Грузинская Православная Церковь

Подписка на Лента Грузинская Православная Церковь
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია
URL-адрес: http://patriarchate.ge
Обновлено: 30 мин. 44 сек. назад

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (12.01.2020)

12 января, 2020 - 19:48

ჩვენთან არს ღმერთი
დღეს სხვა წმინდანებთან ერთად არის ხსენება წმინდისა მეფისა დავით წინასწარმეტყველისა. იგი ასე ლოცულობდა თავისთვის: ,,მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი.“

სიმშვიდე არის ის პირობა, რომელიც აუცილებელია, რომ გვქონდეს, რათა სული წმინდა გარდმოვიდეს ადამიანზე. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე. გვაკლია იმიტომ, რომ არეულნი ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. ძალინ ბევრს ვიღებთ ჩვენს თავზე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს მეცნიერების, კულტურის, თანამედროვე მიღწევების.

უნდა გვახსოვდეს, რომ სინამდვილეში ყველაფერი ღვთის ხელშია. 

აი ეს სისწრაფე, რომელიც დღეს არის მსოფლიოში: მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში… ეს სისწრაფე მეტყველებს, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან, მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ ამისათვის. გამიგონია მორწმუნეთაგან, რომ ჟამი ახლოს არისო, მე ვიტყვი, – შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ დავით მეფის სიტყვები: ,,მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“, ძალიან აქტუალურია.

დავით მეფე იყო უბრალო მწყემსი და მწყემსობიდან ღმერთმა აიყვანა სამეფო ტახტზე. დავითს ახასიათებდა ის, რაც უნდა ახასიათებდეს ყოველ ადამიანს, – როგორც წინსვლა, ისე შეცდომები. მაგრამ დავით მეფე ხედავდა რა თავის შეცდომებს, დიდად განიცდიდა. ამიტომ დაწერა შესანიშნავი წიგნი ფსალმუნებისა, – ,,დავითნი“. ჩვენ ძალიან გვიყვარს ფსალმუნები და მისი ავტორი. ყველასთვს ცნობილია მისი 50-ე ფსლმუნი – ,,მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი“.

დავითმა დიდხანს არ იცოცხლა; 30 წლისა იყო, რომ გამეფდა და 40 წელი მეფობდა. იცოცხლა 70 წელი.

გილოცავთ ამ დღესასწაულს. დავით მეფის ლოცვების მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

,,მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“.

დავითის სიმშვიდე მოგმადლოთ უფალმა!

ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება შობის დღესასწაულზე (07.01.2020)

7 января, 2020 - 16:15

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ცა და ქვეყანა გალობს: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!“

დიდება და მადლობა უფალს! დღეს უფალმა ცანი მოდრიკნა და ციდან გარდამოვიდა კრავი ღვთისა – უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

რით შევეგებოთ? რა ვუთხრათ? ვუთხრათ, რომ გაჭირვებულნი ვართ; ვუთხრათ, რომ გვჭირდება მადლი ღვთისა… ყველაფერი უნდა ვუთხრათ უფალსა, უფალი შეისმენს ვედრებასა ჩვენსა.

დალოცვილი და გახარებული იყავით ორსავე სოფელსა შინა.

ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (2020)

6 января, 2020 - 22:18

საშობაო ეპისტოლე

 

სრულიად   საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის

 ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო. მოგმართავთ ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო და  ყოველნო ერნო:

აჰა, დადგა ჟამი ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოსი. დღეს იშვა დამბადებელი, ,,რომლის მიერაც შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი, თუ ხელმწიფებანი,” დღეს იშვა ის, “ვის მიმართ და ვის მიერაც ყოველივე დაიბადა“ (კოლას.1,16).

ამიტომაც ახლა მორწმუნენი გონებით მივისწრაფვით ბეთლემისაკენ, რათა განვიცადოთ 2000 წელზე მეტი ხნის წინ დამდგარი უდიდებულესი  ჟამი, როდესაც ამსოფლიური პატივისაგან მოკლებულ, აღთქმული მიწის ერთ ცივ და ბნელ გამოქვაბულში აღესრულა სასწაული, რომლის სადარი სამყაროში არაფერი მომხდარა და არც არასოდეს  მოხდება.

მიუწვდომელი, გარეშემოუწერელი, მიუახლებელი ღმერთი განკაცდა, რათა კაცი განღმრთობილიყო; ჭეშმარიტი უფლის  მადიდებელი ერის წიაღში, წმ. დავით მეფის მოდგმაში, იშვა ძე ღვთისა და თვალშეუდგამმა ნათელმა ჩვენთან მარადიულად ყოფნა ინება; უკვდავმა მოკვდაობა, უხრწნელმა ხრწნადობა მიიღო, რათა ჩვენ მოკვდავნი და ხრწნადნი სიკვდილის საკვრელთაგან დავეხსენით.

დღეს ყოველნი მართლმორწმუნენი  ქრისტეშობის მახარებელნი ვართ, რადგან ჩვეთან არს ღმერთი! დღეიდან მისი მომძიებელნი ვეზიარებით და უხვად მივიღებთ აქამდე მიუწვდომელ მადლთა სისავსეს, – კეთილმსახურებათა ნიჭსა და უნარს და  ხილულ და უხილავ სამყაროს შევღაღადებთ:

იხარებდით და აკურთხებდით  შემოქმედს  ცანი და ქვეყანა, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

იხარებდით და აკურთხებდით უფალსა უფლებათასა ანგელოზნი და  ყოველი სულდგმულნი,  რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

იხარებდით და აკურთხებდით ახალ ადამს მეფენი და მამათმთავარნი,  ერნი და ტომნი; აკურთხებდით უფლის ყოველ საქმეს, უგალობდით და განადიდებდით  მას უკუნისამდე, რამეთუ  ჩვენთან არს ღმერთი!

რომ არა შენი საკვირველი შობა, კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობისმყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა, სახე უზენაესი სიმდაბლისა და თავდადებისა, ერთგულებისა და მეგობრობისა;  ხატი ზეციური მამა-ძეობისა.

ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური ,,მეს“ მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით.

შენ გვასწავლე,  იესო, რომ სიყვარულშია ხსნა,  რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში, – სიდიადე; მოყვასის მსახურებაში, – სიხარული; გაცემაში, – შეძენა და დათმენაში,- გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა…

შენი განხორციელებისათვის, მხსნელო, დედამიწაც განემზადა და გიძღვნა ქალწულთა მშვენება, დედათა სიქადული, –  წმინდა მარიამი.

გიხაროდენ, ურჩეულესო ჭურჭელო, ყოველთა ნათესავთა შორის სანატრელო (ლუკ. 1.48);

გიხაროდენ, დედაო ღვთისა, ევას ცრემლთა აღმხოცო; ცხოვრების ხეო, სიცოცხლის ნაყოფის მომცემო;

გიხაროდენ, ცოცხალო ტაძარო ღვთისაო, ჩვენს ლოცვათა უფლისადმი აღმწევნელო.

უფლის განგებამ ინება, რომ შენი მზრუნველობით ჩვენც ღვთის ერი გავმხდარიყავით საუკუნეთა მანძილზე მრავალფერ განსაცდელთაგან ვნებულმა მცირე სამწყსომ შენი მფარველობით გაუძლო  ათას ქარტეხილთ და დარჩა ქრისტეს ერთგული.  დღესაც შენ  გსასოებს ჩვენი დამაშვრალი ერი, მრავალთაგან მრავალჯერ ნაღალატები და  ჯვარცმული, მაგრამ მაინც  გაუტეხელი და ღვთის მოიმედე.

ჩვენც, მონანი და მხევალნი შენნი,  მოგმართავთ  ცისა და ქვეყნის დედოფალს: კვლავაც შეეწიე უძლურებათა ჩვენთა, შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა ყოველნი მკვიდრნი იბერიისანი, შეცდომილნი ძენი და ასულნი ჩვენნი, გზასა ჭეშმარიტებისასა შეუდგნენ;  ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა და მაჭირვებელთა გულნი ლმობიერ-ჰყავ და დაამშვიდე; დამნაშავეთ სინანული მიეც; საპყრობილეთა შინა მყოფთ, – თავისუფლების სიხარული; უსამართლოთ, – სამართალი; მშიერთ, – პური; შიშველთ, – სამოსელი; უპავართ, – სარჩო-საბადებელი; კეთილად მუშაკთ, – ღირსი სასყიდელი;…

ურვათა მრავალთა დამტევნელო, ყოვლადუბიწოო ღვთისმშობელო,  ნუგეში-ეც მტირალთ, ყოველივე სასიკეთოდ წარუმართე მადლიერებით ჭირთა დამთმენილთ, ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე მიჰმადლე და სულიერად განსწავლე, სნეულნი განკურნე,  მხცოვანნი შთამომავალთა კეთილდღეობით გაახარე, უცხოეთში მყოფნი თანამემამულენი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე, იქ დარჩენილნი კი უფლის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ აღვაწე.

განგვიმტკიცე სიყვარული, სასოება  და შიში უფლისა, ერთგული მსახურება ეკლესიისა, მამულისა და მოყვასისა.  მოგვმადლე გული წმინდა და სული წრფელი, გონება ნათელი და შემეცნების სიღრმე, სხეული ჯანსაღი და უვნებელი. გვაშორე მუცლადღებულ ყრმათა კვლა და თვითმკვლელობები.

 აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, და მას შინა მკვიდრნი დაიცევ  “ შიმშილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა მოსვლისაგან მტერთასა“,  სტიქიონთა ვნებისაგან და ყოველი ბოროტი ძალის მანქანებისაგან; დალოცე და განამტკიცე ოჯახები ჩვენი და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლითა და ნაყოფთა სიუხვითა.

გევედრებით, მეოხ-ეყავ მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა წინაპართა,  – მეფე-დედოფალთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, სამშობლოს ერთგულთა და  თავდადებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მომხსენიებელთა გარეშე დარჩენილთა ყოველთა; გევედრები შორებელთა და მახლობელთათვის, რომელნი შეწევნასა ჩვენსა შემოვედრებულ არიან,  რათა ყოველნი  შემოქმედმან სავანესა მართალთათვის გამზადებულსა დააწესოს.

 არ განგვეშორო დედაო, არცა ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და ჩვენ მსასოებელთა  შენთა, მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რათა მართალთა თანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა, – მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბეთლემს შობილო ქრისტე ღმერთო,  ამ დიდებულ ღამეს, სულითა და გონებით შენსკენ მოლტოლვილნი, კანდლად გინთებთ ჩვენს ლოცვა-ვედრებასა და ქება-დიდებას; ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად  ძღვნად მოგართმევთ ჩვენს გულებს,  სიყვარულსა  და ერთგულებას, კრძალვითა და  თაყვანისცემით მოგეგებებით და ვხმობთ:

დიდება  შენს მობრძანებას,  ყრმაო, მშვიდობის მთავარო!  (ეს.9,5)

დიდება შენს გარდამოსვლას,  უფალო   საბაოთ!  (ეს. 37,16)

დიდება  შენს მოვლინებას, ადონაი   უფალო! (ეზ. 37.3)

გაკურთხებთ  და  აღგამაღლებთ შენ საუკუნითგან უკუნისამდე და ვაკურთხებთ მშობელსა შენსა,  დედათა შორის  კურთხეულს (ლუკა 1.42).

და კიდევ ერთხელ შეგთხოვთ, მოჰფინე შენი მშვიდობა, შენი წყალობა, ურწმუნოებით დამძიმებულ მშფოთვარე მსოფლიოს; ავის და კარგის გარჩევის უნარი  და სიბრძნე მოგვეც და შენი სასუფევლის მკვიდრნი გაგვხადე.

„ქრისტე იშვების, – ადიდებდეთ! ქრისტე ზეცით, – მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა, – ამაღლდით… კვალად ბნელი დაიხსნების, კვალად ნათელი მოიქცევის… ძველნი წარხდეს, აჰა, იქმნა ყოველივე ახალ“  (გრ. ღვთისმეტყევლი),  გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

სიყვარულით  თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი

ქრისტეს  შობა, 2019/2020

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 87 წლის გახდა

5 января, 2020 - 00:25

ა.წ. 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 87 წლის გახდა. მის უწმინდესობას დაბადების დღე მიულოცეს როგორც ხელისუფლების პირველმა პირებმა, ისე ინტელიგენციის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და მრევლის წევრებმა.

 

 

 

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული პატრიარქს შეხვდა

3 января, 2020 - 17:09

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ბ-ნი ზვიად შალამბერიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა და შობა-ახალი წელი და იუბილე მიულოცა. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებული მის უწმინდესობას იმერეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა, საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფოს მიერ გლეხებისთვის მიწათსარგებლობის გამარტივების საკითხს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესს.  

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დალოცა სტუმარი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 30-31 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მიიღო

31 декабря, 2019 - 13:39

ა.წ. 30 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბ-ნი არჩილ თალაკვაძე და მისი ოჯახის წევრები მიიღო.

ბატონმა არჩილმა მის უწმინდესობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და დღეგრძელობა უსურვა.

31 დეკემბერს მის უწმინდესობას ეწვივნენ ტყვეობიდან გათავისუფლებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, მისი მეუღლე და შვილები, ასევე მოჭიდავეები. მათ გამოჩენილი თანადგომისთვის კათოლიკოს-პატრიარქს და ზოგადად ეკლესიას მადლობა გადაუხადეს. ითქვა ისიც, რომ ბ-ნი ვაჟას გათავისუფლებაში ხელისუფლებასთან ერთად მრავალმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და რუსეთის ეკლესიის მეთაურმაც თავისი წვლილი შეიტანა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და მათი ოჯახები და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა.

ფოლკლორის ცენტრში საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,ლაზარეს“ პროფესიული სასწავლებლის გამოფენა ჩატარდა

31 декабря, 2019 - 13:19

ა.წ. 30 დეკემბერს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა  საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს” პროფესიულ სასწავლებელ ,,სახელობო სკოლის” სახელოსნოებში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საიუველირო ნაწარმი, მინანქარი, ჭედურობა, მინის ნაკეთობები, თექა და სხვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

30 декабря, 2019 - 19:14

ა.წ. 29 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ვატიკანის სახელმწიფო მდივანი კარდინალი პიეტრო პაროლინი და მისი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რომის საყდარსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე განხილულ იქნა ის პრობლემები, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნისა და ქრისტიანული სამყაროს წინაშე.

კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, აღსაყდრების დღე მიულოცა და გადასცა რომის პაპის მოკითხვა და რომში მიწვევა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაიხსენა მისი ვიზიტი რომში, ასევე რომის პაპ იოანე პავლე II-ისა და ფრანცისკეს სტუმრობა საქართველოს საპატრიარქოში.

შეხვედრის დასასრულს მხარეთა მიერ გამოითქვა მეგობრობის გაღრმავების სურვილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ავსტრიასა და იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები მიიღო

30 декабря, 2019 - 19:12

ა.წ. 27 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი დავით დონდუა  და მისი ოჯახი მიიღო. ხოლო 28 დეკემბერს ოჯახის წევრებთან ერთად იაპონიაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ბ-ნი თემურ ლეჟავა მიიღო.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ისინი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქუთაისის 29-ე სკოლის მოსწავლეები მიიღო

30 декабря, 2019 - 18:31

ა.წ. 27 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ეპარქიის სამღვდელოება, მრევლი და 29-ე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და სხვა სასულიერო პირები.

ბავშვებმა წარმოადგინეს ღონისძიება სახელწოდებით ,,საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“ და ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთები გააცოცხლეს.

სამღვდელოებამ და მრევლმა მის უწმინდესობას აღსაყდრების დღე მიულოცეს და ჯანმრთელობა უსურვეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები, წარმატებები უსურვა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

მესტიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა

30 декабря, 2019 - 17:38

ა.წ. 25 დეკემბერს მესტიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 42-წლისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის, მესტიის საჯარო სკოლებისა და ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (29.12.2019)

30 декабря, 2019 - 15:19

ჩვენთან არს ღმერთი

დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა ანგიასი. წმინდა ანგია უკანასკნელი წინასწარმეტყველია. იგი მოუწოდებდა ებრაელ ხალხს, ისრაელს, რომ თქვენ იშენებთ სასახლეებს და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო.

ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, შევქმენით ხატები წმინდისა ანგიასი და დავარიგეთ. საოცრად დაგვეხმარა. ტაძრები აშენდა მთელს საქართველოში და ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა ანგიას, რომ შეგვეწია.

ჩვენ უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ ჩვენს სულიერ ტაძარზე. რომ ვაშენებთ ამ ხილულ ტაძრებსა, უნდა ვიფიქროთ, როგორ ტაძარს ვაშენებთ სულში. სად მივდივართ? აღმა მივდივართ თუ დაბლა ვეშვებით? ღმერთს დიდება და მადლობა, ღმერთი გვეხმარება, რომ ნელ-ნელა ავდივართ მაღლა.

დიდება შენდა უფალო! მადლობა შენდა უფალო!

შეგეწიოთ წმინდა ანგია წინასწარმეტყველი და დაგვეხმაროს სულიერი ტაძრის მშენებლობაში.

ჩვენთან არს ღმერთი!

დალოცვილი იყავით და გაიხარეთ.

შევნიშნავთ, რომ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს ხსნილი იქნება თევზით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აზერბაიჯანის ელჩი მიიღო

27 декабря, 2019 - 15:48

ა.წ. 27 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი დურსუნ ჰასანოვი მიიღო. ელჩმა მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42 წლისთავი მიულოცა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის წერილი გადასცა.

საქართველოს საპატრიარქოში სუიციდთან ბრძოლის შესახებ შეხვედრა ჩატარდა

27 декабря, 2019 - 15:03

ა.წ. 26 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირების, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების, საპატრულო პოლიციის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო „სუიციდთან ბრძოლის ინტერსექტორული შესაძლებლობები“.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ახალგაზრდებში თვითმკვლელობის მზარდ სტატისტიკაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და ამ პრობლემის დასაძლევ ღონისძიებებში ეკლესიის აქტიური ჩართვის აუცილებლობაზე.  დაისახა გეგმები სუიციდის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლისთვის ეკლესიის, სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების ურთიერთთანამშრომლობით.

გალობის უნივერსტიტეტის ღონისძიებები გერმანიასა და იტალიაში

26 декабря, 2019 - 19:50

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნებულმა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტმა გერმანიასა და იტალიაში საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

ა.წ. 13 დეკემბერს შტუტგარტის სახელმწიფო თეატრში გამართულ ქართული კულტურის კონცერტში ქართველ მუსიკოსთა საზოგადოებამ, ფოლკლორის, ცეკვისა და თანამედროვე ინსტრუმენტულ-ვოკალურ ჟანრთა საუკეთესო სინთეზით წარმოადგინა.

გალობის უნივერსიტეტის გუნდის გარდა ამ კონცერტში მონაწილეობდნენ: ქართული ცეკვის ანსამბლი “ლაზი” (პარიზი), GeoTRAIN (Jazz ensemble) და „The Voice of Germany“-ს გამარჯვებული ნათია თოდუა.

17-19 დეკემბერს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევით ქალაქ ბარის წმინდა ნიკოლოზის ქართულ სამრევლოში  იტალიის ქართული სამრევლოების მღვდელმსახურთა მიერ სადღესასწაულო მსახურებები აღევლინა და გაიმართა ტრადიციული სიმღერა-გალობის კონცერტი, რომელშიც ბარის სამრევლოსთან არსებული გუნდი და გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საღამო ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

ქართული ტრადიციული მუსიკის ხელშეწყობისთვის ფონდის მადლიერების სიგელი და ჯილდო გადაეცათ ბარის წმინდა ნიკოლოზის ქართულ სამრევლოს წინამძღვარს, არქიმანდრიტ მოსეს (ჭანკვეტაძე)  და ფლორენციის წმინდა ნინოს ქართული სამრევლოს წინამძღვარს, არქიმანდრიტ ანდრიას (ლაცაბიძე).

ფონდი ქართველი ემიგრანტებისათვის სოციალურ პროექტებს (ქართული სიმღერა-გალობის პედაგოგის მივლინებას) 2016 წლიდან სისტემატიურად ახორციელებს ევროპის ქართულ სამრევლოებში (ბარი, ფლორენცია, ბრიუსელი, ანტვერპენი, გენტი). პროექტი ამჟამად ხორციელდება ბარსა და ფლორენციაში. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ინტრონიზაციის დღე მიულოცეს

26 декабря, 2019 - 19:11

ა.წ. 24-26 დეკემბერს ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლისთავი მიულოცეს. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ პატრიარქის ნათლულთა გუნდი (ხელმძღვანელი: ნინო მიქაბერიძე), თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები, ანსამბლი ,,იალონი“, ანსამბლი ,,სათანაო”, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მევიოლინეები სახელწოდებით ,,სიმი“ და სხვ.

მობრძანდა ბ-ნი პაატა ბურჭულაძეც ახალგაზრდა შემსრულებლებთან ერთად, რომელთა შორის იყო 10 წლის ცოტნე ზედგინიძეც. მან შეასრულა საკუთარი ორი საფორტეპიანო ნაწარმოები, რომელთაგან ერთი მისი უწმინდესობისთვის დაწერა, მეორე კი გია ყანჩელისთვის.

მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წლისთავი

25 декабря, 2019 - 16:55

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი

მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი. როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას (რამდენიმე წლის წინ თუ გნებავთ) და ამ ხნის განმავლობაში უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. უდიდესია ჩვენი დედა ეკლესიის და პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობისას, როდესაც  ერი საჭიროებდა სწორებას.  ძალიან ხშირად ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმინდესობა და უნეტარესობა გახლდათ. დღესაც, მოგეხსენებათ, რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება მეტად ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ გადავლახოთ ყველა გამოწვევა და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ესეთი სულიერი მამა ჰყავს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი გიორგი გახარია

დღეს საქართველო და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ჩვენი უწმინდესის, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელს. 42 წლის წინ როდესაც ამ ტაძარში, სვეტიცხოველში  მოხდა ინტრონიზაცია პატრიარქისა, მას შემდგომ ყველა წელი იყო უმძიმესი და მისი უწმინდესობის მწყემსთავრობით ქვეყანა მოვიდა დღემდე გამარჯვებული.

ჩვენ შეუძლებელია სრულად შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ქეყნის წინაშე, შეუძლებელია შევაფასოთ მისი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობაში, შეუძლებელია შევაფასოთ მისი ღვაწლი საგანმანათლებლო მიმართულებით და, რაც მთავარია, შეუძლებელია შევაფასოთ მისი ღვაწლი ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.

პატრიარქი არის ჩვენი მწყემსი და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის სახელით მე ვულოცავ მას ამ დიდებულ დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და ბევრი, ბევრი ხანი, ბევრი, ბევრი წლები კიდევ მწყემსოს ჩვენი საქართველო. მადლობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი არჩილ თალაკვაძე

გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღეს. პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა, ვულოცავ ჩვენს უწმინდესს და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქს და მეც როგორც ერთი მოქალაქე, ერთი შვილი ჩვენი დიდი ოჯახის, მადლობას ვუხდი მას დიდი ღვაწლისთვის.

ამ წლების განმავლობაში იყო ეკლესია-მონასტრების შენება, იყო რწმენაში დაბრუნება, იყო ბევრი ნუგეში, იყო ჩვენი თანამოქალაქეების შემოერთება და მათი გაძლიერება საზღვარგარეთ. იყო ქართული ჭეშმარიტი ტრადიციების გაძლიერება, იყო საგალობლების აღდგენა და მისი გამოყენება ეკლესია-ტაძრებში და ბევრი სხვა საქმე რასაც ჩვენს ენაზე, ჩვენს მადლიან ქართულ ენაზე ჰქვია ღვაწლი. სწორედ კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ამ მრავალწლიანი ღვაწლით არის ჩვენს წინაშე და მე მინდა თავმდაბლად მას მივულოცო და ვუსურვო დღეგრძელობა.

იყო წლები, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ ინგრეოდა. ინგრეოდა, ის რაც წლების განმავლობაში ააშენეს ჩვენმა წინაპრებმა. იყო ძმათაშორის დაპირისპირება, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჩვენს ქვეყანასაც მიეცა ახალი იმედი და რწმენა, დაიწყო სახელმწიფომ ხიდების შენება, დაიწყო სახელმწიფომ გზების შენება და პატრიარქიც აშენებდა ხიდებს, ოღონდ ადამიანებს შორის, პატრიარქიც აშენებდა გზებს, ოღონდ ჩვენს შორის. პატრიარქი აშენებდა ჩვენს ქვეყანას და მინდა, რომ ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. გილოცავთ ყველას და დღეგრძელობა ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს!

საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ! დიდო მეუფეო და მოწყალეო მამავ!

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების ორმოცდამეორე წლისთავს აღნიშნავს. ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე.

თქვენი ინტრონიზაცია ჩვენი ერის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. აღსაყდრების შემდეგ ამ წმინდა ტაძრის ამბიონიდან თქვენ ისტორიული სიტყვა წარმოთქვით, სადაც აღნიშნეთ, რომ ქედს იხრით საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს თქვენი ძალა და გონება; ასევე ბრძანეთ, რომ თქვენი მომავალი საქმიანობა ვრცელი და მრავალმხრივი უნდა იყოს. დღეს ჩვენ სიხარულითა და მადლიერებით აღვნიშნავთ, რომ ორმოცდა ორი წლის განმავლობაში თქვენ განუხრელად ასრულებთ ამ აღნათქვამს, ვინაიდან ჭეშმარიტად სასოებით აღსავსე და მრავალმხრივია თქვენი დაუღალავი მსახურება.

რთულია თქვენი ღვაწლის ჯეროვნად შეფასება. თქვენ გითქვამთ, რომ პატრიარქის მსახურება მუდმივი მოწამეობაა, მაგრამ უფალმა სული წმინდის მადლიც უხვად გიბოძათ და გაამრავლა თქვენი შრომის ნაყოფი, სიტყვისაებრ პავლე მოციქულისა: “ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის” (2 კორ. 9, 6). თქვენ ურთულეს პერიოდში მოგიწიათ საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრება. საბჭოთა კავშირის ათეისტური რეჟიმის პირობებში საეკლესიო ცხოვრების ყველა სფერო მოიშალა. ყველაფერი აღსადგენი და ასაშენებელი იყო. სწორედ ამ წლებში მოჰმადლა უფალმა საქართველოს თქვენი მამათმთავრობა, როგორც ეკლესიის აღმშენებელი და ბრძენი საჭეთმპყობელი; ჩვენ მოწმენი ვართ იმ ხილული სასწაულისა, რომ თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის დაუღალავი ღვაწლით,  ღვთის შეწევნით, ჩვენი ერის უფლისაკენ შემობრუნება და სულიერი აღმავლობა დაიწყო; როგორც ნათქვამია წმინდა წერილში, “სიტყვა იგი ღმრთისა” თანდათან “აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა” (საქ. 12, 24). შეიძლება ითქვას, რომ თქვენი საპატრიარქო მოღვაწეობის პერიოდში გზანდიოზული ცვლილებები მოხდა ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში. თქვენი მზრუნველობის შედეგად დიდად გაიზარდა ეპარქიებისა და მღვდელმთავრების რიცხვი, მათ შორის – საზღვარგარეთ დაარსებული ეპარქიებისა, რაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე თქვენი ზრუნვის გამოვლინებაა; გამრავლდა სამღვდელო და სამონაზვნო დასი, შესაძლებელი გახდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება, აიგო წმინდა სამების დიდებული საკათედრო ტაძარი, აშენდა და აღდგა ეკლესია-მონასტრები, წმინდანად შეირაცხა მრავალი საეკლესიო მოღვაწე. სრულიად ახალ სიმაღლეზე ავიდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა, რისი დასტურიც არის  საკონსტიტუციო შეთანხმების გაფორმება, ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადება და მრავალი სხვა. განსაკუთრებულია თქვენი ღვაწლი საგანმანათლებლო და მისიონერულ სფეროებში. ამ მხრივ აღსანიშნავია სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გახსნა, საპატრიარქოს უნივერსიტეტის დაარსება, საეკლესიო სკოლა-გიმნაზიების ამოქმედება, შესანიშნავი საგალობლების შექმნა, შვიდგზის ლოცვების დაწესება და სხვ. ვრცლად შეიძლება საუბარი თქვენს მამობრივ მზრუნველობაზე სხვადასხვა სფეროს მიმართ, მეცნიერებაზე, ხელოვნებაზე, ქართული გალობის აღორძინებაზე, საგამომცემლო საქმეზე, სამხედრო უწყებებში მომსახურეებზე, შვილგარდაცვლილ დედებზე, თუ სოციალურ მსახურებაზე, ახალგაზრდებზე და დემოგრაფიულ საკითხებზე.

ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ მრავალრიცხოვანი მიღწევებისა, რომელთა შესახებ ორმოცდა ორი წლის წინ ფიქრიც კი შეუძლებელი იყო; მაგრამ თქვენ, მუდამ გახსოვდათ რა პეტრე მოციქულის სიტყვები: “ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი” (1 პეტ. 5, 5), ყოველ წარმატებას უფლის წყალობას მიაწერდით და ამიტომაც  შეგაძლებინათ უფალმა ყოველივე ამის აღსრულება, თქვენი თანამოღვაწე სასულიერო და საერო პირთა შემწეობით.

დღესაც არანაკლებ რთული და შფოთით აღსავსე დროა და კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას მორწმუნე ერი. ბოროტი ძალა ცდილობს ახალი კერპებითა და ყალბი იდეალებით ჭეშმარიტი ღმერთის  ჩანაცვლებას, ეკლესიის სახელის გატეხვასა და დასუსტებას. ამ მიზნის მისაღწევად ყოველგვარ ცილისწამებას მიმართავენ და ეკლესიის გზააბნეულ შვილებსაც იყენებენ. მაგრამ როგორც ისტორია გვასწავლის, ვერანაირი დევნა-შეურაცხყოფა ვერ ამარცხებს ეკლესიას, თუ იგი საღმრთო გადმოცემისა და უფალ იესო ქრისტეს სწავლების ერთგული რჩება. სწორედ ამიტომ თქვენი მზრუნველობის საგანი მუდამ არის მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლებისა და კანონიკური მოწყობის უმწიკვლოდ შენახვა, რათა ვითარცა მწყემსმა კეთილმა დაიცვათ თქვენდამი რწმუნებული სულიერი სამწყსო მტაცებელ მგელთაგან, რომლებიც ლამობენ წარიტაცონ და განაბნიონ ქრისტეს ცხოვარნი (ინ. 10, 12).

ყოველივე ამის გამო თქვენ დამსახურებულად მოიპოვეთ ქართველი ხალხის ნდობა და სიყვარული, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე – დიდი ავტორიტეტი.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს, ქედს ვიხრით თქვენს წინაშე და მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისთვის. თქვენი განვლილი ცხოვრების გზა და დიდი სულიერება შთაგონების წყაროა ჩვენთვის, თქვენი სულიერი შვილებისა და მოწაფეებისთვის, რათა ღვაწლმოსილი მწყემსმთავრის მაგალითზე ჩვენც კეთილად აღვასრულოთ ჩვენი საეკლესიო მსახურება.

ვუერთდებით რა მილიონობით ადამიანის მილოცვას, შვილებრივი სიყვარულით გილოცავთ აღსაყდრების დღეს. გისურვებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობას, სულიერ სიხარულსა და სიმხნევეს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, სადიდებელად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და საცხოვნებელად თქვენდამი მინდობილი სამწყსოსი.

ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ! ამინ!                                                     

                                                
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ჩვენთან არს ღმერთი!

თქვენო აღმატებულებავ ბატონო ბიძინა, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქრისტესმიერ საყვარელო დანო და ძმანო, დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე და ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას.

მე მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება შემესრულებინა ეს საქმე.

ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. დალოცვილი იყავით. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის.

ჩვენთან არს ღმერთი!

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შესახებ

24 декабря, 2019 - 14:58

ამონარიდი ა.წ. 22 დეკემბერს თბილისის დიდ სინაგოგაში მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის, იაკობ გაგულაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან:

,,ახლა კი ამ საპატიო ადგილიდან, სადაც გამჩენს ვესაუბრებით ხოლმე, მინდა შევეხმიანო საქართველოს უძლიერეს გმირს, დიდებულ ადამიანს, მსოფლიოში ცნობილ პერსონას, მე მოგახსენებთ საქართველოს გამაერთიანებელ უხუცეს მამაზე, ღვთის კაცზე, ამ ასაკის მატარებელს თორა აჯილდოვებს გმირის ტიტულით, ივრითულად მას „გიბორი“ ქვია, „გიბორი“, ანუ მხცოვანი გმირი. და როგორი გიბორი პატრიარქი მამა ყავს საქართველოს?! ძლიერი! ფალავანი! გამაერთიანებელი – იგი აერთიანებს ყველა ქართველს, სადაც არ უნდა იყოს ის. არის თავმდაბალი და მოსიყვარულე, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა, უბოროტო, ქართველი ებრაელების და ყველა ებრაელის უდიდესი მეგობარი და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ.

ახლოვდება პატრიარქის ტახტზე აბრძანების დღე – 25 დეკემბერი, ასევე ამ დიდებული ადამიანის დაბადების დღე – 4 იანვარი და მინდა განსაკუთრებული პატივისცემით დავლოცო იგი, ვუსურვო დღეგრძელობა, ასოთხმოცი წელი ჯანმრთელად, ძლიერად ყოფნა, მშვიდობა სხეულში, ირგვლივ და გამჩენთან. ჩვენს უწმინდეს პატრიარქს აქედან შევეხმიანები: როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს, არაფერი ყოფილა ისეთი ამ ცისქვეშეთში, რაც არ მომხდარა და არ გამეორდება კიდევ. მე 4 წლის წავედი საქართველოდან და ჩემი გული ისევ აქ მოიწევს, ბავშვი წავედი და რაბინი დავბრუნდი, ახლა მე ვასწავლი იმას, რაც აქ მასწავლეს და მე ძალიან კარგად ვხედავ ყველაფერს, რაც ხდება ჩემს საყვარელ საქართველოში. და გეუბნებით, ბოროტი იმას ებრძვის განსაკუთრებულად, რაც ყველაზე წმინდაა. აი, მოსეს საკუთარი ოჯახის წევრები აუმხედრა ბოროტმა და ცილი დასწამეს იმაში, რა თვისებაც ყველაზე მეტად გამოარჩია გამჩენმა. უახლოესი ადამიანები მოსეს დააბრალებენ იმას, რაც რომ ყველაზე შორს იყო მისგან. თორა მოწმობს, რომ ყველა ადამიანზე უფრო თავმდაბალი ბრძანდებოდა ის, ამას უფალი მოწმობს, მისიანებმა კი რა ცილის დასწამეს? რატომ ხარო შენ ამპარტავანი და დიდგული და რატომ ამაყობო შენს ხალხზე.

ჰოდა, ისმინეთ ქართველნო: გამგები გაიგებს, გაუფრთხილდით ერის სულიერ მამას, გახსოვდეთ, რომ ის ჩვენი დროის ნამდვილი გიბორია!” 

Страницы