Грузинская Православная Церковь
საბუთების მიღება 56-ე ნათლობისათვის
იწყება 56-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 5 ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით 12:00დან 16:00 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;
მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;
ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.
საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571
საეკლესიო გალობის უნივერსიტეტის ღონისძიება რაჭაში
ა.წ. 20-21 ოქტომბერს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლისა და ფონდ ,,ქართული გალობის“ ხელშეწყობით, სასწავლებლის რექტორი, არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე) და I-II კურსის სტუდენტები რაჭაში იმყოფებოდნენ. მგალობლებმა ნიკორწმინდის ტაძარში აღვლენილ საღმრთო ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა, ჰქონდათ რამდენიმე შეხვედრა და გაეცვნენ ადგილობრივ ხალხურ შემოქმედებასაც.
მსგავსი აქტივობები მიზნად ისახავს ქართული საეკლესიო გალობის აღდგენისა და გავრცელების ხელშეწყობას და იგი მომავალშიც გაგრძელდება.
არქივი: უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამეგრელოში. სექტემბერი, 1994 წელი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანს შეხვდა
ა.წ. 23 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმინდა საყდრის (ვატიკანის) სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი, მისი აღმატებულება მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაგერი, ვატიკანის ელჩი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს დიპლომატიური მრჩეველი, მონსინიორ ტიმონ ტიტუს ხმიელეცკი და ვატიკანის ელჩის მოადგილე მამა მიჰაიტა ბლაჟი ეწვივნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), მიტროპოლი საბა (გიგიბერია), მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საქართველოს ელჩი ვატიკანში, ქალბატონი თამარ გრძელიძე.
არქიეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და რომის პაპ ფრანცისკეს ძმური მოკითხვა გადასცა.
თავის მხრივ მისმა უწმინდესობამ პატივისცემა გამოხატა რომის პაპ ფრანცისკესადმი და აღნიშნა: ,,მე მქონდა პატივი მემასპინძლა რომის პაპ ფრანცისკესათვის და რომის პაპ იოანე პავლე II-ისთვის და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა კვლავ გრძელდება.“
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებულ ურთიერთობებს, მათ შორის იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. კერძოდ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე.
მხარეთა მიერ გულისტკივილი გამოიხატა კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოთა შორის დღეს არსებული რთული ვითარების და ასევე მსოფლიოში შექმნილი მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამო და ითქვა, რომ ისინი ლოცულობენ მშვიდობისათვის.
,,კაცობრიობა ბევრჯერ ყოფილა უფსკრულის პირას და უფსკრულშიც ჩაუხედავს, ეს რომ არ განმეორდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რწმენას და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას“, _ განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
,,დღესდღეობით მსოფლიო განიცდის რწმენის ნაკლებობას, ეს კი რელიგიურ ლიდერებს გვავალდებულებს გავაძლიეროთ მსახურება და ქადაგება, რომ სახარების ნათელი მივიტანოთ ადამიანთა გულებამდე“, _ დასძინა მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა.
მისმა უწმინდესობამ სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მის აღმატებულებას საჩუქრად წმ. პეტრესა და პავლეს ხატი უბოძა.
თავის მხრივ მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა მის უწმინდესობას რომის პაპის მედალი გადასცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის წევრებს შეხვდა
ა.წ. 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის წევრებს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე იმსჯელეს მომავალი თაობის სულიერი და ინტელექტუალური აღზრდის შესახებ. მისმა უწმინდესობამ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისათვის მადლობა გადაუხადა და გაიზიარა მათი პოზიცია სასკოლო პროგრამაში იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის“ შეტანის აუცილებლობის შესახებ.
ღონისძიების დასასრულს პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელმა, ბატონმა გარი ჩაფიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლითა და პრემიით დააჯილდოვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაათვალიერა
ა.წ. 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაათვალიერა. მის უწმინდესობას მუზეუმის დამფუძნებლებმა _ ბატონმა გიორგი (გია) ჯოხთაბერიძემ და ქალბატონმა მანანა შევარდნაძემ უმასპინძლეს.
მუზეუმში გამოფენილია 1945 წლიდან დღემდე მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც ბატონ გირგი (გია) ჯოხთაბერიძისა და ქალბატონ მანანა შევარდნაძის კერძო საოჯახო კოლექციაში ინახებოდა.
დღეისათვის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 31 საგამოფენო დარბაზია და დაცულია 3500-ზე მეტი ნახატი.
მიგვაჩნია, რომ ასეთი მუზეუმის გახსნა საშვილიშვილო საქმეა და იგი ხელს შეუწყობს როგორც ქართველი, ისე არაქართველი დამთვალიერებლისთვის თანამედროვე ქართულ კულტურაზე რეალური წარმოდგენის შექმნას და ამასთან მისი განვითარებისთვის გზების გაცნობიერებას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაათვალიერა
ა.წ. 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაათვალიერა. მის უწმინდესობას მუზეუმის დამფუძნებლებმა _ ბატონმა გიორგი (გია) ჯოხთაბერიძემ და ქალბატონმა მანანა შევარდნაძემ უმასპინძლეს.
მუზეუმში გამოფენილია 1945 წლიდან დღემდე მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც ბატონ გირგი (გია) ჯოხთაბერიძისა და ქალბატონ მანანა შევარდნაძის კერძო საოჯახო კოლექციაში ინახებოდა.
დღეისათვის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 31 საგამოფენო დარბაზია და დაცულია 3500-ზე მეტი ნახატი.
მიგვაჩნია, რომ ასეთი მუზეუმის გახსნა საშვილიშვილო საქმეა და იგი ხელს შეუწყობს როგორც ქართველი, ისე არაქართველი დამთვალიერებლისთვის თანამედროვე ქართულ კულტურაზე რეალური წარმოდგენის შექმნას და ამასთან მისი განვითარებისთვის გზების გაცნობიერებას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (21.10.2018)
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
ჩვენთან არს ღმერთი!
ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა სიმართლე და სიყალბე ექიშპებიან ერთმანეთს და ადამიანს უჭირს გაიგოს, სად არის სიმართლე და სად არის სიყალბე. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: ,,შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება.“ აი ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, _ სიმართლე და უსჯულოება. სიმართლე ღვთისაგან მოდის, ღმერთი აძლევს გაგებას სიმართლისა. უსჯულოება ბოროტისაგან არის და ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, იმაზე, თუ რას მივიღებთ სიმართლედ და რას, – უსჯულოებად. ღმერთმა ინებოს, რომ განიწმინდოს ჩვენი გონება, ჩვენი გული.
წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ხშირად ახსენებს გულის სიწმინდეს, გულის სიწრფელეს. ყველაფერში უნდა გულის სიწმინდე ჰქონდეს ადამიანს და არ უნდა იყოს ისე, რომ ერთი თქვას და მეორეს ფიქრობდეს და მესამეს აკეთებდეს. ეს რთულია, მაგრამ საჭიროა. ,,გული წმინდა დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა”, – ეს ჯილდოა ღვთისა და მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ყველანი დაგვაჯილდოვოს გულის სიწმინდით, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს: იათაშვილებს, შეყლაშვილებს, შეყელაშვილებს, ევსტაფიშვილებს, ბურჯანაძეებს, შანშაშვილებს, შანშიაშვილებს, აკოფაშვილებსა და ბედიანაშვილებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ მტკიცე, ჭეშმარიტი მართლამდიდებელი სარწმუნოება. ღმერთმა მოგცეთ სიმშვიდე გულისა და გონებისა.
სულთმოფენობიდან XXI კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება
8 (21) ოქტომბერი), 2018
სულთმოფენობიდან 21-ე კვირიაკე
წირვაზე – გალ. 2:16-20; ლკ. 7:11-16.
წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე გალატელთა მიმართ – 2:16-20
მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი.
ზოგიერთები ამბობენ: თუკი მართალია ის, რასაც პავლე ამტკიცებს (კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით), მაშინ მამამთავრები, წინასწარმეტყველები და ქრისტეს მოსვლამდე მცხოვრები წმინდანები არ ყოფილან სრულყოფილნი. ასეთები შეგვიძლია დავარწმუნოთ, რომ აქ ნათქვამია შემდეგი: ვერ გამართლდნენ ისინი, ვისაც სწამდათ, რომ გამართლება შესაძლებელია მხოლოდ რჯულის საქმებით. ძველი დროის წმინდანები გამართლდნენ ქრისტეს რწმენით; მაგალითად, აბრაამმა იხილა ქრისტეს დღე და გაიხარა (იხ. ინ. 8:56).
ხოლო თუ ქრისტეში ვეძებთ გამართლებას, მაგრამ თვითონ კი ვცოდეთ, ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც.
რადგანაც თუ კვლავ ვაგებ იმას, რაც დავანგრიე, ხომ შემცოდედ ვავლენ ჩემს თავს?
რჯულის საქმეებით ვერ გამართლდება ის ხორციელი, რომლის შესახებაც წერია: „ბალახია ყოველი ხორციელი და ყოველი მშვენება მისი – მინდვრის ყვავილი“ (ეს. 40:6); ხოლო ქრისტეს რწმენით ის ხორციელი გამართლდება, ვის შესახებაც აღდგომის საიდუმლოში ნათქვამია: „და ყოველი ხორციელი იხილავს მხსნელობას ღმრთისას“ (ლკ. 3:6). მაგრამ უბრალო (humiliorem) მიხვედრითაც რჯულის შესრულებით ოდესღაც მართლდებოდა არა ყოველი ხორციელი, არამედ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც პალესტინაში ცხოვრობდნენ. ახლა კი იესო ქრისტეს რწმენით მართლდება ყოველი ხორციელი, იმიტომ, რომ მისი ეკლესია მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
ნეტარი იერონიმე სტრიდონელი
ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვიცოცხლო ღვთისათვის.
მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის. მოციქული ხსნის, თუ რანაირად დაუტევა მან რჯული და ამბობს: მადლის კანონისა და სახარების მეშვეობით მე მოვკვდი მოსეს რჯულისთვის, ანუ მოვკვდი, – ამბობს ის, – რჯულით რჯულისთვის. ეს ნიშნავს: თავად რჯულმა მიმიყვანა იქამდე, რომ აღარ დავიცვა ის; მან მიმიყვანა ქრისტესთან მოსესა და წინასწამეტყველური სიტყვის მეშვეობით. ამიტომ თუ კვლავ დავიწყებ რჯულის კანონით ცხოვრებას, მაშინ ისევ მომიწევს მისი დარღვევა. ან ამგვარად: რჯულის თანახმად, მისი დამრღვევი სიკვდილით ისჯებოდა, ხოლო რადგანაც მისი შესრულება შეუძლებელი იყო, ამიტომ მისი ძალით მე სიკვდილს დავექვემდებარე. ამიტომ ნუღარ მიბრძანებს, რადგან მკვდარი ვარ, თან სულიერადაც, იმიტომ, რომ შევცოდე, ვინაიდან არ შემეძლო რჯულის საქმენი შემესრულებინა, და ხორციელადაც, რადგან ესეც რჯულით გასამართლებაზე იყო დამოკიდებული. მაშ, ამის შემდეგ როგორღა დავიცავ იმას, რამაც მომკვდინა? რათა ვიცოცხლო ღვთისათვის, ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს. ვინმემ რომ არ უთხრას, როგორ ცოცხლობ, თუკი მოკვდიო? – ის ამბობს, რომ თუმცა, რჯულმა სიცოცხლეშივე მომაკვდინა, მაგრამ ქრისტემ მკვდარი მიპოვა და აღმადგინა მე, რომელიც აზრობრივად მასთან ერთად ვეცვი ჯვარს და მასთან ერთად მოვკვდი ნათლისღების გზით. გაუგონარი სასწაულია: მკვდარი სიკვდილის მეშვეობით აღადგინა!
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი.
ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.
ამრიგად, ადამიანის სული, რომელიც ღვთის სულზეა მიწებებული, ეწინააღმდეგება ხორცს (მუხ. 17), ანუ ეწინააღმდეგება თავის თავს, მაგრამ ამას აკეთებს საკუთარი თავის გადასარჩენად. იცავს ადამიანისათვის სრულიად ბუნებრივი აღგზნებისგან, იქნება ის სულიერი თუ ხორციელი, რომლებსაც დაცემული ბუნების უძლურება წარმოშობს, თავის შეკავება გვმართებს იმისათვის, რომ ცხონება მოვიხვეჭოთ, რათა ადამიანს, რომელიც ბუნებასთან უთანხმოებაში ცხოვრობს, შეეძლოს, თქვას: მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, რადგან სადაც მე ვარ – ის მე არა ვარ, მაგრამ მე იქ უფრო ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ თუკი ავი აღგზნება წარმოიშვა ჩემს ძველ ბუნებაში, რომელსაც მე, რომელიც „გონებით ღვთის რჯულს ვემონები“ (რომ. 7:25), წინააღმდეგობას ვუწევ, მაშინ შემიძლია, ვთქვა: „მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში“ (რომ. 7:17).
ნეტარი ავგუსტინე იპონიელი
წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 7:11-16
მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაინი. თან ახლდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი.
კაპერნაუმში რომაელი ასისთავის მონის სასწაულებრივი განკურნების შემდეგ უფალი ქალაქ ნაინში წავიდა. იგი ჩქარობდა, რაც შეიძლება მეტი სიკეთე გაეკეთებინა და ამით საოცარი მაგალითი ეჩვენებინა ყველა თავისი ერთგული მორწმუნისათვის. კაპერნაუმიდან წამოსულმა ქრისტე მაცხოვარმა თაბორის მთას გვერდზე ჩაუარა. ამ მთის უკან, ერმონის ფერდობზე, დღესაც მდებარეობს სოფელი ნაინი, რომელიც ოდესღაც კედლებით შემოზღუდული ქალაქი იყო. უფალს დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა, მათ შორის, მისი მოწაფეებიც. ყველა მათგანმა იხილა კაპერნაუმში ქრისტეს მრავალრიცხოვანი სასწაული, მაგრამ კიდევ და კიდევ მეტის ნახვა და მოსმენა სურდა. რასაც უფალი აკეთებდა, მისი მსგავსი ისრაელში მანამდე არც ენახათ და არც სმენოდათ, მისი სიტყვები კი რძისა და თაფლის მდინარეებად აღიქმებოდა.
წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზ სერბი
როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან.
იუდეველთა რჯულის თანახმად, ვინც ადამიანის გვამს შეეხებოდა, უწმინდურად ითვლებოდა. მკვდრების დასაკრძალი ადგილი მათ საგანგებოდ ჰქონდათ ქალაქგარეთ შერჩეული. როცა ღმერთკაცი ქალაქ ნაინის კარიბჭეს მიუახლოვდა, იმ დროს ქალაქიდან მიცვალებული გამოჰყავდათ დასაკრძალად. იგი ქვრივი დედის ერთადერთი ძე იყო. როგორც ჩანს, ეს ქვრივი ქალი საკმაოდ მდიდარი და ქალაქში ცნობილი ადამიანი იყო, ვინაიდან უამრავი მოქალაქე აცილებდა მის შვილს უკანასკნელ გზაზე.
იცოდე, რომ რჯულის ჩვეულება გვამების უწმინდურობასთან დაკავშირებით, ქრისტიანებმა გააუქმეს ამქვეყნად იესო ქრისტეს მოსვლის შემდეგ, ისე, როგორც წინადაცვეთა, შაბათობა და სხვა რჯულისმიერი რიტუალები. რაც შეეხება ჩვეულებას, გააცილო მიცვალებული საფლავამდე, როგორც სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოვლენა, აქამდეც ძალაშია. ამ ტრადიციის დაცვით ჩვენ ჭირისუფალს ვანუგეშებთ, მიცვალებულს პატივს მივაგებთ და სიყვარულს ვავლენთ.
რა მოიმოქმედა მაცხოვარმა, როცა დამკრძალავი პროცესია და უკიდურესად დამწუხრებული და მოტირალი დედა დაინახა?
ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი.
არც მიცვალებულის დედას უთხოვია, არც სხვა ვინმეს გაუწევია შუამდგომლობა, არამედ თავად მრავალმოწყალე უფალმა აჩვენა, რომ ბუნებითად მოწყალეა, მან გამოავლინა შვილმკვდარი ქვრივის მიმართ მისთვის ჩვეული სიყვარული და სიბრალული. პირველი, რაც მაცხოვარმა გააკეთა, სიტყვებით ანუგეშა გულმკვდარი ქვრივი: ნუ სტირი. .მერე კი საქმითაც აღასრულა – მკვდრეთით აღუდგინა ერთადერთი ძე. ამით მაცხოვარმა ჭეშმარიტი თანაგრძნობის სათნოება გვასწავლა, რათა ჩვენც, როდესაც შეჭირვებულთა და მწუხარეთა ცრემლებს დავინახავთ, არ დაველოდოთ ხვეწნა-მუდარას და ვინმეს შუამდგომლობას, – რა საჭიროა სიტყვები, როცა უბედურება თვითონ ლაპარაკობს? – არამედ დაუყოვნებლივ და კეთილი ნებით გავუწვდინოთ ქველმოქმედების ხელი. ყურადღება მიაპყარ იმასაც, თუ რაგვარად აღმოუჩინა დახმარება ყოველთა მეუფემ გულშემუსვრილ დედას.
მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ!
რა იყო იმის მიზეზი, რომ ღმერთკაცმა უგულებელყო იუდეველთა რჯული – რომელმაც უწმინდური უწოდა იმას, ვინც ცხედარს შეეხებოდა, ან მის სახლს, ან მის ნაქონ ნივთებს (რიცხ. 19:14-15) – და მივიდა და შეეხო კუბოს? რჯულის განწესება მოითხოვდა სრულ თავშეკავებას ცოდვის ყველა მკვდარი საქმისგან, უმეტესად – მკვლელობისგან. ვინაიდან, თუკი მკვდართან, მის სახლთან ან ნივთებთან ერთი შეხებაც კი ცოდვად ითვლებოდა, მაშინ რაოდენ უფრო მძიმე უნდა ყოფილიყო მკვლელობის ცოდვა? როგორც ღმერთკაცმა მოკრუნჩხული დედაკაცი და ხელგამხმარი კაცი განკურნა შაბათ დღეს და ამით შაბათთან დაკავშირებით იუდეველთა ცრურწმენაც ამხილა, ზუსტად ასევე, დაურღვევლად დაარღვია რჯულის რიტუალი უწმინდურობის შესახებ, რითაც გვასწავლის, რომ წყალობა ყოველთვის ამარცხებს რჯულის დადგენილებას (ლკ. 6:6). ის მივიდა მკვდართან ახლოს, კუბოს ხელი მოჰკიდა, ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ (უფალ იესო ქრისტეს ძალით), შედგნენ; უფალმა კი ყოვლადძლიერი და ყოვლისშემძლე ხმით მიმართა ჭაბუკს: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ! მან მკვდარს ისე მიმართა, როგორც ჩვენ ცოცხლებს ველაპარაკებით. შესძახა უსულოს, როგორც ვაღვიძებთ ხოლმე მძინარეს. ჭაბუკო, შენ გეუბნები, – უთხრა მას, მკვდარს, და არა სხვა ვინმე ცოცხალს – შენ გეუბნები, აღდეგ მკვდრეთით!
მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს.
ჰოი, ყოვლადდიდებული სასწაული!მკვდარმა გაიგონა ხელმწიფებრივი ხმა და მაშინვე დაბრუნდა სული მკვდარ სხეულში, სისხლი ჩვეულებრივად აჩქეფდა ძარღვებში. სხეულმა სუნთქვა დაიწყო; ამოძრავდა კიდურები და სიცოცხლე დაუბრუნდა შინაგან ნაწილებს. ჭაბუკი მაშინვე აღდგა მკვდრეთით, წამოჯდა კუბოში და ალაპარაკდა. ეს დიდებული სასწაული იესომ არა შებერვით და ღმერთის მოხმობით აღასრულა, როგორც ელიამ (3 მეფ. 17:21), არც ლოცვითა და ზემოდან დაწოლით, როგორც ელისემ (4 მეფ. 4:35), არამედ ერთი ბრძანებით: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ! აღდგომის შემდეგ იგი დედამისს გადასცა, რითაც აჩვენა, რომ ჭაბუკი დედის ცრემლების გამო აღადგინა, თანაც, დედის უფლება წარმოაჩინა და ყველას გვასწავლა მშობლების სათანადო პატივისცემა და მორჩილება. იგივე გააკეთამა ელიამ, როდესაც სარეფთელი ქვრივის ყრმა აღადგინა და „მისცა დედას“ (3 მეფ. 17:22). მსგავსადვე, ელისემ, როდესაც სომანიტელ ქალს ძე აღუდგინა და უთხრა: „წაიყვანე შენი შვილი“ (4 მეფ. 4:36). საინტერესოა, როგორი იყო იქ შეკრებილი ხალხის რეაქცია, როცა ერთი სიტყვით გაცოცხლებული, კუბოში წამომჯდარი და მოლაპარაკე მკვდარი დაინახა?
ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოდგა ჩვენ შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი.
ხალხმა დაინახა ღმერთის ყოვლადძლიერი და ყოვლადხელმწიფებრივი მოქმედება, ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოდგა ჩვენ შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი, – ანუ ისრაელის მოდგმა! ვინაიდან მათი დიდებისმეტყველება მოსე წინასწარმეტყველის სიტყვების მსგავსია, რომელიც წინასწარ აუწყებდა ისრაელის ძეთ ღვთის ამქყვეყნად გაცხადებას ძე ღვთისას მეშვეობით და ღმერთის სახელით ეუბნებოდა: „წინასწარმეტყველს დავუდგენ მოძმეთა წრიდან, ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს და ის გამოგიცხადებს ყველაფერს, რასაც მე ვუბრძანებ“ (2 რჯ. 18:18). სავსებით შესაძლებელია, რომ მაშინ მათ იცოდნენ, რომ იესო ქრისტე იყო ის სანატრელი მესია, მოსე და წინასწარმეტყველები რომ იუწყებოდნენ; მაცხოვარი და მათი მოდგმისა და დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის გამომხსნელი.
მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი
სვეტიცხოვლის ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა
ა.წ. 13 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით სვეტიცხოვლის ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა. ჯვრისწერის საიდუმლო 60-ზე მეტი ოჯახისთვის შესრულდა.
სრულიად საქართველოს კათოლიიკოს-პატრიარქის ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე (14.10.2018)
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
ჩვენთან არს ღმერთი
დღეს არის ჩვენი უდიდესი ეროვნული დღესასწაული, _ მცხეთობა, სვეტიცხოვლობა. ყველას გილოცავთ ამ ზეიმს. სიხარული და მწუხარება ენაცვლებიან ერთმანეთს როგორც ტყუპი ძმები და ბევრი რამ უნახავს სვეტიცხოველს და მცხეთას _ კარგიც და მძიმეც.
ჩვენს წინაპრებს უთქვამთ: ადამიანმა, რომ აიღოს მიწა და გამოწუროს, მოწამეების სისხლი გამოედინებაო მას. მაგრამ, ამავე დროს, დიდი მადლი ტრიალებს ამ წმინდა ადგილზე. აქ ხდებოდა მეფის კურთხევა, აქ ხდებოდა და ხდება პატრიარქებისა და ეპისკოპოსების კურთხევა.
მცხეთა განსაკუთრებული ქალაქია და განსაკუთრებული ადგილი. ქრისტეს შობამდე ექვსი საუკუნით ადრე იყო ჩამოტანილი აქ ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროს დაიწყო ურთიერთობა ებრაელებსა და ქართველებს შორის. ეს გაცილებით ადრე დაიწყო. უცხო ქვეყანაში არ წაიღებდნენ ისინი ამ დიდ სიწმინდეს.
შემთხვევით არ არის, რომ აქ იყო ჩამოტანილი კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ისაც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანსა ვცემთ ამ წმინდა ადგილს.
გარდაცვალების წინ მეფე მირიანმა უარი თქვა დასაფლავებულიყო სვეტიცხოვლის ადგილას. ის თვლიდა უღირსად თავის თავს, რომ აქ მომხდარიყო მისი დაკრძალვა და დაიკრძალა სამეფო ბაღში, სადაც ახლა არის სამთავროს დედათა მონასტერი.
ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ღმერთმა გვიბოძა ეს სამშობლო.
ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ამ ბედნიერ დღეს ჩვენ გვესწრება პრემიერ-მინისტრი საქარველოსი, მერი თბილისისა და სხვა თანამდებობის პირები. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მადლი უფლისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს.
აწყურის ღვთისმშობლის ხატმა მოიარა მთელი საქართველო, ამიტომ ჩვენ ერთად ვთქვათ ლოცვა ,,მოწყალებისა კარი განგვიღე“.
,,მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!“
დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს რომ მადლითა სვეტისაცხოველისა, ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მთლიანობა საქართველოჲსა.
მინდა ვთხოვო პრემიერ-მინისტრს, მიულოცოს ხალხს ეს დიდებული დღესასწაული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მეგობრებო, მინდა მთელს მართლმადიდებლურ სამყაროს, ჩვენს მრავალ ეთნიკურ ერს, განსაკუთრებით კი ჩვენს ემიგრანტებს მივულოცო სვეტიცხოვლობა დღევანდელი დღე. სვეტიცხოველი არის სიმბოლო ჩვენი ერის სულიერი სიმტკცისა და ამავე დროს ეს არის სიმბოლო ქართველი ადამიანის განსაკუთრებული ნიჭისა. ღმერთმა დალოცოს საქართველო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წყალობა და მშვიდობა სუფევდეს თქვენთან და საქართველოში და მთელს მსოფლიოში. ჩვენთან არს ღმერთი.
სულთმოფენობიდან XX კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება
1 (14) ოქტომბერი), 2018
სულთმოფენობიდან მე-20 კვირიაკე
წირვაზე – გალ.1:11-19; ლკ. 6:31-36.
წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე გალატელთა მიმართ – 1:11-19
გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცისმიერი.
მოციქულს სურს, აჩვენოს, რომ ის ნამდვილად განუდგა რჯულისკანონს. ამიტომ იხსენებს თავის ძველ ცხოვრებასა და მკვეთრ ცვლილებას. აცხადებს, რომ არ დაუტევებდა იუდეველობას, რომ არ ჰქონოდა ამაზე გარკვეული საღმრთო მტკიცებულება. ამიტომაც ამბობს: სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცისმიერი, – ანუ კაცი კი არ მყავდა მასწავლებლად, არამედ თვით ქრისტეს მოწაფე ვიყავი.
ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
ცილისმწამებლები პავლეზე ამბოდნენ, რომ ის არ იყო სხვა მოციქულებივით ქრისტეს უშუალო მსმენელი, და რომ ყველაფერი სხვებისგან გაიგო. წმინდა პავლე კი ეუბნება მათ, რომ სახარება მას იმან გამოუცხადა, ვინც პეტრე და სხვები განსწავლა.
თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას.
თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში. საიდან ჩანს, – ამბობს ის, – რომ სახარება საღმრთო გამოცხადებით მივიღე? ჩემი ძველი ცხოვრებიდან. ქრისტიანობის ასეთი მდევნელი ვიყავი და უცებ როგორ შევიცვლებოდი, თავად ღმერთი რომ არ ჩარეულიყო? ხოლო მოშურნე მდევნელი რომ ვიყავი, იქიდანაც ჩანს, რომ ამის შესახებ თქვენც გსმენიათ და გალატელებსაც, იუდეისგან შორს რომ ცხოვრობენ.
რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას.შეხედე, როგორ მძაფრად გამოთქვამს! კი არ უთქვამს, უბრალოდ, „ვდევნიდი“, არამედ: „სასტიკად ვდევნიდი“; უფრო მეტიც – „ვარბევდი“; ანუ პავლე საფუძვლამდე ცდილობდა მის დარღვევას და აღმოფხვრას, – სწორედ ამას იზრახავს დამარბეველი.
ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლ-სწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს.
ყველა ჩემს თანატოლს აღვემატებოდი მოშურნეობით, – ამბობს მოციქული, – და ეკლესიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაშიც ყველაზე წინ მივდიოდი; სხვაგვარად: დიდ პატივში ვიყავი იუდეველებთან. მაგრამ ნუ იფიქრებ, რომ ეს პატივმოყვარეობის ან რისხვის გამოძახილი იყო, არა – ღვთისკენ სწრაფვა მამოძრავებდა. ასე რომ, თუკი ეკლესიის წინაღმდეგ ვიბრძოდი, და ამას ვაკეთებდი არა ადამიანური ანგარებით, არამედ ღვთისადმი მოშურნეობით (თუმცა აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი), მაშინ მით უფრო ახლა, როცა ჭეშმარიტება შევიცანი, როგორ ვიქადაგებ ადამიანური დიდებისმოყვარეობით სხვა რამეს, და არა იმას, რასაც ჭეშმარიტება მიბრძანებს და რაც ქრისტემ მასწავლა?
ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო.
ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია. თუკი პავლე დედის საშოდანვე იყო ღვთისგან გამორჩეული და წინასწარგანსაზღვრული სახარების საქადაგებლად, მაშინ, რა თქმა უნდა, საღვთო განკარგულების თანახმად დარჩებოდა იუდეველად გარკვეული ხანი, – ეჭვგარეშეა, იმისათვის, რომ მასში მომხდარ ესოდენ მკვეთრ ცვლილებას ადამიანთა დიდი სიმრავლე მიეზიდა ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ და ქრისტეს გზაზე განემტკიცებინა. ღმერთს იგი წილისყრით არ აურჩევია, არამედ მისი ღირსების წინასწარხედვით.
და თავისი მადლით მიხმო. თუმცა ღმერთმა პავლე მისი სათნოების გამო გამოირჩია, რამეთუ ნათქვამია: „ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი“ (საქ. 9:15), მაგრამ თავად მოციქული თავმდაბლად ამბობს, რომ მადლითაა ხმობილი არა საკუთარი ღირსების გამო, არამედ ღვთის წყალობით.
კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს.
კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში.მოციქულს არ უთქვამს: „გამოეცხადებინა ჩემთვის“, არამედ – „ჩემში“. ამით ის აჩვენებს, რომ არა მხოლოდ სიტყვიერი შეგონება მიიღო, არამედ, ასევე, მისი გულიც აივსო სულიწმიდის მადლით, რამეთუ ეს ცოდნა მის შინაგან კაცში ჩაიბეჭდა და მასში ქრისტე საუბრობს.
რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი. ღმერთმა თავისი ძე განმიცხადა არა მხოლოდ იმისათვის, რომ მე იგი შემეცნო, არამედ იმისათვისაც, რომ ის სხვებისთვისაც მეხარებინა. ასე რომ, მისგან მაქვს რწმენაც და მოციქულობაც. მაშ, როგორ ამბობთ ამის შემდეგ, რომ სარწმუნოება ადამიანებისგან ვისწავლე? ჩემი მოციქულობა მიზანმიმართულია – წარმართებს უნდა ვუქადაგო; და როგორ ვუქადაგო მათ წინადაცვეთა?
მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს. არ წავსულვარ მოციქულებთან რჩევა-დარიგების მისაღებად. ის სწორედ მათ უწოდებს „სისხლსა და ხორცს“, რადგან ბუნებითად ასეთები იყვნენ; ან ასე უწოდებს ყველა ადამიანს, ვინაიდან სარწმუნოების შემეცნების გზაზე არცერთი ადამიანი არ ყოფილა მისი მასწავლებელი.
არც იერუსალიმს ავსულვარ, ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს.
როგორ უნდა ეთქვა ეს მოციქულს? ნუთუ იმდენად გაამპარტავნდა, რომ საკუთარ თავს თვითკმარად მიიჩნევს და რჩევებს არ საჭიროებს? ნუთუ არ მოუსმენია გამოთქმა: „ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ“ (იგავ. 3:7)? და: „ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში“ (ეს. 5:21)? არა, არცერთ შემთხვევაში ასე არ უნდა ვიფიქროთ! საქმე ისაა, რომ ცილისმწამებლები ამბობდნენ, უსმინეთ მოციქულებს და არა პავლეს, რადგან ისინი პავლემდე იყვნენ ქრისტეს მოციქულებიო. ამიტომ გახდა წმინდა პავლე იძულებული, ასეთი რამ ეთქვა, რათა მაცდურთათვის პირი აეკრა. საერთოდაც, უგუნურება იქნებოდა, ღმერთისგან განსწავლულს ადამანებისგან მიეღო გაკვეთილები. ამდენად, თავისმოსაწონებლად კი არ ამბობს იგი ამას, არამედ საკუთარი ქადაგების ღირსების წარმოსაჩენად. მართალია, ის იერუსალიმში ავიდა, მაგრამ არა სასწავლებლად, არამედ სხვების დასარწმუნებლად იმაში, რომ იერუსალიმში მცხოვრებნიც მსგავსადვე ფიქრობდნენ. თანაც მაშინვე კი არა ასულა იერუსალიმში, არამედ შემდგომში, ისიც მათ დასარწმუნებლად. .
არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს. პავლე დადიოდა დაუმუშავებელ და ველურ ადგილებში, რადგან ის რომ მოციქულებთან დარჩენილიყო, მაშინ მისი ქადაგება დიდ წინააღმდეგობას წააწყდებოდა და ასე სწრაფად ვერ გავრცელდებოდა. ამიტომ იგი ყველაზე ველურ ხალხთან წავიდა. მაგრამ ყურადღება მიაპყარი მის სიმდაბლეს: პავლე ქალაქებს ჩამოთვლის, მაგრამ არ ამბობს, თუ რამდენი მოაქცია, თუმცა დამასკოში ისე აღაშფოთა იუდეველები, რომ ეთნარქმა დევნა დაუწყო. ასე რომ, თუკი გვეჩვენება, რომ პავლე საკუთარ თავზე ბევრს საუბრობს, უნდა ვიცოდეთ, რომ მას პატივმოყვარეობა კი არ ალაპარაკებს, არამედ ქადაგების წარმატების სურვილი: თუ ის უფლის მოწაფეობას ვერ დაამტკიცდება, მაშინ მას აღიქვამდნენ როგორც უბრალო კაცს და მოწაფეთა მოწაფეს.
სამი წლის შემდეგ კი პეტრეს სახილველად ავედი იერუსალიმს და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან.
ესეც მის სიმდაბლეს ამტკიცებს: ესოდენი სრულყოფილების მიუხედავად, პეტრესთან მიემგზავრება, თუმცა, არა რაიმე სარგებლის მისაღებად, არამედ გასაცნობად და მისთვის, როგორც აღმატებულისთვის პატივის მისაგებად. ამიტომაც ამბობს: „პეტრეს სანახავად“ (видеться, ίστορήσαι), და არა – „სახილველად“(видеть,ίδεΐν), როგორც გამოთქვამენ ხოლმე დიდი და მშვენიერი ქალაქის გაცნობის მსურველები; მსგავსად იმისა, როცა მივემგზავრებით ხოლმე წმინდა მამებთან, მაგრამ ჩვენ უფრო სარგებლის მისაღებად მივდივართ, ის კი მხოლოდ პატივის მისაგებად მიდის.
თხუთმეტი დღე დავყავი მასთან. შეხვედრა პატივს გამოხატავდა, მასთან ყოფნა კი მეგობრობასა და მხურვალე სიყვარულს. პავლეს არ უთქვამს: „ვსწავლობდა მისგან“, არამედ: „დავყავი მასთან“.
სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, უფლის ძმის, იაკობის გარდა.
იერუსალიმში პავლე პეტრეს სანახავად ავიდა, რადგან უყვარდა და პატივს სცემდა, მაგრამ იაკობსაც შეხვდა და მასაც პატივით მოიხსენიებს: მას უწოდებს უფლის ძმას, – ასე უცხო იყო მისთვის შური!თუმცა შეეძლო, კლეოპას ძე ეწოდებინა, რადგან იაკობი არ იყო უფლის ხორციელი ძმა, – ასეთად მხოლოდ ითვლებოდა. ხოლო თუ რანაირად იყო იაკობი კლეოპას ძე, ამის შესახებ მოისმინე: კლეოპა და იოსები ძმები იყვნენ; როდესაც კლეოპა უშვილოდ მოკვდა, იოსებმა მას თესლი აღუდგინა და შვა იაკობი და მისი სხვა ძმები, და მარიამი, რომელიც მართალია, კლეოპას ასული იყო, მაგრამ სახარება მას ღვთისმშობლის დად მოიხსენიებს, ვინაიდან იოსები ყოვლადწმიდა ქალწულთან მიმართებით ყოველთვის მზუნველი მამა რჩებოდა და არასოდეს ჰქონია მისდამი რაიმენაირი ქმრისეული განწყობა[ნუ იყოფინ!].
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 6:31-36
როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ.
ძირძველი, დასაბამი მცნებაა – გიყვარდეს. მარტივი სიტყვაა, მაგრამ ყოვლისმომცველ საქმეს გამოხატავს. სათქმელად ადვილია – გიყვარდეს, მაგრამ ადვილი არ არის, სიყვარულის სათანადო ზომას მიაღწიო. ამიტომ მაცხოვარი ამ მცნებას განმარტებით წესებს ურთავს: გიყვარდეს, „როგორც თავი თვისი“; დაროგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ.აქ სიყვარულის საზომად მითითებულია, შეიძლება ითქვას, განუზომლობა, რადგან უზომოა ადამიანის სიყვარული საკუთარი თავისადმი და ის სიკეთე, რასაც იგი თავის თავს უსურვებს. თუმცა, ამასთან, ეს მცნება არ არის შეუსრულებადი. მთელი საქმე ისაა, რომ სრულყოფილი თანაგრძნობა იქონიო სხვებთან ისე, რომ მათი გრძნობები სრულად გაითავისო, იგრძნო ისე, როგორც ისინი გრძნობენ. როდესაც ამას მიაღწევ, მაშინ უკვე აღარ დაგჭირდება მითითება, თუ როდის და რა გააკეთო სხვებისთვის: გული თავად დაგანახებს. მთავარია, თანაგრძნობა შეინარჩუნო, თორემ მაშინვე შემოგიტევს ეგოიზმი და საკუთარი თავისკენ მიგაბრუნებს და იქ ჩაგკეტავს. ამის მერე უკვე თითსაც აღარ გააქანებ სხვისთვის და ზედაც არ შეხედავ, თუნდაც კვდებოდეს. როდესაც უფალმა თქვა: „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“, ამით მას სურდა, რომ ჩვენს ნაცვლად ჩვენში, ანუ ჩვენს გულში, ჩვენი მოყვასი მდგარიყო. ხოლო, თუკი იქ, ცენტრში, ძველებურად ჩვენი „მე“ დარჩება, მაშინ სიკეთეს ნუ ელოდები.
წმინდა მღვდელთმთავარი თეოფანე დაყუდებული
თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ.
და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან.
თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც.
ეს ნიშნავს: თუკი თქვენ სიკეთეს იმის იმედით აკეთებთ, რომ სამაგიერო მოგიზღონ, მაშინ იცოდეთ, რომ სინამდვილეში არანაირ სიკეთს არ აკეთებთ.განა ღმერთი ელოდება, რომ ადამიანებმა მზის სითბო დაიმსახურონ და მხოლოდ ამის შემდეგ უბრძანებს მზეს, რომ გაგვათბოს? თუ პირველი იჩენს გულმოწყალებასა და სიყვარულს? გულმოწყალება – ეს არის აქტიური სათნოება, და არა – მომლოდინე. ღმერთი ნათლად აჩვენებს ამას სამყაროს შექმნიდანვე, დღითიდღე ის თავისი უხვი ხელით მდიდარ საბოძვარს უგზავნის ყველა თავის ქმნილებას.მას რომ მოეცადა, სანამ ქმნილებები პირველები შესწირავდნენ მას რამეს, მაშინ არც სამყარო იარსებებდა და არც ქმნილება. თუ ჩვენ ჩვენი მოყვარენი გვიყვარს, მაშინ ისეთივე მოვაჭრენი ვართ, ერთმანეთში გაცვლას რომ აწარმოებენ. თუ ჩვენ მხოლოდ ჩვენს კეთილისმყოფელებს ვუკეთებთ სიკეთეს, მაშინ საკუთარი ვალის გადამხდელი მოვალენი ვყოფილვართ. გულმოწყალება კი არ არის ის სათნოება, ვალებს რომ იხდის, არამედ მუდმივად თავად რომ ავალებს. სიყვარულიც ისეთი სათნოებაა, რომელიც მუდმივად ვალად აძლევს და უკან დაბრუნებას არ ელოდება. თუ ჩვენ სესხს გავცემთ უკან დაბრუნების იმედით, მაშინ ამით რას ვაკეთებთ? ერთი სალაროდან ფული მეორეში გადაგვაქვს, ვინაიდან რაც გავასესხეთ, ის ჩვენს საკუთრებად მიგვაჩნია, ისევე, როგორც მაშინ მიგვაჩნდა, როცა ეს ფული ჩვენს ხელში იყო. უგუნურება იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ზემოთ მოყვანილი სიტყვებით უფალი თითქოს გვასწავლის, რომ არ უნდა შევიყვაროთ ჩვენი მოყვარენი და არ გავუკეთოთ სიკეთე ჩვენს კეთილმყოფელებს. ღმერთო, დაგვიფარე მსგავსი აზრებისგან! ამ სიტყვებით უფალს სურს, თქვას, რომ ეს არის სათნოების უფრო დაბალი საფეხური, რომელზეც ცოდვილებიც იოლად ადიან. ეს სიკეთის უმცირესი ზომაა და ის ამ სამყაროს აღარიბებს, ადამიანებს კი შეჭირვებულებსა და გულცივებს ხდის. უფლის სურვილია, ადამიანები სათნოებათა უმაღლეს საფეხურზე აიყვანოს, საიდანაც კარგად ჩანს ღვთის მთელი სიმდიდრე და ყველაფერი, რაც მის მიერ იქმნა და რომელზედაც მონის შეჭირვებული და შეშინებული გული ძისა და მემკვიდრის ფართო და თავისუფალ გულად იქცევა. მოყვარისადმი სიყვარული მხოლოდდამხოლოდ პირველი გაკვეთილია სიყვარულის უსასრულო სახელმძღვანელოში; და სიკეთის კეთება იმათთვის, ვინც სიკეთე გვიყო, არის მხოლოდ დაწყებითი სკოლა სათნოებებში წვრთნის გრძელ გზაზე; ხოლო ვინც სესხად აძლევს დაბრუნების იმედით, ის, რა თქმა უნდა, სიკეთეს აკეთებს, მაგრამ ეს არის პირველი და პატარა ნაბიჯი დიდი სიკეთისკენ, რომელიც გასცემს და უკან დაბრუნებას არ ელოდება. ვის მოიხსენიებს აქ უფალი ცოდვილებად?უპირველესად – წარმართებს, რომლებისთვისაც ჯერ სრულად არ არის გაცხადებული ღვთის ჭეშამრიტებისა და სიყვარულის საიდუმლოება. ისინი ცოდვილები არიან, იმიტომ, რომ განუდგნენ პირველდასაბამ ჭეშმარიტებასა და ღვთის სიყვარულს, და ღმერთის ნაცვლად საკუთარ სჯულმდებლად ეს სოფელი გაიხადეს. სოფელმა კი მხოლოდ იმათი სიყვარული ასწავლა, ვისაც ის უყვართ, და სიკეთის მიგებაც – მხოლოდ მისთვის გაკეთებული სიკეთის წილ. ღვთის ჭშმარიტებისა და სიყვარულის დიდი საიდუმლოება ახლა კვლავ გვეცხადება ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს მეშვეობით, თანაც კიდევ უფრო მეტი ბრწყინვალებით, ვიდრე შესაქმის დასაწყისში. თავიდან ის გვეცხადება იუდეველი ხალხის საშუალებით, მაგრამ არა მხოლოდ იუდეველების, არამედ მსოფლიოს ყველა ხალხისთვის. და რადგანაც ღმერთი არაერთი ათასი წელი ამზადებდა იუდეველებს რჯულისა და წინასწარმეტყველების დახმარებით საიდუმლოების უსრულესი გაცხადების გასაგებად და მისაღებად, ამიტომაც უწოდებს უფალი წარმართობაში დანთქმულ სხვა ხალხს „ცოდვილებს“. თუმცა ცოდვილებში – და უფრო უარესებში, ვიდრე წარმართებია – იგი გულისხმობს ყველას, ვისთვისაც ჭეშამრიტებისა და სიყვარულის საიდუმლოება გაცხადებულია, მაგრამ არ შეინარჩუნა და ძაღლივით დაუბრუნდა საკუთარ ნათხევარს – სიკეთის უმდაბლეს საფეხურს. ასეთებს შორის ბევრი ჩვენგანია: სახელით ქრისტიანები, საქმით – ყველაზე პრიმიტიული წარმართები, ვინაიდან რა მადლი უნდა მივიღოთ იმისგან, რომ გვიყვარდეს ჩვენი მოყვარენი და სიკეთეს ვუკეთებთ ჩვენს კეთილისმყოფელებს? განა, ამით უკანვე არ ვაბრუნებთ ჩვენ მიერვე აღებულს? ჭეშმარიტად, ჩვენ უკვე მივიღეთ ჩვენი ჯილდო! სამადლობელს მხოლოდ ის საქმე იმსახურებს, რომელიც ოდნავ მაინც ემსგავსება ღვთის სიყვარულის, ჭეშმარიტი შეგონების, მისაგებელის ღირსი ქველმოქმედებისა და სათნოებების საქმეებს.
წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზ სერბი
ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.
უფალი შეგვაგონებს, რომ შევიყვაროთ მტრები, გავუკეთოთ მათ სიკეთე და გავცეთ ვალი მათზე, ვისაც დაბრუნება არ ძალუძთ და არც ველოდოთ მათგან. და დიდი იქნება თქვენი საზღაური, – ამბობს უფალი, –და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ. როდესაც შენ მიმართ ბოროტების ჩამდენს სიკეთეს უკეთებ, – გვეუბნება იგი, –ან აძლევ იმას, ვინც ვალს არ გიბრუნებს, ამ დროს ნუ იფიქრებ, რომ შენი ქონება ამაოდ გაიფლანგა, იმიტომ, რომ ამჟამად სიკეთის თესვის დროა, ხოლო ნათესის შესაბამისი მოსავლის აღების დრო მომავალ საუკუნეს მიეკუთვნება. ასე რომ, ნუ დაკარგავ იმედს იმ მიზეზით, რომ თესვასა და მკას შორის დროის გარკვეული შუალედი არსებობს; პირიქით, გაძლიერებით ეცადე, უკვდავყო შენი კეთილი საქმე ისე, როგორც ბოროტების ჩამდენნი უკვდაჰყოფენ თავიანთ ბოროტებას.რასაც აქ დათესავ, იქაც იმას მოიმკი უდიდესი ნამატით. ამდენად, თუ შენ აქ შენი საქმეებით ძე ღვთისას დაემსგავსები და ყველასთან მიმართებით კეთილად განეწყობი, როგორც თავად არის კეთილი ყველასთან მიმართებით, მაშინ იქ უფრო მეტად მიემსგავსები მას, უზენაესის დიდების ბრწყინვალებით გაცისკროვნებული, და საუკუნოდ იქნები მათთან, ვისთანაც ქრისტე იქნება, ღმერთი ღმერთთა შორის (ფს. 81:1), რომელიც ანაწილებს მარადიულ ნეტარებათა შესაბამის ღირსებებს. და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.სწორედ თავისი კეთილმოწყალების მიზეზით მოდრიკა ცანი ძე ღვთისამ, გარდამოხდა ქვეყნად და გახდა ძე კაცისა; და გვაუწყა და აღასრულო ყოველივე. დაბოლოს, ევნო და მოკვდა ჩენთვის, და აღდგა და კვლავ ამაღლდა ზეცად, რათა ჩვენ გაგვხადოს ზეციურნი, უკვდავნი და ღვთის ძენი.
მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამათქვენი.
ამრიგად, რასაც უფალი ახლა ჩვენგან ითხოვს: მტრის სიყვარული, ქველმოქმედება, უქონელზე სესხის გაცემა, – ყველაფერი ეს შეგვფერის და სასარგებლოა ჩვენთვის, როგორც ეს ზემოთ ითქვა, თუმცა უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რასაც თავად უფლისგან საჩუქრად ვიღებთ. მან ხომ თავი გაწირა ყველა ჩვენგანისთვის, მათ შორის უმადურებისა და ბოროტებისთვისაც. ჩვენ კი შეგვაგონებს, რომ სესხი გავცეთ ჩვენი იქიდან, რაც უხვად გვაქვს და სიკეთე ვაკეთოთ საკუთარი ქონებიდან. მაგრამ რა არის ეს და რამდენია? და აი, ამ მცირეოდენის გამოც იგი მისი მიმსგავსების უნარს გვანიჭებს და გვჩუქნის უმაღლეს ძეობას ღვთისას ზეციურ ჯილდოდ: იყავით გულმოწყალენი, – გვეუბნება იგი, –ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი, რომლისა თანა და სულისა წმიდისა თანა შვენის მას დიდება, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ პალამა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს შეხვდა
ა.წ. 12 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ბატონი ჯორჯ კენტი და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ქალბატონი ელიზაბეთ რუდი და სხვა ოფიციალური პირები მიიღო.
ბატონმა ჯორჯ კენტმა აღნიშნა: ,,საქართველო საუკუნეთა მანძილზე იყო ძალიან რთულ მდგომარეობაში და ამ სიტუაციაში უდიდეს როლს ასრულებდა ეკლესია. აშშ საქართველოს სახელმწიფოს უყურებს როგორც საერთო ღირებულებების გამზიარებელს. მე ვარ საქართველოში როგორც საქართველოს მეგობარი და მივესალმებით დიალოგსა და თანამშრომლობას ეკლესიასთან, რადგან გვესმის, რომ ეკლესია არის მნიშვნელოვანი ნაწილი ნებისმიერი საზოგადოებისა. მიუხედავად ჩვენი განსხვავებისა, ვფიქრობ, ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ და უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა.”
მისმა უწმინდესობამ სტუმრებს საქართველოს მხარდაჭერისა და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
Clarification of the Position of the Georgian Church on the Question of the Autocephaly of the Ukrainian Church (08.10.2018)
At times, both in the media of Russia and the media of Ukraine occur pieces of biased information about the position of the Georgian Church on the autocephaly of the Ukrainian Church, both of them seeking to twist our words into the suitable interpretation for them, respectively.
A similar fact took place at the Patriarchate of Georgia in the wake of the visit of the Secretary of the Ukrainian Rada (Parliament), – the Ukrainian channels promulgated false information that the Georgian Church supported the autocephaly of the Ukrainian Church which is not consistent with the reality.
While meeting with him, the guest declared that they were seeking to gain autocephaly for the unified Ukrainian Church which should be based as on the demand of the Government of the country so also on that of all the hierarchs under the supervision of Metropolitan Onufriy and should be canonically well founded.
If it is carried out, naturally, we will welcome the fact but, as we have remarked earlier, at this stage it does not appear to be an easily attainable objective.
The most crucial is to avert the confrontation among the people which may ensue more complicated processes, – added the Catholicos-Patriarch.
As concerns the position of the Georgian Church, it is unchanged and, as we have mentioned earlier, acknowledges: that until the Patriarchate of Constantinople and the Patriarchate of Russia confirm their respective final official decisions, the Patriarchate of Georgia will forbear to give assessment of the situation.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (09.10.2018)
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
ჩვენთან არს ღმერთი
ყველას გილოცავთ ათონის მთიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ჩამობრძანებას საქართველოში
ყველას გილოცავთ იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის განსაკუთრებული მფარველი ჩვენი ქვეყნის. არაერთხელ გადაურჩენია საქართველო დაცემისაგან. მინდა გაგახსენოთ ის მძიმე დღე, როცა მონღოლების ბატონობის დროს განსაცდელში ჩავარდნილი ქართველები ერთი მოხუცებული ადამიანის რჩევით შეევედრნენ დედა ღვთისას ,,მოწყალებისა კარი განგვიღე“ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი გამოცხადებით დიდი სასწაული მოახდინა. ჩვენც შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომ მოწყალებისა კარი განგვიღოს. ერთად ვთქვათ ეს ლოცვა:
,,მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!“
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღვთიმსშობელმა დედამ შეგვიწყალოს, გადაგვაფაროს თავისი კალთა ჩვენ და სრულიად საქართველოს.
ჩვენთან არს ღმერთი.
საქართველოს საპატრიარქოს განმარტება (08.10.2018.)
როგორც რუსულ, ისე უკრაინულ მედიაში პერიოდულად ჩნდება მიკერძოებული ინფორმაცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან მიმართებაში საქართველოს ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით და ორივე მხარე ცდილობს, ჩვენი ნათქვამი სათავისოდ წარმოაჩინოს.
მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი საქართველოს საპატრიარქოში უკრაინის რადას (პარლამენტის) თავმჯდომარის ვიზიტის შემდეგაც, – უკრაინულმა არხებმა გაავრცელეს, თითქოს საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რაც რეალობას არ შეესაბამება.
შეხვედრაზე სტუმარმა განაცხადა, რომ ისინი ესწრაფვიან უკრაინის ერთიანი ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებას, რომელიც როგორც ხელისუფალთა, ისე მიტროპოლიტ ონოფრეს დაქვემდებარებაში მყოფ და ყველა სხვა იერარქთა მოთხოვნაზე და კანონიკურ საფუძველზე უნდა იყოს დამყარებული.
თუ ეს განხორციელდა, ბუნებრივია, მისასალმებელი მოვლენა იქნება, მაგრამ, როგორც ჩვენის მხრიდან აღინიშნა, ეს ადვილად მისაღწევი ამ ეტაპისთვის არ ჩანს; ამიტომაც აუცილებელია სიფრთხილე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება მოსახლეობაში და არ განვითარდეს კიდევ უფრო რთული პროცესები.
რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის პოზიციას ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, იგი არის უცვლელი და, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, გულისხმობს შემდეგს: – ვიდრე საეკლესიო კანონიკის ნორმებზე დამყარებულ თავის საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ დააფიქსირებს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო შეფასებებისაგან თავს შეიკავებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 9 ოქტომბერს მახათას მთაზე პარაკლისს გადაიხდის
ა.წ. 9 ოქტომბერს, სამშაბათს, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულთან დაკავშირებით 9 საათზე აღევლინება წმინდა ლიტურგია, ხოლო 12 საათზე მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად გადაიხდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელ პარაკლისს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (07.10.2018)
ჩვენთან არს ღმერთი
გილოცავთ წმინდა პირველმოწამე თეკლას დღესასწაულს. მისი ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.
დღეს ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს: ნაცვალააძეებს, ხატიძეებს, ქურდაძეებს, გაბადაძეებს და ღუღუნიშვილებს. ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა სიხარული, სიყვარული და მტკიცე რწმენა.
დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ შემდეგ სამღვდელოებას:
იღუმენი იოანე (გვეტაძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში. აქსიოს!
დეკანოზი ზურაბი (კიკაძე) დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
დეკანოზი სერაფიმე (გოგოლაძე), დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით
მღვდელი გიორგი (ხაჩიძე) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში აქსიოს!
მღვდელი ნიკოლოზი (ჯაიანი) დაჯილდოეუბულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!
მღვდელი პლატონი (გელაშვილი) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!
მღვდელი ბართლომე (ბიწაძე) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!
მღვდელი გრიგოლი (ქობალია) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!.
შეგახსენებთ, რომ ა.წ. 9 ოქტომბერს, სამშაბათს, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულთან დაკავშირებით 9 საათზე აღევლინება წმინდა ლიტურგია, ხოლო 12 საათზე მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად გადაიხდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელ პარაკლისს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მომავალ კვირას არის სვეტიცხოვლობა. შაბათ საღამოს 5 საათზე სვეტიცხოველში დაიწყება საღამოს ლოცვა და კვირას, 10 საათზე, _ საღმრთო ლიტურგია.
ჩვენთან არს ღმერთი.