როგორ შეიქმნა ჩანასახი. ეს არ აუხსნია არც მახარებელს, არც მანამდე ანგელოზს, რომელმაც ქალწულს მუცლადღება აუწყა. ეს არც მათ იცოდნენ, ვინაიდან ეს საიდუმლო ყველასათვის მიუწვდომელია და მხოლოდ და მხოლოდ ნეტარი სამებისათვის არის ცნობილი.
ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ უნდოდა მისი შერცხვენა და განიზრახა ფარულად გაეშვა იგი.
მართალი ეწოდება ბოროტების მოძულე ადამიანს; აგრეთვე, კეთილმოქმედ ადამიანს. აქ დამოწმებულია, რომ იოსები იყო მართალი, – როგორც სხვა სათნოებების მიზეზით, ისე თავისი სიმშვიდითა და სიკეთით. „აღმოჩნდა“-ს ამბობდნენ, როცა ქმარს საეჭვო ცოლი სინედრიონში მიჰყავდა, ბრალს სდებდა ღალატში და სახლიდან ღიად უშვებდა. იოსებს არ სურდა ამის გაკეთება და მარიამის ჩუმად გაშვება განიზრახა, რათა, ერთი მხრივ, თავადაც არ დაერღვია რჯული, რომელიც სხვისგან დაორსულებულის განტევებას ბრძანებდა და, მეორე მხრივ, ისიც დაეცვა იმ უბედურებისგან, რაც მას ამ ამბის გამჟღავნების შემთხვევაში შეიძლებოდა თავს დასტყდომოდა.
ეს რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი: რადგან მასში შობილი, სული წმიდისაგან არის.
ეს რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად. ყურადღება მიაქციე მის უდიდეს სიმშვიდეს: იოსებმა არათუ არავის გააგებინა ამის შესახებ, არამედ იმასაც კი არაფერი უთხრა, ვისზეც ეჭვიანობდა, – მხოლოდ თავისთვის ჩაიფიქრა მისი ფარულად გაშვება.
რატომ არ უთხრა ანგელოზმა იოსებს უთესლოდ ჩასახვის შესახებ მანამდე, ვიდრე აღმოჩნდებოდა, რომ მარიამს მუცლად ეღო? საქმე ისაა, რომ ეს მოვლენა ძალიან უჩვეულო იყო და შეიძლება, იოსებს არ დაეჯერებინა, ახლა კი, როცა გამოაშკარავდა, უცხადებს და ადვილად არწმუნებს. ასევე ისმის კითხვა: რატომ არ გაუმხილა მარიამმა იოსებს, როცა გაბრიელ მთავარანგელოზისგან ეს სასწაული შეიტყო? იმიტომ, რომ იცოდა, ვერ დაარწმუნებდა, უფრო მეტად გაანაწყენებდა – იოსები იფიქრებდა, რომ მარიამი მისგან თავისი ბრალის დამალვას ცდილობდა. გარდა ამისა, თვით ქალწულ მარიამს ანგელოზმა რატომ მას შემდეგ არ შეატყობინა, როცა უკვე აშკარა გახდებოდა? მას რომ ამის შესახებ წინასწარ არ სცოდნოდა, შეიძლება შეშფოთებულიყო და შეშინებულიყო და ვინ იცის, იქნებ თვითმკვლელობაზეც კი ეფიქრა, რადგან კარგად იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში ვერავის დაარწმუნებდა საკუთარ პატიოსნებაში. ამიტომაც აუწყა ანგელოზმა ქალწულ მარიამს ჩასახვამდე, ხოლო იოსებს – შობამდე ცოტა ხნით ადრე.
მათე მოციქული წერს ანგელოზის შესახებ, რომელიც იოსებს გამოეცხადა, ლუკა კი იმ ანგელოზის შესახებ, რომელმაც ქალწულს ღვთაებრივი ჩასახვა ახარა[3], იმიტომ, რომ ერთიც მოხდა და მეორეც. აქაც შეგვიძლია ვიკითხოთ: რატომ გამოეცხადა ანგელოზი იოსებს ძილში და არა ცხადში, როგორც ქალწულ მარიამს? იმიტომ რომ მარიამი ცხად ხილვას საჭიროებდა მოვლენის ესოდენი უჩვეულობის გამო, იოსები კი, რაკი მარიამის უბიწო და პატიოსანი ცხოვრების ცოცხალი მოწმე იყო, ამიტომ მის შესახებ სიზმარში ნაუწყებსაც ადვილად დაიჯერებდა. მეორე მხრივ, სიზმარში იმიტომ ხედავს ანგელოზს, რომ კარგად იცის სიზმრების ახსნა.
და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი.
ანგელოზი იოსებს უწოდებს დავითის ძეს და ამით მისი გონება დავითამდე აჰყავს, რადგან ქრისტეს მოსვლას იუდეველები სწორედ მისგან ელოდებოდნენ. სიტყვებით: ნუ შიშობ, ანგელოზი იოსების ფიქრს ამჟღავნებს – მას ეშინოდა, რომ თუ მარიამს თავისთან სახლში დაიტოვებდა, ამით ღმერთს განარისხებდა, რადგან მრუშ ცოლთან ცხოვრებას რჯულის კანონი კრძალავდა. მაგრამ რას ნიშნავს: მოიყვანო? – თავიდან მოიყვანო და სახლში დაიტოვო, რადგან ფიქრებში ის უკვე გაშვებული ჰყავდა. მაგრამ მოიყვანო არა დასაქორწინებლად, არამედ დასაცავად. ცოლი შენი – ამით დაარწმუნა, რომ მარიამმა მამაკაცი არ იცოდა.
რადგან მასში შობილი, სული წმიდისაგან არის.
მახარებელი ამბობს: მასში შობილი, რათა ვიცოდეთ, რომ იგი თანდათან კი არ შეიქმნა, როგორც ჩვეულებრივ ვითარდება თესლისგან ადამიანის ნაყოფი, არამედ ერთბაშად, სრულად ჩაისახა[4]. დააკვირდი, თავიდან როგორ შეახსენებს ანგელოზი იოსებს დავითისგან მესიის მოლოდინს, მერე უმხელს, რომ იცის მისი გულის ფარული შიში და განზრახვა, ამის შემდეგ კი უმტკიცებს, რომ მის მიერ დაწინდული წმინდა ქალწულია, დაბოლოს, ეუბნება უმთავრესს, რომ ეს სულის წმიდისაგან არის. მხოლოდ ასეთი რიგითობით შეეძლო იოსებს მთელი ამ მოვლენის იოლად აღქმა.
ვინც ვინმესგან წარმოიშობა, წარმოიშობა ან შობის გზით, ამ გამონათქვამს თანახმად: „ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი“ (ინ. 8:42); ან ჩასახვის გზით, შემდეგი ნათქვამისამებრ: „ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი“ (1 კორ. 8:6); ან კიდევ ბუნებრივი გზით, როგორც მოქმედება მოქმედისგან. ქალწულისგან შობილი კი წარმოშობილია სულიწმიდისგან არა დაბადების გზით, რადგან სული უსხეულოა. ამდენად, იგი წარმოიშობა მისგან, როგორც ჩანასახი და ქმნილება.
და შობს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.
შენ მას დაარქმევ იესოს, როგორც კანონიერი მამა, თუმცა არა ბუნებითი; და მის მიმართ შეასრულებ ყველაფერს, რაც მამას ევალება, თუმცა შობილი შენი არ არის. ამიტომ მე ჩამოვიტანე მისი სახელი ზეციდან და შენ მას ამ სახელს მისცემ. რადგანაც სახელი „იესო“ მაცხოვარს ნიშნავს, ამიტომ ამ სახელით იგი ჭეშმარიტად იქნება წოდებული. რადგან ის, – ამბობს მახარებელი, – იხსნის თავის ხალხს არა გრძნობადი მტრებისგან, არამედ – რაც მნიშვნელოვნად მეტია – მათი ცოდვებისგან, – რაც ადამიანთაგან არავის გაუკეთებია. აქედანაც ცხადია, რომ იგი ღმერთია. თავის ხალხს, ახლო გაგებით, ის იუდეველებს უწოდებს, რომელთა შორისაც იშვა, შორეულთ კი – ყველა მის მორწმუნესა და თავის მეფედ ამღიარებელს.
ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული:
ამასაც ანგელოზი ამბობს. ხოლო ყოველივე ეს მოხდა, ანუ ქალწულში სულიწმიდისგან ჩასახვა. ამის შემდეგ მას მოჰყავს ესაია წინასწარმეტყველის მოწმობა, რომელიც მას კი არა, ღმერთს ეკუთვნის: აღსრულდეს სიტყვა, – ამბობს იგი, – უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული.
აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი.
აჰა, ქალწული მუცლად იღებს. ამ ადგილს იუდეველები ამახინჯებენ, – ეყრდნობიან რა ზოგიერთ მთარგმნელს, რომლებმაც დაწერეს: „აჰა, ყმაწვილი ქალი“. მათ საწინააღმდეგოდ ვიტყვით, რომ გაცილებით უფრო სანდოა სამოცდაათი განმმარტებელი, როგორც რიცხობრივად, ისე ურთიერთთანხმობითა და დროის მიხედვით. თარგმანი მათ შეასრულეს ქრისტეს მოსვლამდე ასი თუ მეტი წლით ადრე, ამიტომ თავსუფალნი არიან ყველგვარი ეჭვისგან. ხოლო ისინი, რომლებმაც დაწერეს: „აჰა, ყმაწვილი ქალი“, ქრისტეს განკაცების შემდგომდროინდელი მთარგმნელები არიან. მათ ჭეშმარიტება დაბურეს, უფრო სიძულვილით, როგორც ებრაელებმა. თუმცა წმინდა წერილში „ყმაწვილი ქალიც“ ქალწულის ნაცვლად გვხვდება. მაგალითად, როცა საუბარია ქალწულზე, რომელზეც ძალადობა განახორციელეს, ნათქვამია: „…თუნდაც ეყვირა ყმაწვილ ქალს…“ (2 რჯ. 22:27), ანუ ქალწულს. თუკი, მათი აზრით, ყმაწვილი ქალი გათხოვილი ქალია, რაც საკმაოდ უცნაურია, მაშინ რა არის გასაკვირი, თუ გათხოვილმა ქალმა ჩასახა და შვა? წინასწარმეტყველმა ხომ თავიდან თქვა: „ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს“ და განმარტავს, თუ რა ნიშანია ეს: „აჰა, მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს“ (ეს. 7:14). ნიშანი კი ისაა, რაც ზებუნებრივია და არა ის, რაც ბუნების თანახმიერია.
უწოდებენ მას სახელად ემმანუელს. ვინ უწოდებს? რა თქმა უნდა, ყველა ის, ვინც მას იწამებს. თუმცა არავის უწოდებია მისთვის ემანუელი; დიახ, სახელით არავის უწოდებია, საქმით კი ყველამ უწოდა: იწამა, რომ მასთან მოსაუბრე ღმერთი იყო, ყველა მათგანმა აღიარა, რომ ჩვენთან არს ღმერთი, თუმცა ჩვენ შორის ადამიანივით მიმოიქცევა. სწორედ ამას ნიშნავს ემანუელი. წინასწარმეტყველებს, ასევე, ჩვეულებად ჰქონდათ, სახელებად მომავალი მოვლენები გამოეყენებინათ. მაგალითად, ღმერთმა წინასწარმეტყველს უბრძანა, რომ სხვა სახელთა შორის თავისი ძისთვის [იესო ქრისტესთვის] ეწოდებინა, აგრეთვე: „იჩქარე დასატყვევებლად, ისწრაფე საძარცვავად“ (ეს. 8:3), – არა იმიტომ, რომ მას ამ სახელს დაარქმევდნენ, არამედ იმ მიზეზით, რომ მან მოსვლისთანავე განდევნა ეშმაკი და საკუთრ ტყვედ აქცია ყველა მის ტყვე და გაძარცვა იგი, ანუ წაართვა ჭურჭლები, რომლებსაც მანამდე ეშმაკი თავისი მზაკვრობის სათავსოდ იყენებდა, კერძოდ, მევახშენი და მეძავენი, ავაზაკები და რწმენაზე მოქცეული ყველა წარმართი. მსგავსი მაგალითები მრავლადაა წმინდა წერილში.
გამოიღვიძა იოსებმა ძილისგან და ისე მოიქცა, როგორც უბრძანა ანგელოზმა უფლისა, და მოიყვანა თავისი ცოლი.
რატომ დაიჯერა სიზმრის იოსებმა ასე ადვილად, მით უმეტეს, რომ ის უაღესად მნიშვნელოვან საქმეს ეხებოდა? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სიზმარში გამოჩენილმა ანგელოზმა დაარწმუნა, რომ მისი გულისნადები იცოდა. იოსები მიხვდა, რომ იგი ნამდვილად ღმერთისგან იყო მოვლენილი, რადგან მხოლოდ ღმერთია ადამიანთა გულთამხილველი. ხოლო როდესაც ესაიას წინასწარმეტყველებაც შეახსენა, ამით უკვე სავსებით დაარწმუნა, რომ უფლის ანგელოზი იყო და მისი სიტყვისამებრ უნდა მოქცეულიყო.
და არ უცვნია იგი, ვიდრე არა შვა ძე თვისი პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო.
სიტყვა „ვიდრე“ აქ იმიტომ კი არ დაუწერია მახარებელს, რომ შენ ეჭვი გაგიჩნდეს, თითქოს ამის შემდეგ იცნო მან იგი, არამედ იმიტომ, რომ იუედეველები ბოროტ ხმებს ავრცელებდნენ, თითქოს ქრისტე უკანონოდ იყო შობილი. მაგრამ მახარებელი, მათი ღვთისმგმობელი აზრის საწინააღმდეგოდ, სავსებით გვარწმუნებს ღვთისმშობლის ქალწულებაში ქრისტეს შობამდე; ხოლო ამის შემდგომ მისი მდგომარეობის შესახებ მსჯელობა შენ თავად მოგანდო. რანაირად შეიძლებოდა, რომ იოსები შეხებოდა ან თუნდაც, გაეფიქრა, სულიწმიდისგან ჩამსახველის და უფლის სათავსო ჭურჭლად ქცეული ქალწულის ცნობა! მახარებელმა აქ ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უწოდა „ცნობა“ ცოლქმრულ ურთიერთობას. საგულისხმოა ისიც, რომ მის მიერ ხშირად გამოყენებული სიტყვა „ვიდრე“ ან „ვიდრემდის“ ნიშნავს არა დროის საზღვარს, არამედ ეს არის წმინდა წერილის იდიომატიზმი, როგორც, მაგალითად, ნათქვამია, რომ ნოეს კიდობანში ყორანი „არ დაბრუნდა, ვიდრე არ დაშრა წყალი მიწაზე“ (დაბ. 8:7), მაგრამ ის არც წყლის დაშრობის შემდეგ დაბრუნებულა. ასევე, ვკითხულობთ: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“ (ფს. 109:1), – მაგრამ მტრების დანარცხების შემდეგაც იგი მამის მარჯვენით ზის; ბევრია ასეთი ადგილი წმინდა წერილში. მახარებელი „პირმშოს“ უწოდებს აქ უფალს არა როგორც პირველს ძმებს შორის, არამედ როგორც პირველს და ერთადერთს, რადგან ამ სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობათა შორის ასეთიც არის. ეს სიტყვა მაშინაც გამოიყენება, როდესაც წმინდა წერილი მხოლოდ ერთ პირზე საუბრობს, როგორც აქ: „მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი“ (ეს. 44:6); სულ ოთხნაირი მნიშვნელობით გვხვდება სიტყვა „პირმშო“. ის აღნიშნავს ძმებს შორის პირველშობილს, როგორც რუბენს ეწოდება პირმშო იაკობის ძეთა შორის (დაბ. 35:23). ასევე – პირველსა და ერთადერთს, როგორც განსახილველ შემთხვევში. გარდა ამისა, აღნიშნავს უპირატესსა და პატივცემულს, როგორც აქ: „ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას“ (ებრ. 12:23). უფრო მეტიც, ის აღნიშნავს უბრალოდ ადრე არსებულსაც: „ყველა ქმნილებაზე უწინარესი“ („პირმშო ყოველთა დაბადებულთა“) (კოლ. 1:15), ანუ ვინც მყოფობა ყველა სხვა ქმნილებაზე უწინარეს მიიღო.
და (იოსებმა) უწოდა სახელი მისი იესო, – როგორც ანგელოზმა ასწავლა.
სწავლული ბერი ეფთვიმე ზიღაბენი
[1] ერთ-ერთი თანამდროვე ღვთისმეტყველი, დეკანოზი ოლეგ სტენიაევი ამ საკითხს შემდეგნაირად განმარტავს: „აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იორამის შემდგომი სამი მეფის სახელი გამოტოვებულია. ეს მეფეები ქრისტეს შობამდე 884-810 წლებში მეფობდნენ. მათი სახელებია: ოქოზია, იოასი და ამასია. წიგნში მოხსენიებული ქალებისაგან განსხვავებით, ეს მეფენი მოუნანიებელ ცოდვილებად დარჩნენ და ვერ გახდნენ ღირსნი იმისა, რომ მათი სახელები ქრისტეს შობის წიგნში ჩაწერილიყო“.
სხვათა შორის, წმ. იოანე ოქროპირი, როცა ქრისტეს შობის წიგნს განმარტავს, ამბობს: „რატომ გამოტოვა მახარებელმა გენეალოგიის შუა ნაწილში სამი მეფის სახელი? ამ საკითხს თქვენ გიტოვებთ გამოსაკვლევად, რადგან არ ვთვლი საჭიროდ, რომ ეს თქვენ მაგივრად გავაკეთო, რათა არ გაზარმაცდეთ“ (მთარგ.).
[2] მსგავსადვე განმარტავს ნეტარი იერონიმეც: „დათვალე იექონიადან იოსებამდე და ნახავ ცამეტ შობას. ამგვარად, მეთოთხმეტე შობად თავად იესო ქრისტეს შობა წარმოგვიდგება“ (მთარგ.).
[3] მოყვანილი განმარტების ავტორის აზრს, – რომ იოსებს უფლის სხვა ანგელოზი ეჩვენა სიზმრად და არა მთავარანგელოზი გაბრიელი, – იზიარებს, მაგალითად, წმ. ინოკენტი ხერსონელი; ზოგიერთი კომენტატორის მოსაზრებით კი (მაგ., ალექსანდრე ლოპუხინი) იოსებსაც მთავარანგელოზი გაბრიელი ეჩვენა, თუმცა ბევრი ცნობილი კომენტატორი საერთოდ არ აკონკრეტებს – იყო ეს სხვა ანგელოზი თუ იგივე მთავარანგელოზი გაბრიელი, ქალწულ მარიამის მახარებელი (მთარგ.).
[4] ამასთან დაკავშირებით საინტერესოა წმ. ინოკენტი ხერსონელის მოსაზრება: „რატომ ამბობს მახარებელი: „შობილი“ (γεννηθεν)? ამის შესახებ წმინდა ბასილი დიდი და ეკლესიის სხვა მამები ფიქრობდნენ, რომ იესო ქრისტეს სხეული დედის მუცელში შეიქმნა უცებ, ერთბაშად, მაგრამ მხოლოდ ამ სიტყვის გამო ასეთი ვარაუდის სარწმუნოობა გაზვიადებულია. საქმე ისაა, რომ აორისტი [ზმნის დასრულებული ფორმა] გამოიყენება ნებისმიერი დროისთვის. ამიტომ სიტყვა γεννηθεν – „შობილი“ – ამ შემთხვევაში შეიძლება ითარგმნოს, როგორც „იშვება“. თუმცა ამის ახსნა სხვაგვარადაც შეიძლება: ანგელოზს აქ მხედველობაში ჰყავს იოსები, რომლისთვისაც ყრმა უკვე შობილი იყო – თავისი სასძლოს დანაშაულისა თუ უდანაშაულობის მიუხედავად“ (მთარგ.).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საახალწლო მილოცვა (2019 წელი)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (30.12.2018)
ჩვენთან არს ღმერთი
გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. მეუფე დანიელს ვულოცავთ წმინდა დანიელ წინასწარმეტყველის დღეს.
დღეს ვაჯილდოებთ შემდეგ სამღვდელოებას:
დეკანოზი ირაკლი ახალაძე, რომელიც ბრძანდება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!
დეკანოზი გაბრიელი ლომაძე, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
მღვდელი ირაკლი წულაძე, აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
იღუმენია სარა ნათებაშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
მოგეხსენებათ, ზეგ არის ახალი წელი. დღესასწაულებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია გაიხსნილოს თევზით.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ორშაბათს არის დიდი საუფლო დღესასწაული, შობა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღესთან დაკავშირებით,კვირა საღამოს 23:00 საათზე იქნება დახვედრა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, წაკითხულ იქნება საშობაო ეპისტოლე და შემდეგ შესრულდება საზეიმო ლიტურგია. მანამდე კი, კვირა საღამოსვე 20:00 საათზე შესრულდება წმინდა სერობისა და წმინდა ცისკრის ჟამნი.
ღმერთმა მრავალს დაგასწროთ.
ჩვენთან არს ღმერთი.
სულთმოფენობიდან 31-ე კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება
სულთმოფენობიდან 31-ე კვირიაკე
წირვაზე – კოლ. 3:4-11 (29-ე კვირიაკის); ლკ. 14:16-24 (28-ე კვირიაკის).
წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე კოლასელთა მიმართ – 3:4-11
როდესაც გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მასთან ერთად თქვენც გამოჩნდებით დიდებით.
როგორც კი ქრისტე აღდგა, ჩვენც, ყველანი, მაშინვე აღვდეგით, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავთ ნამდვილ მოვლენას, ჩვენი აღდგომის საიდუმლო კი თავად ქრისტეშია დაფარული. ამიტომ როდესაც უფალი მეორედ გამოჩნდება, მაშინ ვპოვებთ აღდგომას, მაშინ დავტკბებით მარადიული ცხოვრებით. ქრისტეს შესახებ დროულად გამოთქვა მოციქულმა: გამოჩნდება, რადგან ის ჩვენთვის უხილავია, ურწმუნოებისთვის კი საერთოდ უცნობია; იგივე გამოთქმა გამოიყენა მან ჩვენთან მიმართებითაც: გამოჩნდებით დიდებით, იმიტომ, რომ ამჟამად აღთქმულ სიკეთეს ვსასოებთ,შემდეგ კი ის, რაც ამჟამად ჩვენთვის უცნობია, გაცხადდება. ხოლო რადგანაც მოციქულმა უარყო რჯულისკანონის ზოგიერთი მოთხოვნა (კოლ. თავ. 2), ამიტომ აუცილებლობიდან გამომდინარე, – რომ არ იფიქრონ, თავისუფლად შეიძლება შესცოდოო, – ბრძნულ რჩევა-დარიგებებს სთავაზობს მსმენელს.
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რომელიც არის კერპთმსახურება.
პავლე მოციქულმა ყოველივე ამას უწოდა მიწიერი ასონი, იმიტომ, რომ მათი მეშვეობით აღიგზნება ვნებები. ამიტომ ის კი არ უთქვამს: „თქვენი ასონი“, არამედ თქვა: „თქვენი მიწიერი ასონი“, ანუ უარესისკენ მიდრეკილი აზრები. მოციქული თითქოსდა ასე ამბობს: „ნუ აღასრულებთ სხეულით (საქმით) აზრის სახით მოსულ ცოდვებს. მან ანგარებას კერპთმსახურება უწოდა, ვინაიდან მაცხოვარმა მამონა ბატონად მოიხსენია (მთ. 6:24), რითაც გვასწავლა, რომ ანგარებისმოყვარეობის ვნებას დამონებული კაცი ღვთისდარ პატივს მიაგებს სიმდიდრეს.
მათ გამო მოიწევა ღვთის რისხვა ურჩობის ძეთა თავზე,
მოციქულმა აუცილებლობიდან გამომდინარე დაურთო სასჯელის მუქარა.
რომელთა შორისაც იყავით თქვენც, როცა მათთან ერთად ცხოვრობდით.
მან კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში მსგავსადვე თქვა: „ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით…“ (1 კორ. 6:11).
ახლა კი განიშორეთ ყველაფერი: რისხვა, გულისწყრომა, ბოროტება, გმობა და უგვანი
სიტყვა თქვენს ბაგეთაგან.
ახლა კი განიშორეთ ყველაფერი. შემდეგ ამბობს, კერძოდ, რას უნდა განეშორონ, ესენია: რისხვა, გულისწყრომა, ბოროტება, გმობა და უგვანი სიტყვა თქვენს ბაგეთაგან.
ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ
ნუ ეცრუებით ერთმანეთს. მან ჯერ აგვიხსნა, თუ რას უწოდა მიწიერი ასონი, ახლა კი აჩვენებს თვით სხეულსაც, რომლის ასონიც ყველაფერ ამას შეადგენენ.
მოციქულმაძველი კაცი უწოდა ცხოვრების წინანდელ წესს, რადგან თქვა: რომელთა შორისაც იყავით თქვენც, როცა მათთან ერთად ცხოვრობდით. სწორედ ეს ძველი კაცი შემოვიძარცვეთ ნათლისღების საიდუმლოთი.
და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად.
ყოველთა ღმერთმა თავიდან შეგვქმნა და ჩვენში ჩაბეჭდა ღვთის ხატების ზუსტი ნიშან-თვისებები, რომლებიც ცოდვამ დააზიანა. სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად“ (რომ. 8:29) და ამასვე სწერს ფილიპილებსაც: „ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს“ (3:21).
სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში.
მოციქულს აქ სიტყვა ხატებიდან პირველხატებაზე გადააქვს; როდესაც ის ყოვლადწმიდა ნათლისღების შესახებ მსჯელობს, გვიხატავს მომავალი საუკუნის ცხოვრებას, სადაც ასეთი განსხვავება არ არსებობს: ცოდვის შეწყვეტასთან ერთად თითოეულში ღვთის ნება აღესრულება – ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში. ამასვე ამბობს იგი კორინთელთა მიმართ ეპისტოლეშიც: „ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში“ (1 კორ. 15:28). ამიტომ მომავალ საუკუნეში შევიმოსებით სრულიად ახალი კაცით: განვიძარცვავთ ხრწნილებას და შევიმოსებით უხრწნელებით; ნათლისღებით კი ახალ ცხოვრებაში გარდავიქმნებით.
ნეტარი თეოდორიტე კვირელი
წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 14:16-24
ხოლო იესომ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მიიპატიჟა.
უფალი აქ გადმოსცემს იგავს, რომლის მეშვეობითაც აჩვენებს, რომ ვინც მას არ დაემორჩილება, ის ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. კაცში მან მამა ღმერთი იგულისხმა, როგორც კაცთმოყვარე; წვეულება ცათა სასუფევლის გამოუთქმელ ნეტარებას აღნიშნავს. მრავალნი მიიპატიჟა ანუ დაპატიჟა ისრაელის თორმეტი ტომი, რადგან ისინი წარმართებზე ადრე იყვნენ ხმობილნი, როგორც ღვთის რჩეული ერი.
როცა პურობის დრომ მოაწია, თავისი მონა გაგზავნა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო.
ქრისტე მამის მონას უწოდებს საკუთარ თავს, ვინაიდან „მონის ხატი შეიმოსა“ (ფილიპ. 2:7) და წარიგზავნა იუდეველებთან, რათა სახარებით მიეწვია ისინი აღნიშნულ წვეულებაზე.
მაგრამ ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო.
მეორემ თქვა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ: გთხოვ, მაპატიო.
მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები.
ერთხმად, ე. ი. ერთბაშად, შეთანხმებულივით. სხვადასხვა მიზეზის მოყვანა სხვას არაფერს ავლენს, თუ არა სხვადასხვა ვნებას, რის გამოც ისინი მოაკლდნენ ხსენებულ ლხინს. სხვადასხვა ვნებით შეკრულებმა უარყვეს სახარება, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა ამ წვეულებაზე დასწრება და მოლხენა, რადგან ღვთის სიტყვა მათი მიდრეკილებების საპირისპიროა.
დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი.
დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. უფალი ამას იმიტომ კი არ ამბობს, მამამ ამის შესახებ არ იცოდა, არამედ ამას იგავის ფორმა და შინაარსი მოითხოვს – როდესაც ვინმეს სხვის დასაძახებლად აგზავნიან, შემდეგ წარგზავნილი მოდის და თავის წარმგზავნელს ამბავს ატყობინებს.
მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი. მიპატიჟების უარმყოფელნი არიან იუდეველი მღვდელთმთავრები, მწიგნობრები, ფარისევლები და, საერთოდ, ყველა, ვინც ხალხში პატივით სარგებლობდა. ხოლო ვინც მათ ნაცვლად მიჰგვარეს წვეულების პატრონს, ესენი უბრალო, რიგითი ადამიანები იყვნენ, ჩვეულებრივი გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი, – ასეთებად მიიჩნევდნენ მათ საზოგადოებაში, როგორც თითქოსდა ბრიყვებსა და უწიგნურებს, მაგრამ მათ იმდენი სიბრძნე გამოიჩინეს, რომ მოუსმინეს ქრისტეს, ჭეშმარიტების ზეციერ მასწავლებელს.
ან გაიგე ეს იმათ შესახებ, ვინც მოცულნი არიან გრძნობადი ტანჯვით, ანაც ამ ტანჯვისგან გათავისუფლებულნი, რწმენის მეშვეობით რომ მიიყვანეს ზემოთ მოხსენიებულ წვეულებაზე.
მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი.
ეს კაცთმოყვარე სიტყვაა, რომელიც წარმართების შესახებაც შეახსენებს.
მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი.
მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი. გზები და შუკები წარმართების საბინადროა, რადგან არ იყვნენ ისინი რჯულისკანონით და ღვთის მზრუნველობით შემოზღუდულნი, როგორც იუდეველები, და მათ ეშმაკები ქელავდნენ. ეს, ამავე დროს, ღობეა, რადგან ცოდვების ეკალ-ბარდებით იყვნენ შემოღობილნი და ჰქონდათ დასაწვავად გამზადებული კედლები. წარმართების „მორეკვა“ იმას კი არ ნიშნავს, რომ იგი მათზე ძალდატანებას ითხოვდა, არამედ მიანიშნებდა, რომ მათთან ქადაგება აუცილებელი იყო მეტი სიბეჯითითა და დაჟინებით, რადგან მათ ძალით აკავებენ ეშმაკები და სიცრუის ღრმა სიბნელეში აძინებენ. რათა აივსოს ჩემი სახლი, – უფალს ყველას მიყვანა სურს თავისი სიკეთეების უსაზღვრო სიმდიდრესთან.
სწავლული ბერი ეფთვიმე ზიღაბენი
რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს, რადგან მრავალი არის მოწვეული და ცოტა – რჩეული.
ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს.
ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა უფალმა მეტწილად იმ იუდეველებისათვის, რომლებსაც წმინდა წინასწარმეტყველებმა მოუწოდეს და რომლებსაც თავად ღმერთკაციც უხმობდა თავის სარწმუნოებაში. მაგრამ რადგანაც მისი არ ირწმუნეს, ამიტომ ეკლესიისთვისაც უღირსნი შეიქმნენ, ასევე – საღვთო საიდუმლოებებისა და საღვთო სასუფევლისთვისაც. ვერცერთი, – ამბობს იგი, – იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს.
„ვინც წვეულია, მაგრამ უგულებელყოფს ამ მოწვევას, ის ვერ დაიმსახურებს ჩემს ზეციურ სიკეთეს“. თუმცა ეს გადაწყვეტილება ყველა იმ ადამიანს მიემართება, ვინც მოწოდებულნი არიან ქრისტეს რწმენისკენ, მაგრამ არ იღებენ ამ რწმენას; ან ვინც იღებს სარწმუნოებას, მაგრამ მერე არღვევს მას მისი უარყოფით, ან რწმენის საწინააღმდეგო ბოროტი ქმედებით. ამიტომაც თქვა: მრავალი არის მოწვეული ე.ი. მრავალნი არიან ხმობილნი ღმერთისგან, მაგრამ კეთილგანწყობითა და კეთილ საქმეებში მონაწილეობით მხოლოდ მცირედნი რჩებიან რჩეულებად და მარადიული ნეტარების ღირსებად.
მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი
„აზრები წლის ყოველ დღეზე“
„მრავალი არის მოწვეული და ცოტა – რჩეული“ (ლკ. 14:24). მოწვეულია ყველა ქრისტიანი, რჩეულნი კი მხოლოდ ის ქრისტიანები არიან, რომლებსაც რწმენაც და ცხოვრებაც ქრისტიანული აქვთ. ქრისტიანობის პირველ პერიოდში რწმენისკენ ხალხს ქადაგება უხმობდა, ჩვენ კი ხმობილნი ვართ ქრისტიანთაგან შობით და ქრისტიანთა შორის აღზრდით – მადლობა ღმერთს! ნახევარ გზას, ანუ ქრისტიანობაში შესვლას და მისი საწყისების სიყრმიდანვე გულში ჩანერგვას ჩვენ ყოველგვარი შრომის გარეშე გავდივართ. ამის გამო, თითქოსდა, რწმენა უფრო მტკიცედ უნდა გვეპყრას მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე და უფრო ზნეობრივად ვცხოვრობდეთ, მაგრამ რაღაც პერიოდიდან ჩვენთან ასე აღარ არის. სასკოლო აღზრდაში დაშვებულია სიჭაბუკის შემრყვნელი არაქრისტიანული საწყისები; საზოგადოებაში კი შემოვიდა ჩეულებები, რომლებიც უკვე სკოლადამთავრებულთ რყვნიან. ამიტომ, როცა ვიცით, რომ ღვთის სიტყვის თანახმად, რჩეულები ყოველთვის მცირედნი იქნებიან, უკვე აღარ გვიკვირს, ჩვენს დროში რომ კიდევ უფრო ნაკლებად ვხედავთ ასეთებს: ამგვარია ამ საუკუნის სული – ქრისტიანობის საწინააღმდეგო! მომავალში რა იქნება? თუკი არ შეიცვლება აღზრდის წესები და საზოგადოების ჩვეულებები, მაშინ სულ უფრო და უფრო დასუსტდება ჭეშმარიტი ქრისტიანობა, და საბოლოოდ სრულიად ჩაკვდება; ქრისტიანობის მხოლოდ სახელიღა დარჩება, ქრისტიანული სული კი არ იქნება, ყველას სოფლის სული დაიპყრობს. რა ვქნათ ამის საწინააღმდეგოდ? უნდა ვილოცოთ!
წმინდა მამამთავრები – აი, ჭეშმარიტად დიდი ადამიანები! და თუ მათი დიდების მიზეზს განვაზოგადებთ, მაშინ გამოვა, რომ ჭეშმარიტად დიდები მხოლოდ ისინი არიან, რომლებიც ხვდებიან კაცობრიობასთან მიმართებით ღვთის დადებითი ნების აღმსრულებელთა რიცხვში, რადგან ბევრი რამ მხოლოდ ღვთის ნების დაშვებით ხდება. თუმცა არიან ძლიერი მოღვაწენი, რომლებიც ღვთის ნების გვერდის ავლით და ხშირად მის საწინააღმდეგოდაც კი მოქმედებენ; ესენიც შეიძლება დიდებად მოგვეჩვენოს, მაგრამ არა თავისთავად, არამედ იმ დიდი წინააღმდეგობებით, რომლებსაც მოაწევს საღვთო განგებულება მათ მიერ მიყენებული ბოროტების აღსახოცად. ღმერთის პირდაპირი ნება, მარადიული ცხონების შესახებ, ჩვენ ვიცით, მაგრამ ღვთის გეგმები მიწაზე ადამიანების დროებით მყოფობასთან დაკავშირებით, ჩვენგან დაფარულია. ამიტომ ძნელია, გავერკვეთ, თუ ვინ მოქმედებს სწორად – ღვთის ნების მიხედვით. მხოლოდ ერთი უარყოფითი კრიტერიუმი შეიძლება მივიღოთ სარწმუნოდ: ვინც მოქმედებს ადამიანთა მარადიული ცხოვრების შესახებ ღვთის განგებულების საწინააღმდეგოდ, იმის ჩათვლა დიდად არ შეიძლება, რა გინდ კარგი სახილველიც არ უნდა იყოს მისი საქმეები, როცა აშკარაა, რომ იგი ღვთის გაცხადებული ნების წინააღმდეგ მოქმედებს. მართალია, ეს ცნობილი ნება ეხება არა დროებითს, არამედ მარადიულს, მაგრამ უეჭველია ის, რომ ღვთის ერთი ნება ვერ იქნება მისი მეორე ნების წინააღმდეგი.
წმინდა მღვდელთმთავარი თეოფანე დაყუდებული
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება
მიმდინარე წლის 27 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა წმიდა სინოდის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპირკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმიდესი და უნეტარესი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).
წმიდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
1. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II -მ ისაუბრა უკრაინაში შექმნილი რთული საეკლესიო ვითარების შესახებ და გულისტკივილი გამოთქვა კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის არსებული დაძაბული მდგომარეობის გამო.
მისმა უწმიდესობამ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ, მართალია, კრიზისი ამ ეტაპზე გაღრმავებულია, მაგრამ იმედოვნებს, რომ ღვთის შეწევნით, პრობლემები გადაილახება და ეკლესიებს შორის ძმური ერთობა აღდგება, რომ ადრეც მართლმადიდებელ ეკლესიაში მრავალი განსაცდელი ყოფილა და იგი უფლის მოწყალებით დაძლეულა.
საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) დამსწრეთ გააცნო ორივე ეკლესიის მეთაურის მიმართვები. საკითხთან დაკავშირებით პოზიციები დააფიქსირეს მღვდელმთავრებმა.
წმინდა სინოდმა განაჩინა:
მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა გაგრძელდეს წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი მიმართავს საქართველოსა და უცხოეთში მყოფ თავის სამწყსოს, რათა უფალს გულმხურვალედ შევავედროთ ყოველთა მართლმადიდებელთა მშვიდობა და ერთობა.
2. კრებამ მოისმინა რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) მოხსენება XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე ქუთათელი მიტროპოლიტის, ანტონის (გიორგაძე), წმიდანად კანონიზების შესახებ.
წმიდა სინოდმა განაჩინა:
მოწოდებული დოკუმენტაცია შეისწავლოს შესაბამისმა კომისიამ და დასკვნები წარდგენილ იქნას განსახილველად სინოდის შემდგომ სხდომაზე.
3. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმ. სინოდის წევრებს მიმართა, რომ საჭიროა, შეიქმნას საქართველოს ეკლესიის სამონასტრო დებულება.
ამ თემაზევე ისაუბრა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა).
წმიდა სინოდმა განაჩინა:
შეიქმნას კომისია საქართველოს ეკლესიის სამონასტრო დებულების შესამუშავებლად.
4. კრებამ მოისმინა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) მოხსენება ეკლესიის სამოციქულო-სამისიონერო მსახურების შესახებ საქართველოში.
მომხსენებელი ასევე შეეხო 12 მაისის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხსაც. კერძოდ, ითქვა, რომ მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კურთხევით წარმოიგზავნა საქართველოში წმ. მოციქული ანდრია პირველწოდებული, რომელმაც თან ჩამოაბრძანა ხელთუქმნელი ხატი ყოვლადწმიდისა მარიამისა, როგორც ნიშანი ღვთისმშობლის მობრძანებისა მის წილხვედრ ქვეყანაში და აუცილებელია ამ ფაქტისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება.
წმიდა სინოდმა განაჩინა:
12 მაისი დადგინდეს ყოვლადწმიდდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ.
მიტროპოლიტმა დანიელმა ასევე ისაუბრა 2019 წელს წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნის შესახებ და გამოთქვა სურვილი, რომ წმ. ნინოს ნაკვალევზე მოგზაურობაში (გზა ფარავნიდან მცხეთამდე) მომავალ წელს მონაწილეობა მიიღონ სამღვდელოებისა და მრევლის წარმომადგენლებმა ყველა ეპარქიიდან (ეს იქნება 30-ე მსვლელობა ამ გზაზე).
5. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) წმოაყენა საკითხი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში ამაჟამად ნომინალურად შემავალი უძველესი ეპარქიის – კარის შესახებ და ითხოვა მისდამი რწმუნებული ეპარქიის სახელწოდების შეცვლა.
წმიდა სინოდმა განაჩინა:
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის ტიტულატურა განისაზღვროს შემდეგნაირად: მიტროპოლიტი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის.
ყრუ და სმენადაქვეითებულთათვის (ვიდეო)
ვიდეოს ავტორი: მამა გიორგი კალანდია