Грузинская Православная Церковь

Подписка на Лента Грузинская Православная Церковь
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია
URL-адрес: http://patriarchate.ge
Обновлено: 2 мин. назад

საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” ორგანიზებით ირინე ენუქიძის სახლთან გამწვანების ღონისძიება ჩატარდა

16 мая, 2019 - 19:15

ა.წ. 16 მაისს საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” (აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე) ორგანიზებით ქალბატონ ირინე ენუქიძის სახლთან გამწვანების ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ოჯახის ახლობლებმა, მეგობრებმა, ფონდის პარტნიორებმა, – შპს. ,,მწვანე სახლმა”(დირექტორი მირიან მდივანი) და ,,ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ” (ხელმძღვანელი რეზო ბეჟაშვილი).

ირინე ენუქიძე იყო სამაგალითო ადამიანი, ღირსეული დედა და მეუღლე. იგი როგორც სამართლიანობისთვის თავგანწირვით მებრძოლი დედა, გარდაცვალების შემდეგ თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა.

აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ქალბატონ ირინე ენუქიძის მიმართ პატივისცემის ნიშნად და მიეძღვნა ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს.

 

16 მაისს საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა

16 мая, 2019 - 15:41

ა.წ. 16 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა.

დღეს ჯვრისწერის საიდუმლო 500-ზე მეტი წყვილისთვის შესრულდა, რომელთაც ოჯახი შექმნილი ჰქონდათ, მაგრამ ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი. თბილისში, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში კი ჯვარი 120-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა, რაც სამ ეტაპად განხორციელდა.

ვულოცავთ მათ ამ გამორჩეულ დღეს და  ვუსურვებთ ოჯახების სიწმინდესა და სიმტკიცეს. 

 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (15.05.2019)

15 мая, 2019 - 15:31

ა.წ. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.

მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება.

აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი.

კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ათენის უნივერსიტეტის პროფესორი და ქართველი სტუდენტები მიიღო

14 мая, 2019 - 15:12

ა.წ. 10 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი ხრისტოს კარაიანისი და ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ქართველი სტუდენტები მიიღო.

პროფესორმა ხრისტოს კარაიანისმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და დამსწრეთ გააცნო მის მიერ გამოცემული წიგნი, რომელიც ეძღვნება იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავთან არსებულ საცავში აღმოჩენილ შეწირულობებს, რომელთა შორის არის  ქართული გარდამოხსნები, მიტრები, ოლარები, საბუხარები და სხვა საღვთისმსახურო ნივთები. სტუმარმა ასევე ისაუბრა ქართველი სტუდენტების მაღალი აკადემიური მიღწევების შესახებ.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ პროფესორ ხრისტოს კარაიანისს მადლობა გადაუხადა ჩვენთვის ამ ფრიად მნიშვნელოვანი მასალების მოწოდებისთვის, დალოცა იგი და ქართველი სტუდენტები და მათ ეკლესიისთვის სასარგებლო მოღვაწეობა უსურვა.

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა

13 мая, 2019 - 15:02

ქრისტე აღდგა!

გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს! ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი, რომლის სახელზეც აშენებულია ეს წმინდა ტაძარი, შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოცი სიტყვა:

თქვენო აღმატებულებავ, ქ-ნო პრეზიდენტო,

თქვენო აღმატებულებავ, ბ-ნო პრემიერ-მინისტრო,

ქალბატონებო და ბატონებო,

უფალი ბრძანებს, ,,აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას”. განგებითა ღვთისათა, ღვთის ლოცვა-კურთხევით,  აღვაშენეთ ეს ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, სახელზე და ეს კიდევ მოწმობს იმის შესახებ, რომ საქართველო იმყოფება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ.

მთელი ერი მოხარულია იმით, რომ დადგინდა, დღევანდელ დღეს იზეიმებოდეს რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და მოხარული ვარ, რომ ამას იზიარებს ჩვენი პრემიერ-მინიტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე.

განგებამ ღვთისამ ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა.

როცა მოციქულებმა ყარეს წილი, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, მიიღო მონაწილეობა ღვთისმშობელმა დედამაც და მას ხვდა წილად ივერია და იმ დღიდან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!

გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს!

ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი ჩვენთანაა.

ქრისტე აღდგა!

ჩვენთან არს ღმერთი!

იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბ-ნ მამუკა ბახტაძის მისალოცი სიტყვა:

უდიდესი მოწიწებით მივესალმები მის უწმინდესობას, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, მივესალმები პატივცემულ საზოგადოებას.

ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის გამორჩეული დღე ჩვენი ერის ისტორიაში. დღეს აღვნიშნავთ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს. დღესვე აღევლინა ლოცვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. დღესვე ჩვენ აღვნიშნავთ ანდრია მოციქულის დღეს და იმედის დღეს.

მე მსურს, ყველა ჩვენს მოქალაქეს და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული და აქვე მინდა გითხრათ, რომ ამავე ტერიტორიაზე დაიწყება მშენებლობა კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმისა, სადაც იქნება წარმოდგენილი ყველაზე სანუკვარი ჩვენი ეროვნული საგანძური და აქვე გაიხსნება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

კიდევ ერთხელ მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე.

დიდი მადლობა.

ინფორმაცია დავით გარეჯის შესახებ

10 мая, 2019 - 19:33

მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა. ღვთის წყალობით, ამ დროისთვის გახსნილია ჩიჩხიტურის მონასტერიც და მნახველებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ ქართული კულტურის ამ შესანიშნავი ძეგლის მოლოცვა.

იმედს ვიტოვებთ, დემარკაციის პროცესი მშვიდობიანად წარიმართება და აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიპლომატებს შეხვდა

10 мая, 2019 - 16:19

ა.წ. 9 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებმა და სამღვდელოებამ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქ-ნი თამარ ბერუჩაშვილი და დიდ ბრიტანეთში აკრედიტირებული ევროპისა და ლათინო-ამერიკის ქვეყნების დიპლომატები მიიღეს.

ისინი ჩვენს ქვეყანას საქართველოს მეგობრების დიპლომატიური ტურის ფარგლებში ეწვივნენ.

ელჩებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ დიდია ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში. მათ ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემწყნარებლობას სხვადასხვა აღმსარებლობების მიმართ, რაც განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანებს საშუალებას აძლევს მშვიდობიანად იცხოვრონ საქართველოში.

მისმა უწმინდესობამ ელჩებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ვიზიტი უკეთ გააცნობს დიპლომატებს საქართველოს და ჩვენი კავშირები კიდევ უფრო მეტად გამტკიცდება, რაც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის.

კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი პატივისცემით გაიხსენა მისი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში და შეხვედრა დედოფალ ელისაბედ II-სთან.

ქ-ნმა თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მეგობრული დამოკიდებულების შესახებ და აღნიშნა, რომ დედოფლის რჩეული საჩუქრების გამოფენაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნაჩუქარი წმ.გიორგის ხატი ევროპის სექციაში პირველ ადგილზე იყო დაბრძანებული.

მისმა უწმინდესობამ შეხვედრის დასასრულს დალოცა სტუმრები და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

8 мая, 2019 - 20:13

ა.წ. 8 მაისს საპატრიარქოში საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმა, რომელიც ითვალისწინებს მახათას მთაზე ერთობლივი საგანმანათლებლო-სამუზეუმო სივრცის შექმნას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბ-ნმა მამუკა ბახტაძემ და საზოგადოება ,,ივერიისას” თავმჯდომარემ ბ-ნმა გიორგი თავაძემ.

როგორც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, ისე პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვეს, რომ ახალი საგანმანათლებლო-სამუზეუმო ცენტრი მალე აშენდება და იგი დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი მომავალი თაობის სულიერ-ინტელექტუალურ აღზრდას.

საზეიმო სხდომა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში

8 мая, 2019 - 20:12

2019 წლის 10 მაისს, 14:00 საათზე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება  საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო სხდომა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან:

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი.

საკონტაქტო პირი – დეკანოზი ბიძინა გუნია.

ტელ: 577765889

შეხვედრა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით

8 мая, 2019 - 16:34

 

ა.წ. 8 მაისს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში მორიგი შეხვედრები გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი და ოქტაი ისაევი მიიღო.

სტუმართა მხრიდან აღინიშნა, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს მშვიდობიან თანაცხოვრებაში უდიდესი წვლილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიუძღვის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრების მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ შექმნილი მდგომარეობა მშვიდობიანი გზით სამართლიანად გადაწყდება.

გაამწვანე საქართველო

7 мая, 2019 - 18:43

ა.წ. 7 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამწვანების მასშტაბური ღონისძიება განხორციელდა. საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს”(გამგეობის თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე) ორგანიზებითა და ხელშეწყობით ქალაქ თბილისის მერიასთან, კომპანია BDO-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ვარკეთილში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაირგო 2000 ელდარის ფიჭვი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, 15 უნივერსიტეტის და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის სტუდენტები, ქართველი ჯარისკაცები და მრავალშვილიანი ოჯახები.

მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ფონდი ,,გაამწვანე საქართველო” მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს გამწვანების ღონისძიებებს.

 

 

სამების საკათედრო ტაძარში 58-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

7 мая, 2019 - 18:15

ა.წ. 6 მაის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 58-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 777  ბავშვი გახდა.

დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 38500-ზე მეტი ნათლული ჰყავს.

შეხვედრები დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით

7 мая, 2019 - 17:46

დავით გარეჯთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ამიერკავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერის წარმომადგენელს ჩვენს ქვეყანაში ალი ალიევს და საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ბ-ნ დურსუნ ჰასანოვს შეხვდნენ.

შეხვედრებზე კიდევ ერთხელ განხილულ იქნა შექმნილი მდგომარეობა და ხაზი გაესვა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობას.

მიტროპოლიტმა შიომ ალი ალიევს და ელჩს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ პროცესები მშვიდობიანი გზით სამართლიანად გადაწყდება და ჩვენს ქვეყნებს შორის  კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდება.

Statement Made by the Patriarchate of Georgia (02.05.2019)

4 мая, 2019 - 23:06

The recent occurrence of circumstances in connection with David Gareja have evoked people’s just indignation and many individuals have already stated their positions in this regard. And we, likewise, declare that the aforementioned complex represents a great sanctity, it is one of the oldest monuments, and therefore, the Church of Georgia will do everything within her power to protect it.

Also, we would like to inform our society that active negotiations with the Azerbaijani party are under way and certain positive steps have already been taken.

Apart from this, we should remark that the Patriarchate of Georgia categorically disagrees with every attempt of deterioration of friendly relations between our two countries and peoples, and considers the phrases, offensive to the Muslim faith, a provocation, whether conscious or unconscious to the Muslims of other nations as well as to those belonging to the Georgian nation.

We are hopeful that the relations between our spiritual leaders, our peoples and states will not be stained but justice, sound judgement and friendship will prevail.

 

 

 

 

 

 

 




Заявление Грузинской Патриархии (02.05.2019)

4 мая, 2019 - 23:04

Недавние события, связанные с монастырем Давид-Гареджи, вызвали справедливое чувство недовольства в народе и многие уже зафиксировали свою позицию. Мы заявляем, что данный комплекс является великой святыней, одним из древнейших памятников грузинской культуры, и Грузинская Церковь сделает все для его защиты.

Мы также хотим сообщить общественности, что с азербайджанской стороной ведутся активные переговоры по этому вопросу, и некоторые позитивные шаги уже предприняты.

Вместе с тем считаем необходимым отметить, что Патриархия Грузии категорически дистанцируется от каких-либо попыток любого религиозного или светского лица внести напряжение в  существующие между нашими государствами и народами дружественные связи, а также расценивает оскорбительные высказывания по  отношению к мусульманской веры сознательной или неосознанной провокацией как в адрес других наций,  так  и  в адрес грузинских мусульман.

Выражаем твердую надежду, что братство между нашими духовными лидерами, народами и государствами не будут омрачены и восторжествует справедливость, добрая воля  и дружба.

 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (02.05.2019)

2 мая, 2019 - 18:56

ბოლო პერიოდში დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და უკვე არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია. ჩვენც ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად.

გვინდა საზოგადოებას ასევე ვუთხრათ, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

ამასთან, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ.

ვიმედოვნებთ, ჩვენს სულიერ ლიდერებს, ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობას ჩრდილი ვერ მიადგება და სამართლიანობა, კეთილგონიერება და მეგობრობა გაიმარჯვებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

27 апреля, 2019 - 22:41

სააღდგომო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ისა
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
ქრისტე აღდგა!
,,მოდით და ნახეთ გოლგოთა, სადაც ეშმაკი სასიკვდილოდ დაიჭრა და სიკვდილი განქარდა, მოდით და ნახეთ აკლდამა, სადაც დადგინდა ჩვენი აღდგომის წესი; ადგილი, რომელიც უხრწნელების დასაბამად იქცა და სიხარულით აღმოთქვით: ,,სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი; სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?!“.
ქრისტე აღდგა!
,,დასჯილი ევა განღმრთობილია, გაძევებული ადამი, _ მოწოდებული, წყევლა გაუქმებული, სიკვდილი, _ დაძლეული, ეშმაკი _ განგმირული, მისი მსახურნი კი,- სირცხვილეულნი და ძლეულნი“ (წმ.იოანე ოქროპირი).
იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით ყველა ადამიანში დაძლია სიკვდილი, რაც ორ ეტაპად განხორციელდა:
განკაცებისას მან ცოდვის არმქონე სრული ადამიანური ბუნება მიიღო, გაამდიდრა იგი საღმრთო ღირსებებით (კაცობრივი ბუნების თვისებების სრული დაცულობით) და ამ გზით განღმრთობის საშუალება მისცა ყველა ადამიანს.
მეორე საფეხურზე კი აღდგომილმა მაცხოვარმა მოკვდავი სხეულის ნაცვლად ახალი, უხრწნელი, არსობრივად შეცვლილი, დაცემამდელი ადამის მსგავსი, სულიერი სხეული შეიმოსა; მისმა ადამიანურმა ბუნებამ სხვა თვისებები შეიძინა და გახდა დასაბამი კაცობრიობის მკვდრეთით აღდგომისა; იგია პირმშო შესვენებულთა, რადგან მიიღო ის სახე, რომელიც ექნებათ მართალთ მეორედ მოსვლის შემდეგ, როცა სიკვდილი უკვე აღარ იარსებებს და იქნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა.
_ რა ვიცით ცათა შინა მყოფ მართალთა შესახებ, როგორი სახით არიან ისინი ზეცად?
_ მართალნი არიან უკვდავნი, უხრწნელნი, უვნებელნი და ჩვენთვის მიუწვდომელ სხვა მრავალ სიკეთეთა მქონენი, ოღონდ ნეტარების ხარისხით განსხვავებულნი; თუმცა შევნიშნავთ იმასაც, რომ დიდი წმინდანებიც ჯერ არ არიან სრულ ნეტარებაში, რადგან მათ სულებს, მაცხოვრის აღდგომილი სხეულის მსგავსი, თავისი უკვდავი და უხრწნელი სხეული არ შეუმოსავთ. ,,ღმერთმა ჩვენთვის უმჯობესი წინასწარ გაითვალისწინა, რათა ისინი (მართალნი) უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი (ებრ. 11, 40)”,_ წერს პავლე მოციქული.
_ რატომ არის სულით და ხორცით განღმრთობა აუცილებელი?
_ ასეთად შევიქმენით! მაგალითად, ანგელოზები მხოლოდ სულნი არიან. ადამიანი კი თავის თავში აერთიანებს სულსა და ხორცს, ანუ ხილულ და უხილავ სამყაროს. სხეულით იგი მატერიას (ნივთიერ, მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს) მოიცავს, სულით კი, – ანგელოზთა თანაზიარია. ბუნებითად ყოვლისშემომკრები, ყოვლისმომცველი მხოლოდ უფალია. მან ინება, რომ ჩვენც მსგავსი პატივი გვქონოდა და ამიტომაცაა ადამიანის დანიშნულება განსაკუთრებული.
_ როგორ აღდგება, მაგალითად, ათასი წლის წინ გარდაცვლილის სხეული, როდესაც მისი ძვლებიც კი შეიძლება აღარ არსებობდეს?
_ მიწაში დაფლული ხრწნადი სხეული სტიქიონებად იშლება, მაგრამ ღმერთი მას კვლავ შემოკრებს და განსხვავებული სახით აღადგენს; როგორც მაგნიტი ქვიშის გორაში გაბნეულ რკინის ნამცეცებს ადვილად გამოარჩევს, ასევე ჩვენი სულიც, უფლის ყოვლისშემძლეობით, თავის უხრწნელ სხეულს შეიმოსავს, როცა ეს ჟამი დადგება.
_ როდის მოხდება ეს?
წმინდა ეკლესიის სწავლებით, ეს მოხდება მაშინ, როდესაც ადამიანთა შორის უკიდურესი სიმძაფრით გამოვლინდება ცოდვა და მათი უდიდესი ნაწილისათვის არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება სიწმინდეს, ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ღვთის სათნო წეს-ჩვეულებებს.., როდესაც ღვთისა და მოყვასის წმინდა სიყვარულს შეენაცვლება ვნებებისადმი თავაშვებული ლტოლვა და ადამიანები იქნებიან გამორჩეულად ამპარტავანნი, თავისმოყვარენი, ამასთან მგმობელნი, მშობლების ურჩნი, ერთმანეთის მოძულენი, ცილისმწამებელნი, შეურიგებელნი, სასტიკნი, თავხედნი, კეთილის მოძულენი… (2 ტიმ. 3, 2-4).
თუმცა ქრისტეს წმინდა ეკლესიას ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან. დიდი განსაცდელების მიუხედავად, იგი ბოლომდე უბიწოდ და შეურყვნელად დაიცავს მაცხოვრის მცნებებს, წმინდა გარდამოცემას, წმინდა მამების სწავლებას, შვიდი მსოფლიო კრებისა და ათი ადგილობრივი კრების განჩინებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს კვლავაც ექნება შესაძლებლობა განწმენდისა და გადარჩენისა; ანუ იმედი არასოდეს ჩაქრება, რასაც თავისი უდიდესი ბრწყინვალებით აღდგომის დღესასწაული გვიცხადებს.
რაც შეეხება ქვეყნიერების აღსასრულის ზუსტ დროს, იგი დაფარულია თვით ანგელოზთათვისაც, თუმცა ცალკეული წინასწარი ნიშნები ამ დღის დადგომისა განკაცებულმა უფალმა გვაუწყა.
ბოლო ჟამის შესახებ საგულისხმოა აგრეთვე წმინდა წერილში გადმოცემული ისტორიაც სოდომისა და გომორის შესახებ, სადაც გაბატონებულმა უკიდურესმა გარყვნილებამ და ზნედაცემულობამ ღმერთი იმდენად განარისხა, რომ მათი განადგურება გადაწყვიტა. აბრაამ მამათმთავარი უფალს ევედრებოდა, რომ ამ ქალაქებში თუ ორმოცდაათი, ან თუნდაც უფრო მცირე რაოდენობით იქნებოდნენ მართალნი, არ აღეგავა ისინი პირისაგან მიწისა. უფალმა დაუთმო და ბოლოს ათზე დათანხმდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლოთის ოჯახის გარდა, მართალი არავინ იყო.
ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვცხოვრობთ, როგორი იქნება ჩვენი რწმენა და სიყვარული; ეს განსაზღვრავს არა მარტო პირადად ჩვენს მომავალს, არამედ, _ ქვეყნის და მსოფლიოს ხვედრსაც.
_ რა მოხდება მეორედ მოსვლის შემდეგ?
_ მეორედ მოსვლისას საბოლოოდ განისჯებიან ყოველნი, _ ცოდვილნიც და მართალნიც, რათა არცერთ ადამიანს თავისი სიკეთის ამქვეყნად გამოვლენილი მისხალიც არ დაეკარგოს, მის სახელზე ახლობელთა და სხვათაგან აღსრულებული ქველი საქმენი მიეთვალოს და უკანასკნელი მსჯავრი უკეთესი მიეგოს.
ნეტარების ღირსნი ხდებიან როგორც მართალნი, ასევე ის ქრისტიანები, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამის სათანადო ნაყოფი. ისინი, ღვთის გულმოწყალებითა და ეკლესიის შუამდგომლობით, მიიღებენ ცოდვათა შენდობას.
ხოლო შემდეგ, უხრწნელი სხეულით შემოსილნი, ხატნი და მსგავსნი უფლისა, კვლავ გააგრძელებენ ღვთისკენ დაუსრულებელ სწრაფვას, რა თქმა უნდა, სხვა სახით და სხვა მდგომარეობით, დანარჩენნი კი მარადიულ სატანჯველს დაიმკვიდრებენ.
სწავლების მიხედვით, თავის გარდაქმნილ, უკვდავ და უხრწნელი თვისებების მქონე სხეულებს, მართალთა მსგავსად, ღვთისაგან განდგომილი ცოდვილნიც შეიმოსავენ, მაგრამ მოუნანიებელ დანაშაულთა და ვნებათა სიმძიმე მათ დაუსრულებელ ტანჯვას განაპირობებს, როგორც მათი ნებაყოფლობითი არასწორი არჩევანისა და მოქმედების შედეგს.
ეკლესიაში მაცხოვრისა და მისი მოწაფეებისაგან დადგენილი ნათლობის წესის აღსრულებით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და სულიწმინდის ნიჭის თანაზიარი ამ ქვეყნად ყველა მართლმორწმუნე ხდება; ამასთან ადამზე აღმატებულის, რადგან ეს მადლი ჩვენს პირველმშობლებს საჩუქრად, დამსახურების გარეშე, ჰქონდათ დედამიწაზე, ედემში; ქრისტიანებს კი იგი ეძლევათ მაცხოვრის უდიდესი გამომსყიდველი მსხვერპლისა და პირადი სულიერი ღვაწლის შედეგად და ამასთან, მარადიული ნეტარების დასამკვიდრებლად; მაგრამ მის შენარჩუნებას ბოროტის მიერ დაგებული ათასგვარი განსაცდელის გამო, მცირედნი თუ აღწევენ.
ამიტომაც ნათლობა არ არის საკმარისი ჩვენს გადასარჩენად და შემოქმედთან აღდგენილი კავშირის შესანარჩუნებლად. მითუმეტეს დღეს, როდესაც განსაკუთრებით დამძიმდა დრო და ჩვენი ცოდვებიც, მხოლოდ აუცილებელია მაცხოვრის მიერ ბოძებული ასევე უდიდესი საიდუმლოც სინანულისა, რომლის მადლითაც უფალი შეიწირავს რა ჩვენს გულწრფელ აღსარებას, ღირსგვყოფს დაუსჯელად მივიღოთ წმინდა ზიარება და ცოდვებიც აღგვეხოცოს.
სამწუხაროდ, ყოველთვის იყვნენ და ახლა, მითუმეტეს, მრავლად არიან კადნიერნი, რომელნიც უარყოფენ ღვთის არსებობას, ან შემოქმედს სამართალს უწუნებენ და მიაჩნიათ, რომ თვითონ უნდა შექმნან ახალი რეალობა, ახალი სამყარო.
ათეისტური სულისკვეთების მქონენი ეყრდნობიან თავის გონებას და იმ მონაცემებს, რისი შეცნობის საშუალებასაც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანო იძლევა; მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, _ სულიერ ცხოვრებაზე. მათთვის სიტყვა ,,ცოდვა“, ,,განწმენდა-კათარზისი“, ისეთივე გაუგებარია, როგორც ,,თავმდაბლობა“ ან ,,სინანულის განცდა“. ასეთთა შორის, როგორც წესი, სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული.
ჯერ კიდევ ბრძენი სოკრატე ამგვარ კითხვას სვამდა ურწმუნოთა მიმართ: ,,თუ გონება და გრძნობა ტვინის თვისებად მიგაჩნიათ, მაშ რატომ აღარ მოქმედებს ეს უნარი სიკვდილის შემდეგ, ტვინი ხომ ისევ ადგილზე აქვს გარდაცვლილს”? და დასძენდა: ,,როგორც სულს ვერ ვხედავთ და არსებობს, ასევე ღმერთს ვერ ვხედავთ და არსებობს. როგორც უსულოდ არ არსებობს სხეულის სიცოცხლე, ასევე უღმერთოდ, _ საერთოდ ცხოვრება.”
რა თქმა უნდა, შეიძლება იცხოვრო ქრისტეს გარეშე, მისი სწავლების გარეშე, აქციო შენი თავი ვნებების სათარეშოდ, მაგრამ სიკვდილს ვერ დაემალები და ვერც საშინელ სამსჯავროს გადურჩები.
გარდაცვალება წერტილს უსვამს ჩვენს ყველა მიწიერ ოცნებასა და წარმავალ სურვილს; სიკვდილით აზრს კარგავს ყველაფერი, რაც ასე გვიყვარდა და შევნატროდით, ან რაც გვძულდა და სასიკვდილოდაც გვემეტებოდა. სამარესთან ამსოფლურ საცდურთა ნიღბები ცვივა და მწარე რეალობა დგება.
დღეს, როდესაც მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა, თვალნათელი გახდა, როგორ დეგრადირდება ადამიანი უფლის გარეშე, როგორ ადვილად გადაგვარებადია იგი, როგორი უგუნური და თვითგანადგურებისაკენ მიდრეკილი ხდება ის.
ბოროტი ძალა, შეფარვით თუ აშკარად, ყოველთვის ებრძოდა ჭეშმარიტებას, მაგრამ XX საუკუნიდან ამან განსაკუთრებული სახე მიიღო: ჯერ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის სახით გაბატონდა ათეიზმი, რომელიც კატეგორიულად და ძალმომრეობითად უარყოფდა ღმერთს და, ამასთან, სიცრუეზე დაყრდნობით, ქმნიდა თავისთვის სასურველი ,,სანიმუშო, ზნეობრივი ადამიანების” სახეებს; მათი საშუალებით კი გარკვეულ ორიენტირს უსახავდა ცალკეულ პიროვნებებსაც და საზოგადოებასაც.
ახლა კი, შეიძლება ითქვას, გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე; ისინი სრული თავაშვებულების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ.
საერთოდ, ცოდვა როგორც მადლი, გადამდებია და ამის ნაყოფს უკვე ვიმკით საზოგადოების ყველა ფენაში.
თუმცა სიმართლეს სიცრუის მანქანა რეალურად ვერასდროს გაუსწორებს თვალს, მოტყუებით კი, _ მრავალთ აცდუნებს. ამიტომაც აუცილებელია საღვთო ჭეშმარიტების ცოდნა, თანაც ღრმა ცოდნა, რადგან ბოროტი ძალა ამ მხრივაც ფრიად მანიპულირებს.
დღეს მორწმუნე ადამიანს დიდი მოთმინება მართებს, რომ ამდენ ტყუილს, ცილისწამებასა და ღვარძლს გაუძლოს და თვითონაც არ გადაგვარდეს. ჩვენი შესაძლებლობებით ეს მიუღწეველია, ღვთის დახმარებით კი, _ შესაძლებელი. აუცილებელია, უფალთან სულიერი, ლოცვითი ურთიერთობა, ბიბლიისა და წმინდა მამების დარიგებების კითხვა, რომ განვმტკიცდეთ და შეწევნაც ღვთისა მივიღოთ.
აღდგომა გამაერთიანებელია კაცობრიობის წარსულის, აწმყოსი და მომავლისა. ჩვენს წინაშე ძველი აღთქმა წარმოჩინდება, როგორც დაფარული ახალი აღთქმა, ახალი აღთქმა კი, _ როგორც განცხადებული, აღსრულებული ძველი აღთქმა.
ბიბლია იწერებოდა დაახლოებით 1400 წლის მანძილზე სხვადასხვა ავტორისაგან: ნასწავლთა და უსწავლელთა, მეფეთა და მიწათმოქმედთა, სახელმწიფო მოხელეთა, მწყემსთა და მეთევზეთა მიერ. იგი შედგება ისტორიის, წინასწარმეტყველებების, ეპისტოლეების, კანონებისა და რელიგიურ-ზნეობრივი დარიგებებისაგან. მაგრამ თავიდან ბოლომდე ამ შეუდარებელ წიგნს გასდევს ერთი და იგივე ღვთივგანბრძნობილი სულიერი სწავლება, ერთი და იგივე აზრი და დანიშნულება.
ნათქვამის ნათელსაყოფად მხოლოდ ორიოდ მაგალითს მოვიტანთ:
წმინდა ილია, ისაია და დანიელი, იონა, დავით მეფსალმუნე და სხვა წინასწარმეტყველნი პირდაპირ წერდნენ მაცხოვარზე, ახალ სჯულზე და მის მეუფებაზე.
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის დასაწყისში ნაუწყებია ერთარსება სამპიროვანი ღმერთის შესახებ, რომელიც ახალ აღთქმაშია განცხადებული.
იესო ქრისტე იწოდება ძედ დავითისა და აბრაამისა, რითაც საღვთო საკვრელით იკვრება ეს წმინდა წიგნი.
ამასთან, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში ერთი და იგივე მცნებებია უმთავრესად მიჩნეული: ,,შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორეა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ (მარკ. 12, 30-31; შდრ. II სჯ. 6,5. ლევიტ. 19,18). შევნიშნავთ, რომ ქრისტიანისთვის მოყვასი არის ყველა ადამიანი, მათ შორის პირადი მტერიც.
სიყვარული ეს არის ყველაზე ამაღლებული გრძნობა, სხვისადმი ერთგულად მსახურების თავისუფალი არჩევანი. თუ ჩვენს ქმედებაში ადგილი აქვს შიშს, ან სხვა რაიმე ზეწოლას, ანგარებას, პირფერობას ან ეგოისტურ გამოვლინებებს, ეს სიყვარული აღარ იქნება ღვთისსათნო, გულწრფელი, მართალი და თავისუფალი. მაგალითად: ვერასოდეს ვერ ვუწოდებთ სიყვარულს იმ ურთიერთობას, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნებას, შურს, ავხორცობას, ხელმრუდობას, ლოთობას, ნარკომანიას, ამ და სხვა მავნე მიდრეკილებით გაერთიანებულ ადამიანთა კავშირს, რადგან სინამდვილეში ეს ყოველივე არის ვნებების მონობა და ჭაობივით ჩამთრევი მანკიერებების ტყვეობა.
სიყვარული და თავისუფლება აუცილებელი პირობაა შენში ღმერთის სისავსის გამოვლენისთვის.
გვიყვარდეს ღმერთი ნიშნავს, მთელი არსებით, გაცნობიერებულად და გულწრფელად გვიყვარდეს ყველაფერი მის მიერ ქმნილიც; ეს კი აუცილებელ პირობად, ასევე, გულისხმობს ჩვენი ,,მეს“ ბატონობისაგან გათავისუფლებას, საკუთარ თავზე ორიენტირებულობის რადიკალურად შეცვლას და ამაში სიხარულისა და ბედნიერების პოვნას.
ეგოიზმისაგან თავის დაღწევა ადვილი არ არის. ბრძენი ადამიანები გვირჩევენ, რომ ჯერ უნდა შევიყვაროთ ზოგადი ღირებულებები და ვიღვაწოთ ცხოვრებაში მათი დამკვიდრებისთვის; მაგალითად, როგორიცაა: სიმართლე, თავისუფლება, მშვიდობა, სოციალური სამართლიანობისთვის ზრუნვა, სამშობლოს კეთილდღეობა… და ა.შ.
ავიღოთ თუნდაც თაობათა შორის ურთიერთობა; იგი ყოველთვის გარკვეულ სირთულეებს შეიცავდა, რადგან უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა. შვილებს მიაჩნიათ, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა და პირიქით, ბევრ რამეს უწუნებენ მშობლებს.
თაობათა ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე ერთმანეთში არ დაინახავს იმ უმნიშვნელოვანესს, რაც პირადად მათ აკლიათ და რაც შეიძლება და აუცილებელიცაა, ისწავლონ ერთმანეთისაგან. ის, რომ მშობლებს და ასაკოვან ადამიანებს ბევრი რამ უნახავთ და ადამიანური ურთიერთობების მხრივ მეტი ცოდნა აქვთ, ბუნებრვია, მაგრამ ახალგაზრდები, რომ უფრო გაბედულნი, ზოგჯერ რადიკალურნიც არიან, ამასთან, აქვთ ახალი იდეები, ახალი ხედვა, ახალი მისწრაფებები, – ესეც ფაქტია. უფროსების ვალია, მათი შემოთავაზებებიდან სწორი არჩევანი გააკეთონ, დაინახონ მათში რეალური სასიკეთო შედეგები და მომავალ თაობას დაეხმარონ გზის გაკაფვაში. თანამშრომლობა და ურთიერთშევსების საჭიროება უნდა იგრძნოს ორივე მხარემ. ეს ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.
შემდეგ ეტაპზე კი უფრო ადვილია შევიყვაროთ სხვა პიროვნება; ეს კი ნიშნავს დავინახოთ მასში განუმეორებელი, განსაკუთრებული ღირებულებები და ეს დავაფასოთ. ადვილი არ არის შური, თავდაჯერებულობა, სხვისი დამცირებით თავის უპირატესად წარმოჩენის სურვილი, ამპარტავნება, და სხვა ამგვარი თვისებანი დამაბრკოლებელ გარემოებად არ გვექცეს; ამიტომაც სიკეთის ქმნასთან ერთად, აუცილებლად, უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზეც.
ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება.
დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება: ერთნი, გარეშე ძალებისაგან ხელშეწყობილნი, აღვივებენ სეპარატისტულ სულს და ქვეყნის დანაწილების თეორიებს ქმნიან; მეორენი პატრიოტიზმის სახელით არასწორ მიმართულებებს ანვითარებენ და ამ გრძნობას დამახინჯებულ სახეს აძლევენ; სხვანი კი ზოგადადამიანური ღირებულებებით გვესაუბრებიან და პატრიოტიზმს ჩამორჩენილობად თვლიან.
არ არსებობს აწმყო წარსულის გარეშე. ნებისმიერი ღირსეული პიროვნებისთვის სამშობლოს ისტორიის ცოდნა აუცილებელი პირობაა; სახელმწიფოსთვის კი, _ სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი გარანტი, რადგან ეს ცოდნა, სწორ აზროვნებასთან შეერთებული, აღძრავს ისეთ გრძნობებს, როგორიცაა იდეისთვის უანგარო მსახურება, ერთგულება, ვაჟკაცობა, გონიერება, თავდადება.., რაც ბოროტის მცდელობას, თავისთავად, წარუმატებელს ხდის; ამასთან, საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ ,,ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს, მას არავისი სიყვარული არ ძალუძს“ (ჯ. ბაირონი), ,,სამშობლოს ნამდვილი სიყვარულის გარეშე კი კაცობრიობის ნამდვილი სიყვარული არ არსებობს“ (ა. ფრანსი).
ცხონების გზა ვიწროა და ძნელად სავალი, მაგრამ მეტად საინტერესო და მიმზიდველი. ეს არის მუდმივი გამოცდა და ბრძოლა ბოროტი ძალის სხვადასხვა გამოვლინებასთან: იგი შენს შესაძლებლობებს სულ სხვა კუთხით დაგანახებს და, სწორად მოქმედების შემთხვევაში, ღვთის მადლი იმდენად აღგავსებს, რომ მას ვეღარ განეშორები. ამასთან ისე შეიცვლები, რომ ყოველგვარი გაჭირვება შიშით კი არა, სულიერი სიმშვიდითა და სიძლიერით განგმსჭვალავს და ვეღარაფერი დაგამარცხებს. მაშინ შენი ღვაწლი, მაცხოვრის მაცხოვნებელ მადლს შეერთებული, ღვთის ნეტარებას დედამიწაზევე გაგრძნობინებს და შენს უდიდეს მიზანსაც აღგასრულებინებს.
_ და რაში მდოგმარეობს იგი?
_ განმღრთობაში, ძალისამებრ ჩვენისა, ღვთის მიბაძვაში!
ეს არის ნებისმიერი ადამიანის მთავარი დანიშნულება, ეს არის მოწოდება, რომლის წინაშე ყველა სხვა მიწიერი ზრუნვა, სურვილი და განსაცდელი უნდა გაუფერულდეს.
ღმერთი სრულყოფილია, ჩვენც გვმართებს, მუდამ ვისწრაფვოდეთ სრულყოფილებისაკენ და ვცდილობდეთ იმ ნიჭის სრულად გამოვლენას, რაც უფლისაგან მოგვეცა; იქნება ეს: მიწათმოქმედება, სხვა ფიზიკური შრომის უნარი, სწავლა, მეცნიერული აზროვნება, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მუშაკობა, პედაგოგობა, ექიმობა, მშენებლობა, ქვეყნის მსახურება, ღვთის მსახურება… მოციქული ამიტომაც გვარიგებს: ყველაფერი რასაც გააკეთებთ, გააკეთეთ როგორც ღვთისთვის, მთელი სულითა და გულით (კოლ.3,23).
რაოდენ მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლისა, რომელმაც საოცარი, ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი, წყალობა მოგვცა, _ თავისი უნაპირო სიყვარულის გამო ჩვენთვის დაითმინა ტანჯვა, წამება, შეურაცხყოფა, დამცირება, ჯვარცმით სიკვდილი და აღდგომითა და ამაღლებით მოგვანიჭა სრულქმნის შესაძლებლობა. და რაოდენ უგუნურნი და უმადურნი ვიქნებით, თუ ეს ვერ გავაცნობიერეთ და ამაოებაში დავინთქით?!
პასექამდე, სვიმონ კეთროვნის სახლში ყოფნისას, იესო ქრისტეს ერთი ცოდვილი ქალი მორიდებით მიუახლოვდა, ცრემლით დაალტო მისი ფერხნი, დაასხა ძვირფასი ნელსაცხებელი და თავისი თმით დაუწყო შემშრალება.
ამის მხილველმა მოციქულებმა გულისწყრომა გამოხატეს, რადგან ფიქრობდნენ, უმჯობესი იყო ეს სურნელოვანი ზეთი გაეყიდათ და საფასური გლახაკთათვის დაერიგებინათ.
ქალის გულწრფელი ქმედება კი მაცხოვარმა ასე შეაფასა: ,,მთელ ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქვას.., რაც მან გააკეთა, მის მოსახსენიებლად“ (მათე 26,13).
ინებოს ღმერთმა, ცოდვაში მყოფმა ყველა ადამიანმაც, ამ ქალის მსგავსად, ადრე თუ გვიან, შეიცნოს ღმერთი, თავისი ნელსაცხებელი მიართვას მას და, მამასთან დაბრუნებული უძღები შვილივით, შეიმოსოს სამოსელი პირველი.
ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, _ ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, ადიდეთ და ,,უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.“ (კოლას. 3,16); და სასოებით ,,ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა ბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი სიყვარულის სამეფოში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება“ (კოლას. 1, 12-14).
მაშ, ,,შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის იმედის მუზარადი.“ (თესალ. 1,58), რადგან
ქრისტე აღდგა!
გიხაროდეთ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი

2019

Страницы