Грузинская Православная Церковь
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (07.07.2019)
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში ე.წ. ,,ღირსების მარშის“ ჩატარების ხელახლა დაანონსებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. სოდომური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები მუდამ იყვნენ და მათი არსებობა ჩვენს საზოგადოებაში არასდროს იწვევდა მწვავე დაპირისპირებას, მაგრამ ამ გარყვნილების ნებისმიერი სახით პროპაგანდა ყოველთვის იყო მიუღებელი. ამიტომაც, როდესაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორები და LGBT წარმომადგენლები, ამას რაიმე სახის ექსცესი არ გამოუწვევია; ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მათ, როგორც ყველას, არ ეზღუდებათ თავიანთი უფლებების რეალიზება; მაგრამ, როდესაც აღნიშნული ჯგუფები უგულებელყოფენ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და ეწევიან თავიანთი ,,ფასეულობების” პოპულარიზაციას, ეს ბუნებრივად იწვევს დიდ გაღიზიანებას და სამოქალაქო დაძაბულობის შექმნის მიზანმიმართულ მცდელობად აღიქმება.
ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, იცნობს რა სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მიიჩნევს, რომ ე. წ. ,,პრაიდი” არ არის ცალკე აღებული მოვლენა, არამედ შორსმიმავალი სტრატეგიის ერთ-ერთი ეტაპია და მიმართულია ერთნაირსქესიანთა ,,ქორწინებისა” და მათ მიერ შვილის აყვანის უფლების საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებისაკენ.
მრავალგზის განგვიცხადებია და ამჟამადაც აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. ამასთან, მიგვაჩნია, რომ განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ე.წ. ,,პრაიდის” ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნებას. შევთხოვთ ღმერთს, შეგვეწიოს, რათა ჩვენმა ხალხმა ეს განსაცდელიც მშვიდობით განვლოს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველი ემიგრანტები მიიღო
ა.წ. 1 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს უმასპინძლა.
ღონისძიება ორგანიზაცია ,,დიასპორის სახლის” ინიციატივით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ ამერიკაში, კანადაში, ესპანეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები.
ემიგრანტებმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს საზღვარგარეთ არსებული ქართული სამრევლოების მნიშვნელობას; განაცხადეს, რომ სამრევლოები და იქ არსებული საკვირაო სკოლები და სხვადასხვა წრეები ეხმარებათ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაში.
შეხვედრას ესწრებოდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
მისმა უწმინდესობამ დალოცა ემიგრანტები და წარმატებული მოღვაწეობა და სამშობლოში დაბრუნება უსურვა.
,,სამშობლო ტკბილია, დედასავით ტკბილია. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სამშობლო გელოდებათ თქვენ. ღმერთმა დაგლოცოთ საქართველოსთან ერთად! ბედნიერი იყავით ორსავ სოფელსა შინა!”- ბრძანა მან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (01.07.2019)
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის ხსენება ათონის მამების. მათ შორის იოანე, ექვთიმე, გიორგი მთაწმინდელის და სხვათა მამათა ჩვენთა. თქვენ იცით, არის ქართული მონასტერი ივირონი და ჩვენ შევთხოვთ წმინდა მამებს, რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო.
ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვონ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის. აუცილებელია ქვეყნისათვის. სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს ვერ მიაღწევს ადამიანი. სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელს საქართველოს.
ბერის ცხოვრება ძალიან რთულია. ბერი არის ის ადამიანი, რომელიც არასდროს არ არის კმაყოფილი თავისი მდგომარეობით, თავისი თავით.
ბერი ის ადამიანია, რომელიც ცდილობს და ადის აღმასვლის კიბეზე.
ბერი ის ადამიანია, რომელიც არ არის კმაყოფილი წინა დღით და დღეს უნდა იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ.
ბერების ლოცვამ გადაარჩინა ქვეყანა და ეკლესია.
გილოცავთ მთაწმინდელების დღესასწაულს, შეგვეწიოს იმათი ლოცვა. ჩვენ და მთელს მსოფლიოს.
ჩვენთან არს ღმერთი!
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (25.06.2019)
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
25 ივნისი, 2019 წელი
ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში.
ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს.
ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს, – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (25.06.2019)
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
(25.06.2019)
კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულისტკივილს 19-20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს.
ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას, კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ.
მართალია, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლდა, მაგრამ ვთხოვთ, იყვნენ შემწყნარებელნი იმ სხვა დაკავებულთადმიც, რომელნიც, გულწრფელ ემოციებს აყოლილნი, ჩაერთნენ პროცესებში.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო.
საქართველოს საპატრიარქოში ბავშვთა უფლებების შესახებ კონფერენცია ჩატარდა
ა.წ. 17-21 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში UNISEF-ისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი კონფერენცია – ,,სასულიერო პირების როლი ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში” ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNISEF) ოფიციალური წარმომადგენელი, დოქტორი ღასან ხალილი და მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (23.06.2019)
ჩვენთან არს ღმერთი!
ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ცუდი მოვლენებია ჩვენსგარშემო. ამიტომ მე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილადიყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა. იმედია, ღმერთი მშვიდობას მოგვცემს და დიდ წყალობას.
თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის და იგი განსაკუთრებით მფარველობს მას.
ხვალ იწყება პეტრე-პავლობის მარხვა. პეტრე-პავლობის მარხვის დროს თევზი არ იჭმევა ოთხშაბათს და პარასკევს. დანარჩენ დღეებში გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ მიიღოთ იგი.
არის დასაჯილდოებელი სასულიერო პირი, – დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი, მან დიდი შრომა გასწია ფილოსოფიის დარგში, დღეს სტუდენტები სწავლობენ მისი წიგნების მიხედვით. დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარებისუფლებით. აქსიოს!
ილოცებიან ბურძენაძეები, მონიავები, კოტორაშვილები და მამაგელაშვილები.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთსახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
გარდაიცვალა მეუფე კალისტრატე, ქუთათელ-გენათელი. დღეს არის მისი დაკრძალვა ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში. შევთხოვთ უფალს, აცხოვნოს მისი სული და დაამკვიდროს სადაცა მართალნი განისვენებენ.
ჩვენთან არს ღმერთი!
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (21.06.2019)
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
21.06.2019
დიდია ჩვენი გულისტკივილი პარლამენტთან შუაღამისას განვითარებული მოვლენების გამო, რის შედეგადაც დაშავდა მრავალი ადამიანი, მეტწილად ახალგაზრდები.
ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ათასობით ახალგაზრდა სამშობლოს ღირსების დასაცავად გამოვიდა რუსთაველზე და თავისი სამართლიანი გულისწყრომა გამოხატა პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს იმ წევრის თავმჯდომარეობის გამო, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი; მაგრამ არამართებული მოწოდებებით მიტინგს სახიფათო სახე მიეცა, მოვლენები მყისიერად განვითარდა და პარლამენტის შენობის ძალით დაკავების მცდელობაში გადაიზარდა.
ვფიქრობთ, საჭიროა, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოიძიოს მიზეზები და სათანადო სტრუქტურებმა, მასმედიამ და ექსპერტებმა მიუკერძოებელი შეფასებები გააკეთონ როგორც მომხდართან დაკავშირებით, ისე ზოგად-პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რათა საზოგადოებას არსებული ვითარების გააზრების საშუალება მიეცეს, შენარჩუნებულ იქნას მშვიდობა და პროცესებმა სამოქალაქო დაპირისპირების სახე არ მიიღოს.
ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ჩვენმა ხალხმა ეს გამოწვევები დაძლიოს და მათ ღირსეული პასუხი გასცეს.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (21.06.2019)
დღეს პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ყველას აწუხებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა.
სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აყვებიან ემოციურ ფონს.
აუცილებელია შექმნილი მდგომარეობის გაანალიზება, შეფასება და სწორი ნაბიჯების გადადგმა.
მივმართავთ პარტიებს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, მივმართავთ ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე.
უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.
ინფორმაცია მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) გარდაცვალების შესახებ
საქართველოს საპატრიარქო დიდი მწუხარებით იუწყება, რომ დღეს, დილის 05:00 საათზე, ოცდათექვსმეტი წლის მღვდელმთავრული მოღვაწეობის შემდეგ, ღვთივ განისვენა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი).
დაკრძალვა შედგება ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში, 23 ივნისს, კვირას, 14:00 საათზე.
ღმერთმა აცხოვნოს მისი უკვდავი სული.
Statement Made by the Patriarchate of Georgia (19.06.2019)
Current events related to so-called LGBT pride have extremely heightened tension across the country.
The Patriarchate of Georgia has already expressed its strongly negative attitude towards the issue.
It is clear that the tension is escalating, causing the exacerbation of circumstances throughout the country, which we declare totally unacceptable; we decry all kinds of aggressive statements made by clergy as well as by parishioners.
First of all, we apply to the clergy to refrain from uncoordinated briefings, public appeal or activities that contradicts Christian teaching.
We request the clergy to refrain from uncoordinated briefings, public appearances or any kind of other activities which contradict the Christian Teaching.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებისადმი (თბილისი 19.06.2019)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებისადმი
(თბილისი, 19.06.2019)
გულითადად მოგესალმებით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეთ, მოგესალმებით უფლის დედის,- ყოვლადწმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყნის სახელით, იმ ქვეყნის სახელით, სადაც მაცხოვრის ნებით და ღვთისმშობლის დავალებით ქრისტიანობა ჯერ კიდევ I საუკუნეში იქადაგა წმ. ანდრია პირველწოდებულმა და დაარსა პირველი ეპარქიები და ეკლესია. მან სამჯერ იმოგზაურა საქართველოში მოციქულ მატათასა და სვიმონ კანანელის თანხლებით.
მოციქული მატათა ბათუმის ახლოს, გონიოშია, დაკრძალული, სვიმონ კანანელი კი, -აფხაზეთში, კომანში.
თქვენ ჩამოხვედით ქვეყანაში, სადაც 1700 წლის წინ, ასევე ღვთისმშობლის დავალებით, მოვიდა კაპადოკიელი ქალწული, წმ. ნინო, რომლის ქადაგებით და ღვთის შეწევნით აღსრულებულ სასწაულთა მადლით მოექცა ჩვენი მეფე-დედოფალი, მთელი ერი და ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ეს IV საუკუნის 30-იან წლებში მოხდა; V საუკუნეში საქართველოს ეკლესია გახდა ავტოკეფალური, XI საუკუნიდან მისი საჭეთმპყრობელი კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებს.
თქვენ ჩამობრძანდით ქვეყანაში, სადაც ჩვენს სულიერ დედაქალაქ მცხეთაში დაფლულია ძველი და ახალი აღთქმის უდიდესი სიწმინდენი,- კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხალენი წმ. ილია წინასწარმეტყველისა, სადაც დაცულია ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატები, ღვთისმშობლის კვართი და მრავალი სხვა სიწმინდე.
საქართველომ, კავკასიის ამ პატარა ქრისტიანულმა ოაზისმა, დიდი მსხვერპლის ფასად 2000 წლის მანძილზე შეურყვნელად დაიცვა უცვალებელი სწავლება ეკლესიისა. არაერთი მაგალითი გვაქვს, ათასობით ბერის, მონოზვნის, სასულიერო პირისა და ერისკაცთა თავდადებისა. ჯალალედინის დროს მარტო ერთ დღეს 100 000 მართლმადიდებელს მოკვეთეს თავი, რომელთაც არ შეურაცხყვეს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები.
თუმცა გვქონდა დიდი ჩავარდნის პერიოდიც – ათეისტური რეჟიმის ხანა, როდესაც თითქმის ყველაფერი განადგურდა: ხელნაწერები, ხატები, ტაძრები, საეკლესიო ნივთები; გადაასახლეს, დაარბიეს და დახვრიტეს თითქმის მთელი სასულიერო დასი, რის შედეგადაც 25 000 მოქმედი ეკლესიიდან XX საუკუნის სამოციანი წლებისთვის 48-ღა დარჩა.
მადლობა ღმერთს, დღეს სხვა მდგომარეობაა. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ პრობლემები, შიდა თუ გარე, მრავლად გვაქვს. ყველაზე მოუშუშებელი და მტკივნეული კი მაინც ის არის, რომ მართალია, საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ანხორციელებს, რადგან ეს ტერიტორია (ქვეყნის 20%) ოკუპირებულია.
ძვირფასო სტუმრებო, თქვენც იმ ქვეყნების წარმომადგენლები ბრძანდებით, რომელთა წარსულიც ქრისტესთვის თავდადების მაგალითია, რომელთა კულტურა, აზროვნება და ცხოვრების წესი ქრისტიანობითაა განმსჭვალული. დღეს, მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში, ჩვენ ყველანი და, ზოგადად, კაცობრიობა მრავალი საერთო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასებების მოსმენა თანამედროვე ტენდენციებზე, თქვენეული ანალიზი გამოწვევების თაობაზე და ხედვა მომავლისა.
გისურვებთ ნაყოფიერ შეხვედრასა და
ღვთის შეწევნას
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება 19.06.2019
ბოლო დროს ე.წ. LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში.
აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.
ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან.
პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება.
საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა
ა.წ. 18 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ბოლოდროს განვითარებულ მოვლენებს და აღინიშნა, რომ ტრადიციული რელიგიებისთვის მიუღებელია როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია და პროპაგანდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმური თემისა და იუდეველთა წარმომადგენლები. მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა, შემუშავდეს ერთობლივი მიმართვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და ტრადიციული ღირებულებების დაცვას.
იეზიდების ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში
ა.წ. 17 ივნისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) შეიხანისა და სრულიად იეზიდთა ამირის ვაჟი, იეზიდთა უფლისწული, ასმად ბეგი და მისი თანმხლები პირები მიიღო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ტოლერანტული თანაცხოვრების წესს, რაც საქართველოში საუკუნეზე მეტია ჩამოყალიბდა ადგილობრივ მოსახლეობასა და იეზიდებს შორის.
უფლისწულმა დიდი მადლიერება გამოხატა საქართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი იეზიდთა მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისათვის და აღნიშნა, რომ ამ მეგობრულ დამოკიდებულებას თავის მხრივ ყოველთვის დიდი სიყვარულით უპასუხებენ.
იეზიდები ძირითადად ჩრდილოეთ ერაყსა და თურქეთში ცხოვრობენ, ნაწილი კი, _ საქართველოში (XIX საუკუნიდან), სომხეთში, თურქეთში, რუსეთსა და უკრაინაში. მათი რელიგიური ცენტრი მდებარეობს ერაყსა და თბილისში. მსოფლიოს მასშტაბით იეზიდთა რწმენას მილიონამდე მიმდევარი ჰყავს.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (17.06.2019)
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
17.06.2019
საქართველოს საპატრიარქომ, გრძნობდა რა დაძაბულობის საშიშროებას, რამდენიმე დღის წინ გააკეთა პრევენციული განცხადება. დღეს უკვე ნათელია, რომ ე.წ. LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მღელვარებაა; ნათელია ისიც, რომ არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული LGBT მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც.
ფაქტია, რომ სურთ ამ აქციის ჩატარება ისეთ გარემოში, სადაც სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის მოსახლეობისთვის ეს ქმედება უზნეობად და ღირსების შელახვად მიიჩნევა და აჩენს სამართლიან პროტესტს ტრადიციული ღირებულებების დამცველ ადამიანებში.
როდესაც ლაპარაკობენ გამოხატვის თავისუფლებაზე, რატომღაც არ ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით ეს თავისუფლება, როგორც არააბსოლუტური, შეიძლება შეიზღუდოს, თუ იგი ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ მორალურ ღირებულებებს და ქმნის რეალურ საშიშროებას ხალხში დაპირისპირებისა და შფოთისათვის. ხელისუფლების ვალია, მიიღოს ზომები ქვეყანაში სიმშვიდის დასაცავად.
ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, ძალადობისაკენ მოწოდებას და სიძულვილის ენას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ LGBT ჯგუფების აქტივობების ორგანიზატორები და ხელშემწყობნი, ჩვენი აზრით, იმ ძალების წისქვილზე ასხამენ წყალს, რომელნიც ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგებიან.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები გაითვალისწინებენ ამ რეალობას და მათი ძალისმევა ხელს შეუწყობს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არაერთხელ განუცხადებია თავისი მხარდაჭერა ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასთან მიმართებაში, რადგან ვიცით, რომ ერთიანი ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვა არ ნიშნავს ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, თვითმყოფადობაზე… უარის თქმას. მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ნუ დაუკარგავენ ამ განწყობას საქართველოს მოსახლეობას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე (16.06.2019)
ჩვენთან არს ღმერთი
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ სულთმოფენობას. სული წმინდა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ.
დღეს კაცობრიობა დგას მრავალი პრობლემის წინაშე, მრავალი საკითხის წინაშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლობით, მორჩილებით, კეთილი საქმეებით. აი ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი. ქართველ ადამიანს არ ჭირდებოდა ოქრო და ვერცხლი, სიმდიდრე. ქართველ ადამიანს სჭირდებოდა და სჭირდება მადლი ღვთისა.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. მათ არ ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე. აი ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევს ჩვენ უფალი ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ.
ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე. მრავალი განსაცდელი ხვდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახლაგაზრდობა, დიდი საფრთხეების წინაშე დგა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს.
საქართველო, ნათქვამია, საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს.
დალოცვილი იყავით და ინებოს უფალმა, რომ მადლი ღვთისა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ. ეხლა ჩვენ დავლოცავთ რამდენიმე ოჯახს და სხვა დაწესებულებებს.
დღეს ილოცებიან შანყულაშვილები, ბუღაძეები, ნუკრაძეები, ცილიკურები, ოსიტაშვილები, არევაძეები, ხარებაშვილები, ჯურხაძეები, კვანჭიანები, ვეფხვაძეები.
ასევე დღეს ილოცებიან რუსთავის 1 და გორის 5 სკოლის ჩოხოსნები.
ილოცება რაგბის გუნდი რაშები, ხელმძღვანელი ერეკლე კამლაძე.
დღეს ასევე ილოცებიან აბიტურიენტები.
კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აბიტურიენტებს დალოცავს
ა.წ. 16 ივნისს სრულიად საქართვველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში დალოცავს აბიტურიენტებს.
საქართველოს საპატრიარქოში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა ჩატარდა
ა.წ. 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა მორიგი შეხვედრა ჩიჩხიტურისა და უდაბნოს სამონასტრო კომპლექსში ბოლო დროს წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნულ საკითხზე დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრები მიიღო.
შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ-ნი ლაშა დარსალია, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავჯდომარე მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი), ასევე ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები და კარტოგრაფები.
Страницы
- « первая
- ‹ предыдущая
- …
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- …
- следующая ›
- последняя »