Грузинская Православная Церковь

Подписка на Лента Грузинская Православная Церковь
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია
URL-адрес: http://patriarchate.ge
Обновлено: 50 мин. 41 сек. назад

კრწანისობა 2019

30 сентября, 2019 - 15:59

ა.წ. 24 სექტემბერს, კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა ხსენების დღეს, 300 არაგველის სახელობის პარკში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისი გადაიხადა. მან ჩვენი ქვეყანა, 300 არაგველი და კრწანისის ბრძოლაში მომწყდარი ჩვენი მებრძოლები ღმერთს შეავედრა. პარაკლისს ესწრებოდა ქალაქ თბილისის მერი ბ-ნი კახა კალაძე, მერის მოადგილე ქ-ნი სოფიო ხუნწარია, მაჟორიტარი დეპუტატი ბ-ნი ბექა ოდიშარია და სხვა პირები. 

პარაკლისის დასრულების შემდეგ 300 არაგველის მემორიალთან ტრადიციული დღესასწაული – „კრწანისობა 2019” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა და ცალკეულმა შემსრულებლებმა. დაიდგა თეატრალიზებული წარმოდგენაც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვართამაღლების დღესასწაულზე

27 сентября, 2019 - 16:45

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს დღესასწაულიც არის და მწუხარების დღეც. მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. 

ჯვარი უფლისა ეს არის ძალა ღვთისა. ყოველი ადამიანი, ყოველი ერი არის მტვირთველი ჯვრისა.

გისურვებთ, რომ ჩვენ ყველამ ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ და ჯვარი იყოს მფარველი ჩვენი. 

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვრის ტვირთვა გოლგოთაზე არ მთავრდება. ვინც იტვირთავს ჯვარსა, გოლგოთის შემდეგ მას მოელის აღდგომა და ამაღლება. ღმერთმა მოგცეთ ძალა. 

დღეს არის აფხაზი გმირების დღესასწაული. იმათი ლოცვა შეეწევა საქართველოს. იმათი ლოცვა გახსნის გზას, იმათი ლოცვა აღამაღლებს ყოველ დაცემულ ადამიანს. იმათი ლოცვა ქმნის სასწაულს და ღვთის მადლით ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში. ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ბრძანდება ჩვენთან წირვაზე და იქნება ბატონმა რუსლანმა თქვას ერთი-ორი სიტყვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი რუსლან აბაშიძე:

ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და მე პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პატრიარქს იმისათვის, რომ დღეს, ჯვართამღლების დღეს, ჩვენ თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამას; ასევე ეს არის ძალიან ტრაგიკული დღე ჩვენთვის როდესაც ჩვენ მოვიხსენიებთ ჩვენი გმირების სულებს, რომლებიც შეეწირნენ ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობას. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება და ვუსურვო ჩვენს დევნილ საზოგადოებას, აფხაზეთის საზოგადოებას, – გამძლეობა, ჯანმრთელობა და რწმენა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი:

ღვთის მადლით, მისი წყალობით მალე შევხვდეთ აფხაზეთში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვართამაღლებას. ჯვრის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. 

ჩვენთან არს ღმერთი!

მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მონოზონი ნატალია (ჭედია) აღყვანილ იქნა იღუმენიას ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

აღსანიშნავია, რომ წირვის მანძილზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში 25 მხატვრის მიერ შეიქმნა დიდი ტილო,- ბედიის ტაძარი და მისკენ მიმავალი მრევლი. ნახატს ჰქვია ,,გზა ტაძრისკენ, გზა ამაღლებისკენ”. მხატვრებმა იგი წარუდგინეს მის უწმინდესობას და ეკლესიაში მყოფთ, ხოლო აფხაზეთის კაპელამ შეასრულა საგალობელი. 

წირვის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარმა აფხაზეთში, ომში, გარდაცვლილთა სულთა საოხად პანაშვიდი გადაიხადა და დალოცა მათი სულები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA-ს) თავმჯდომარეს შეხვდა

26 сентября, 2019 - 15:49

ა.წ. 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA-ს) თავმჯდომარე ბ-ნი ჩარლზ ჯ. ფარუჯა მიიღო. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი, ქ-ნი თეონა იაშვილი, ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი, ქ-ნი ქეთევან ასათიანი და ეროვნული არქივის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილე, ქ-ნი სოფიო ჯობავა.  

ბ-ნი  ჩარლზ ჯ. ფარუჯა საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები” უკვე მეოთხედ ტარდება და მასში 170-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: არქივთმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; სიძველეთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოლოგია; ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია); საბუნებისმეტყველო კვლევები; კულტურათაშორისი კომუნიკაციები; რესტავრაცია-კონსერვაცია; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი და საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინგუშ უხუცესებს შეხვდა

26 сентября, 2019 - 15:45

ა.წ. 25 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ინგუში უხუცესები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნების და ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცების აუცილებლობას. მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა თავის მხრივ ხელი შეუწყონ კავკასიაში სტაბილურობას.

სტუმრებმა ისაუბრეს ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის დამოკიდებულებაზე ქართველების მიმართ და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი ქართველებს მოძმე ხალხად აღიქვამს და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი ქართველებს ემუქრება, მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია. 

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ იმედი გამოთქვა, რომ კავკასიის ხალხები ძმური სიყვარულით და ურთიერთ თანადგომით გააგრძელებენ ცხოვრებას.

სამების საკათედრო ტაძარში მე-60 საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

23 сентября, 2019 - 17:14

ა.წ. 22 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მე-60 საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 800-მდე  ბავშვი გახდა.

დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 40000-მდე ნათლული ჰყავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე(21.09.2019)

21 сентября, 2019 - 15:15

ჩვენთან არს ღმერთი!

ყოველ მარიამს და მთელს საქართველოს ვულოცავთ მარიამის დაბადების დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს. 

ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე! საქართველო, თქვენ იცით, წილხვედრია ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. 

შემთხვევით არაფერი არ ხდება. არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა. შეგეწიოთ ღვთისმშობელი დედა, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს. 

მოხარულნი ვართ, რომ დღევანდელ წირვას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე, ბ-ნი არჩილი და პარლამენტის წევრები.

მინდა ვთხოვო ბ-ნ არჩილს, მიულოცოს ხალხს ღვთიმსშობლის შობის დღე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე:

უწმინდესო, გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, მრავალს დაესწარით, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას გისურვებთ. დედა ეკლესიას ვუსურვებ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. მთელს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, იმ ადამიანებსაც, ვინც  ახლა ჩვენს ქვეყანაში რწმენით არიან ჩამოსულნი სტუმრად, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გამთლიანებულიყოს ჩვენი ქვეყანა სიბრძნით, განათლებით, მოთმინებით და ურთიერთსიყვარულით. მოყვასის სიყვარულით აგვეშენებინოს ჩვენი მომავალი. 

მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ უწმინდესმა მიგვიღო და მოგვეცა შესაძლებლობა, რომ თქვენთან ერთად, ძვირფასო მოქალაქეებო, დებო და ძმებო, აღვნიშნოთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი:

გმადლობთ ბ-ნო არჩილ. 

შეგახსენებთ რომ სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. განსაკუთრებით ვლოცულობთ იმ ადამიანებისთვის, ვინც ავადმყოფობენ კიბოთი. ეს უმძიმესი სენი ღმერთმა აგვაშოროს ჩვენ და მთელს მსოფლიოს.

ღმერთმა განკურნოს ყოველი  კიბოთი დაავადებული.

ჩვენთან არს ღმერთი!

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა ამ სენით დაავადებული ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვები და მოზარდები და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე განსაკუთრებული მზურნველობისთვის საპატრიარქო სიგელით დააჯილდოვა ,,ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის”ხელმძღვანელები: ბ-ნი ნესტორ მიროლავა და ქ-ნი თინათინ ჩხვიმიანი, ასევე ფონდის სხვა წევრები. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი მიიღო

19 сентября, 2019 - 14:58

ა.წ. 19 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ნავპაკტის მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მართლმადიდებლურ სამყაროში განვითარებულ მოვლენებს, ასევე სულიერი ცხოვრების არსებით საკითხებს, მათ შორის განათლების აუცილებლობას და ასკეტური მოღვაწეობის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში.

აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტი იეროთეოსი ავტორია 100-ზე მეტი წიგნისა და საქართველოში მესამედ იმყოფება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა

17 сентября, 2019 - 14:47

ა.წ. 17 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი) და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა ის პრობლემური თემები, რაც საქართველოს საპატრიარქოსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი მზრუნველობის საგანს წარმოადგენს.  

მისმა უწმინდესობამ დალოცა მინისტრი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

ევროპარლამენტის ინტერკულტურული და რელიგიური დიალოგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში

16 сентября, 2019 - 11:19

ა.წ. 12 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა ევროპარლამენტის ინტერკულტურული და რელიგიური დიალოგის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბ-ნ რომან სტრასერთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რელიგიათა და კულტურათაშორის დიალოგის მნიშვნელობას. მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისათვის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა

16 сентября, 2019 - 10:43

ა.წ. 15 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი გიორგი გახარია მიიღო. შეხვედრას  მღვდელმთავრები და სამღვდელოებაც ესწრებოდნენ. 

მისმა უწმინდესობამ ბ-ნ გიორგი გახარიას მიულოცა მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება, დალოცა და ჩვენს რთულ დროში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

13 сентября, 2019 - 13:18

ა.წ. 13 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის ახლადდანიშნული შემსრულებელი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. 

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და საუბარი შეეხო მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცების მნიშვნელობას.

არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა მის უწმინდესობას და უნეტარესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია და  თავის მხრივ ეცდება, რომ მისი მოღვაწეობით კიდევ უფრო გაღრმავდეს სომხების და ქართველების მეგობრობა. სტუმარმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საჩუქრად დავით აღმაშენებლის ხატი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოშია დაბადებული, კარგად იცის ქართული ენა და საქართველოს ისტორია. 

წიწამურის მიმდებარედ წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელზე ტაძარი იკურთხა

12 сентября, 2019 - 12:51

ა.წ. 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) წიწამურის მიმდებარედ ილია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერში ტაძარი აკურთხა. ამ მონასტერში ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა წმ. ილია მართლისადმიც და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (08.09.2019)

8 сентября, 2019 - 14:12

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ადრიანე და ნატალიას დღესასწაულს. მრავალი თქვენგანი ატარებს ნატალიას სახელს, ვულოცავ მათ ანგელოზის დღეს.

მე მინდა ორიოდე სიტყვით გაგახსენოთ, რომ არის ფასეულობანი, რომელიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ეროვნული ფასეულობა, ეს არის ოჯახის ფასეულობა. 

თქვენ იცით ამ დღეებში ჩვენთან ჩამოსული იყო უნგრეთის პრეზიდენტი და მას აქვს გამოცხადებული 2020 წელი ოჯახის ფასეულობათა წლად. ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამის შესახებ. 

მე არაერთხელ გაგახსენეთ თქვენ, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და მშობლების ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, უნდა სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა: დამლოცე, დედაო; დამლოცე, მამაო.

ბიბლიაში წერია: ,,პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.”ამას შეგახსენებთ იმისათვის, რომ ბედნიერი იყოთ, გახარებული იყოთ; 

ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერი ოჯახი მოგცეთ ღმერთმა.

ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა

6 сентября, 2019 - 14:00

ა.წ. 6 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნგრეთის პრეზიდენტი, ბ-ნი იანოშ ადერი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

უნგრეთის პრეზიდენტმა დელეგაციის სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში პირველად იმყოფება და ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის მეთაურთან შეხვედრა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. მისივე განცხადებით, უნგრეთი მზად არის კიდევ უფრო გააღრმაოს მეგობრული და საქმიანი კავშირები საქართველოსთან, ქვეყანასთან, რომლისთვისაც   ტრადიციული ღირებულებები, უნგრეთის მსგავსად, ფასეულია. 

მან ასევე ისაუბრა უნგრეთის დემოგრაფიულ პრობლემაზე და თქვა, რომ სურვილი აქვს ილია II-ის ნებართვით და თავისი ეკლესიის მეთაურთან შეთანხმებით, უნგრეთშიც დაამკვიდროს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივა, – პირადად გახდეს მესამე და მომდევნო ბავშვის ნათლია. 

უნგრეთის პრეზიდენტმა დამსწრეთ გაუზიარა შთაბეჭდილება ოკუპაციის მუზეუმთან დაკავშირებითაც:  ,,მოვინახულეთ ეროვნული მუზეუმი, სადაც ბოლო სართულზე საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი მასალა არის წარმოდგენილი. ვნახე ბევრი ექსპონატი, ვიდეოჩანაწერი და სურათი, მათ შორის ისეთი, სადაც ეკლესიიდან ჯვარს აგდებენ და მივხვდი, რამხელა დანაკარგი განიცადეთ საბჭოთა ოკუპაციის დროს“.

,,იმედი მაქვს, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა – ოკუპაცია დასრულდება და დაუბრუნდება ტერიტორიები საქართველოს. 70 წლის განმავლობაში მრავალი სასულიერო პირი იყო რეპრესირებული. მათ შორის, პატრიარქიც. მრავალი ტაძარი და მონასტერი იყო განადგურებული, მაგრამ შევძელით და ახალი ტაძრები ავაშენეთ; მადლობა უფალს, რომ გვაძლევს ძალას, განვვითარდეთ.”  

მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოს თანადგომისთვის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე 80 ქართველი სტუდენტისთვის გაცვლით პროგრამაში ხელშეწყობისთვის. განსაკუთრებით კი ქართული ხორბლის ჯიშების მოყვანასა და პოპულარიზაციაში ჩვენი ეკლესიის დახმარებისთვის, რაშიც დიდი როლი საქართველოში უნგრეთის ელჩს ქ-ნ ვიქტორია ჰორვატს მიუძღვის. კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, თუ როგორ ზრუნავს პრეზიდენტი უნგრეთში დემოგრაფიული პრობლემის დაძლევისთვის და რომ 2020 წელი მან ქვეყანაში ოჯახური ფასეულობების წლად ამიტომ გამოაცხადა.

საქართველოს ეკლესიის მეთაურმა გულთბილად მიულოცა დაბადების საიუბილეო თარიღი ბ-ნ იანოშ ადერის მეუღლეს, ქალბატონ ანიტა ჰერცეგს და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. მადლობა გადაუხადა ბატონ პრეზიდენტს და მის თანმხლებ პირებს მობრძანებისთვის, დალოცა ისინი და გამოთქვა სურვილი ურთიერთობის შემდგომი განმტკიცებისა.

შეხვედრის დასასრულს უნგრეთის პრეზიდენტმა განაცხადა: ,,35 წელია, პოლიტიკურ მოღვაწეობას ვეწევი და მეგონა, ვეღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ გაკვირვებული ვარ ამ შეხვედრით”.

საბუთების მიღება მე-60 ნათლობისათვის

4 сентября, 2019 - 09:39

იწყება მე-60 ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 9 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;

მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;

ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.

საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

29 августа, 2019 - 14:51

ა.წ. 29 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ანდრეას ნორლენს, მის მოადგილეებს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. 

მიღებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას.

სტუმრები ასევე  დაინტერესდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიით და მისი როლით დღევანდელ საზოგადოებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დელეგაციის წევრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია გააცნო და აღნიშნა, რომ ჩვენი ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა დაფუძნებულია ქრისტიანობაზე და რომ ქრისტიანობამ გადაარჩინა საქართველო.  

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ბ-ნ ანდრეას ნორლენს და შვედეთის ხელისუფლებას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და  იმედი გამოთქვა, რომ მათი და საქართველოს სხვა მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით ჩვენი ქვეყანა ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს. 

შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის სახელით მიღებისთვის დიდი კმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ ისინი საერთაშორისო ასპარეზზე მუდამ იქნებიან ჩვენი ქვეყნის პოზიციის გამზიარებელნი. ამასთან დასძინა, რომ ისინი იმყოფებოდნენ კონფლიქტის ზონაში და ნახეს მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა. 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომი დაახლოების სურვილი გამოთქვეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე (28.08.2019)

28 августа, 2019 - 15:19

თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – მარიამობას.

 მე ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისაგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ პირიქით, – გვაკლია რამე; ალბათ, ორივეა. 

გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო ღვთისმშობლისაო. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია, რა უნდა ვაკეთოთ, როგორ უნდა ვაკეთოთ, ან როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან. 

საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, ძალა უნდა მოვიკრიბოთ და ჩვენი ჯვარი გოლგოთაზე ერთად უნდა ავიტანოთ. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ სხვას, ვისმეზე მეტი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაცა ვართ და ჩვენ ვმადლობთ ღმერთს ამ დიდი წყალობისათვის. 

მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას: ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე. თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა: ,,მამული, ენა სარწმუნოება”. ჩვენ დავუმატეთ ამას, – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა მოგვცა ის გრძნობა, ის შეგრძნება, რომ პირველია ღმერთი, მეორეა სამშობლო და მესამეა ადამიანი.

ქართველ ადამიანს შეგნებული აქვს, რომ დაკისრებული მძიმე ჯვარი ჩვენმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გოლგოთით არ მთავრდება ჩვენი ჯვარის მტვირთველობა. გოლგოთას მოსდევს ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა. 

როცა მოხდა ამაღლება უფლისა, მოციქულები როცა იკრიბებოდნენ ერთად და ჰქონდათ სერობა, ისინი ტოვებდნენ ერთ ცარიელ ადგილს და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იმ ცარიელ ადგილზე ბრძანდებოდა უფალი იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მოციქულები ტოვებდნენ უკვე ორ ადგილს და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ერთზე ბრძანდებოდა მაცხოვარი და მეორეზე, – ღვთისმშობელი დედა. 

ტროპარი, რომელიც დაიწერა მარიამობისთვის, იწყება შემდეგი სიტყვებით:  ,,შობასა შინა ქალწულება დაიმარხე”. მხატვრები, ხატმწერები ფიქრობდნენ, როგორ გამოესახათ ქალწულება ღვთისმშობლისა და ქრისტესშობის ხატი დაწერეს ასე: მაცხოვარი წევს, წინ კი არ უწევს ღვთისმშობელს, არამედ უკან. ღვთისშობელი გადმობრუნებულია, არ უყურებს მაცხოვარს. ეს ნიშნავს, რომ ღვთისმშობელმა შობასა შინა ქალწულება დაიმარხა. 

შეგეწიოთ ღვთისმშობლის მადლი და წყალობა.

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ დეკანოზ იოანე ოჩიგავას გამშვენებული ჯვრით. აქსიოს!

ღმერთი ჩვენთანაა, გიხაროდეთ.

მინდა ვთხოვო პრემიერ-მინისტრს, რომ მიულოცოს ეს დიდებული დღესასწაული ჩვენს ხალხს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი მამუკა ბახტაძე

უღრმესი მადლობა თქვენო უწმინდესობავ. 

ქალბატონებო და ბატონებო, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა და ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვაქვს განსაკუთრებული რწმენა და სიყვარული დედა ღვთისმშობლის და უკვე 2019 წლის მაისიდან სახელწმიფო ოფიციალურად აღვნიშნავთ ამ დიდებულ მოვლენას. როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვღებულობდით, ჩვენ ვგრძნობდით ქართული ეკლესიის მხარდაჭერას, ქართული საზოგადოების მხარდაჭერას და დიდი მადლობა ამისთვის. 

სრულიად საქართველოს, საქართველოს ეკლესიის მრევლს და მსოფლიო საქრისტიანოს კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დიდებულ დღეს. დიდი მადლობა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა! 

ჩვენთან არს ღმერთი! 

გიხაროდეთ ორსავე სოფელსა შინა!

ქართულ-ოსური ახალგაზრდული ბანაკი ბობოყვათში

26 августа, 2019 - 22:36

საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს, – „ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა,“ რომლის მიზანია ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივებით ქვეყნის აღმშენებლობისათვის ხელშეწყობა.

ა.წ. 17–დან 26 აგვისტომდე განხორციელდა საზაფხულო ბანაკი, სადაც 50–მდე ქართველი და ოსი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. ეს ცხრა დღე დატვირთული იყო შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით, ჩატარდა ქართულისა და ოსური ენის გაკვეთილები, სესიები კონფლიქტის ტრანსფორმაციაში, არაფორმალური განათლების თამაშები და სხვა. 

სასიამოვნო ფაქტია, რომ ახალგაზრდები თვითონ გეგმავდნენ და ყოველდღიურად ანხორციელებდნენ საღამოს ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახვდა საკუთარი კულტურის ურთიერთგაცნობას, შერეულ ჯგუფებში  გუნდურ მუშაობას და კრეატიულობის განვითარებას. 

„ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ ფონდი „ლაზარეს“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია და გაგრძელებაა ახალგაზრდიული ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ-აფხაზური ბანაკისა. 

ამ საქმეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სრულ მხარდაჭერას უცხადებს და უკვე მეორე წელია პროექტს ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციას უთმობს. 

 

Страницы